22 –ე შემოდგომის ფესტივალი

 

21 სექტემბერი – 18 ოქტომბერი

მოვიდა შემოდგომა და ფესტივალებით დახუნძლული თბილისი, ზაფხულთან განშორების დარდის გაქარწყლებაში ისევ დაგვეხმარა. ჩემთვის პირადად სხვადასხვა ფესტივალებს შორის, ყველაზე ძვირფასი, მაინც „შემოდგომის თბილისია“, რომელიც ჯანსუღ კახიძის თბილისის მუსიკალურ –კულტურულ ცენტრში წელს უკვე 22 – ედ ჩატარდა. ძვირფასია იმიტომ, რომ მას, სულ დასაწყისიდან, 1993 წლიდან ვესწრები. იმ ურთულეს წლებში, სიცივისა და უშუქობის პერიოდში, მუსიკალურ ცენტრში კონცერტებზე მისვლა მომავლის იმედს და სიცოცხლის გაგრძელების სურვილს გვინერგავდა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ბატონი ჯანსუღი, მისმა ვაჟმა, ვახტანგმა ღირსეულად ჩაანაცვლა მთავარი დირიჟორისა და სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე და „შემოდგომის ფესტივალიც“ იზრდება, ვითარდება და სულ უფრო პოპულარული ხდება. წლევანდელი ფესტივალი მიეძღვნა ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ –კულტურული ცენტრის 25 წლის იუბილეს. 12 კონცერტი ტრადიციულად გამოირჩეოდა ჟანრული მრავალფეროვნებით: სიმფონიური, კამერული, ფოლკლორის და ჯაზის საღამოები ენაცვლებოდა ერთმანეთს..

ფესტივალის გახსნაზე მოწვეული იყო სახელგანთქმული ისრაელელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და დირიჟორი იარონ გოტფრიდი თავისი ჯაზ–ტრიოთი. ამ მუსიკოსის ბიოგრაფია მდიდარია საერთაშორისო ჯილდოებით. მის დატვირთულ გრაფიკში შედის, როგორც დიდი სიმფონიური ორკესტრის დირიჟორობა, ასევე აკადემიური პრაქტიკა და გასტროლებიც მთელს მსოფლიოში. იგი მულტიდისციპლინარულ მუსიკოსად არის აღიარებული, რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან კლასიკურ, თანამედროვე და ჯაზურ მუსიკას. „შემოდგომის ფესტივალის“ გახსნის დღეს მან შემგვთავაზა გერშვინის, ელინგტონის და მუსორგსკის ნაწარმობები დაწერილი ჯაზური ტრიოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის. ფორტეპიანოს პარტიას თავად კომპოზიტორი ასრულებდა. ჩემთვის პირადად, განსაკუთრებით საინტერესო მუსორგსკის „სურათები გამოფენიდან –რიმეიქი“ აღმოჩნდა.

Gotfridi

იარონ გოტფრიდი

ნ.გ. „გვითხარით მუსორგსკის შესახებ. რა ინსპირაცია უძღოდა წინ კლასიკური მუსიკის ჯაზურ რიმეიქად დაწერისას თქვენს შემთხვევაში?“

იარონ გოტფრიდი (კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი) „მე მუსიკალურ ოჯახში დავიბადე. მამაჩემი ძალიან კარგი ჯაზის მუსიკოსა, თუმცა   ბავშვობიდანვე კლასიკური მუსიკას მაზიარეს და პროფესიონალი დირიჟორი შემსრულებელი და კომპოზიტორი გავხდი. ჯაზი ცალკე მე არ მქონდა ნასწავლი, რადგანაც მისი მუსიკალური ენა ბავშვობიდანვე სისხლში მქონდა გამჯდარი. მე მიყვარს ზოგადად ჯაზი, რადგანაც ეს ერთგვარი თავისუფლებაა მუსიკოსისთვის, მაგრამ მე იმდენად ბევრი სამუშაო მქონდა სადირიჟორო პრაქტიკაში ჩემს ორკესტრთან ერთად, რომ არასდროს მეცალა ჯაზისთვის. ერთ მომენტში მე გადავწყვიტე: „მოდი დავწერ ნაწარმოებს ჯაზ–ტრიოსთვის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად!“ აი ასე, ეს ორი ჩემი ინტერესის სფერო გავაერთიანე და ახლა ჩემი კომპოზიციები წარმატებით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. მოწვეული ვიყავი ბევრ ფესტივალზე. მუსოგრსკის „სურათები გამოფენიდან“ ჩემი მეხუთე კომპოზიციაა და ერთ– ერთი დიდი ნამუშევარია. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ მე, როგორც კომპოზიტორს, მაქვს ძალიან ბევრი სხვა ნაწარმოებები, რომელთაც არაფერი საერთო არა აქვთ ჯაზთან, ასე, რომ ჯაზური რემეიქები არის მხოლოდ ერთი მცირე ნაწილი ჩემი შემოქმედებისა. მე არ მინდა, რომ რომელიმე მიმართულებას შეველიო, მინდა, რომ ერთდროულად ყველაფერში ვიმუშაო.“

ქართველმა მსმენელმა ძალიან ემოციური მიღება მოუწყო იარონ გოტფრიდის ჯაზ –ტრიოს, ვახტანგ კახიძეს და მუსიკალური ცენტრის სიმფონიურ ორკესტრს. დარბაზი იმ დღეს გადაჭედილი იყო და ასე გაგრძელდა ფესტივალის თითქმის ყველა მომდევნო კონცერტზე.

ფესტივალის მეორე კონცერტზე ვახტანგ კახიძემ, გერმანიაში მოღვაწე ქართველი პიანისტი, დუდანა მაზმანიშვილი მოიწვია. დირიჟორმა ამ ფესტივალზე მონაწილე თითქმის ყველა სოლისტს შეთავაზების პირობად ორი კონცერტის შესრულება მოსთხოვა. ამით მთლიანი კონცერტის პროგრამა უფრო სავსე და მრავალფეროვანი აღმოჩნდა. იმ დღესაც ჯერ შესრულდა რაველის „ალბორადა დელ გრაციოზო“ სიმფონიური ორკესტრისათვის და სენ–სანსის საფორტეპიანო კონცერტი # 2 პირველ განყოფილებაში, მეორეში კი რახმანინოვის „რაფსოდია პაგანინის თემაზე“ ფორტეპიანოსა და ორკესტრისათის და დასასრულს, პოლ დიუკას “ჯადოქრის მოწაფე.“

დამეთანხმებით , რომ თითოეული ამ ნაწარმოებთაგანი ცალკე აღებული, ნებისმიერი პროგრამის მშვენება გახდებოდა და ყველა ერთად, ერთ საღამოში მოწოდებული, მართლაც ძლიერი ემოციური და ენერგეტიკული მუხტის მომტანი იყო.   დუდანა მაზმანიშვილმა ამ ორი, ურთულესი კონცერტების შესრულებისას გვასიამოვნა თავისი გრაციოზული ტექნიკითა და ელეგანტურობით. ტოლი არ დაუდო მას ორკესტრმაც, ვახტანგ კახიძეს დირიჟორობით, რომელმაც დასასრულს, პოლ დიუკას „ჯადოქრის მოწაფეში“ ნამდვილი ზღაპრული ფოირვერკი შექმნა ვირტუოზული აღმაფრენითა და სიმსუბუქით.

Dudana

დუდანა მაზმანიშვილი (პიანისტი)ყოველთვის ამაღელვებელია ჩემთვის თბილისში დაკვრა. ბოლოს, ამ ორკესტრთან. ჯანსუღ კახიძესთან ერთად დავუკარი. ეს იყო ბევრი წლის წინ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვახტანგ კახიძესან მუშაობის საშუალება მომეცა!“

ნ.გ. „ ხშირად გიწევთ ორი კონცერტის შესრულება ერთ საღამოში?“

დ.მ.   „მინდა გითხრათ, რომ ზოგადად ეს იშვიათია პრაქტიკაში. ორივე, რახმანინოვის და სენ–სანსიც მოტორული ნაწარმოებია და საკმაოდ შრომატევადია რასაკვირველია შემსრულებლისთვის, მაგრამ ამავე დროს ეს საინტერესო გამოწვევაა და მე კმაყოფილი ვარ დღეს შემდგარი კონცერტის შედეგით.“

ნ.გ. „ახლა, კულისებში გავიგეთ, რომ ახალი, საინტერესო მიპატიჟება მიიღეთ? ხომ არ გაგვიზიარებთ?“

დ.მ. „დიახ, გერმანიაში არის ძალიან ცნობილი, რურის ფესტივალი. იქ მიმიწვიეს დანიელ ბარენბოიმის რეკომენდაციით. ზუსტად ახლა, როდესაც დასრულდა კონცერტი, ჩემს ტელეფონს დავხედე და მოსული იყო ეს შეტყობინება! 2015 წლის აპრილში იქნება ეს კონცერტი და ძალიან ბედნიერი ვარ ამით!“

კამერული მუსიკის საღამო მიეძღვნა ფესტივალის შემდეგი კონცერტი, რომელშიც „საქართველოს სინფონიეტა“ მონაწილეობდა. საღამო მთლიანად ერთ კომპოზიტორს, ედვარდ გრიგს მიეძღვნა. შესრულდა სამი ნაწარმოები: „ჰოლბერ სუიტა“, “ორი ელეგიური მელოდია“, და სიმებიანი კვარტეტი #1 (ვერსია კამერული ორკესტრისათვის). ჩაბნელებულ დარბაზში რომანტიულმა ატმოსფერომა დაისადგურა. როდესად გაისმა გრიგის მუსიკის მელოდია მსმენელები მაშინვე მოიცვა რაღაც იდუმალმა სამყარომ, რომელიც მედიატაციისკენ და თვითჩაღრმავებისკენ გვიძღვებოდა. „საქართველოს სინფონიეტას“ უკვე კარგად იცნობს ჩვენი მსმენელი და მათ გამოსვლას ყველა დიდი ინტერესით ელოდება.

Sinfonietta

ნ.გ. „რატომ აირჩიეთ დღევანდელი კონცერტისთვის მონოპოროგრამა?“

გიორგი ქერელაშვილი (ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი) „ედვარდ გრიგი მართლაც გენიალური კომპოზიტორია და ჩვენ მართლა გვიყვარს! თან სამწუხაროდ, რომანტიზმის მუსიკაში არც ისე ბევრი ნაწარმოებია კამერული ორკესტრისათვის დაწერილი და გრიგი ერთ –ერთი გამორჩეულია ამ მხრივ. მან ჯერ ფორტეპიანოსთვის დაწერა და მერე კამერული ორკესტრისათვის გადაიტანა ეს კომპოზიციები. ეს კვარტეტიც, რომელიც ჩვენ დავუკარით, უფრო კარგად ჩემის აზრით, კამერულ ორკესტრში ჟღერს, ვიდრე კვარტეტში. ეს კონცერტი იგეგმებოდა მაშინ, როდესაც გრიგი ხდებოდა 170 წლის, მაგრამ არა უშავს, ჩვენ ერთი წლით დავაგვიანეთ ეს მიძღვნა. რაც შეეხება მონო ავტორობას, ძალიან ძნელია ერთი კომპოზიტორის დაკვრა და მოსმენა მუსიკოსისთვისაც და მსმენელისთვისაც, მაგრამ ეს კონცერტი არ იყო გათვლილი წამიერ შედეგზე; ეს უფრო პროფესიულ მსმენელზე იყო გათვლილი. ჩვენის აზრით აკლია საქართველოს ასეთი, ერთი კომპოზიტორის შემოქმედებაზე აგებული კონცერტები. ასე, რომ, ჩვენ ასეთი, ცოტა ძნელი გზა ავირჩიეთ მსმენელისთვის.“

ფესტივალის 27 ოქტომბრის კონცერტი მიეძღვნა საქართველოსა და ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების სამხედრო ორკესტრების გამოსვლას, რომლებსაც დირიჟორობდა კობა მერმანიშვილი. სამწუხაროდ, ამ კონცერტზე არ ვყოფილვარ, მაგრამ ბევრი მსმენელის კარგი შთაბეჭდილება მოვისმინე, როგორც ახლა, ასევე მაშინ, როდესაც მათ ლექსო თორაძესა და ედიშერ სავიცკისთან ერთად დაუკრეს 2014 წლის გაზაფხულზე. ასე, რომ წლევანდელი ფესტივალის პალიტრა გამდიდრდა ახლა უკვე სასულე ორკესტრის რეპერტუარითაც.

29 ოქტომბერს ასევე ძალიან საიანტერესო კონცერტი შემოგვთავაზა ვახტანგ კახიძემ. პირველ განყოფილებაში მხოლოდ მოცარტი, მეორეში კი მხოლოდ პროკოფიევი. სოლისტი იყო სამხრეთ კორეელი პიანისტი, 20 წლის სეონგ–ჯინ ჩო. თავიდან ორკესტრმა ბრწყინვალედ დაუკრა მოცარტის 31 –ე „ პარიზის“ სიმფონია და შემდეგ სოლისტმა მოცარტის 21 – საფორტეპიანო კონცერტი. ამ უკნასკნელის ინტერპრეტაციაზე მსმენელების შთაბეჭდილება ერთგვაროვანი არ იყო. ცნობილია, რომ მოცარტის დაკვრა სწორედ მიტომაა ყველაზე რთული, რომ ყველას საკუთარი, ერთადერთი ინტერპრეტაცია მოსწონს და სხვისის მიღება უძნელდება. შეიძლება ასე იყო ამ შემთხვევაშიც. მაგრამ ის, რაც მან გააკეთა მეორე განყოფილებაში პროკოფიევის #2 კონცერტის შესრულებისას ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. საოცარი ენერგია, სიღრმე, მასშტაბი და აღმაფრენა ეს ყველაფერი ერთდროულად გადმოსჩქეფდა ამ, ფიზიკურად თითქოსდა სუსტი, მუსიკოსისგან. დარბაზი ვერ მალავდა თავის აღფრთოვანებას. კორეელმა პიანისტმა უდაოდ დაიპყრო გადაჭედილი დარბაზი თავისი ენერგეტიკით.   სოლისტის ასეთ ძლიერ გამოწვევას თბილისის სიმფონიური ორკესტრი და ვახტანგ კახიძე არანაკლები მასშტაბის ძალით აჰყვნენ. ძნელია აქ ითქვას, რომ ორკესტრი პიანისტს აკომპანიმენტს უკეთებდა; ორკესტრი აქ ისეთივე მონაწილე იყო დრამისა, როგორიც სოლისტი.

P1230878

სეონგ ჯინ ჩო (პიანისტი) „ჩემთვის ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მე ორი კონცერტი დავუკარი ერთ საღამოში. ვახტანგ კახიძემ როდესაც მომიწვია შემომთავაზა მოცარტის დაკვრა თბილისში და კიდევ ერთი კონცერტის, რომელიმე რუსი კომპოზიტორის შემოქმედებიდან. მე ავირჩიე ჩემი საყვარელი ქმნილება, პროკოფიევის მეორე კონცერტი. ამჟამად მე ვსწავლობ პარიზში კონსერვატორიაში. თან ვსწავლობ, თან დატვირტული საკონცერტო ცხოვრება მექნება – ოქტომებრში, კორეა და იაპონია, ნოემბერში ბუდაპეშტი, დეკემბერში კი ისრაელში.“

მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა სეონგ– ჯინ ჩოს უკვე სოლიდური საფესტივალო პორტფოლიო გააჩნია და მან უკვე დაიმკვიდრა მოწინავე ადგილი მისი თაობის პიანისტებს შორის.

სამწუხაროდ, მომდევნო, 2 ნოემბრის კონცერტი მე ისევ გამიცდა. ამჯერად ვახტანგ კახიძეს მოწვეული ჰყავდა გერმანელი ჩელისტი, კერსტინ ფელცი. სენ–სანსი, ლალო, რაველი – კარგი არჩევანი იყო იმ საღამოსთვისაც, რომლის დამსწრე არაერთი კმაყოფილი ადამიანი ვიხილე.

5 ოქტომბერს ძალიან იშვიათი შემადგენლობა გველოდა საფესტივალო მაყურებელს. მონაწილეობდნენ ტყუპი ძმები, კლარნეტისტები, ალექსანდრე და და დანიელ გურფინკელები და მათი მამა, ასევე კლარნეტისტი, მიხეილ გურფინკელი. პროგრამა მთლიანად შედგენილი იყო კლარნეტის რეპერტუარისგან. პირველ განყოფილებაში ძმებმა დაუკრეს ნაწარმოებები 2 კლარნეტისა და ორკესტრისათვის: კრომერის კონცერტი და ბიზე/ლევიტასის ფანტაზია. ერთი სიამოვნება იყო მათი ყურება სცენაზე. ორი შესანიშნავი გარეგნობის ახალგაზრდა, ცხადია ერთნაერად ჩაცმულები – ლურჯ კოსტუმებსა და წითელი ჰალსტუხებით, ორივე ერთნაერი ნიჭიერებით დაჯილოდოვებული და ერთი და იგივე საკრავით. ასეთი დუეტი, თითქოსდა   სარკისებურად არეკლილი, პირველად ვნახეთ ჩვენს საკონცერტო სცენაზე.

tyupebi

მეორე განყოფილებაში მათ ასევე ბრწინვალედ და ახლაგზრდული ცეცხლოვანებით დაუკრეს გერშვინის „ცისფერი რაფსოდია“ და ბოლოს, სცენაზე გამოვიდა მათი მამა, მიხეილ გურფინკელი, გამოჩენილი ებრაელი კლარნეტისტი, რომელმაც დიდი ხანია დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებს შორის. საოჯახო კლარნეტისთა ტრიომ შეასრულა სპეციალურად მათთვის დაწერილი ნაწარმოები გრონიხის „მოზაიკა“ კამერული ორკესტრისა და სამი კლარნეტისთვის. მამა გურფინკელი, იმ საღამოს ბას კლარნეტზე უკრავდა. მოკლედ, ძნელი გადმოსაცემია ის ემოცია, რაც ამ ანსამბლმა გამოიწვია მაყურებელში. მამა გურფინკელი აღმოჩნდა მართლაც გასაოცარი მუსიკოსი; ასეთები მთელი ცხოვრება გამახსოვრდება ხოლმე. შვილებიც ტოლს არ უდებდნენ მამას და გვერდს უმშვენებდნენ. აღფრთოვანებული მაყურებელი დიდხანს არ უშვებდა მათ სცენიდან. ძმებმა ბისზეც დაუკრეს; დასასრულს კი მამა და შვილებმა ორკესტრთან ერთად შეასრულეს ქართული სიმღერა „ო რერო– რერო!“, რასაკვირველია კლარნეტებზე და შემდეგ ხმითაც. დირიჟორმა დარბაზიც მოიხმო და აჟიტირებული პუბლიკა სამხმიანობით აჰყვა სოლისტებს. თავად გურფინკელები ერთ ხმაში მღეროდნენ და როგორც მოგვიანებით გვითხრეს, „ვერაფრით ვერ შევძელით რამდენიმე ხმაში გვემღერაო.“ კულისებში რომ შევედი, მამა გურფინკელს ვკითხე, როგორ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ორივე ტყუპი შვილი ერთ საკრავზე ჩაებარებინა სასწავლებლად, რაზეც მიპასუხა, რომ მას თავად არ უნდოდა, მაგრამ უარი ვერ უთხრა მამამისს, არკადი გურფინკელს, რომელიც ასევე ცნობილი კლარნეტისტი იყო რუსეთში. გურფინკელების ოჯახი ისრაელში 1990 წელს გადმოვიდა საცხოვრებლად და ძმები 1992 წელს უკვე იქ დაიბადნენ. როგორც აღმოჩნდა, დღესდღეობით ძმები სულ ერთად გამოდიან მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე. მუსიკალური ლიტერატურაც საკმაოდ ბევრი ყოფილა ორი კლარნეტისთვის; თან სპეციალურად მათთვის არანჟირებებიც კეთდება უკვე ცნობილი ნაწარმოებების. ასე, რომ პოპულარობას ისინი ნამდვილად არ უჩივიან. ჩემს შეკითხვაზე, რომელი იყო სცენაზე პირველი კლარნეტი და რომელი მეორე ერთ–ერთმა მიპასუხა: „ჩვენში არ არის პირველობა – ორივე პირველიც ვართ და მეორეც“!

შემდეგ კონცერტზე, სადაც მევიოლინე რომან სიმოვიჩი და ნათელა იაშვილი –პოლიტოვსკაია მონაწილეობდნენ სამწუხაროდ ასევე ვერ მოვხვდი. არადა, თბილისელები ნამდვილად მოხიბლულები დარჩენილად მათი გამოსვლით. საბედნიეროდ სიმოვიჩს კიდევ ერთი კონცერტი ჰქონდა უკვე სიმფონიურ კონცერტთან ერთად და მისი ოსტატობის და ნიჭიერების მომსწრე მეც გახლდით.   რომან სიმოვიჩი ერთ ერთი ყველაზე აღიარებულ მევიოლინეთა რანგში მოიაზრება. გამოდის მსოფლიოს საუკეთესო დირიჟორებთან, საუკეთესო დარბაზებში და პრესტიჟული საკონკურსო ჯილდოების მფლობელიცაა. (თავს არ შეგაწყენთ ჩამონათვალით). დღეს ახალგაზრდა მევიოლინე ლონდონის სიმფონიური ორკესტრის პირველი ვიოლინოა, რაც ცხადია მის დაფასებულობაზე მეტყველებს. ჩვენთვის ძვირფასია არის ისიც, რომ სიმოვიჩი   გენიალური ქართველი მევიოლინის, მარინა იაშვილის აღზრდილია.

10 ოქტომბრის კონცერტი ჩაფიქრებული იყო შოსტაკოვიჩის საღამოდ. რომან სიმოვიჩმა შეასრულა კომპოზიტირის პირველი სავიოლინო კონცერტი, ხოლო ვახტანგ კახიძემ ორკესტრთან ერთად მისივე მეხუთე სიმფონია. შოსტაკოვიჩის ეს სავიოლინო კონცერტი პროფესიონალიზმთან ერთად დიდი სულიერი ძალების კონცენტრაციას მოითხოვს. რომან სიმოვიჩმა განგვაცვიფრა თავისი ემოციური სიღრმით, შოსტაკოვიჩისეული სამყაროს წვდომით. ეს იყო ინტერპრეტაცია, რომელიც ყველა სხვას დაგავიწყებდა. გაქრა რეალობა და ჩვენ კომპოზიტორ – შემსრულებლის კოსმოსური მარადიულობის სამყაროში ჩავიძირეთ. მაყურებლის ოვაციები მუსიკით გამოწვეული ემოციების სრული პასუხი იყო. დღეს ძალიან დახვეწილი კლასიკური მუსიკის მსმენელი ჰყავს თბილისს. მუსიკოსთა თაობების მიერ გამოზრდილი, მამა–შვილმა კახიძეებმა მას კიდევ უფრო დაუხვეწა გემოვნება. პუბლიკა ითხოვდა ბისს სოლისტისგან.   მარინე იაშვილის ნათელ ხსოვნას მიუძღვნა სიმოვიჩმა ბისზე დაკრული ჯოზეფ სუკის პიესა, რომელმაც მთელი თავისი გრძნობათა პალიტრით კვლავ მონუსხა დარბაზი.

ასეთივე სიძლიერის აღმოჩნდა თბილისის სიმფონიური ორკესტრი შოსტაკოვიჩის მეხუთე სიმფონიის შესრულებისას. სიმოვიჩის შემდეგ, დარბაზის მსმენელი ასროლილი სადღაც სულიერ მწვერვალებზე აქ უკვე მეორე მწვერვალზე აღმოჩნდა, საიდანაც სამყაროს შემქმედებითი ჭვრეტა კვლავ აუტანლად მტკივნეული პროცესი იყო.

ამ ხარისხის კონცერტი მსოფლიოს ნებისმიერ საკონცერტო სცენას დაამშვენებდა. სამწუხაროდ, ეს დაუვიწყარი მოვლენა არც ერთ სატელევიზიო არხების მიერ არ იყო გადაღებული.

ნ.გ. „გილოცავთ წარმატებულ გამოსვლას თბილისში! რას გვეტყვით მარინა იაშვილზე, რომელიც თქვენი პედაგოგი იყო?“

P1230991

რომან სიმოვიჩი (მევიოლინე) „მარინა იაშვილთან მხოლოდ ერთი წელი ვისწავლე, მარგამ მან იმდენი მომცა ამ ხნის განმავლობაში, რომ მთლიანად შემცვალა მე, როგორც მუსიკოსი და პიროვნება. სულ სხვანაერად დავიწყე ფიქრი მარინას შემდეგ. ვიყავი 19 – 20 წლის მაშინ. დღეს, რომ მე ლონდონის სიმფონიური ორკესტრის პირველი ვიოლინო გავხდი ეს ყველაფერი დაკავშირებულია მოსკოვთან და მარინასთან. მას შეეძლო ყველა სტუდენტთან საკუთარი მიდგომა გამოემუშავებინა. ჩემთვის კი მხოლოდ პედაგოგი არ იყო. ის მეორე დედასავით გახდა; მან თავის სახლში მიმიღო, როდესაც მე ჩამოვედი მოსკოვში მე მასთან ვცხოვრობდი; ის მივლიდა და საჭმელებსაც მიმზადებდა და თან ყოველ დღე მამეცადინებდა. ასეთი რამ არ ხდება ხოლმე! და ამაში არავითარ გასამრჯელოსაც არ იღებდა. ერთხელ მე ვიკითხე, რამდენი უნდა გადაგიხადოთ ამდენი მეცადინეობის შემდეგ? მან მითხრა: „გაჩუმდი, თორემ ახლა ამ ნოტებს თავში მიიღებო!“ მას არასდროს ესმოდა, თუ როგორ უნდა აეღო მოწაფეებისგან გასამრჯელო. თითქმის ყველა მისი გაკვეთილი მახსოვს დღესაც. გენიალური გემოვნების მუსიკოსი იყო, არაჩევულებრივი პედაგოგი! ძალიან დიდი დანაკლისია მისი დაკარგვა ჩვენთვის, ყველასთვის, მაგრამ ალბათ სადაც ის არის, იქიდან გვისმენს და უხარია, როდესაც ჩვენ მას ვიგონებთ!“

ნ.გ. „ თქვენ მარინა იაშვილის სტუდენტი მისი სიცოცხლის ბოლომდე იყავით?“

რ.ს. „არა ! მე ახალგაზრდა და სულელი ვიყავი და არაფერი მესმოდა მაშინ. ერთი წლის შემდეგ მე სახლში, მონტენერგროში დავბრუნდი, იმიტომ, რომ ერთ გოგონაში ვიყავი შეყვრებული. რასაკვირველია, მარინას ძალიან გული დაწყდა, მითუმეტეს, რომ მან მიშუამდგომლა და მოსკოვის კონსერვატორია მე სტიპენდიასაც მიხდიდა; ამიტომ მე სხვებზე ნაკლები მექნებოდა გადასახადი. ამ სიტუაციაში კი მე ავიღე და წავედი მოსკოვიდან. მარინა მამზადებდა მე ვენიავსკის კონკურსისათვის, (შემდეგ მე მივიღე მეორე პრემია ამ კონკურსზე). მარინას, რასაკვირველია გული დასწყდა. მერე მე ბოდიშები ვუხადე და გამიგო ცხადია, მაპატია.“

ნ.გ. „თქვენი მეგობარი გოგონა როგორ არის, მეგობრობთ კიდევ?“

რ.ს. „არა, იმას დავშორდი დიდი ხანია და ახლა სხვასთან ვმეგობრობ (იცინის); ასეთი სისულელე კი ჩავიდინე მაშინ! მართალია მარინამ მაპატია.“

წინ კიდევ ფესტივალის სამი კონცერტი იყო დარჩენილი, მაგრამ პირადად ჩემთვის კულმინაცია ეს კონცერტი აღმოჩნდა რომელიც დროის მიხედვით, ერთთვიანი ფესტივალის ოქროს კვეთში აღმოჩნდა.

ფოლკლორული საღამო ტრადიციული მოვლენაა „შემოდგომის ფესტივალზე“ და ესეც მე სამწუხაროდ გამიცდა. მით უფრო დასანანია, რომ ვიცოდით, რომ ანსამბლი „რუსთავი“ ახალი პროგრამით წარდგენას აპირებდა. სავალალოა, რომ არც ეს კონცერტი ყოფილა ჩაწერილი ტელევიზიების მიერ. ერთდაერთი იმით უნდა ვინუგეშოთ თავი, რომ ყველა კონცერტის ერთი კამერით ჩაწერას თავისი არქივისთვის თავად მუსიკალური ცენტრი აწარმოებდა.

ფესტივალის ბოლოს წინა საღამო არჩილ კერესელიძეს კინომუსიკას მიეძღვნა. ასეთი საღამო ზაფხულშიც გაიმართა და იმდენად დიდი რეზონანსი გამოიწვია, რომ ვახტანგ კახიძემ ჩათვალა საჭიროდ მისი გამეორება, რათა ყველა მსურველს მისი ნახვის საშუალება ჰქონოდა. საღამო კომპოზიტორის 100 წლისთავისადმი იყო მიძღვნილი და მისი იდეა მუსიკოლოგ ნია ბახტაძეს ეკუთვნის.

ნია ბახტაძე (რადიოს მუსიკალური გადაცემების წამყვანი) „არჩილ კერესელიძეს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მე მოვიძიე რადიოში მასალა ამ კომპოზიტორზე და გავაკეთე გადაცემათა ციკლი, რომელმაც დამანახა, რომ ამ კომპოზტორს აქვს ძალიან ბევრი მასალა, რომელიც დღეს ბევრისთვის მივიწყებული და უცნობიც კია. მართლაც ძალიან საინტერესო მუსიკალური ნაწარმოებებია საოცარი ორკესტრობით! მომინდა უფრო ფართო აუდიტორისთვის გაჟღერებულიყო ეს ყველაფერი. დავუკავშირდი ჯერ არჩილ კერესელიძეს შვილიშვილს, ეკას. მან გადმომცა ბებიამისის დაწერილი წიგნი არჩილ კერესელიძეზე. ამ წიგნმა დამატებითი იმპულსი მომცა, რათა ჩემი პროექტი განმეხორციელებინა. ამ წიგნით აღმოვაჩინე, რომ არა მარტო ძალიან ნიჭიერი კომპოზტორი, არამედ განსაკუთრებული პიროვნებაც იყო. ძალიან კოლორიტული, იუმორის გრძნობით. როდესაც ვუსმენდი ფრაგმენტებს კინოფილმებიდან იმ წუთასვე ვიფიქრე: „ეს ორკესტრში უნდა გაჟღერდეს“ მეთქი. აქამდე ეს მუსიკა ასე ცოცხლად არ შესრულებულა. მერე მოვიძიეთ სანოტო მასალა: აღმოჩნდა, რომ კინოს, თეატრის, მუსიკისა ქორეოგრაფიის მუზუემში იყო ძალიან კარგი ფოტო მასალა არჩილ კერესელიძეზე. ჩვენ ძალიან კარგი ალბომი გამოვეცით ამ ფოტოსურათებით და აღწერილობებით. შემდეგ მე ვატოს გადავეცი ჩემი იდეა, რომ გაჟღერდეს კერესელიძეს მუსიკა ცოცხლად; მასაც რასაკვირველია ძალიან მოეწონა ეს. შემდეგ ვეძებეთ არქივებში პარტიტურები, გაკეთდა პარტიები ცალკეული ორკესტრის ჯგუფებისათვის. მოკლედ, ეს დიდი შრომა ღირდა იმათ, რომ ჩვენ ქართველ მსმენელს ასეთი არაჩვეულებრივი კომპოზიტორი გავახსენეთ!“

კონცერტი ძალიან ხალისიანად წარიმართა. იყო ნაჩვენები ბევრი ფრაგმენტი კინოფილმებიდან და სპექტაკლებიდან.   კინოეკრანზე დაწყებული მუსიკა ზოგჯერ ორკესტრში ლაივ რეჟიმში გადადიოდა და ჩვენს რეალობაში გვაბრუნებდა. ძველი ქართული კინოშედევრების ხილვა მაყურებელს სიამოვნებდა და უკვე გარდაცვლილ ჩვენს კინოვარსკვლავებს ტაშით ეგებებოდნენ. ბრწიყინვალედ გამოვიდნენ ამ კონცერტზე მომღერლები, ნატალია ქუთათელაძე და დავით გველესიანი.

ვახტანგ კახიძე ამ კონცერტზე ორ ამპლუაში გამოდიოდა – როგორც დირიჟორი და როგორც კონფერანსიე. უნდა ავღინიშნო, რომ ეს უკანასკნელი მას იმდენად საინტერესოდ გამოსდის, რომ ვისურვებდი, მან ეს როლი რიგით კონცერტებზეც იტვირთოს ხოლმე. საქმე იმაშია, რომ მაგალითად, ამერიკის სცენებზე, დღეს დირიჟორები უფრო ინტერაქტიულები არიან პუბლიკასთან, ვიდრე ძველად. ეს უკვე ჩვეულებად იქცა: ერთი – ორი წინადადებით პატარა წინასიტყვაობით გამოსვლა კონცერტის წინ. დარბაზში ხშირად არა პროფესიონალი მსმენელია, რომელსაც განსაკუთრებით თანამედროვე მუსიკის კონცერტებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება ესაჭიროება. არ ვიცი რატომ, მაგრამ შემსრულებლის ხმა, სანამ ის მუსიკას გვაზიარებს რაღაც დამატებითი ხიდია თითქოს მის სულში მოსახვედრად. ეს ჩემი კეთილი სურვილების ნუსხაში მიითვალოს „შემოდგომის ფესტივალმა“.

ფესტივალის დახურვაზე თბილისის ბიგ– ბენდი და სიმფონიური კონცერტი ერთობლივად წარდგნენ ჩვენს წინაშე. თუ ფესტივალის გახსნაზე სიმფონიური ორკესტრი ჯაზ– ტრიოსთან ერთად გამოვიდა, დახურვაზე ბიგ– ბენდთან ერთად მათმა გამოსვლამ ერთგვარი თაღის ფორმა შექმნა მთლიანი ფესტივალისა.

პირველ განყოფილებაში მხოლოდ ბიგ–ბენდი გამოვიდა, რომელმაც გივი გაჩეჩილაძეს მიერ არანჟირებული ცნობილი კომპოზიციები წარმოგვიდგინა. სოლისტები იყვნენ: მაია ბარათაშვილი, მარი პავლიაშვილი, მარიკო ებრალიძე. თაკო გაჩეჩილაძე. დირიჟორობდა კომპოზიტორი და ბიგ ბენდის მხატვრული ხელძღვანელი, გივი გაჩეჩილაძე.   მეორე განყოფილებაში ორივე შემადგენლობა გაერთიანდა და ახლა უკვე ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა. აქაც ნაცნობი და ყველასათვის ნოსტალგიური კომპოზიციები შესრულდა. კონცერტის დასასრულს, ვახტანგ კახიძემ ორკესტრთან ერთად ჰოლივუდის ფილმების ცნობილი საუნდტრეკები შეასრულა. მაესტრო კახიძე თავს იმდენად ორგანულად გრძნობდა ამ მასალაში, რომ საცეკვაო ილეთებსაც იყენებდა ორკესტრანტების და საკუთარი ისნპირაციის ხაზგასასმელად. ეს ნაწილი ფესტივალის ერთგვარი საზეიმო კოდა გახდა. დასასრულს დარბაზმა იფეთქა აპლოდისმენტებით. მაყურებელი დირიჟორსა და ორკესტრს დიდხანს არ უშვებდნენ სცენიდან და ბისიც დაიმსახურეს. აი ასეთი, მხიარული და გრანდიოზული ზეიმის ვითარებაში დასრულდა 22 –ე ძალიან მაღალი ხარისხის, ძალიან მრავალფეროვანი და დაუვიწყარი, კიდევ ერთი „შემოდგომის თბილისი.“

P1240191

ირმა სოხაძე (მომღერალი) „დამთავრდა 22 –ე შემოდგომის ფესტივალი, რომელიც წელს ჯანსუღ კახიძეს ცენტრში გვაჩუქა ვახტანგ კახიძემ. შემსრულებლები, რომლებიც ყოველთვის ჩამოდიან ამ ფესტივალზე, უმრავლეს შემთხვევაში იმ რანგის მუსიკოსები არიან, ვისაც შეუძლია დღესასწაული აჩუქოს მუსიკის მიყვარულებს. „კარგ მთქმელს კარგი გამგონიც უნდაო“ ნათვქამია და მე მგონია, რომ ჩვენი მაყურებელი კარგად მომზადებულია, რომ აღიქვას, დააფასოს. პირადად მე შემიძლია მართლაც უღრმესი მადლობა გადავუხადო ვატოს!

ნ.გ. „ ხომ არ გამოყოფდი განსაკუთრებით, რომელიმე კონცერტს?“

ი.ს. „პირადად მე გამოვყოფდი კლარნეტისტ მამას, თავისი კლარნეტისტი შვილებით – ტყუპი ძმებით! გერშვინის „ცისფერი რაფსოდიის“ ჩვენ სამი ვერსია მოვისმინეთ: გახსნაზე, დახურვაზე და ტყუპების შესრულებით. როგორი მუსიკა გვაჩუქეს მათ! მართლა შედევრის დონეზე იქნა აყვანილი გერშვინი. ფენომენალური მუსიკორები იყვნენ! კულისებში როდესაც მივულოცე, სიტყვებიც არ მყოფნიდა, „რაღას აპირებთ“ მეთქი და მიპასუხეს „წინსვლას და განვითარებას“ო. „რაღა უნდა დახვეწოთ“ მეთქი გამეცინა მე. იცით, რა მიპასუხეს? „ მამა რომ გამოვიდა, ხომ ნახეთ, რომ გვაქვს კიდევ ლუფტი სადამდეც უნდა განვვითარდეთ; ბაბუა უნდა მოგესმინათ, ის იყო სულ სხვა იპოსტასში, სხვა განზომილებაში.“ ეს იყო ზეიმი ჩვენთვის და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა აი, ამ კედლებს ამ საოცარ მუსიკის ტაძარს და პირადად ვახტანგ კახიძეს!“

 ვახტანგ კახიძე (მუსიკალურ კულტურული ცენტრის მხატვრული ხელმძღვანელი, დირიჟორი, კომპოზიტორი) „ძალიან კმაყოფილი ვარ. მე მგონი ძალიან მაღალ დონეზე ჩაიარა ფესტივალმა. ამ ფესტივალის მთავარი დამახასიათებელი ის არის, რომ მისი მთავარი ბურჯი, საყრდენი არის თბილისის სიმფონიური ორკესტრი. მსოფლიოში, სხვათაშორის, არ არის ბევრი ასეთი ფესტივალი, რომლის მთავარი მოქმედი პირი არის სიმფონიური ორკესტრი. ეს არის გენერალური ხაზი და ამას გარშემო ახლავს სხვადასხვა ჟანრი კონცერტები. წელს, ჩვენი ცენტრის 25 წლისთავთან დაკავშირებით, კიდევ უფრო გავაფართოვეთ ეს სპექტრი; იყო სამხედრო ორკესტრი, იყო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“, აგრეთვე იყო არაჩვეულებრივი მევიოლინე რომან სიმოვიჩის, კამერული კონცერტი, მცირე დარბაზში. გახსნა იყო უჩვეულო, იმიტომ, რომ იარონ გოტფრიდის ჯაზ–ტრიო და სიმფონიური ორკესტრი ერთად უკრავდნენ და დახურვაც თბილისის „ბიგ ბენდით“ და სიმფონიური ორკესტრით ჩატარდა.. აი, ასეთი მრავალფეროვნება იყო წლევანდელ ფესტივალზე.“

ნ.გ. „ყველა ფესტივალის მთავარი ძირი არის დაფინანსება. არის ამ თვალსაზრისით რამე თქვენთვის პრობლემური, რასაც თქვენ ვერ ახერხებთ გამოყოფილი ბიუჯეტით?“

ვ.კ. „ რასაკვირველია! მე მინდა მერიის ახალ ხელმძღვანელობას დაველაპარაკო, რომ მინიმუმ უნდა გაორმაგდეს ჩვენი ბიუჯეტი, იმიტომ, რომ ამ სახსრებით რაც ჩვენ გვაქვს, ამაზე უკეთესად ვერ გააკათებ. შარშანაც ამას ვამბობდ, შარშანწინაც და თუ არ მოგვემატა, მომავალ წელსაც ამას ვიტყვი. ამ დონეზე იქნება ყოველთვის; კი, მაღალ დონეზე იქნება ყოველთვის, მაგრამ არ გაფართოვდება სპექტრი და გეტყვით რა მხრივ: მე მიმაჩნია, რომ ძირითადი ხაზი უნდა დარჩეს, რომ ორკესტრი იყოს ძირითადი საყრდენი ამ ფესტივალის, მაგრამ ჩამოსაყვანია ძალიან ბევრი კარგი კამერული ორკესტრი და კამერული ანსამბლი. კვარტეტი, ტრიო, 9 კაცი, 8 კაცი, 15 – 20 კაცი, აი ამ ფარგლებში თავისუფლად შეიძლება დაიწყოს ფესტივალმა გაფართოება. მე არ ვლაპარაკობ დიდი სიმფონიურ შემდგენლობებზე – „ბერლინის სიმფონიური ორკესტრის“ ან „ისრაელ ფილარმონიკის“ ჩამოყვანა ისეთ ფულთან არის დაკავშირებული, რომ ამას ვერც ერთი ფესტივალი ვერ უზრუნველყოფს; ძალიან დიდი სპონსორული დახმარებისა და სახელმწიფო გადაწყვეტილების გარეშე. ჩვენს ქვეყანას ჯერ–ჯერობით ამის საშუალებ არა აქვს და მე მგონი, რომ უახლოეს წლებში არ ექნება, მაგრამ მე რომ ვუყურებ, რამდენი ხალხი დადიოდა ჩვენთან ფესტივალზე, რომ ვიცი რამდენი ხალხი დადიოდა თეატრალურ ფესტივალზე, რომ ვიცი რამდენი ხალხი ივლის ახლა მეორე თეატრალურ ფესტივალზე, მერე არის ჯაზ–ფესტივალი, კინოფესტივალი. აი, ეს სექტემბერი – ოქტომბერი – ნოემბერი არის სავსე, ძალიან კარგი დონის ფესტივალებით. მიმაჩნია, რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ კიდევ უფრო მეტი საშუალება მიეცეს თითოეულ ფესტივალს, რომ თბილისში წარმოადგინოს საზღვარგარეთული კულტურის მაღალი დონის ნიმუშები. თუმცა ასეთივე მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ქართველი კოლექტივები ვინც იმსახურებენ და შეესაბამებიან მსოფლიო დონეს ასევე გაემგზავრონ საზღვარგარეთ და იქ წარმოაჩინონ ჩვენი ქვეყანა. იმიტომ ეს არ შეიძლება მარტო იმპორტი იყოს, ეს უნდა ექსპორტიც იყოს.

ნ.გ „ალბათ, გარდა ანსამბლებისა, შეიძლება ფესტივალის გაზრდა მეტი „ა“ კლასის ვარსკვლავების ჩამოყვანითაც?“

ვ.კ.“ რასაკვირველია! მაგრამ კლასი, არ განსაზღვრავს ფასს – ეს პიარის მომენტია. ჩვენთან რა სოლისტებიც ჩამოდიან – მაგალითად მევიოლინე რომან სიმოვიჩი, არაფრით ნაკლები არ არის არც ვენგეროვზე, არც რეპინზე, მაგრამ პიარით, ანუ თავისი ფასით ისინი ბევრად წინ არიან წასულები; ვერც შეადარებ – ალბათ ერთი მეათედიც არ ღირს აქ ჩამოსული მუსიკოსი იმათთან მიმართებაში. ამის გარდა საერთოდ ძალიან აიწია ამ ფასებმა მსოფლიოში. ადრე იყო, რომ ასე თუ ისე, ერთ ფარგლებში იყო ანაზღაურებები; მერე და მერე აიწია და ახლა არის ძალიან დიდი განსხვავება: არის რაღაც ელიტარული, ძალიან ძვირი, მაგალითად 50,000 ევროს ჰონორარი და მერე მოდის ქვევით და ქვევით. ვთქვათ, 5, 000 ევროდ შეიძლება ჩამოიყვანო ფანტასტიური სოლისტი. უბრალოდ უნდა იცოდე ვინ ჩამოიყვანო.“

ნ.გ. „ალბათ პიროვნულ ფაქტორსაც აქვს მნიშვნელობა – ვისთან, სად ჩამოდიან და ვისთან არა?“

ვ.კ. „კი! იყო პერიოდი, როდესაც ჩევნთან ხინკლის საჭმელად ჩამოდიოდნენ, მეგობრულად და მხარი რომ დაეჭირათ ფესტივალისთვის. მაშინ, როდესაც ვერ ვუხდიდით საერთოდ. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მერიამ ამაში ძირითადი წვლილი შეიტანა და დღეს მე შემიძლია არც თუ ისე სიმბოლური, მაგრამ მცირე ჰონორარი გადავუხადო მოწვეულ სოლისტებს. ეს უკვე ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მეტი არის საჭირო, რადგანაც ეს მხოლოდ ქალაქს წაადგება და ქართულ კულტურას წაადგება. სინამდვილეში, ეს მხოლოდ თბილისისთვის არ კეთდება; ძალიან ბევრი ხალხი ვიცი, ვინც რაიონებიდან ჩამოდის კონცერტებზე. უცხოლებიც დადიან ძალიან ბევრი. ერთი ასეთი შემთხვევა ვიცი, როდესაც ვასტრალიიდან გვიკვეთავდა ერთი ადამიანი ბილეთებს.

ნ.გ. „ ფესტივალიდან ფესტივალამდე რითი იცხოვრებს თბილისის სიმფონიური მუსიკის ცენტრი? „

ვ.კ.“ ახლა რასაკვირველია ჯერ დავისვენებთ, იმიტომ, რომ ორკესტრი უკვე მისულია იმ ზღვრამდე, რომ ლამის პროფესია გამოიცვალონ!   ცოტა უნდა მოვიდნენ აზრზე და მეც სხვათაშორის დავისვენებ და მერე ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს, მაგრამ მე წინასწარ არ მიყვარს ხოლმე ლაპარაკი. მომავალი კვირიდან დავიწყებ შეხვედრებს, რათა მომავალი გეგმების განხორციელებისთვის საშუალებები მოვიძიო და ა.შ. ასე, რომ წელსვე ახალ წლამდე საინტერესო კონცერტებს შემოგთავაზებთ.

მომავალი წელი ჩვენთვის მნიშვნელოვანი საიუბილეო წელია, მამაჩემი, ჯანსუღ კახიძე, 80 წლის გახდებოდა და ფაქტია, რომ უნდა ავღნიშნოთ და იქაც, აუცილებლად საინტერესო პროგრამას შემოგთავაზებთ! „

თეკა კახიძე ( მუსიკალურ კულტურული ცენტრის დარბაზის მენეჯერი) ჩვენ ყოველწლიურად ვაკვირდებით, ვიკლევთ ჩვენ გარემოს, ვუსმენთ ხალხის კომენტარს თუ რას ისურვებდნენ. ბევრი სამუშაოა მარკეტინგის თვალსაზრისით: უფრო ცნობადი გვინდა გახდეს ეს ფესტივალი. თითიქოს არ გვაკლია ცნობადობა, მაგრამ ეს ცნობადობა უფრო მუსიკის მოყვარულთა წრეშია; შეიძლება უფრო გაფართოვდეს ეს წრე – მეტი ახალგაზრდები, სხვა პროფესიის ადამიანებიც რომ ჩაერთონ ამაში. რა თქმა უნდა თანამედროვე ტექონოლიგიები, როგორიც არის ინტერტნეტი, იგივე სოციალური ქსელები , მედია და ა.შ. მაქსიმალურად ჩართული გვაქვს ეს ყველაფერი. წელს გაიხსნა ჩვენი ფესტივალის ვებგვერდიც http://www.kakhidzemusiccenter.com რაც საშუალებას აძლევს ყველას უკვე ინტერნეტით გაეცნოს როგორც წინა, ასევე მიმდინარე ფესტივალს, მაგრამ ყველაზე მეტად, რაც გვჭირდება, ეს არის ბილეთების ელექტრონული გაყიდვა. ამას საკმაოდ დიდი თანხები სჭირდება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ შემდეგი წლიდან ეს ჩვენს ბიუჯეტში გათვალისწინებული გვექნება და გავაკეთებთ ამასაც, იმისათვის, რომ უფრო მეტი კომფორტი შევუქმნათ მუსიკის მოყვარულებს, რომლებიც უკვე 22 წელია ჩვენთან ერთად არიან და მათი სიმრავლე დარბაზში იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი საზოგადოება მაღალი ღირებულებების მატარებელია, ისეთის, როგორიც კლასიკურ მუსიკის სტანდარტებს შეესაბამება!

 

Posted in Uncategorized | Leave a comment

ჩემი ამერიკული მუსიკალური შთაბეჭდილებები

ამბავი 3

ანსამბლ Tenore de Aterue -ს კონცერტზე 20 აპრილს მოვხვდი. სიტყვა სიტყვით მათი სახელი სარდინიულიდან ითარგმნება  როგორც  – „მომღერლები სადღაციდან“.

ამ კონცერტის შესახებ გადავწვიტე  მომეთხრო,  იმის გამოც, რომ მისი ერთ-ერთი წევრი არის კარლ ლინიკი. ამერიკელი მოქალაქე,  ქართული სიმღერების მცოდნე და შემსრულებელი. მისი სახელი საქართველოში კი იციან, მაგრამ არც ისე ალბათ, როგორც ამერიკაში. არადა მან 1990 წლიდან თავისი ცხოვრება მთლიანად ქართულ ხალხურ სიმღერებს მიუძღვნა. ლინიკი  ქართულ ხალხურ სიმღერებს ჯერ ამერიკაში გაეცნო „ქართული ანსამბლის“ მეშვეობით. ქართული სიმღერების სიყვარულმა საბოლოოდ მისი ბედი საქართველოს დაუკავშირა და კარლი 10 წლით აქ საცხოვრებლად ჩამოვიდა, ქართველი ცოლი შეირთო და ოჯახიც შექმნა. საქართველოში ყოფნის პეროდში მან უცხოელებისგან ქართული ხალხური სიმღერების მგალობელთა გუნდი ჩამოაყალიბა  და მათთან ერთად თავის ცოდნა ამ დარგში მნიშვნელოვნად გააღრმავა, 2004 წლიდან კარლმა მუსიკის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა ბენინგტონ კოლეჯში  და მას შემდეგ იქ ქართულ სიმღერას და ქართულ კულტურას ასწავლის. 1995 წელს საქართველოს მთავრობამ იგი ვერცხლის მედლით დააჯილდოვა ქართული კულტურის განვითარებისთვის,  ხოლო 2009 წელს მას გადაეცა საქართველოს პრეზიდენტის პრესტიჟული ჯილდო.

 ვერ წარმოიდგენთ რამდენ რამეს აკეთებს დღესაც ეს პიროვნება ქართული ხალხური სიმღერების განვითარებისთვის. იგი ხელმღვანელობს სამ ანსამბლს ამერიკაში, რომელიც მხოლოდ ქართული ხალხური სიმღერებით არის დაკავებული. ესენია: ტრიო „კავკასია“ სადაც ის თავის ორ ვაჟიშვილთან ერთად გამოდის

Image

( მოუსმინეთ: http://www.youtube.com/watch?v=IcwpA089JPc)  და ორი საუნივერსტეტო ანსამბლი ქალაქ ნიუ-ორკში. გარდა ამისა ლინიკი ვერმონტის Northern Harmony ანსამბლთან ერთად ბევრს მოგზაურობს ქართული ხალხური სიმღერების შესრულებით. ყოველწლიურად ატარებს ზაფხულის ბანაკში,  Village Harmony, ში ქართული გალობის მასტერკლასებს, გამოსცემს ქართული ხალხური მუსიკალურ ჩანაწერებს, ასწავლის ქართულ ხალხურ საკრავებზე შესრულებას და მრავალი სხვა.

დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მოამაგე ქართულ ხალხურ სიმღერას დღეს უცხოეთში სხვა არა ჰყავს.

ასე, რომ ამერიკაში, ყოველ შემთხვევაში ნიუ-ორკის მიდამოებში,  ქართული ხალხური სიმღერის შესწავლა ყველა მსურველს ადვილად შეუძლია, მიუხედავად იმისა, თუ რა ასაკისაა ანდა რა პროფესიის.

საქართველოში მაცხოვრებელ მუსიკოსებსა თუ არამუსიკოსებსაც თეთრი შურით უნდა გვშურდეს მათი, ვისაც ასე იოლად ეძლევა ჩვენი საუნჯის შესწავლის საშუალება, რადგანაც თავად საქართველოში ეს არც იოლი საქმეა. თუ არა პროფესიული საბავშვო თუ მოზრდილთა ანსამბლები მოყვარულთათვის ეს საქმე ჯერ-ჯერობით არავის გაუჩარხია. არადა, ცოტაოდენი სმენა და ხმა თუ მოგეპოვება რატომ არ უნდა იცოდე შენი მშობლიური ხალხური სიმღერები ზეპირად? რატომ უნდა დავივიწყოთ ხალხური სიმღერები და  უფრო მეტად ქალაქური სიმღერები ვიცოდეთ? მე ვგულისხმობ ცოდნაში მასიურ პრაქტიკულ გამოყენებას  – ზეიმისა თუ თავყრილობებისს დროს  და  არა შინაგან ცოდნას, რაც ყველა ქართველში  რასაკვირველია დევს.

მართლდება თუ არა ზაქარია ფალიაშვილის ჯერ კიდევ წინა საუკუნის შიში იმისა, რომ მალე სრულიად მივიწყებას მიეცემა ხალხური სიმღერები? ყოველშემთვევაში დღეს დღეობით  ქალაქის და ვგონებ სოფლის ყოფაშიც ეს ასეა.მხოლოდ ანსამბლი უნდა გერქვას და სცენაზე გამოდიოდე, რომ ჩვენი საუნჯის  შესწავლის საშუალება გეძლეოდეს.

ეს გადახვევა არ იყო თემიდან. ამ გრძნობამ დამაწერინა ეს ამბავი.

Image

ანსამბლი Tenore de Aterue

თავად 20 აპრილის კონცერტზე კი სათქმელი არც ისე ბევრია: კარლ ლინიკი არ დასჯერდა ქართული ხალხური მუსიკის ცოდნას და ახლა სარდინიული და კორსიკული ხალხური მუსიკა შეუსწავლია. ეს არც ისე ადვილი ყოფილა. მარტო სიყვარული ძნელი იყო მათ შესასწავლად,  მანამ,  სანამ მან „იუ-თუბში“ არ აღმოაჩინა ვიდეო,  სადაც სარდინიელი მომღერალი მრვალხმიან სიმღერას ცალ-ცალკე ხმებით ასრულებდა. ასე შეისწავლა მან და მისმა მეგობრებმა ეს უნიკალური მრავალხმიანი მუსიკალური ფოლკლორი. მოგვიანებით,  მათ ანსამბლი Tenore de Aterue დააარსეს და კონცერტებითაც გამოდიან ამერიკაში. თავად სარდინიელები დიდი ენთუზიაზმით გამოეხმაურენ ამ წამოწყებას და ამერიკელთა კვარტეტი თავისთან მიიპატიჟეს.  მუსიკოსები 2013 წლის მაისში პირველად გაემგზავრნენ იქ.

20 აპრილს კი,  კვარტეტმა Tenore de Aterue,  შეასრულა ორივე – კორსიკულიც და სარდინიული მრავალხმიანი სიმღერები. კორსიკული და ქართული სიმღერების მსგავსებაზე არა ერთხელ თქმულა და აქ უკვე ამას აღარ შევეხები.  ფაქტია, რომ ორივეს, მომხიბვლელობას სწორედ პოლიფონიური აზროვნება და ხმათა ულამაზესი შეწყობა აძლევს.

შემოგთავაზებთ 20 აპრილის კონცერტის ნაწყვეტებს კორსიკული და  სარდინიული მუსიკის ფრაგმენტებით, სარდინიულიც ჰგავს ქართულს, თუმცა  ეს უფრო შინაგანი მსგავსებაა, ვიდრე სტრუქტურალური.

კორსიკული:

http://www.youtube.com/watch?v=FjXB_IzEm-Y&feature=c4-overview&list=UUjHmnoH5gAdy_JekYoby6IA

აქ კარლ ლინიჩი, პირველი დგას მარჯვნიდან

სარდინიული:

http://www.youtube.com/watch?v=JGv3Ylla6W4&feature=c4-overview&list=UUjHmnoH5gAdy_JekYoby6IA

აქ კი მეორეა მარცხნიდან.

სასიამოვნო იყო, რომ დარბაზი ემოციურად მიეგება მუსიკოსებს. მსოფლიოს ხალხთა ფოლკლორის კონცერტზე მაყურებელი დიდი სიამოვნებით დადის ამერიკაში. მართალია ეს არაა მასობრივი გატაცება, მაგრამ მაინც,  მას თავისი რჩეული მაყურებელი ჰყავს.

2013 წლის ზაფხულში (ისევე, როგორც ყოველ წელს) კარლ ლინიკმა ქართული ხალხური სიმღერის შესწავლის მსურველები  ამერიკიდან საქართველოში ჩამოიყვანა  და სვანეთში წაიყვანა. იქ მათ სვანური სიმღერები ამ დარგის მცოდნემ,  სვანმა მომღერალმა, გვარად, ფილფანმა შეასწავლა. სპეციალურად კახეთიდან კი ჩავიდა კახური სიმღერის მცოდნე და 17 კაციან ჯგუფს,  2 კვირის განმავლობაში საშუალება ჰქონდა  შეესწავლა  საქართველოს ამ ორი,  უმშვენიერესი კუთხის  ხალხური სიმღერები.

Image

კარლ ლინიკი – მარჯვნიდან პირველი

თეთრი შური კეთილი ძალაა, ხოდა მეც გადავწყვიტე ამ ძალას მივყვე. არ მინდა ზაქარია ფალიაშვილს გული ვატკინო და გადავწვიტე ჩემი შესაძლებლობებით მივყო ხელი ქართული ხალხური სიმღერების შესწავლას. გუნდიც მალევე შევადგინე. ჩემივე კურსელები 1978 წლის კურსდამთავრებულებისგან. გამიხარდა, რომ ყველამ უკლებლივ გამოხატა შესწავლის სურვილი. ის, რაც კონსერვატორიაში, მხოლოდ საგუნდო ფაკულტეტის პრეროგატივა იყო, ჩვენ ნადმვილად დაგვაკლდა.  არა უშავს, გვიან არასდროს არ არის. შევიკრიბებით და ვისწავლით.  არ მივცემთ დავიწყებას, თუნდაც ჩვენსას. შემდეგ იქნებ სხვებმაც მოგვბაძონ და დაგვიბრუნდეს არა მხოლოდ სცენაზე, არამედ სახლებშიც ქართული ხალხური სიმღერა-გალობა.

 

ამბავი 4

ვაშინგტონში მეგობრის დაბადების დღეზე წავედი. თარა ბაჰრამპური გავიცანი თბილისში.  2 წელი   „ჯიპა“-ში ასწავლიდა ჟურნალისტიკას. ამჟამად „ვაშინგტონ პოსტში“ მუშაობს მუდმივ კორესპოდენტად.

ჩემთვის ძალიან დიდი სიურპრიზი იყო, როდესაც ოთხმა ამერიკელმა და მათ შორის ჩემმა მეგობარმა თარამ, მოულოდნელად, ქართული ხალხური მრავალხმიანი სიმღერა შემოსძახეს. ჯერ „რაშოვდა“ და  შემდეგ „ მივალ გურიაში.“  მე გადავიღე  ეს ჩემი ფოტოაპარატით, რაც ფეისბუქზე გამოვაქვეყნე www.facebook.com/photo.php?v=10200616849884216&set=vb.1248846878&type=3&theater

აღმოჩნდა, რომ ისინი ყველანი ანსამბლ „ნიავის“ წევრები არიან.  ამ ანსამბლში 12 წევრია და აქედან 8 ამერიკელი და 4 ქართველია.  სუყველა არაპროფესიონალი მომღერალია.  იქვე დამპატიჟეს თავიანთ ოფიციალურ კონცერტზე, რომელიც  1 ივნისს უნდა გამართულიყო ყოველწლიურ ფოლკლორულ ფესტივალზე,  ვაშინგტონის შემოგარენში, Glenn Echo Park -ში.

(იხილეთ ამ  ფესტივალის  შესახებ უფრო დაწვრილებით : http://fsgw.org/myorgnet/public.php?NoTitle=1&Org=fsgwRehearsal&ProgramID=10)

კონცერტამდე „ნიავმა“ რეპეტია ჩაატარა.   სხვათა შორის,  სევდიანი მეგრული ნანა ისე შთაგონებით იმღერეს, რომ ამერიკელი მომღერლების თვალებზე ცრემლები თითქმის მზად იყო წამოსასვლელად.  ანსამბლის ხელმძღვანელი, ანდრეა დიი ჰარისი კი თურმე  ჩონგურზეც შესანიშნავად უკრავს. კონცერტზე ეს ნომერი არ გადამიღია,   ამიტომ  გთავზობთ ამ ულამაზესი სიმღერის ფრაგმენტს რეპეტიციიდან: http://www.youtube.com/watch?v=XUObZqso8e4&feature=c4-overview&list=UUjHmnoH5gAdy_JekYoby6IA

P1180770

ანსამბლ “ნიავის” დამაარსებელი ანდრეა დიი ჰარისი და ნიკა ჭავჭანიძე

ფესტვალის ფარგლებში უამრავი ანსამბლი გამოდიოდა. პარკის მრავალი სცენა დაეთმო მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხის ფოლკლორულ მუსიკას. საქართველო,  ამერიკული ანსამბლით,  „ნიავის,“ სახით იყო წარმოდგენილი. ანსამბლის წევრებმა შეძლებისდაგვარად ქართული ნაციონალური კაბებიც იშოვეს და მოირგეს სცენაზე გასვლის წინ. პატარა საზაფხულო დარბაზი სულ სავსე იყო. „ნიავმა“ 1 საათის განმავლობაში შეასრულა საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები. ანსამბლის  უმეტესობა ქალები არიან, თუმცა ამან ხელი არ შეუშალა მათ შესანიშნავად წარმოედგინათ ჩვენი ფოლკლორი.

Image

მოუსმინეთ ამ გამოსვლის ფრაგმენტს: http://www.youtube.com/watch?v=uNUvCMSBpXw&feature=c4-overview&list=UUjHmnoH5gAdy_JekYoby6IA

ვფიქრობ, ქართული   ხალხური ანსამბლების ვაჟებით დაკომპლექტება ჩვენი ტრადიციაა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქალებს სიმღერა ნაკლებად გამოსდით. თავად ზაქარია ფალიაშვილი სვანეთში მოგზაურობისას იგონებს, რომ მოულოდნელად მას მთაში, გზაზე,  სიმღერა შემოესმა, და როდესაც დაინახა თუ ვინ იყვნენ მომღერლები გაოცდა, რადგანაც ისინი სუყველა ქალები ყოფილან. კომპოზიტორმა აღნიშნა, რომ ქალების მიერ შესრულებული ბანებიც კი სათანადოდ გაისმოდა და მთლიანობაში დიდებულად ჟღერდა.

1 ივნისსაც ანსამბლის ქალბატონებმა და ორმა  მამაკაცმა,  ბანმა საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. მე გამიხარდა, რომ იქვე მე – 9 არხის ჟურნალისტი, რუსუდან წერეთელიც იმყოფებოდა, რომელმაც მართალია პატარა, მაგრამ მაინც ლამაზი სიუჟეტი მიუძღვნა მათ გამოსვლას მე- 9 არხის ეთერში .

ჩემთვისაც ძალიან ძვრიფასი იყო ის საღამო და ამის გამო, ანსამბლის დამაარსებელს, ქალბატონ ანდრეა დიი ჰარისს გავესაუბრე. გთავაზობთ ამ ინტერვიუს შემოკლებით.

ანდრეა დიი ჰარისი

Image

პროფესია:  საერთაშორისო განვითარების ფინანსური კონსულტანტი განვითარებადი ქვეყნების დახმარებაში.

გატაცება 1.  ქართული ხალხური სიმღერა

გატაცება 2.  კერამიკა

საქართველოში 4 წელი გავატარე. იქ ვმუშაობდი ევრაზიის ფონდში, სადაც ვიცე პრეზიდენტის მოვალეობას ვასრულებდი. თბილისში დავდიოდი უცხოელების გუნდში, რომელსაც კარლ ლინიკი  (იხ. ზემოთ ამბავი 3) ხელმძღვანელობდა. გუნდს ერქვა „ოქროს სტუმრები“. ვაშინგტონში ძალიან დამაკლდა და მენატრებოდა ქართული სიმღერა. ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი, რაც საქართველოში დამრჩა. აქ თავიდან ვერ ვნახე საკმარისი ადამიანები, ვინც ქართული სიმღერები იცოდა, მაგრამ თანდათან ასეთები გამოჩდნენ – ზოგი ამერიკელი საქართველოდან ბრუნდებოდა და მათაც გაუჩნდა სურვილი აქ გაერგძელებინათ სიმღერა. თავიდან შვიდი თუ რვა ადამიანი ვიყავით: რამდენიმე ბანი, რამდენიმე პირველი და რამდენიმე მეორე ხმა იყო, მაგრამ ეს საკმარისი იყო, რომ დაგვწეყო ერთად სიმღერა.  ორი წელი დამჭირდა, სანამ გუნდი ჩამოყალიბდა და მას „ნიავი“ დავარქვით. ჩვენ,  ჩემს სახლში ვიკრიბებით. ყოველ ოთხშაბათ საღამოს ჩემს მისაღებ ოთახში ვატარებთ რეპეტიციას. ეს არ არის მხოლოდ სიმღერის მეცადინეობა. ჩვენ გვაქვს ხოლმე ჩვენი პატარა სუფრა. ჩვენ ვსხედვართ ხოლმე მაგიდის გარშემო, ვსვამთ ცოტა ღვინოს და ვმღერივართ, ისე, როგორც ქართველები მღერიან ხოლმე სუფრასთან. (იცინის)

ეს ძალიან სასიამოვნოა, რადგანაც ეს თანდათან გადაიქცა, არა მარტო სიმღერის ჯგუფად, არამედ ახლო მეგობრების წრედ. ჩემთვის ეს ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა, რადგანც ამან მე ისე ვ საქართველოსთან დამაკავშირა.

ჩვენ უკვე დიდი რეპერტუარი გვაქვს – დაახლოებით 60 -მდე სიმღერას ვასრულებთ.    წელიწადში ორი კონცერტი გვაქვს ხოლმე. თუმცა ზოგჯერ სპეციალური შემთხვევების გამოც გამოვდივართ, მაგალითად ამას წინათ შევასრულეთ ერაყში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც ვაშინგტონში გადიან მკურნალობის კურსს. ქართველი ბიჭები ძალიან თბილად შეგხვდნენ. ძალიან ძნელია მათთვის ეს ყველაფერი,  სახლიდან ასე შორს ყოფნა, თუმცა მათი ოჯახის წევრები  გვერდით ჰყავთ, მაგრამ მაინც.    ჩვენ გვესმის ეს და ჩვენი შეხვედრა ძალიან, ძალიან მგრძნობიარე და ემოციური იყო. ჩემთვის ეს ნამდვილად დიდი პატივი იყო მათთვის სიმღერა. ჯარისკაცებმა ძალიან დააფასეს ჩვენი შესრულება, მიუხედავად იმისა, რომ ზოჯერ შესაძლოა სასაცილო გამოთქმები გვქონოდა ქართულში, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ისინი დიდი ენთუზიაზმით გვისმენდნენ. თავის მხრივ,  მე მინდა მადლობა გადაუხადო, მათ და მათ მშობლებსაც, რომ ასე შეაყვარეს მათ თავიანთი ქართული კულტურა. ქართული სიმღერა არის ის საჩუქარი რაც ჩემს გულს სიხარულს ჰგვრის, რაც ჩემს სულს აბედნიერებს!  ასე, რომ მადლობა თქვენ, ქართველებს,  ასეთი დიდი  საჩუქრისათვის!

პ.ს. ჩემი ამერიკული მუსიკალური შთაბეჭდილებები ამით ამოიწურა. წინ კიდევ რამდენიმე თვიანი მგზავრობა მელოდება ვაშინგტონში. ვნახოთ, იქნებ საქართველოში გუნდის დაარსებემადე,  „ნიავში“ გავიარო ცოტაოდენი პრაქტიკა. მიხარია, რომ ამერიკაში ჩემი ხშირი წასვლებით,  არათუ ჩამოვშორდები  ჩემს სამშობლოს, არამედ კიდევ უფრო დავუახლოვდები.

 

Posted in Uncategorized | Tagged , , , , | Leave a comment

ჩემი ამერიკული შთაბეჭდილებები – ამბავი 2

Image ლიზა ბათიაშვილი – “დოიჩე გრამაფონის” ფოტო ლიზა ბათიაშვილზე დაწერა ადვილიც არის და ძნელიც. ადვილი იმიტომ, რომ მისი ყველა გამოსვლა მართლა გიბიძგებს ემოციებისკენ.  ვინმეს შეიძლება ლექსი დააწერინოს, ვინმეს მოთხრობა. შეიძლება მოგინდეს  გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომლისთვისაც მთელი ცხოვრება ემზადებოდი და ვერ ბედავდი. ძნელი კი არის იმიტომ, რომ თუ დაიწყებ წერას ლიზაზე – დაიბნევი: იმდენი ახალი და საინტერესო მოვლენა ვითარდება მის გარშემო ყოველდღიურად, რომ ყველას ჩამოთვლა თუ დაიწყე,  შეიძლება დილამდე ვერ მოამთავრო. ამიტომ  მკითხველმა გაითვალისწინოს, რომ მხოლოდ ფრაგმენტულად ვახერხებ  ლიზაზე და მის  ერთ კონცერტზე შთაბეჭდილების გაზიარებას. ლიზა ვაშინგტონში 16 აპრილს ჩამოვიდა. სთრასმორის (Strathmore Center) არაჩვეულებრივი დარბაზში, რომელიც  2 ათასამდე მაყურებელზეა გათვლილი ყველა ბილეთი გაყიდული იყო. Image სტრასმორის დარბაზი ვაშინგტონში ლიზას ვაშინგტონში ჩამოსვლა იშვიათობაა. ბოლოს ის 2006 წელს გამოდიოდა აქ. მაგალითად, ნიუ-ორკში ლიზა ყოველ წელს ჩადის.  მას  ასეთი ხელშეკრულება აქვს კარნეგი ჰოლთან.  მაგრამ ეს გამონაკლისია და არა ნორმა. ლიზა ცდილობს მეტისმეტად არ გადატვირთოს თავისი სამუშაო გრაფიკი. უფრთხილდება თავის  ემოციურ სამყაროს. ამით თითოეული მისი გამოსვლა უფრო ძვირფასი და სანატრელი ხდება.  ბევრი ცნობილი მუსიკოსი არ იქცევა ასე. მეტი გამოსვლა მეტ შემოსავალს უდრის. ლიზა კი უპირატესობას ხარისხს ანიჭებს. ვაშინგტონში  ის ჩამოვიდა დრეზდენის ორკესტრთან –  (Dresden Staatskapelle ) – ერთად, რომელსაც 2012 წლიდან  ქრისთიან თილემანი (Christian Thielemann) დირიჟორობს. 2012/13 წლების სეზონში ლიზა ბათიაშვილი არჩეულ იქნა  ამ ორკესტრის Cappell- Virtuosin -ის პოზიციაზე, რაც იმას ნიშნავს, მას აქვს სრული უფლება საკუთარი სურვილით მოიწვიოს შემსრულებლები, აირჩიოს პროგრამა, განახორციელოს საკუთარი იდეები და სურვილები მთელი წლის განმავლობაში და ამას ყველაფერს დრეზდენის ორკესტრი დააფინანსებს. ლიზა ბათიაშვილის მოღვაწეობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ორკესტრით. წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო იზრდება იმ ორკესტრებისა თუ დირიჟორების რიცხვი, რომლებსაც სურთ მასთან თანამშრომლობა. აი მხოლოდ ორკესტრების მცირე ჩამონათვალი:  ამერიკაში – Los Angeles Philharmonic, Boston Symphony Orchestra, Chicago Symphony Ochestra,  The Philadelphia Orchestra. ევროპაში – Berliner Philharmoniker, Leipzig Gewandhaus Orchestra, WDR Sinfonieorchester Köln  და სხვები. ლიზა ბათიაშვილის საიტზე (http://www.lisabatiashvili.com/biography.html) რომ შეხვიდეთ,  ნახავთ რამდენად წარმატებული ჰქონდა მას 2011/12 წლები და რამდენად მდიდარი და საინტერესოა მისი 2013 წლის გრაფიკი. ლიზასთან  პარტნიორობა მსოფლიოს საუკეთესო დირიჟორებს სწადიათ: დანიელ ბარენბოიმი (http://www.youtube.com/watch?v=AwywlKtkhk0, გუსტავო დუდამელი, ზუბინ მეტა, (http://www.youtube.com/watch?v=JquGByH_BZA) და კიდევ ბევრი სხვა, მისი მუდმივი პარტნიორები არიან. Image ლიზა ბათიაშვილი და დანიელ ბარენბოიმი ბერლინი 2013 მიუხედავათ დატვირთულობისა, ლიზა  ნაყოფიერად ეწევა ასევე კამერულ მუსიკალურ მოღვაწეობას, რაც გამოიხატება  „ევროპის კამერულ ორკესტრთან“ თანამშრომლობაში, სადაც ლიზა ხშირად თავის მეუღლესთან – გამოჩენილ ფრანგ ჰობოისტ  ფრანსუა ლელოსთან – ერთად გამოდის ხოლმე. Image ლიზა ბათიაშვილი თავის მეუღლე, ფრანსუა ლელოსთან ერთად   რაოდენ დასაფასებელია, რომ ასეთ დაძაბულ გრაფიკში ლიზამ ჩასვა თელავის საერთაშორისო მუსიკის ფესტივალი, სადაც ის უცილობლად,  წელიწადში ერთხელ, ოქტომბერში ჩამოდის ხოლმე. Image  თელავის ფესტივალი 2010 ამის წაკითხვის შემდეგ,  მიხვდებით  რა ატმოსფერო იყო დარბაზში 16 აპრილს – ვაშინგტონის აუდიტორია   ელოდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ მევიოლინეს,  მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უძველეს ორკესტრთან და  ასევე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ დირიჟორთან ერთად. Image  ლიზა ბათიაშვილი და ქრისთიან თილემანი დრეზდენის ორკესტრთან ერთად ამერიკის ტურნე  სოლისტმა  და ორკესტრმა მთლიანად ბრამსით დააკომპლექტეს. ბრამსის „აკადემიური ფესტივალის უვერტიურით“  (Academic Festival Overture) გაიხსნა საღამო. შემდეგ შესრულდა სავიოლინო კონცერტი და ბოლოს ბრამსის მე-4 სიმფონია. დრეზდენის ორკესტრი, რომელიც 1548 წლიდან არსებობს, ამ გერმანულ  რეპერტუარში თავს შესანიშნავად გრძნობდა. მე პირველად ვიგრძენი რას ნიშნავს  ძველი, ტრადიციული ორკესტრის მოსმენა, სადაც ყველა მუსიკოსი ნამდვილი სოლისტია.   სასიამოვნო იყო, რომ პროგრამაში მთელი ორკესტრის მუსიკოსების სია იყო. მართალია, თავს არავინ შეიწუხებდა მისი კითხვით, მაგრამ თავისთავად ეს ფაქტი,  ორკესტრისადმი დიდი პატივით განგაწყობს. საღამოს ნამდვილი მშვენება ლიზა ბათიაშვილი იყო. ბრამსის ეს კონცერტი ლიზასთვის განსაკუთრებულია. ლიზა ამჯერად უკრავს 1709 წლის სტრადივარის ვიოლინოზე, რომელიც  მას იაპონურმა  ნიპონის ფონდმა პატივისცემის ნიშნად გადასცა,  ხოლო ეს ვიოლინო თავის დროზე ეკუთვნოდა ჯოზეფ იოახიმს (Joseph Joachim), ვისაც ბრამსმა ეს კონცერტი მიუძღვნა.  სწორედ ამ ვიოლინოზე შედგა ბრამსის კონცერტის პრემიერა 1879 წლის 1 იანვარს. ერთ-ერთ ინტერვიუში ლიზას ნათქვამი აქვს:  „როდესაც მე ვუკრავ ამ ინსტრუმენტზე ბრამსის კონცერტს, მე მაქვს გრძნობა, რომ ვიოლინომ იცის  ეს მუსიკა და ის მე მეხმარება“ ბრამსი თავად არ უკრავდა ვიოლინოზე. კონცერტის დაწერის პერიოდში ის იოახიმთან გადიოდა კონსულტაციებს ინსტრუმენტის აპლიკატურასა და სხვა ნიუანსებზე. შედეგად დაიბადა სავიოლინო რეპერტუარის  ეს შედევრი, რომელიც კომპოზიტორმა მამაკაცი შემსრულებლის გათვალისწინებით დაწერა.   მართლაც, მისი შესრულება, ძალიან დიდ ენერგიასთან ერთად, ხელის დიდ ზომასაც მოითხოვს. ამის გამო, ეს კონცერტი ერთ-ერთი ყველაზე ძნელად შესრულებად ნაწარმოებად არის აღიარებული.  ამას თავად ლიზაც ამბობს: „ მე ყოველთვის მქონდა შეგრძნება, რომ ეს მამაკაცისთვის შესასრულებელი ნაწარმოებია. ქალისგან ის მოითხოვს მართლაც ძალიან დიდ ფიზიკურ  და სულიერ ენერგიას.“ იმ საღამოს ლიზამ არც ფიზიკური და არც სულიერი ენერგიის ნაკლებობა ნამდვილად არ გამოამჟღავნა.   არ ვიცი რა უფრო შთამბეჭდავი იყო ლიზას შესრულებაში –  ბგერის სინატიფე,  ინტელექტუალური სიღრმე, ტექნიკური სრულყოფილება, უტყუარი მუსიკალურობა, ორკესტრთან ურთიერთობის სიფაქიზე, თუ არავითარი მანიერიზმი სცენური ცხოვრების განმავლობაში.  ენერგიულმა ფინალმა წარმოუდგენელი ცეცხლი დაატრიალა დარბაზში – სოლისტი და დირიჟორი თითქოს დუელზე რიგრიგობით იწვევდნენ ერთმანეთს ამ სიცოცხლის ზეიმში გასამარჯვებლად,  სადაც გამარჯვებული საბოლოოდ მაყურებელი გამოვიდა, რომელმაც თავისი ოვაცია არ დააყოვნა. Image  ლიზა ბათიაშვილი და ქრითიან თილემანი ვაშინგტონი 2013 ლიზა ბათიაშვილი იმ დღეს 5 ჯერ გამოიძახეს სცენაზე, თუმცა იგი ბისზე ვერ დაითანხმეს.  ამ კონცერტზე თამუნასთან, ჩემს ქალიშვილთან ერთად ვიყავი რომელმაც მითხრა: „ასეთი რამ ( 5 -ჯერ გამოძახება)  ამერიკელებმა არ იციან; ჯოშუა ბელი (ამერიკელების უცნობილესი და უსაყვარლესი მევიოლინე) ზუსტად ამ დარბაზში მხოლოდ 3 – ჯერ გამოიძახეს“-ო.   მგონი მიხვდებით, რა ემოცია დაატრიალა  ქართველმა გოგონამ ამ მამაკაცური კონცერტის დაკვრისას? ლიზა თავის ქართველობას ყოველთვის და ყველგან ხაზს უსვამს.  არაერთხელ შეუსრულებია ქართული ნაწარმოებები ბისზე (http://www.youtube.com/watch?v=uhEtvcv-rQc), მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე. მას შემდეგ, რაც „დოიჩე გრამოფონმა“ ექსკლუზივი აიღო ლიზას ჩანაწერებზე, ლიზამ თბილისის მუსიკალურ სკოლას,  „ნიჭერთა ათწლედს“,  მხარდაჭერის აქცია გამოუცხადა და „დოიჩე გრამოფონისა“ და ლიზა ბათიაშვილის წყალობით მუსიკალური სკოლის გადარჩენის საკითხი დღის წესრიგში დადგა და თანხების მოზიდვაც დაიწყო. „დოიჩე გრამაფონი“-ის  გადამღები ჯგუფი სპეციალურად ჩამოვიდა თბილისში და ლიზასთან ერთად,  მუსიკალური ათწლედის შენობის სავალალო მდგომარეობა გადაიღო. არადა,  ლიზა სულ 11 წლის იყო, როდესაც საქართველოდან გაემგზავრა. სრულიად შესაძლებელი იყო, რომ მას მალე დავიწყებოდა თავისი სკოლაც და ქართული მიწის სიყვარულიც. პირველი განყოფილება  ლიზას გამოსვლით დასრულდა. ძნელი იყო სოლისტის სცენიდან გაშვება. დარწმუნებული ვარ, მით უფრო დაელოდებიან ვაშინგტონელები მას,  როდესაც ქართველი მევიოლინე კვლავ დაგეგმავს ამერიკის დედაქალაქში ჩამოსვლას. მეორე განყოფილებაში დრეზდენის ორკესტრმა ქრისტიან თილემანის დირიჟორობით ბრამსის მე- 4 სიმფონია შეასრულა. ლიზა ბათიაშვილის ამოფრქვევასავით გამოსვლის შემდეგ ამ გრძელი სიმფონიის მოსმენა მხოლოდ სავიოლინო კონცერტის მოგონებების დახმარებით გახდა შესაძლებელი.  თუმცა არ დავუკარგავ უნიჭიერეს დირიჟორს, ქრისთიან თილემანს  ზედმიწევნით დახვეწილ მუსიკალურ გემოვნებას სიმფონიური დრამის შექმნაში.დასასრულს დარბაზს მაინც ელოდა ერთი ბისი – ეს იყო ვაგნერის ოპერა “ლოენგრინის“ მე-3 აქტის პრელუდია.  ბრამსული საღამოს  ბოლოს, ვაგნერის ამ პომპეზურმა პრელუდიამ,  ნამდვილი აპოთეოზი და მსუყე წერტილი შექმნა. აქ, ორკესტრის გერმანული სული მთლიანად გამომჟღავნდა. დრეზდენელმა მუსიკოსებმა მთელი თავისი გენეტიური მეხსიერება მოიხმეს დაუვიწყარი საღამოს ფინალის შესაქმენლად. აღტაცებულები წავედით ლიზასთან მისალოცად კულისებში. ლიზა დერეფანში შეგვხდა. მიდიოდა ალბომებზე წარწერების გასაკეთებლად. „დოიჩე გრამოფონმა“ გამოსცა ახალი ალბომი, სადაც სწორედ ბრამსის  სავიოლინო კონცერტის ჩანაწერია. ჩვენც გავყევით. Image ალბომებზე ხელის მოწერისას ძალიან გვიხაროდა ჩვენც და ლიზასაც. გზაში ერთმა ქალბატონმა გაგვაჩერა, რომელიც აღმოჩნდა ამ კონცერტის ორგანიზატორი საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი  –    Jenny Bilfield (President & CEO at Washington Performing Arts Society) ქალბატონმა საკმაოდ ვრცლად და ემოციურად გამოხატა თავისი აღფრთოვანება ლიზას შესრულებაზე.  საუბრობდა სოლისტისა და ორკესტრის გასაოცარ ურთიერთობაზე. რადგანაც დღეს მე მხოლოდ ემოცია მახსოვს მისი აღტაცებისა, ამიტომ  მოვიყვან რამდენიმე სხვა კრიტიკოსის შეფასებას ლიზა ბათიაშვილის  ამერიკულ ტურნეზე: Chicago SunTimes April 2013: “… ბრამსის სავიოლინე კონცერტის საუკეთესო ცოცხალი შესრულება იყო, რომელიც კი ოდესმე მომისმენია” The Classical Review April 2013: “ბათიაშვილმა მქუხარე ოვაციები დაიმსახურა. ყველაზე გრძელი და ენთუზიაზმით სავსე, რაც  კი ბოლო წლებში მაყურებელს სოლისტის მიმართ გამოუხატია..“ „Chicago Tribune” 2013: ლიზა ბათიაშვილის ტრიუმფალური გამოსვლა ბრამსის სავიოლინო კონცერტში დაუვიწყარია“ ის საღამო ჩემთვისაც დაუვიწყარი იქნება. არამარტო მუსიკალური შთბეჭდილებების გამო, არამედ იმიტომაც, რომ მე ბედნიერი  ვარ,  რომ  ჩემი მეგობრის შვილი, ლიზა არა მარტო  ბრწყინვალე მუსიკოსია, არამედ ძალიან სადა, კარგი ადამიანი და დიდი პიროვნებაა. მე და ჩემს ქალიშვილს, თამუნას ყვავილების ყიდვა დაგვაგვიანდა. ლიზას ერთი შოკოლადის ფილა გადავეცით, რომელიც სამსახურიდან წამოსულ თამუნას, ჩანთაში აღმოაჩნდა. ლიზას ბავშვივით გაუხარდა და გვითხრა: ყვავილებს ეს არ სჯობია? ხვალ ვინმეს ავტობუსში გავუნაწილებ!”ო

მსოფლიოს # 1 მევიოლინე  ბავშვივით უშუალოა. სხვანაერად ასე ვერც დაუკრავდა.

Image ლიზა ბათიაშვილი მეუღლესთან, ფრანსუა ლელოს და შვილებთან ერთად ავსტრალიაში ტურნეს დროს.  

Aside | Posted on by | Tagged , , , , | Leave a comment

ჩემი ამერიკული მუსიკალური შთაბეჭდილებები Part 1

 

ვაშინგტონში პირველად არ ვიყავი. ძალიან დაკავებულობის გამო წინასწარ არაფერი მქონდა დაგეგმილი . მიუხედავად ამისა,  სრულიად მოულოდნელად დამიგროვდა საინტერესო მოვლენები.

რომ არ დავწერო გაქრება და არც იარსებებს. გადავწყვიტე შეძლებიდაგვარად „ძაალიან“ მოკლედ დავწერო.

პირველი ჩემთვის ძვირფასი მოვლენა იყო მსოფლიოს გამოჩენილი პიანისტის, ანდრაშ შიფის (Andras Schiff) კონცერტი, რომელიც სტრასმორის დარბაზში გაიმართა.

ვინ არის ანდრაშ შიფი?

  თბილისში მას მხოლოდ პროფესიონალები იცნობენ. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული პიანისტი საქართველოში არასდროს ჩამოსულა. დაიბადა უნგრეთში 1953 წელს. შემდეგ სწავლა გააგრძელა ბრიტანეთში. 1987 წელს ავსტრიის მოქალაქეობა მიიღო. აჟამად ცხოვრობს ლონდონსა და ფლორენციაში.

Image

ანდრაში მრავალი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია მათ შორის 1990 წელს „გრემისაც“, რაც კლასიკოს მუსიკოსთა შორის არც ისე ხშირი მოვლენაა.

 ანდრაშ შიფი ბოლოს დროს ცნობილი გახდა პოლიტიკური სკანდალის გამო. მან მწვავე შეფასება მისცა ამჟამინდელ უნგრეთის პრეზიდენტის რასობრივ და ანტისემიტურ პოლიტიკას. თავის მხრივ პრეზიდენტმა János Áder -მაც არ დაინდო მუსიკოსი თავის გამოსვლებში.  ამის შემდეგ ანდრაშ შიფმა საჯაროდ განაცხადა, რომ მისი ფეხი თავის სამშობლოში აღარასდროს არ იქნება. 

აი ასე დაკარგა მან სამშობლო.

სამშობლოს მოწყვეტილი ანდრაშ შიფისთვის ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია. შეიძლება კიდევაც მეტი განცდა შემატა მისი გამოსვლების ტონალობას.

პიანისტი მსოფლიოს  მრავალ ცნობილ ორკესტრთან თუ დირიჟორთან ერთად გამოდიოდა თავის კარიერი განმავლობაში, მაგრამ ბოლო დროს ამჯობინებს ან სოლო რეჩიტალებს ან თავად დირიჟორის პულტთან დგომას.

ასევე მან შეიზღუდა კოპმპოზიტორთა სია: აქ ვერ შეგვხდებათ შოპენი ან ლისტი, რახმანინოვი ან პროკოფიევი. პიანისტმა მთლიანად ავსტრო -გერმანულ მუსიკას მიუძღვნა თავისი გამოსვლები. ბახი, მოცარტი, შუბერტი, შუმანი, ზოგჯერ ბრამსი და ზოგჯერ ადრეული ბელა ბარტოკი.  ასეთი შეზღუდვა მხოლოდ უდიდეს მუსიკოსების პრეროგატივაა. მათ არ „ეშინიათ“ თაყვანისმცემლების დაკარგვის. მათ მიაჩნიათ, რომ შეზღუდულობაში მეტი სიღრმე შეიძლება აღმოაჩინო.

ამ ჩაღრმავებაში შიფისთვის ყველაზე ახლობელი მაინც იოჰან სებასტიან ბახი აღმოჩნდა.

შიფი მიიჩნევს, რომ ბახი მუსიკა სამყაროს შუაგულია და ყველაფერი დანარჩენი მის გარშემოა მოთავსებული.

7 აპრილსაც ანდრაშ შიფმა მხოლოდ ბახი შეასრულა. პროგრამაში იყო ექვსივე „ფრანგული სუიტა“ სოლო ფორტეპიანოსთვის პირველ განყოფილებაში და ფრანგული უვერტიურა სი მინორი, ასევე სოლო ფორტეპიანოსთვის, მეორე განყოფილებაში.

საკმაოდ სერიოზული და თითქოს მხოლოდ პროფესიონალებზე გათვლილი პროგრამაა. 2 საათი ერთი ჟანრის ერთ კომპოზიტორის მოსმენა არ უნდა ყოფილიყო იოლი. ალემანდას კურანტა მოჰყვებოდა, მას სარაბანდა და მათ ბაროკოს სხვადასხვა ცეკვები,  ბოლოს  კი ტრადიციულად ჟიგა. ასეთია მცირე განსხვავებებით ბაროკოს სუიტის აღნაგობა. მეორე სუიტა, რომ დამთავრდა მე ცოტა „შიშმა“ შემიპყრო – წინ კიდევ 4 სუიტა იყო პირველ განყოფილებაში, თითო 13 წუთამდე ხანგრძლივობის. გადავხედე ჩემს მეზობელს და ჩასძინებოდა. სამუშაო დღის ბოლო იყო…  მე რა ჩამაძინებდა, ასეთ მუსიკოსზე მოხვედრა ოცნებაშიც არ მქონდა იმ დღეს. ყველაფერი ჩემი ქართველი მეგობრების “ბრალია“,რომლებმაც მოულოდნელად დამპატიჟეს, გამომიარეს და წამიყვანეს ამ არაჩვეულებრივ საღამოზე.    ჩემი „შიში“ იყო იმისა, ვაი თუ დღეს ბახი დიდი დოზით უკვე აღარ ისმინება. ინტერნეტის და სატელევიზიო პულტის რეჟიმში ცხოვრებამ – ნუთუ საბოლოოდ ამოგვაგდო მედიტაციის  და თვითჩაღრმავების უნარიდან?

მესამე სუიტის  შუას, რომ გადავცდით და „ანგლეზზე“   მივიდა საქმე, სრულიად დამავიწყდა ჩემი „შიშები“. მე საერთოდ ყველაფერი დამავიწყდა.მე გადავიქეცი ერთიან ნაწილად იმ დინების რასაც ბახის სუიტები ერქვა და ამ ვიბრაციის დასრულება აღარ მინდოდა.

პროგრამის „ერთფეროვანმა“ მუსიკამ გამოიღო ის შედეგი, რასაც აზიური მუსიკა მცირე მელოდიური მონაკვეთის საათობით განმეორებისას აღწევს. ეს არის სულიერი ტრანსის მდგომარეობა. შენ მინდობილი ხარ შემსრულებელს და მისი საშუალებით სამყაროს ზეციერს. ამქვეყნიური თითქოს სხეული გტოვებს და იქ დაბრუნების სურვილი გეკარგება.

აი ასეთი განწყობით გაგრძელდა  კიდევ 3 სუიტა სანამ შესვენება არ გამოცხადდა და დარბაზის ფეხზე მდგარმა ოვაციებმა დამარწმუნა, რომ ის განცდა, რაც მე დამეუფლა მარტო ჩემი საკუთრება არ იყო. მართალია, მე არ მახსოვს გადიოდა თუ არა პიანისტი სუიტებს შორის. როგორ უკრავდნენ ტაშს მსმენელები ამ დროს. მე არაფერი არ მახსოვს გარდა იმისა, რომ პირველი განყოფილების დასრულება ნამდვილად აღარ მინდოდა.

მეორე განყოფილებაშიც იყო ბახის ცალკე მდგომი ფრანგული უვერტიურა სი მინორი. უვერტიურა დაექვა მას მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სუიტა ნაცვლად ტრადიციული ალემანდისა იწყებოდა უვერტიურით. სხვა მხრივ მისი ნაწილები ტრადიციული იყო. მართალია ცეკვების ნაწილი ნაცვლად ერთისა 3 ნაწარმოებისგან შედგებოდა, რამაც მთლიანობაში ეს სუიტა 30 წუთამდე ხანგრძლივობისა გახადა. საინტერესოა, რომ ტერმინი „ფრანგული“  – სუიტების მიმართ ბახის სიცოცხლეში არ იხმარებოდა. ისევე, როგორც „ინგლისურის“  – მეორე საპორტეპიანო სუიტებისა. ეს ტერმინები მოგვიანებით გაჩნდა და მას შემდეგ ასე გახდა ცნობილი.

„ვაშინგტონ პოსტის“ რეცენზიაში ამ კონცერტის შესახებ ჟურნალისტი რობერტ ბეთმა (Robert Bettey) დაწერა: “ეს იყო გასაოგნებელი საღამო – დახვეწილი ბგერებით, მდიდარი  წარმოსახვითა და უსაზღვრო მუსიკალურობით. შიფმა ბახი საკუთარი ინტერპრეტაციით შემოგვთავაზა“ საკუთარი მართლაც ბევრი იყო იმ საღამოს. თუნდაც ის, რომ შიფი არსად არ ხმარობდა პედალს. თავის ინტერვიუში ანდრაშ შიფი ამბობს: „ მე არ მადარდებს, თუკი ვინმეს არ მოსწონს ჩემი ბახის უპედალო შესრულება.  ჩემთვის ბახის პედალით შესრულება იგივეა რაც, საჭმლით სავსე პირით საუბარი. ბახის მუსიკა კი ძალზე ნატიფი და წმინდაა ამისთვის.“

საღამო დასრულდა ბახის  მთლიანი 3  ნაწილიანი „იტალიური კონცერტის“ შესრულებით ბისზე. მანამდე პიანისტმა გამოაცხადა: „გარეთ გაზაფხულია, მაგრამ იმდენი დღეა უკვე  წვიმს, რომ ჩვენ ცოტა სითბო გვესაჭიროება, ამიტომ მოდით რამეს იტალიურს შემოგთავაზებთ“

მოუსმინეთ და დატკბით დიდებული ბახის ამ ცოცხალი გენიოსის შესრულებით. 

ბახის “იტალიური კონცერტი: ნაწილი 1

 http://www.youtube.com/watch?v=pJM6EyAsfcU&feature=youtu.be

  

Image

 Andras Schiff at the Strathmore Center

Washington  

April 7   2013

 

Posted in Uncategorized | Leave a comment

ჯაზით გადაგდებული საბჭოთა კავშირი

Image

                                                                                   გაიოზ კანდელაკი

1973 -1975-  მეტეხის თეატრის დირექტორი და ბარათაშვილის ხიდის ქვეშ არსებული პირველი ჯაზ-კლუბის დამაარსებელი და პრეზიდენტი

1975-1980 წწ ფილარმონიის დირექტორი

1980-1985 წწ „მელოდიის“ დირექტორი , პარალელურად კინომსახიობთა თეატრის დირექტორი

1985 – 2005 წწ  მარჯანიშვილის თეატრის გენერეალური დირექტორი.

1996 წელი – დღემდე თბილისის ჯაზ-ორკესტრის პროდიუსერი

2012 წელს მე – 15 ედ გაიმართა თბილისის ჯაზ ფესტივალი. თბილისელები უკვე მიეჩვიენ ამ ყოველწლიურ  მოვლენას. წელს რეკორდული დასწრება ჰქონდა ფესტივალს.  ლეგენდარულ ჩიკ კორეას კონცერტზე ბილეთები  დიდი ხნით ადრე გაიყიდა.  არა და ჯაზ ფესტივალების ტრადიციას არც თუ დიდი ხნის ისტორია აქვს. ამ თემაზე სასაუბროდ ჩვენ სწორედ ჯაზ ფესტივალების იდეის ავტორთან, გაიოზ კანდელაკთან მივედით.

Image

ყველაფერი დაიწყო იქიდან,   როდესაც მამაჩემმა მიყიდა „ბალტიკა“  – იყო ასეთი რადიო მიმღები. მაშინ ერთი ფიზიკოსი იყო, რომელსაც 25 მეტრის სიხშირე 13 მეტრზე ჩამოყავდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კგბ,  რომ 25 მეტრს ახშობდა, ჩვენ  მაინც გავდიოდით და ვისმენდით. ვისმენდით ძირითადად უილის ქანოვერის „ჯაზის საათს“, რომლსაც ეს გადაცემა 1947 წლიდან მიჰყავდა. ეს იყო 13.5 ტალღაზე. იმაზე მქონდა რადიო გაჩერებული და იმის იქით მე არც გამიწევია! კვირაში იყო 4 ღამე ეს გადაცემა. კგბ მაინც ახშობდა და სუფთად ვერ ვიჭერდით, მარგამ მაინც ვუსმენდით. ჩვენი დროით ღამი პირველ საათზე იწყებოდა. მშობლებს ეძინათ და მე პირსახოცგადაფარებული ვუსმენდი. მე ვუსმენდი მუსიკას, რომელიც მაშინ აზრზეც არ ვიყავი თუ რა იყო. მაშინ გავიგე თუ ვინ იყო გლენ მილერი, ლუი ამსტრონგი, ელა ფიჯერალდი. ანუ ჯაზის სათავეებიდან დავიწყე. უილის ქანოვერი ამერიკისთვის კი არა, აღმოსავლეთ ევროპისთვის აკეთებდა ამ გადაცემას 40 წლის განმავლობაში. ამას თბილისში ისმენდა ძალიან ცოტა ხალხი და სუყველა ვინც თბილისში ისმენდა  ამ რადიოს,  შემდეგ მეგობრები გავხდით. ფირფიტებზე საერთოდ არ იყო ლაპარაკი ჯერ. ვიღაცამ ჩამოიტანა ჩუმად ჩემოდანში მაგნიტოფონი  (ყვეაფერი ეს აკრძალული იყო) და ჰქონდა ფირი და თურმე იწერდა. მერე მამამ მიყიდა მაგნიტოფონი , ახლაც მახსოვს „დნეპრ 3“  ასე ერქვა და მაშინ დავიწყეთ რადიოდან გადაწერა. მერე აღმოჩნდა, რომ ზაურ ჭითავას (ფიზიკოსი იყო მოსკოვში)  ჰქონდა ასეთივე ჩანაწერები რადიოდან , ოღონდ უფრო სუფთად იწერდა, ვიდრე ჩვენ შეგვძლო ეს. რამდენიმე ბიჭი დავდიოდით მის სახლში ჯაზის მოსასმენად.  ასე გავიცანით ტედ ჯონსი, მელ ლუისი, მერე ქუინსი ჯონსი გამოჩნდა,  მერე გერშვინის კონცერტებს და ასე შემდეგ. ამით ვცხოვრობდით. სპორტიც იყო ჩვენს ცხოვრებაში და მუსიკაც. ერთხელ მეათე კლასში კალათბურთით ვიყავი კაუნასში. იქ მოვისმინე ჯაზ კლუბში მუსიკოსები. შემდეგ რომ ჩამოვედი მივედი პლეხანოვზე ფილარმონიის მაშინდელ დირექტორთან, გუგული ყიფიანთან და ვუთხარი, „მოდით  ჯაზ -ფესტივალი გავაკეთოთ მეთქი თბილისში!“  რა ჯაზ ფესტივალი?!“ გაგიჟდა კაცი. მე ვუთხარი:  „აი ვიყავი ვილნიუსში, ტალინში, კაუნასში და მოვისმინე და კარგი იქნება თქო აქაც თუ გვექნება“  მაშინ ჯერ არ ვიცოდი, რომ ეს ჩემი ცხოვრების მთავარი საქმე გახდებოდა.  უბრალოდ მინდოდა თბილისში ბუმი ყოფილიყო. ასე გახდა ჯაზი შემდეგ  ჩვენი ცხოვრების წესი. ჯაზი ისეთი რამეა, რომ „წამლავს“ ადამიანს; მაგის გარეშე უკვე ვერ წარმოგიდგენია ცხოვრება. 

Image

აი ამ მუსიკაში გავიზარდეთ. ჯემ-სეშენებს ვაკეთებდით, შემდეგ თბილისელი მუსიკოსები წამოიზარდნენ და შემდეგ უკვე 1978 წელს  გადავწვიტეთ გაგვეკეთებინა პირველი ჯაზს-ფესტივალი. მე, ბორია პეტროვი, ჟენია მაჭავარიანი ვისხედით და დავგეგმეთ თუ რა და როგორ გაგვეკეთებინა. როგორ გავაკეთეთ , საიდან? არავინ არ იცის! დავჯექით და გავაკეთეთ. დავწერეთ წერილი კომკავშირის კომიტეტის სახელზე. სხვათაშორის მაშინდელი კომუნისტები, ტელევიზიაც  ძალიან გვერდში ამოგვიდგნენ. მთელი ჯაზ-ფესტივალი ჩაიწერეს, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა , რომ ის მასალები სამწუხაროდ დაზიანდა. ახლახანს აღმოაჩინეს ერთი პატარა ფრაგმეტი ჯემ-სეშენის. მე ეჭვი მაქვს, რომ ეს მასალები კგბ-ემ წაიღო.  სხვათაშორის ჩანაწერები დარჩა. მაშინ გამოუშვით ამ ჯაზ ფესტივალის ჩანაწერისს 2 ფირფიტა.   ერთი მე მაქვს სახლში.

ამის შემდეგ 1980 წელს უკვე როკ-ფესტივალი გავაკეთეთ. და ისე გამოიკვეთა, რომ სსრკ-ში ყველაზე ლიდერი რეპუბლიკა ჯაზ- ფესტივალებში გახდა თბილისი. ახლა უკვე ჩვენი შვილები აკეთებენ ამას. ჯაზი ისეთი რაღაცაა,  რომ ამასთან ერთად უნდა გაიზარდო. თუ ბავშვობიდან არ ეზიარე ამას, ისე ვერ ისწავლი. ჩემი შვილები 5 წლიდან დღე და ღამე ჯაზს უსმენდნენ.

ადრე ძნელი იყო სუფთა ჩანაწერების მოპოვება. მახსოვს ჟორა ისაევი იყო მაშინ ასეთი პიროვნება,  პირველად მას გამოუგზავნეს ამერიკიდან ორი  დიდი დისკი. მაშინ მასთან რომ მივედით, პირველად ვნახეთ გიგანტი დისკები. მერე მეც ჩამოვიტანე კაუნასიდან. ეს ასე მოხდა: მე კალათბურთიდან გავემგზავრე კაუნასში. მამაჩემმა ცოტა ფული მე მომცა, მაგრამ კიდევ მწვრთნელს მისცა 100 მანეთი, რომ თუ რამე დასჭირდაო , მარტო მაშინ მიეციო. მე მწვრთნელს ვუთხარი, რომ დედაჩემს კაბა მინდა ვუყიდო – თქო და გამოვართვი ის ფული. მაშინ „მელოდიის“ ფირფიტა 65 -ანი სიჩქარის ღირდა 70 კაპიკი და მე  კი თითო დისკში გადავიხადე 50 მანეთი! 2 დისკი ჩამოვიტანე. დღესაც მახსოვს რა დისკები იყო; ეს იყო ქაუნთ ბეისის “Kansas City  7“ და ნელს სედაკას  „Little berry“. ასე  ნელ-ნელა შევაგროვე 3000 -მდე ვინილის დისკი და მერე გადავეცი მთელი ჩემი კოლექცია ჩემს შვილს, კახას. მთელი ცხოვრება ვაგროვებდი. ხან მამა მომცემდა ცოტა ფულს , ხან კალათბურთიდან ცოტა ხელფასს ავიღებდი, სულ ფირფიტებზე ვხარჯავდი ფულს. მოგვიანებით უკვე დამიამხანაგდა „ნიუ-ორკ თაიმსის“ ჟურნალისტი, რომელიც ყოველთვიურად მიგზავნიდა 10 დისკს. მაშინ თითო დისკი საშუალოდ 5 $ ღირდა. და 50$ დოლარი ძალიან კარგი  ფული იყო. მე არ ვიცი რა დაზღვევას აკეთებდა?  როგორ?  მაგრამ საბჭოთა კავშირის პირობებში ეს ამანათი ჩემამდე მოდიოდა. ერთი კი იყო, რომ ის ჟურნალისტი ძირითადად ამერიკელებს აკრიტიკებდა ვიეტნამის ომზე. მოკლედ ასე იყო თუ ისე, ეს ამანათი ჩემამდე მოდიოდა და მე მივდიოდი  პლეახანოვის გამზირზე, ფოსტაში და ვღებულობდი ამას დაახლოებით 3 წლის განმავლობაში.  ეს იყო 78- 80 წლები. ყოველთვის ეს ამანათი მხვდებოდა გახსნილი; ამას კგბ აკეთებდა. მაშინ შეეძლოთ სპეკულაციაში დაედოთ ჩემთვის ბრალი, მაგრამ მე ჩემი არც ერთი ფირფიტა არასდროს არ გამიყიდია, თუმცა „შავ ბაზარზე“  მათ კარგი ფასი ექნებოდა.

Image

ახლა ისევ შემოდი ვინილის დისკები. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მოვა დრო და ყვეალანი ისევ ვინილს დავუბრუბდებით. ამ კომპაქტ დისკების მოსმენა დიდი ხანი შუძლებელია. ვინილს სულ სხვა ხიბლი აქვს!

სხვათაშორის პირველი აპარატურა, გრამფირფიტების მოსასმენი დინამიკები,  მე და თემურ კაჭკაჭიშვილმა დავამზადებინეთ ფიზიკის ინსტიტუტში. ასევე პირველი სტერეო გამაძლირებელი მე ჩამოვიტანე მოსკოვიდან – ორმა ჩემმა მეგობარმა თავისი ხელით ამიწყვეს როგორღაც;  სტერეო ნემსიც ვიშოვეთ და შემდეგ უკვე რიგები იდგა  ჩემს სახლში იმიტომ, რომ საოცარია ეფექტი, როდესაც ერთი კუთხიდან დასარტყამი გესმოდა მეორე კუთხიდან ბასი და შუაში ხმა! აი ასეთი ბედნიერებების მომსწრე ვარ.

ის ფასეულობები რაც ჩვენ გვქონდა დღეს არ არსებობს. ახლა ყველა გადასულია ბიზნესზე – როგორ იშოვოს ფული და გადაიხადოს სწავლის ფული. მაშინ ეს პრობლემა არ გვქონდა ჩვენ!  ჩვენ გვინდოდა მუსიკა და ვუსმენდით ჯაზს. ამ ჯაზით ვებრძოდით საბჭოთა კავშირს. ამ ბრძოლა – ბრძოლაში ისე გამოვიდა, რომ  მგონი ამ ჯაზმა გადააგდო ეს საბჭოთა კავშირი!

მერე კი მოვიდა ის დრო, რომ მე და უილის ქანოვერი ვისკის ვსვამდით მაილს დევისის საგრიმიოროში. ვის ერგო საქართველოში ასეთი ბედნიერება კიდევ არ ვიცი?! ეს იყო 1988 წელი პოლონეთში და ეს იყო მაილს დევისის ბოლო კონცერტი.

Image

1989 წელს ჩვენ უკვე თბილისში გავაკეთეთ გრანდიოზული მეორე ფესტივალი. ისეთი 10 დღიანი ფესტივალი იყო, რომ დიდხანს დაამხსოვრა თავი სუყველას. რა თქმა უნდა მაშინ უკვე ის ბიჭები მყავდა ჩემს გვერდით, ვინც დღეს „ისთერნ ფრომოუშენს“ ხელმძღვანელობენ.  ჩემი შვილი, კახა კანდელაკი და მისი მეგობრები. ესენი იყვნენ მუშებიც და მუსიკოსების გამცილებლებიც. აეროფლოტის ორი თვითმფრინავი დაქირავებული გვყავდა და დაფრინავდნენ ცარიელი თბილისსა და ვარშავას შორის. მხოლოდ მუსიკოსები დაჰყავდათ. მაშინ ისეთი დრო იყო, რომ უცხოეთის რეისები მხოლოდ მოსკოვის გავლით შეიძლებოდა სსრკში ჩამოფრენილიყვნენ;  ჩვენ არ გვიშვებდნენ, რომ აქ ჩამოგვეყვანა პირდაპირ. ეს იყო პირველი ჩვენი საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი და მოხერხებული იყო ყველა მუსიკოსი ვარშავიდან წამიგვეყვანა პირდაპირ, მოსკოვის გვერდის ავლით. როგორღაც იქ მოვაგროვეთ ისინი,რადგანაც ევროპის ტურებზე იყვნენ. მაშინ ედუარდ შევარდნაძე იყო სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრი და ჩვენ გავედით მასზე და ვთხოვეთ მას დახმარება. თემურ შენგელია არის მოსკოვში და ის გვეხმარებოდა ამაში; მადლობა მას ამისთვის!  შევარდნაძემ რეზოლუცია დაადო, რომ დაერთოთ ჩვენთვის ნება ვარშავიდან აქ თვითმფრინავებით მუსიკოსების ჩამოყვანის. მაშინ ახალგაზრდა „ფრომოუშენის“ ბიჭებს კომკავშირიდან ჟიული შარტავამ გაუკეთა პასპორტები და ისინი აცილებდნენ მუსიკოსებს იქით და აქეთ. ეს წარმოუდგენელი რამ იყო სსრკ-სთვის!  მაშინ ცეკა -ში იყო ნუგზარ ფოფხაძე, იქ იყო ჯუმბერ პატიაშივლი – სუყველა იქ იყო! თვითმფრიანვებში იყო მაშინ შამპანიური და ხილი და ასეთი საზეიმო განწყობით მოდიოდნენ აქ. იმ წელს არტ ბლეიკი იყო და თავისი 70 წლის იუბილე აქ გადავუხადეთ! დაუვიწყარი საღამო იყო. Image

საინტერესო იყო იმდროინდელი კომუნიკაციების საშუალებებით როგორ ვაკეთებდით ამ საერთაშორისო ჯაზ -ფესტივალის ორგანიზებას. ტელეფონით დარეკვა იყო ძალიან ძნელი. უნდა ჯერ მოსკოვში დაგერეკა და მერე იქიდან დაგაკავშირებდნენ და ამაზე იხარჯებოდა დიდი დრო. თან ძალიან ცუდად ისმოდა. ამიტომ ჩვენ ვიშოვეთ ტელექსი. ჩვენი ოფისი იყო სასტუმრო „აჭარაში“. მაშინ მიშა  ლოლაძე იყო  მისი დირექტორი. მიშამ მოახერხა როგორღაც კავშირგაბმულობის სამინისტროდან და გადმოიტანა იქ ტელექსი. ეს იყო ტელექსით გაკეთებული ფესტივალი.  საწყალი კოლია ვიგოვსკი, მაშინ თეატრში მუშაობდა ჩვენთან  – დავსვით და ისწავლა ტელექსი. საწყალი იმიტომ, რომ რაც ისწავლა, იმის შემდეგ დღე და ღამე არ ეძინა!  ბოლოს თვალები სულ ჩასისხლიანებული ჰქონდა. ტელექსი,  როგორ გითხრათ, „მორზეს’ ანბანივით იყო  და ყველა ვერ იხმარდა.

ეს იყო საბჭოთა კავშირში პირველი ინტერნაციონალური ფესტივალი! ეგეთი რამ არ მომხდარიყო ჯერ საბჭოთა კავშირის ისტორიაში.  იმ დროს უკვე დაწყებული იყო აქ დამოუკიდებლობისთვის მიტინგები.  მახსოვს, მოვიდა ჩვენთან „აჭარაში“ ოფისში ერთი წვერიანი და გვითხრა: „ ხვალე უნდა ჩაიშალოს ეს კონცერტი პროტესტის  ნიშნად!“,   „ მე ვარ ილია მართლის,… „თუ რაღაც, არ მახოსვს ზუსტად ვისი – პარტია ვარო. კონცერტი უნდა ჩავშალოთო. ამ დროს კონცერტი იყო ფრედი ჰაბბარდის, როგორია?! მთელი ცხოვრება ვოცნებობ ამაზე და როგორც იქნა ჩამოვიყვანე. მე ვუთხარი მას: „ძმაო, შენ რომ მიტინგებს ატარებ იქ, მე მოვდიავრ და გიშლი ხელს ამაში?“ „შენზე ნაკლები პატრიოტი არც მე ვარ; ეს არის ჩემი მიტინგი“ მეთქი.  „ამერიკელები თეთრი სახლიდან პირდაპირ მოდიან აქ ეს მუსიკოსები; ამერიკის ელჩის მეგობრები არიან და თუ რამე გინდა რომ უთხრა, რომ ჩევნ ვიღაცა გვჩაგრავს, მოდი და უთხარი შენ თვითონ“  მართლაც  მოვიდა და მე ამ კონცერტს დავასწარი. კონცერტიდან გაგიჟებული გამოვიდა და მითხრა: „ეს რასა ვშლიდიო?!“:)  Image

თბილისის ჯაზ-ორკესტრის დაარსება ჩემი იდეა იყო .  გივი გაჩეჩილაძე იყო მაშინ კარჯანიშვილის თეატრის მუსიკალური ხელმძღვაენლი და თემურ ჩხეიძე თეატრის მთაავარი რეჟისორი. არავის დაუვალებია ჩვენთვის. მივედით ნიკო ლეკიშივლთან და ვთხოვეთ, რომ მუსიკოსები გვყავს და გზის ფული მაინც რომ გადავუხადოთ, იმუშავებენ და ბიგ ბენდი გვყეოლება მეთქი. ამ აზრე წამოვიდნენ და დიდი მადლობა მათ , რომ გადაარჩინეს ეს იდეა და ქალაქს დღმედე გვყავს ეს ფუფუნება – საკუთარი ბიგე ბენდი.  ეს იყო 1996 წელი.  ერთი წელი „მაგთიკომი“ გვასპონსორებდა, მაგრამ მერე გაუჭირდათ იმათაც და შემდეგ უკვე მერიის დოტაცია მოვიპოვეთ. საერთოდ რა დიდი მუსიკოსებიც არ უნდა იყვნენ ორკესტრში დოტაცია თუ არ იქნება ის თავის ვერ შეინახავს. ასეა მთელს მსოფლიოში.

პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი და იქ მქონდა ჯაზ კლუბი. იქ გვქონდა ჯემ-სეშენები; არქიტექტორები, მხატვრები მაშინდელი ინტელიგენცია იკრიბებოდა და ძალიან პოპულარულები ვიყავით, მერე ჯარში წავედი და რომ დავბრუნდი მაშინდელმა კომკავშირის კომტეტმა შემომთავაზა, რომ ბარათაშვილის ხიდის ქვეშ არსებულ ბაზაზე გამეკეთებინა ჯაზ-კლუბი. ძალიან კარგად ვმუშაობდით და პირველ ჯაზ -ფესტივალებზეც იქიდან დავიწყეთ სიარული. მაშინ ყველა ჯაზ მუსიკოსი ჩვენთან იყო : საშა რაქვიაშვილი, კოლია ქაშაყაშვილი, ენრი ლოლაშვილი, თათუზა ყურაშვილი. ახლანდელი უფროსი თაობა – ყველა იქიდან მოდის.

ახლაც ჩვენი ბიგ- ბენდი უკვე 16 წელია არსებობს და უამრავი კონცერტი გვაქვს ჩატარებული. რეპერტუარი გვაქვს ძალიან დიდი: თითქმის ყველაფერს ვუკრავთ. ჩვენ ჩვენივე ინიციატივით დავდივართ და ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ან დასაწყისში ხან პოლიტექნიკურში, ხან სამედიცინო ინსტიტუტში, ხან სხვა ინსტიტუტებში ვუკრავთ.  არავინ ამას არ გვთხოვს.  როგორც მე მშიოდა ამის  მოსმენა ახლა ამთ ვაძლევთ საშუალებას, რომ ცოცხლად უსმინონ და შეაფასონ ეს ხელოვნება.  ახლაგაზრდებს ძალიან მოსწონთ სხვათაშორის. პოლტექნიკურში ვერ წარმოიდგენთ როგორ მიგვიღეს. დაანგრიეს ბავშვებმა დარბაზი. ამით ჩვენ მომავალ თაობებს გემოვნებას ვუნვითარებთ და შედეგიც მერე სახეზეა. ფილარმონიაში წელს უკვე არც ერთ კონცერტზწე აღარ დარჩა ბილეთები გაუყიდავი. საერთო განათლება რომ გაიზრდება, დემოკრატიული ღირებულებების ამოქმედდება.  მგონია, რომ პოლიტიკური ურთიერთობებიც ამსოლუტურად სულ სხვა განზომილებაში გადავა.

ჯაზი მარტო ხელოვნება კი არ არის – ფილოსოფიაა. აი, ჯემ სეშენების დროს – იქ არა აქვს მნიშვნელობა შენ რა დონის მუსიკოსი ხარ. ყველა ერთი ხდება. ყველას ყველასთან შეუძლია მუზიცირება. ყველაზე თავისუფალი მუსიკა ჯაზშია და ნამდვილი დემოკრატიაც მხოლოდ ჯაზშია! რაც მოხდა ბექა გოჩიაშვილსა და ჩიკ კორეას შორის. ამიტომაც სთქვა ჩიკ კორეამ: „უნდა იამაყოთ ქართველებმა , რომ ამსითანა ელჩი გყავთ მსოფლიოში!“

ვფიქრობ, რომ ბოლო არჩვენები ასე, რომ ჩატარდა და ძალაუფლება გადავიდა მშვიდად ეს იმის დამსახურებაც არის , რომ ძალიან ბევრი კონცერტი ჩატარდა. ხალხი უფრო გაწონასწორებული გახდა და საერთო სულიერმა დონემ აიწია მოსახლეობაში. ამას დაეხმარა რასაკვირველია „იავნანას’ საქველმოქმედო ღონისძიებები, ჩვენი პატრიარიქს ქადაგებები, კახიძეს სიმფონიური კონცერტები  – ეს ყველაფერი ერთად დაჯამდა, დაჯამდა და მივაღიწიეთ იმას, რომ ერის კულტურულმა ზღვარმა აიწია. 1995 წელს რეი ჩარლზი , რომ ჩამოვიყვაენთ მაშინ აივანზე ბილეთები გაიუყიდავი დარჩა, 2012 ში კი ჩიკ კორეაზე არც ერთი ბილეთი არ დარჩა სალაროში.

ვფიქრობ, რომ ჩვენი ორკესტრის წვლილიც ამაში დიდი  უნდა ყოფილიყო. დღეს უკვე ჩვენი ჯაზ-ფესტივალი 10 ქვეყანაშია  შესული საუკეთსო ჯაზ-ფესტივალების სიაში. უკვე ბათუმის ჯაზ-ფესტივალიც მიემატა ამ თანრიგს. მაგრამ ამას ნურავის ნუ დავაბრალეებთ . ეს გააკეთა ხალხმა. ეს გავაკეთეთ ჩვენ სუყველამ ერთად!

20 წლის იუბილეზე, რომელიც 2016 – ში იქნება ჩვენ გვინდა ჩამოვიყვანოთ დიდი ბრიჯუტერ, ტონი ო მეილი,  ბობ მინცერი, როი ერსი, ვისთანაც გვქონდა ჩვენ ურთიერთობა, სუყველა!  ჯაზ ფესტივალის ფარგლებში ბოლო დღე გვინდა თბილისის ბიგ ბენდის იუბილე მოეწყოს. ვფიქრობ, რომ ბიგ ბენდს ვარსკვლავიც უნდა გაუხსნან, არა არის ღირსი?! იქ იქნებიან ქართველებიც – ქართული ხმები მოვლენ, ბექა გოჩიაშვილიც ჩამოვა. ვფიქრობ ყველა ჩამოვა. ეს იქნება ჩვენი მეგობრების ნაკრების ნამდვილი ზეიმი! თუ ცოცხალი ვიქენი გავაკეთებ, თუ არადა უჩემოდ მაინც ჩაატარებენ!:) 

Image

მანამდე კი თებერვლიდან მაისის ჩათვლით არ დაგავიწყდეთ, ივენთ კლუბში ჯაზ სერიებზე გეპატიჟებით, შემდეგ ბათუმში და  შემდეგ ისევ თბილისში, უკვე მე – 16 ჯაზ- ფესტივალზე!

2012 წლის  მე  – 15 ჯაზ- ფესტივალის მონაწილეები:

 Image

დიდი ბრიჯუოტერი

Image

 ჩიკ კორეა და ბექა გოჩიაშვილი

Image

 ნილს ლანდგრენი

Image

 ჯექ დეჯონეტი

ჯაზ-ფესტივალის ფოტოები გადაღებულია ლევან გიორგაძის მიერ

Posted in Uncategorized | Leave a comment

იაშვილების მუსიკალური დინასტიის გამგრძელებელი

Image

 


გიორგი (გია) იაშვილმა, ცნობილმა ქართველმა მევიოლინემ, რომელიც მიუნჰენში ცხოვრობს და მოღვწეობს 20 იანვარს კონსერვატორიაში კონცერტი გამართა.

საღამოს უძღვებოდა ოპერის სიმფონიური ორკესტრი დირიჟორ ჯანლლუკა მარჩანოს დირიჟორობით, რომელმაც პირველ განყოფილებაში შუბერტის „დაუმთვარებელი“ სიმფონია“ დაუკრა. მეორე განყოფილება კი მთლიანად ქართველ მევიოლინეს დაეთმო.

დიდი ოჯახის, ლუარსაბ (ბუჭუკა) იაშვილის შვილიშვილი და ნანა იაშვილის ვაჟი, (შესაბამისად მარინა და ირინა იშვილების დისშივლი) გიამაც  ვიოლინოს მიუძღვნა თავისი ცხოვრება.

33 წელი მის ცხოვრებაში იმ გადაფასებების მომენტად იქცა, როდესაც  ავსტრიაში და გერმანიაში გაზრდილ მუსიკოსს საქართველოსთან უფრო მჭიდრო კავშირის მოთხოვნილება გაუჩინა და ეს კონცერტი იმის დასაწყისია, რასაც გიას დიდი მომავლის გეგმები უკევშირდება.Image

ბავშვობაში, ბაბუამ ერთი წელი საჩხერეს სკოლაში მიაბარა, რათა ბავშვს მშობლიური მხარე ფესვებში გაჯდომოდა და მართლაც დღეს გიას გული იქითკენ მიუწევს. მას უნდა, რომ იმერეთის ამ კუთხის მუსიკალური ცხოვრება გამოაცოცხლოს. მის დიდ ჩანაფიქრში შედის ქართული „მუსიკალური სეზონის“ დაარსება, რაც წლის განმავლობაში, თვეში ერთი გალა კონცერტის გამართვას გულისხმობს, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოში განთქმული მუსიკოსები მიიღებენ. ასეთებს შორის კი გიას კოლეგები და მეგობრები არიან: ამერიკელი მევიოლინე ჯოშუა ბელი, (რომელთანაც შეთანხმება უკვე მოღწეულია) არგენტინელი პიანისტი მარტა არგერიხი, ამერიკელი დირიჟორი ლორინ მააზელი და სხვები.  სეზონის კონცერტების პარალელურად მას სურს მასტერკლასები და გასვლითი მუსიკალური საღამოები თავად გამართოს საჩხერეში, სადაც მას არა მარტო ნათესავები და მეგობრები, არამედ მისი მუსიკალური წინაპრების დიდი თაყვანისმემლებიც ეგულება. შემთხვევითი არ არის, რომ თავისი ფეისბუქის გვერდზე მან თავისი სოფლის, არგვეთის სახლი აქვს ქავერად შერჩეული. ყოველი დღე გია დღესაც თავის სოფელშია. თავის ხელოვნების ფონდის სახელიც ხომ „არგვეთია“

Image

ვნახოთ, როგორ  შეასხამს გია იაშვილი ამ თავის ოცნებას ფრთებს, მაგრამ მისი პირველი კონცერტი თბილისში ნამდვილად საინტერესო მოვლენად იქცა. გემოვნებით შერჩეული პროგრამა, შესრულების  დახვეწილი მანერა და მშვიდი, მაგრამ სიღრმისეული ბგერით მან მსმენელები ნამდვილად დაიპყრო.

მოცარტის კონცერტი( A  dur)  # 5, კამილ სენ-სანსის ინტროდუქცია და რონდო- კაპრიჩიოზო – ორი სხვადასხვა ჟანრის და ეპოქის ნაწარმოები მან თავის, იაშვილისეულ  სტილს დაუქვემდებარა, რაც გულისხმობს ნამდვილ პროფესიონალიზმს, ვერცხლისფერ ბგერას და თავშეკავებულ ემოციურობას.

მოუსმინეთ ინტერნეტით მოცარტის სავიოლინო კონცერტის პირველი ნაწილის ფრაგმენტს:

http://www.youtube.com/watch?v=EfaqMA75hg0&list=UUjHmnoH5gAdy_JekYoby6IA&index=1

www.youtube.com  Giorgi Jashvili Mozart Concert for violin and orchestra # 5 part 1

 

თუმცა გიას ემოციურობამ  დასასრულს მაინც გადალახა საზღვრები, როდესაც მან მასნეს მედიტაცია ოპერიდან „ტაისი“ შეასრულა და იგი თავის დეიდას, გამოჩენილ მარინე იაშვილის ხსოვნას მიუძღვნა. დარბაზში თითქოს მარინეს სული დაგვიბრუნდა იმ მომენტში და გიას ბგერის ვიბრაციამაც დიდი მევიოლინეს ბგერები  გაგვახსენა.

მოუსმინეთ ინტერნეტით ამ მუსიკალური ნომრის ფრაგმენტს:  

http://www.youtube.com/watch?v=EKhxM1B7LDg&list=UUjHmnoH5gAdy_JekYoby6IA&index=2

 

www.youtube.com   Gia Jashvili playing Massenet’s Meditation

დღეს გია წარმატებით გამოდის მსოფლიოს სხვადასხვა სცენებზე. იგი არის კამერული ანსამბლის „Soloistes des Arts”  -ის დამაარსებელი და ხელმძღვანელი. ეს ორკესტრი, რომელშიც გაერთიანდნენ ზუბინ მეტას და ლორინ მააზელის ორკესტრების წამყვანი ახალგაზრდა მუსიკოსები, ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო კოლექტივად არის მიჩნეული.

სასიხარულოა, რომ იაშვილების დიდი მუსიკოსების ოჯახიდან ერთი წარმომადგენელი ნაწილობრივ მაინც დაგვიბრუნდა.  ის დღეს ავსტრიის და საქართველოს მოქალაქეა.  ჯვარი კახეთის სოფელ ვეჯინში დაიწერა, რისთვისაც – მისი ნახევრად ფრანგი და ნახევრად იაპონელი საცოლე, მიმი დიურანი, მართლმადიდებლად მოინათლა.   შემდეგ იყო ხელისმოწერა პარიზში და ტრადიციული ქორწილი იაპონიაში.

 

Image

Image

ვუსურვოთ მას „მუსიკალური სეზონების“  პროექტის ჩანაფიქრის ახდენა,  რათა ის უფრო ხშირად გვესტუმროს თავის გამოჩენილ კოლეგებთან ერთად.  ამით ჩვენც ვისიამოვნებთ და  საქართველოს იმიჯი, ქვეყნისა, სადაც კლასიკური მუსიკა უყვართ და აფასებენ,  უფრო მაღლა აიწევს. 

Posted in Uncategorized | Leave a comment

მე 7 ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“

 

ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ წელს მეშვიდეთ ჩატარდა. მე მას სრულად პირველად დავესწარი და რადგანაც ჟურნალ „მუსიკას“-თვის უნდა დამეწერა მასზე, გადავწყვიტე ბლოგზეც დამედო. ვინ იცის, იქნებ ინტერნეტ სივრცეშიც არიან კლასიკური მუსიკის მოყვარულები?

 ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარემ,  ლაშა ჟვანიამ გახსნის საღამოზე აღნიშნა – „ფესტივალი ვითარდება, იზრდება და უფრო და უფრო მეტ საერთაშორისო მნიშვნელობას იძენს.“  წინა ფესტივალების სამხტვრო ხელმძღვანელებს შორის იყვნენ გამოჩენილი ქართველი მუსიკოსები  – 2006წ.   ვალერიან შიუკაშვილი,  2007წ.  ბიძინა კვერნაძე, 2008 წ. ლიანა ისაკაძე, 2009წ. -ნიკოლოზ რაჭველი, 2010წ.  -მარინე იაშვილი, 2011წ. –  ალექსანდრე კორსანტია. ბატონმა ლაშამ ყველას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა რომ ბოლო 2011 წლის ფესტივალი იმდენად კარგად და საინტერესოდ  ჩატარდა, რომ  საორგანიზაციო კომიტეტმა გადაწყვიტა ალექსანდრე კორსანტია ამ ფესტივალის მუდმივ მხატრვულ ხელმძღვანელად აერჩია.

 რა იდგა  ფესტივალის საწყისებთან   და რა უძღოდა მას წინ? ამ კითხვით ჩვენ ფესტივალის ერთ-ერთ დამფუძნებელს, მარიამ დავითაშვილს მივმართეთ.

მარიამ დავითაშვილი :  ფესტივალის იდეას იმპულსი მისცა ჩემი ნათესავის, აკაკი რამიშვილის, სურვილმა. აკაკი რამიშვილი იყო დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის ვაჟი, რომელცი 4 წლის ასაკში წაიყვანეს საქართველოდან და მთელი ცხოვრება ემიგრაციაში გაატარა. თუმცა, როგორც მან მითხრა, ერთი დღე არ ყოფილა საქართველოს გარეშე. მისი ფიქრები, მისი იმედები, მისი პერსპექტივები და ოცნებები ყოველთვის დაკავშირებული იყო საქართველოსთან.

Image

ეს იყო ადამიანი, რომელმაც სულ სხვანაერად დამანახა ჩემი სამშობლო! სულ სხვანაერად შემაყვარა ჩემიანები.ძალიან ფართე გაქანების, ფართე აზროვნების ადამიანი იყო. როდესაც მე მას დაუახლოვდი ის  უკვე მოხუცი იყო,  მაგრამ ამავე დროს იყო ჩემზე ახალგზრდა. სულ 3 ჯერ მოვახერხე მისი ნახვა. ბოლოს, 3 დღით ადრე გარდაცვალებამდე ვნახე და მაშინ მთხოვა: „ისეთი საქმე წამოიწყეო, რომელიც წელიწადში ერთხელ ქართველებს მთელი მსოფლიოდან ჩამოიყვანს სამშობლოში“.  ეს ახლა არის წასვლა-წამოსვლა ძალიან ადვილი, მაგრამ მაშინ, 2000 წელსაც კი ეს ძალიან დიდი პრობლემა იყო.

აკაკი რამიშვილის გარდაცვალების შემდეგ მე დავიწყე ფიქრი მის ამ იდეაზე, მე მომივიდა თავში დამეფუძნებინა  მუსიკალური ფესტივალი, რომელიც აღდგომის დღესასწულთან იქნებოდა მისადაგებული. 2006  წლამდე ამ იდეას ხორცშესხმა არ ელოდა. 2005 წელს მე საქართველოს კათოლიკო-პატრიარქს შევხვდი, რათა ამ ფესტივლის კურთხევა მიმეღო. პატრიარქმა ძალიან დიდი ყურადღებით მომისმინა და მითხრა: „რასაკვირველია მე დავლოცავ ამ კეთილშობილური საქმის წამოწყებას! მითუმეტეს, რომ მე და მუსიკა ხომ ერთად დავიბადეთ?“ ამ სიტყვებით გამომისტუმრა  და როდესაც მე გამოვედი იქიდან მე შევამჩნიე, რომ სახეზე ცრემლები მომდიოდა. 

შემდეგ კიდევ ერთი წელი მე ჩემს მეგობრებთან  – მანანა ხვედელიძე და ირინა სახამბერიძესთან ერთად ვმუშაობდი ამ ფესტივალის მომზადებაზე. ჩვენ დავაარსეთ „აკაკი რამიშვილის ფონდი – ტრადიცია და ინოვაცია“,  რომელიც შემდგომში,  პატრიარქის ფონდთან ერთად გახდა ამ ფესტივალის დამფუძნებელი.    ჩვენი დევიზი ყოველთვის იყო ის, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ გავაკეთებდით უნდა მოსწონებოდა პატრიარქს. ასე გაჩნდა ფესტივალის სახელიც: „აღდგომიდან ამაღლებამდე“

2006 წლის პირველი ფესტივალი უფრო ექსპერიმენტის სახეს ატარებდა, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა, როგორიც იყო იანო ალიბეგაშვილის პირველი სოლო კონცერტი თბილისში, მას უკვე სერიოზული ფესტივალების რანგში აყენებდა. იანო მანამდე 7 წელი არ იყო საქართველოში და პირველად დაბრუნდა ფესტივალისთვის და ჩვენთვის ეს ძალიან სიმბოლური იყო. იანოს დაბრუნება დაემთხვა იმ იდეას, რაც იყო ამ ფესტივალის სათავეში ჩადებული აკაკი რამიშვილის მიერ. დაემთხვა ისიც , რომ პატრიარქს ძალიან მოეწონა ეს მომღერალი და მთლიანად კონცერტი. ყველაფერმა ამან, ამ პირველმა წარმატებამ თავისთავად მოიტანა ის, რომ ჩვენ საპატრიარქოს მეშვეობით დავუკავშირდით „პატრიარიქის საქველმოქმედო ფონდს“ და  იმის შემდეგ ამ ფონდის თანადგომითა და დახმარებით მოვედით ფესტივალის მეშვიდე წლამდე. ამან კი უკვე გამოიღო ის შედეგი, რომ დღესდღეობით საზოგადოება უკვე ელოდება ამ ფესტივალს.

მაშ ასე, ცხრა კონცერტი თითქმის ერთი თვის განმავლობაში; თბილისსა და რეგიონებში. მე წავყევი საორგანიზაციო ჯგუფს თითქმის ყველგან და ჩემს შთაბეჭდილებებს, ფოტოებით და მუსიკალური ნომრებით ქვევით  მოგითხრობთ. არ დაიზაროთ, ბოლოსკენ უფრო მეტ უნიკალურ მუსიკალურ ფრაგმენტებს შეხვდებით.

18 აპრილი –  საკრავიერი დუეტის საღამო

ამ დღეს ფესტივალის ორგანიზატორებმა საკრავიერი დუეტი გიორგი ვაჩნაძე  (ფორტეპიანო) და სურენ ბაგრატუნი (ვიოლონჩელო) შემგვთავაზეს.

Image

გიორგი ვაჩნაძე,  „Stienway”-ს არტისტი,  დღეს ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ამერიკაში მან   ლექსო თორაძეს სტუდიაში ისწავლა.  მას მერე, სხვადასხვა  კონკურსზე მიღებულმა ჯილდოებმა და მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრებთან და დირიჟორებთან გამოსვლამ მუსიკოსს საერთაშორისო აღაიარება მოუტანა.  დღეს პიანისტი შემოქმედებით ზენიტში იმყოფება. ის ერთნაერად ფლობს ყველა სტილისა და ჟანრის მუსიკას. ფესტივალის ფარგლებში გიორგი ვაჩნაძე წარმოგვიდგა  ორ იპოსტასში: როგორც ანსამბლის წევრი, სურენ ბაგრატუნთან ერთად და   როგორც სოლისტი თბილისის დასკვნით საღამოზე, 22 აპრილს. ანსამბლში მისი დაკვრა გამოირჩეოდა ინტელექტუალური და ამავე დროს ძალიან ემოციური  მიდგომით.

მუსიკალური კრიტიკოსი Faubion Bowers  კლასიკურ მუსიკალურ ჟურნალ  “American Record Guide“-ში  სწერს : „ვაჩნაძე არის სრულყოფილი ხელოვანი, რომელიც ამჟამად საკუთარი მუსიკალური და ინტელექტუალური შესაძლებლობების ზენიტში იმყოფება. იგი ფორტეპიანოსთან საოცრებებს ახდენს – ფლობს ფაქიზ პიანისიმოს, მასიურ დიაპაზონებს და ყველაფერს, რაც მათ შორისაა“

საკრავიერმა დუეტმა იმ დღეს სონატების საღამო შემგვათავაზა. პირველ განყოფილებაში  შესრულდა ბეთჰოვენის  მე -4 და მე 5 სონატები და მეორე განყოფილებაში რამანინოვის სონატა თხზ. 19 სოლ მაჟორი.

დუეტის მეორე წვერი,  ვილონჩელისტი სურენ ბაგრატუნი წლევნდელი ფესტივალის ნამდვილი მშვენება გახდა. დიდი მადლობა მისი მოწვევისთვის ბატონ ალექსადრე კორსანტიას!  სურენ ბაგრატუნს უდიდეს შემსრულებელთა კოჰორტაში დღეს   ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია. იგი  გამოდის მსოფლიოს ყველა უდიდეს სცენაზე და მისი საკონცერტო გრაფიკი დიდი ხნით ადრე არის გაწერილი. ერთ-ერთი უცხოელი ჟურნალისტი(Richard Dyer)  მასზე სწერს, “ სურენ ბაგრატუნმა კიდევ ერთხელ დაგვანახა საკუთარ ჩელოზე დაკვრის ოსტატობა; ინსტრუმენტზე, რომელიც მისი სხეულის გაგრძელებაა თითქოს“C

სურენ ბაგრატუნი (ჩელო): თბილისში პირველად არ  ვარ,  აქაურობა ძალიან მომწონს; ჩემი წინაპრების ერთი ხაზი აქედან იყო წარმოშობით.   გიორგი ვაჩნაძეს დიდი ხანია ვიცნობ; ჩვენ 1998 წელს შევხვდით ტაივანში. მას მერე ვმეგობრობთ და ერთად გამოვდივართ. მანამდე მე ვიცნობდი ალექსანდრე  კორსანტიას და ლექსო თორაძეს. დღევანდელი კონცერტის პროგრამა საკმაოდ რთულია. არც ისე ხშირად ირჩევენ მუსიკოსები მას.  ჩვენ ეს პროგრამა ერთხელ  უკვე დაკრული გვაქვს   ჩიკაგოში. მე მგონი დღეს კარგად ჩაიარა ყველაფერმა. ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი მაყურებლით. იგრძნობა, რომ საქართველო დიდი ტრადიციების  და კულტურის ქვეყანაა.

მადლიერმა  თბილისელმა მაყურებელმა ოვაციები არ დააკლო შემსრულებლებს.  მათ კი საჩუქრად, ბისზე, სულხან ცინცაძეს მიერ არანჟირებული „იავნანა“  შესთავაზეს.  იმ საღამოს ყველაფერი გადასარევი იყო, გარდა ქართული ტელევიზიების ჟურნალისტების ქცევისა, რომლებიც შუა დაკვრის დროს, მაყურებელთა  პირველი რიგის წინ აქეთ -იქით ხმაურით დადიოდნენ. თუმცა ამ ნეგატიურმა მოვლენამ მაინც ვერ დაჩრდილა უდიდესი სიამოვნება, რომელიც ჩვენ მუსიკოსებმა მოგვანიჭეს. ასე დასრულდა  ეს საოცარი,  ორი საკრავის  ინტიმური მუსიკით   გაჟღენთილი, სონატების საღამო.

 

 სურენ ბაგრატუნი გიორგი ვაჩნაძე და კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი

 19 აპრილი – საფორტეპიანო მუსიკის საღამო

ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის, ალექსანდრე კორსანტიას გადაწყვეტილებით, ამიერიდან ფესტივალში მონაწილეობის საპატიო მისია ერგებათ ცნობილი საერთაშორისო კონკურსების გრან პრის მფლობელ ახლაგაზრდა მუსიკოსებს. ამჯერად ასეთი გახდა 23 წლის ალიოშა იურინიჩი, რომელმაც სულ ახლახანს, 2012 წლის გაზაფხულზე გაიმარჯვა მილანის “Spazio Teatro 89 – Encore! Chura Cherkassky”  ფესტივალზე. ალიოშა ამჟამად საფორტეპიანო ოსტატობას ვენის და ზაგრების უნივერსიტეტებში ეუფლება. ახალგაზრდა მუსიკოსი უკვე 6 საერთაშორისო ფესტივალის ლაუერატია.

Image

თბილისელი  მაყურებლის წინაშე მუსიკოსი რომანტიული რეპერტუარით წარსდგა. პირველ განყოფილებაში შესრულდა შუმანის „დილის სიმღერა“ და ფანტაზია დო მაჟორი. მეორეში კი შოპენის ორი ნოქტიურნი და ლისტის უნგრული რაფსოდია.

სამი რომანტიკოსი კომპოზიტორი ალიოშამ განსხვავებული ფერთა პალიტრით გააჟღერა. შუმანის „დილის სიმღერაში“ ბგერა იმდენად გამჭვირვალი იყო, რომ  მუსიკა უფრო შუბერტის ასოციაციას იწვევდა. ახლო იყო მისთვის შოპენის ნოქტიურნების სამყაროც. განსაკუთრებული სიფაქიზით გაჟღერდა  # 2 ნოქტიურნი, რე ბემოლ მაჟორი თხზ.27 , რომელშიც ახლაგაზრდა მუსიკოსმა თავისი ბუნების ლირიული სული მთლიანად გაგვინაწილა და გულის სიღრმემდე ჩაგვწვდა.

Image

(შეგიძლიათ მოისმინოთ ეს შესრულება   You Tub- ზე:  AljoSa Jurinic plays F. Chopin Nocturne #2

http://www.youtube.com/watch?v=-d6aZw1XKP0&list=UUjHmnoH5gAdy_JekYoby6IA&index=7&feature=plcp )

აი რას სწერს  ჩემს მიერ „იუ -თუბზე“ ატვირთულ ვიდეოს  შესახებ  ერთ-ერთი ინტერნეტ მსმენელი:  A beautiful interpretation! Sophisticated and experienced, with a subtle channeling of emotions .. „ულამაზესი ინტერპრეტაციაა. ჩაღრმავებული და გამოცდილი, ემოციების უნაზესი გადმოცემით…“

 შოპენის პოლონეზში ალიოშა იურინიჩმა თავი გამოავლინა, არა მარტო ბგერის, არამედ დრამის ოსტატადაც. დასასრულს, თბილისელი მაყურებელი არ მალავდა აღფრთოვანებას. მუსიკოსმა რამდენიმე ბისი შეასრულა მათ შორის ურთულესი შოპენის  მე – 18 ტერციების ეტიუდი  და დებიუსის ეტიუდი.

ალიოშა იურინიჩი :  ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი კონცერტით, თუმცა სრულყოფილება არასდროს მიიღწევა;  დარბაზმა ძალიან თბილად მიმიღო. მე შევთავაზე მათ რომანტიული მუსიკა, რომელიც ახლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

          რაც შეეხება მილანის კონკურსს, იგი ეძღვნება ისეთ მუსიკოსს, შურა ჩერკასკისს, რომელსაც გარდა უდიდესი პროფესინოალიზმისა იცნობდნენ, როგორც საოცარი იუმორის მქონე ადამიანს. ალბათ ამიტომაც  ამ ფესტივალზე, სხვა ადგილებისგან განსხვავებით უფრო თავისუფალი ატმოსფერო სუფევს. ჟიურის წევრები უშუალოდ გელაპარაკებიან, ისე, როგორც ჩვეულებრივი მსმენელები.

           ფესტივალზე  „აღდგომიდან ამაღლებამდე“ მონაწილეობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია.  მე შევხვდი საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს და ეს ჩემთვის დაუვიწყარი მოვლენა დარჩება მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

ალიოსა იურინიჩი და ლაშა ჟვანია

20 აპრილი  – ვოკალური მუსიკის საღამო

ეს დღე მიეძღვნა გამოჩენილ ქართველ მუსიკოსს,  პიანისტ ვაჟა ჩაჩავას. ფესტივალის ორგანიზატორის, მარიამ დავითაშვილსი თქმით, 20 აპრილი შეირჩა სრულიად შემთხვევით ამ საღამოსთვის. რაოდენ დიდი იყო მათი სიხარული, როდესაც აღმოჩნდა, რომ 20 აპრილი დიდი მაესტროს დაბადების დღეს დაემთხვა. მას წელს 78 წელი შეუსრულდებოდა.

             სპეციალურად ამ საღამოში მონაწილეობის მისაღებად პრაღიდან ჩვენი სახელოვანი სოპრანო ნანა მირიანი (ქართველიშვილი) ჩამოვიდა.

კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ აგრეთვე  ახალგაზრდა  ნიჭიერი ქართველი მომღერლები:  სალომე ჯიქია – სოპრანო,ნანა ძიძიგური -მეცო სოპარანო, მამუკა მანჯგალაძე – ტენორი, გიორგი წამალაშვილი- ბარიტონი; სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი.

 საღამოს კონცერტმაისტერი იყო ვიქტორია ჩაპლინსკაია. პირველ განყოფილებაში გაჟღერდა რომანსები, ხოლო მეორეში საოპერო ნაწარმოებები.

            საღამო სიტყვით გახსნა კონსერვატორიის პროფესორმა სახელოვანმა პიანისტმა, რეზო თავაძემ.  ბატონი რეზო და ვაჟა ჩაჩავა კლასელები იყვნენ.  ერთად სწავლობდნენ პროფესორ ვანდა შიუკაშვილის კლასში. ახალგაზრდა ვაჟა ჩაჩავას შესრულება თანამედროვეებს იმდენად  მოსწონდათ,  რომ თურმე ამბობდნენ:  „მოდის თუ არა მეორე რიხტერი?“ თავად   ვაჟა ჩაჩავა კი ასე მოძღვრავდა თავის მოსწავლეებს:  „მუსიკაში სულ არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი  ბგერების ანდა რიტმის სიზუსტე – მთავარია გარდასახვა! როდესაც უკრავ ბეთჰოვენს,  უნდა გარდაისახო ბეთჰოვენად, თუ ასრულებ პროკოფიევს პროკოფიევად და ა.შ. ყველაზე ძნელი არის ის, რასაც არტისტი აკეთებს და მუსიკაშიც არტისტიზმი არის ყველაზე მთავარი.“

            არტისტიზმით იმ საღამოს ნამდვილად გამოირჩეოდნენ ჩვენი მომღერლები. განსაკუთრებით სულში  ჩამწვდომი იყო ნანა მირიანის მიერ ვაგნერის „იზოლდას სიკვდილის  სცენის“ შესრულება.

ნანა მირიანი ( ქავთარაშვილი):  ამ საღამოსთვის  ძალიან ვღელავდი, რადგანაც დღევანდელი კონცერტი ეძღვნება უდიდესი მაესტროს, ვაჟა ჩაჩავას ხსოვნას და მე  ვარ ძალიან ბედნიერი, რომ ამ დღეს ვიღებ მონაწილეობას. ჩვენ გვინდოდა სოლო კონცერტის გაკეთება მასთან ერთად;  ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვასწარით, რადგანაც მაესტრო გარდაიცვალა. მე მივუძღვენი დღეს ვაგნერის „იზოლდას სიკვდილი“  მის ხსოვნას, რადგანაც მას ძალიან უნდოდა, რომ ეს ერთად შეგვესრულებინა. ასევე უნდოდა მას  „ბრუნჰილდის სიკვდილის სცენა“, რომელსაც აუცილელად შევასრულებთ მე და  კონცერმეისტერი ვიკა ჩაპლინსკაია. ამას ვაპირებთ  ვაჟა ჩაჩავას გარდაცვალების დღეს. მე მქონდა ბედნიერება გამეცნო ვაჟა ჩაჩავა გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე. იმდენი მომცა მე ამ ერთმა წელმა და მასთან მუშაობამ,  რომ მთელი ცხოვრება მეყოფა. ძალიან ბევრი შევისწავლე, ძალიან!  ძალიან გული მტკივა, რომ ვერ განვახორციელეთ მის სიცოცხლეში  ჩვენი გეგემები…!

            არაჩევულებრივი ჟღერადობით გამოირჩეოდა ახალგაზრდა მომღერლების კვარტეტი ფროლოვის ოპერა „მარტა“ დან. მაესტრო ვაჟა ჩაჩავას არტისტიზმის მასტერკლასი საბედნიეროდ  დანათლულია ქართველ  ვოკალისტთა თაობებზე.

ვიქტორია ჩაპლინსკაიას შესრულება კი იმ საღამოს მუსიკალური შთაგონების უმაღლესი ნიმუში იყო. „კონცერტმაისტერები არ ჩანანან ხოლმე ვოკალისტების ფონზე“ – ასე იტყოდა ხოლმე ვაჟა ჩაჩავა,   „მაგრამ როდესაც ისინი სჩანან, ყველა ხედავს, თუ რა დიდი როლი აკისრიათ მათ“. ვიქტორია ჩაპლინსკაიამ  დამსახურებულად გაინაწილა იმ საღამოს აუდიტორიის აპლოდისემენტები. 

 21 აპრილი  კამერულ – საკრავიერი მუსიკის კონცერტი

ამ დღეს კონცერტში მონაწილეობას იღებდა თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ და სოლისტები სურენ ბაგრატუნი (ჩელო) და ნინო დავითაშვილი (ვიოლინო). პირველ განყოფილებაში შესრულდა მოცარტის და შოტაკოვიჩის ნაწარმოებები. მეორე განყოფილებაში შესდგა ოთარ ტატიშვილის ნაწარმოების „ამაღლების“ პრემიერა;  სოლისტი ნინო დავითაშვილი. პრემიერას დიდი წარმატება ხვდა წილად.  მოუსმინეთ „ამაღლებას“ You Tub – ზე: Otar Tatishvili “The Ascension”  ოთარ ტატიშვილი “ამაღლება” http://www.youtube.com/watch?v=z1L3tcSlM20&list=UUjHmnoH5gAdy_JekYoby6IA&index=6&feature=plcp

ოთარ ტატიშვილი  –  ეს ნაწარმოები  არის კონცერტის მეორე ნაწილი.    ისე მოხდა, რომ მეორე ნაწილი ზუსტად შობის დღეს დაიწერა და მართლაც ძალიან ამაღლებული განწყობა მქონდა მისი წერისას.. მთლიანი კონცერტი დავწერე 21 დღეში.  როდესაც მე შემომთავაზეს ამ ფესტივალითვის ჩემი ნაწარმოები წარმომედგინა მე გავუგზავნე მეორე ნაწილის ელექტროჩანაწერი. ძალიან მოეწონათ და თბილისის გარდა, ფესტივალის  ქუთაისის პროგრამაშიც ჩართეს.  მე  რასაკვირველია გამიხარდა;  გადავწყვიტე ამ ნაწილისთვის ფესტივალის გამო დამერქვა „ამაღლება“,  რაც მგონი მიესადაგება მის შინაგან განწყობასაც. მთლიანად კონცერტი ჯერ არ შესრულებულა, მაგრამ ახლო მომავალში ვგეგმავ შემოქმედეით საღამოს სადაც  მისი პრემიერა შედგება.

ნ.გ.- შენი მუსიკა ტონალურია და ძალიან მელოდიური; რამდენად იყენებ ექსპერიმენტს ხმასთან მიმართებაში კლასიკურ მუსიკაში?

ო.ტ. ბეთჰოვენს უწერია: „არასდროს არ უნდა იყოს სიახლე ხელოვნური, ის თავისით,ბუნებრივად უნდა მოდიოდეს“-ო  თანამედროვე კომპოზიტორები სხედან,  იგონებენ, ქმნიან კონსტრუქციებს,  ოღონდ იყოს რაიმე ორიგინალური, რაც ხშირად მუსიკისიგან შორს არის ხოლმე, თუმცა მე მოდერნისტული ნაწარმოებებიც გამაჩნია, მაგრამ მუსიკალური ენის  სიახლე არ არის ჩემთვის თვითმიზანი.

კომპოზიოტორი ოთარ ტატიშვილი მეუღლით და მანანა დავითაშვილი

კონცერტის დასასრულს ჩვენთვის უკვე ნაცნობმა სურენ ბაგრატუნმა (ჩელო) ორკესტრთან ერთად ჰაიდნის კონცერტი შეასრულა.  საოცარი იმპულსიური რიტმიკით  და ამავე დროს უსუფთავესი ანკარა ბგერებით ინსტრუმენტის ყველა რეგისტრში მისმა შესრულებამ ნამდვილი ფურორი გამოიწვია .

მოუსმინეთ პირველი ნაწილის ფრაგმენტს You Tub -ზე: Suren Bagratun Cello (the fragment from the Haydn cello concert # 1 part 1 http://www.youtube.com/watch?v=NY0dDqvl7HA&list=UUjHmnoH5gAdy_JekYoby6IA&index=5&feature=plcp

 ტოლი არ დაუდო სახელოვან სოლისტს ჩვენმა კამერულმა ორკესტრმაც. მაყურებლის თხოვნით, სოლისტმა ბისზე ბახის  სოლო ნაწარმოები შეასრულა.

სურენ ბაგრტუნი:  „ქართული  სინფონიეტა“  შესანიშნავი ორკესტრია! ერთი საიმოვნებაა მათთან  ერთად დაკვრა.  ეს არც ისე ხშირად ხდება, როდესაც ორკესტრი და სოლისტი ასე თანხვდენილად გრძნობენ თავს !

            მართლაც საოცარი ენერგეტიკა აქვთ „საქართველოს სინფოენიტას“ მუსიკოსებს. მათი მოსმენა ყოველთვის ერთ სიამოვნებას უდრის.  ბევრს ნიშნავს ჩემთვის ისიც, რომ გრძნობ, როგორ სიამოვნებთ მათ თავადაც მუსიკის შესრულება. ამაზე, მათი არა მარტო  ხალისიანი, გაღიმებული  სახეები მეტყველებენ – ამას თვითეული ბგერის გადმოცემისას შეიგრძნობ.

22 აპრილი  -სიმფონიური მუსიკის საღამო

თბილისის დასკვნით საღამოზე  პირველ განყოფილებაში  შესრულდა მოცარტის  უვერტიურა „ფიგაროს ქორწინება“,შემდეგ ა. მაჭავარიანის სიმფონია #6 „პრომეთე- ამირანი“. მონაწილეობდნენ თბილისის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი. ალექსი მაჭავარიანის მე – 6 სიმფონია პროგრამულია და ერთნაწილიან ქმნილებაში პროლოგთან ერთად მოიცავს 6 სურათს. ესენია: „კაცობრიობის 10 სასიკვდილო ცოდვა“, „დაბნელება“ „პრომეთე და გოგონა“  „ოლიმპოსი“, „ცეცხლის მოტაცება“ და „ეპილოგი“ . როგორც ვახტანგ მაჭავარიანმა გვაცნობა, ის მჭიდროდ თანამშრომლობდა მამასთან ამ სიმფონიის შექმნის პროცესში და შვიდივე სურათის დასათაურება მას ეკუთვნის.

„პრომეთე- ამირანის“ მუსიკა მართლაც ძალიან შთამბეჭდავია. დიდი მაესტროს საბალეტო მუსიკისადმი სიყვარული ნათლად სჩანს ცალკეულ ეპიზოდებში. ეფექტურად აქვს კომპოზიტორს გამოყენებული ბახის მი მინორის პარტიტადან „ავე მარია“ კლავესინისთვის, რომელიც ენაცვლება შემდგომ მთელი ორკესტრის ბანებში სვანურ „ლილეოს“გატარებას, რამაც ერთ მომენტში „დიეზ- ირეს“ ასოციაციაც გამოიწვია ორკესტრობის გამო. მართლაც საინტერესო იყო ამ სიმფონიის დღევანდელ დღეს მოსმენა; ის თანამედროვედ ჟღერს და ნამდვილად იმსახურებს, რომ საბალეტო ჟანრშიც, სცენაზე გადაინაცვლოს.

კონცერტის მეორე განყოფილებაში შესრულდა ს. რახმანინოვის მეორე საფორტეპიანო კონცერტი – სოლისტი გიორგი ვაჩნაძე. ეს შესრულება ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო ინტერპრეტაციებს შეიძლება მივაკუთვნოდ. პიანისტი შესანიშნვად ფლობს რახმანინოვის მუსიკის დრამატული ქარგის გადმოცემის უნარს და ლირიკულ ჭვრეტასაც, რომელიც არსად არ გადადის სენტიმენტალიზმში. განსაკუთრებით ვისიამოვნე მეორე ნაწილის მოსმენით, რომლის ფრაგმენტსაც გთავაზობთ „იუ-თუბზე“.

რახმანინოვის შემდეგ ნანა მირიანმა (ქავთარაშვილმა) ორკესტრთან ერთად შეასრულა „ლოცვა“ ვერდის ოპერიდან „ბედის ძალა“,

ხოლო კონცერტის დასასრულს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს „აგნუს დეი“ შესრულდა. (არანჟირებისა და ორკესტრობის ავტორი ზვიად ბოლქვაძე)

დამეთანხმებით, რომ ეს ნამდვილად მრავლის მთქმელი დასასრულია ფესტივალის დასკვნითი დღისათვის. კათოლიკოს-პატრიარქი თავად ბრძანდებოდა ამ საღამოზე. დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებას არ მალავდა პატრიარქის მუსიკის მოსმენის შემდეგ. „აგნუს დეი“ აგრძლებს პატრიარქის მიერ დაწყებული  საეკლესიო ლიტურგიის ნაწილების სერიას. მანამდე დაწერილ “Ave Maria”-ს  “Sanctus” ს  და “Agnus Dei”  -ს დღეს უკვე „Te deum” -იც შეემატა. , რომლის ერთი ნაწილის პრემიერა პარიზში, „იავნანას“ მიერ ორგანიზებულ კონცერტზე  გაიმართა.  „აგნუს“ დეი“- ს მონაწილე სოლისტებმა,  ნანა   მირიანი – ქავთარაშვილმა (სოპრანო) და სულხან გველესიანმა (ბარიტონი) მართლაც დიდი ტრაგიზმით გადმოსცეს ავტორისეული სევდა და ნაღველი, რამაც დიდი ეპიკური ფრესკის სურათი კიდევ უფრო გააღრმავა. პატრიარქის ამ ნაწარმოებს დირიჟორობდა არანჟირების და ორკესტრობის ავტორი, კომპოზიტორი ზვიად ბოლქვაძე.

პუბლიკა ტაშით გამოხატავდა კმაყოფილებას

და ორკესტრმაც , ახლა უკვე ვახტანგ მაჭავრიანის დირიჟირობით  რევაზ ლაღიძეს „საჭიდაოთი“ ბისზე დაასრულა საღამო.  სხვების არ ვიცი და ჩემთვის ნამდვილად ეს უკვე მეტის მეტი აღმოჩნდა. „აგნუს დეის“ ტრაგიზმი ჯერ კიდევ არ გვქონდა განელებული  და „საჭიდაო“ს საცეკვაო რიტმიკა ვეღარ ჩაეტია სულსა და გულში. თუმცა ამ მცირე ემოციას არ შეუშლია ხელი მთლიანად თბილისის 5 დღიანი საფესტივალო პროგრამითა და მონაწილეებით აღფრთოვანებისა. დიდი მადლობა ამისთვის ფესტივალის ორგანიზატორებს!

ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი. მარცხნიდან – ირინა სახამბერიძე, მანანა ხვედელიძე, პიანისტი თათ ლიჩელი, მხატვარი მანაბა მაგომედოვა, მანანა დავითაშვილი

კონცერტის დასასრულს გავესაუბრეთ დირიჟორ, ვახტანგ მაჭავარიანს.

ვ. მაჭავარიანი – პირველ რიგში მე ძალიან კმაყოფილი ვარ ორკესტრით.  არაჩვეულებრივად დაუკრეს ძალიან რთული პროგრამა. თვითონ ფესტივალი წელს ძალიან საინტერესო პროგრამით და მუსიკოსთა  მონაწილეობით გამოირჩეოდა. მაგალითად ვიოლონჩელისტი სურენ ბაგრატუნი, არაჩვეულებრივი მუსიკოსია! ფესტივალის დონე იწევს, მატულობს ყოველწლიურად, ძალიან საინტერესო ამბები ხდება; მე პირადად მესამე წელია ვმონაწილეობ ამ ფესტივალში.  უზარმაზარ პატივს ვცემ უწმინდესს, პატრიარქს ილია მეორეს, მრავალი და მრავალი მიზეზის გამო.  მიმაჩნია, რომ ეს არის საოცარი პიროვნება, მაგრამ გარდა ამისა, მაქვს პირადი ძალიან დიდი სიყვარული! ეს შეეხება იმას, რომ უწმინდესმა დაგვლოცა ჩვენ,  მამაჩემიც და მეც, როდესაც ჩვენ მივდიოდით „ვეფხისტყაოსნის“ დასადგმელად პეტერბურგის მარიის თეატრში;  ეს ერთი, მეორე კიდევ ის, რომ როდესაც მამა გარდაიცვალა 1995 წლის 31 დეკემბერს, უწმინდესი თავის ფეხით მოვიდა  იანვრის პირველ დღეებში ჩვენს სახლში და უკანასკნელი ლოცვა აღუვლინა  მამაჩემს. ეს დაუვიწყარია ჩემთვის!

კონცერტის შემდეგ უწმინდესმა და უნერარესმა, საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ფესტივბალის სტუმრები მიიპატიჟა თავის რეზიდენციაში, მიღებაზე.

პატრიარქმა გიორგი ვაჩნაძეს იაპონელ მეუღლეს ასიამოვნა იმით, რომ იაპონური პოეზიის ლექსის ქართულ თარგმანი წაუკითხა ზეპირად, რითაც იპონელების ბუნებით ტკობის საიდუმლოებას გაუსვა ხაზი. გიორგი ვაჩნაძემ კი სკარლატის სონატინა დაუკრა.

დასასრულს, გამომშვიოდობებისას, მე პატრიარქს, იმავე იაპონური ლექსის რუსული თარგმანი გავაცანი და ამით ვასიამოვნე.

ბრწყინვალე შვიდეული კვირა და ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ თბილისის ნაწილი ამით დასრულდა.

22 აპრილი, სტეფანწმინდა

რეგიონების ნაწილი კი 24 აპრილს სტეფანწმინდაში გაგრძელდა. რატომ სტეფანწმინდა? ალბათ ისევ და ისევ იმ მუხტის გამო, რაც ამ ფესტივალის სათავეებთან იყო დაკავშირებული. სტეფანწმინდა ხომ პატრიარქის სამშობლოა.  მეც საორგანიზაციო ჯგუფთან და მუსიკოსებთან ერთად გავემგზავრე საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეში.

სტეფანწმინდაში კონცერტი საშუალო სკოლის სპორტულ დარბაზში გაიმართა. აპრილის  მზით გამცხუნვარებულ დღესაც კი სკოლაში გათბობა იყო ჩართული, რადგანაც მთაში ჯერ კიდევ სიცივე იყო. სცენის არ ქონის გამო მუსიკოსები პირდაპირ კედელთან გამოდიოდნენ. ზემოდან კი მათ ფანჯარაში ბუმბერაზი მყინვარწვერი დასცქეროდა და თითქოს მოწონების ნიშნად თავს უკრავდა.

სპორტული დარბაზი გაიჭედა სკოლის მოსწვლეებით.  უნდა გენახათ რა მოთმინებით ელოდნენ ისინი იმ საათს, სანამ თბილისიდან ჩამოყვანილი  პიანინოს ამწყობი დაასრულებდა თავის საქმეს. არავის ფეხი არ მოუცვლია ადგილიდან.

იმ დღის პროგრამაში იყო ვოკალური მუსიკა და ანნამბლ „თსუ გორდელას“ გამოსვლა. სპეციალურად ამ კონცერტისთვის თბილისიდან თავის მშობლიურ მხარეს ნანა ქავთარაშვილი  (მირიანი) ეწვია.  ნანას მამა ყაზბეგთან ახლო მდებარე სოფლიდანაა წარმოშობით. მომღერალს იმდენად უყვარს თავისი კუთხე, რომ საგვარეულო კოშკიც კი შეიძინა მშობლიურ სოფელში და ზაფხულობით თავისი სახელოვანი კოლეგების  სტუმრობას ელოდება ხოლმე  თავის მამულში.

ნანამ  შეასრულა რომანსები და საოპერო არიები. დარბაზი სულგანაბული უსმენდა. ყველაზე დიდი გამოხმაურება ჰქონდა კაჩინის „ავე მარიას“. ამ ლოცვის მსგავს არიას ნანას შესრულებით არ  შეიძლება ნებისმიერ მსმენელი არ მოენუსხა. ბავშვები კი ყველაზე კარგი მსმენელები აღმოჩდნენ იმ დღეს. ნანას შემდეგ  გამოვიდნენ სალომე ჯიქია (სოპრანო) და მამუკა მანჯგალაძე (ტენორი).

მიუხედავად მგზავრობისა,  მომღერლებმა არაფერი არ დააკლეს თავის გამოსვლას და შთაგონებითაც  იმღერეს. მამუკას ლირიული ტენორი მომენტებში გულში ჩამწვდომი, დღესაც ყურში ჩამესმის. იმ საღამოს კონცერტმაისტერი იყო ფესტივალის შეუცვლელი პარტნიორი ვიქტორია ჩაპლინსკაია. მიუხედავად არც თუ ბოლომდე მოწესრიგებული პიანინოს წყობისა, მან მომღერლებს ღირსეული პარტნიორობა  გაუწია.  მოხევე ბავშვები და მათი პედაგოგები ძალიან კმაყოფილები სჩანდნენ.

კონცერტის მეორე ნახევარში  ვოკალურ -ინსტრმუნეტული ანსამბლი „თსუ – გორდელა“ გამოვიდა მაყურებლთა წინაშე.   8 გოგონასგან შემდგარმა ანსამბლმა ახალგაზრდული შემართებითა და ეშხით იმღერეს.

 მათ ბევრი ფოლკლორული ჰიტი გააჟღერეს: „საპატარძლო სახუმარო“, „დილაო“ , „სატრფიალო“  და სხვა. ვფიქრობ, რომ  ამ ანსამბლს ძლიერი ხმებითა და ინსტრუმენტების სრულყოფილი ფლობით  მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია მოხიბლოს მაყურებელი. ინსტრუმენტების ჩამონათვალში შედის: ჩონგური, ფანდური, სალამური, ჩანგი, ჭიბონი, ჭუნირი, დოლი, დაირა. კონტრაბასის ზომის  ჭუნირი, სპეციალურად ვოკალურ ინსტრუმენტული ანსამბლებისთვის მზადდება და საინტერესო ჟღერადობა გააჩნია. კონცერტის შემდეგ ვესაუბრეთ ანსამბლის ხელმძღვანელს თამაზ მამალაძეს.

თამაზ მამალაძე – ანსამბლი „თსუ“ გორდელა“ ჩამოყალიბდა  2007 წელს და მასში გაერთიანებული არის უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულეტეტის 8 სტუდენტი გოგონა.  ჩვენი ანსამბლის რეპტერტუარი მოიცავს საქართველოს ყველა კუთხეს ნიმუშებს და ვცდილობთ, რომ  ჩვენებური ჟღერადობა, ჩვენებური სახე გვქონდეს, ისეთი, როგორიც სხვა ანსაბლებში არ არის.

ნ.გ. ანსამბლის სახელი და ინსტრუმენტები თქვენი იდეით არის შერჩეული?

ვ.მ.  ანსამბლი „გორდელა“იყო ლეგენდა, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა ქართულ ხალხურ ხელოვნებაში. პირველმა ამ   ანსამბლმა აიტანა საგალობელი ქართულ სცენაზე და მე პირადად ძალიან გული მწყდებოდა, რომ არავითარი  ხსენება არ იყო ამ ანსამბლის; არავის აღარ ახსოვდა თითქოს და  ამიტომ გადავწვიტეთ პროტესტის ნიშნად დაგვერქმია „გორდელა“ ოღონდ ამჟამად ამ სახელს დაემატა წინ „თსუ“,  რაც ჩვენი ანსამბლის ბაზაზე, სახლმწიფო  უნივერსიტეტზე მიუთითებს.

კონცერტი სტეფანწმინდაში პირველი იყო რეგიონებში გათვალიწიენებულ კონცერტებს შორის. წინ კიდევ 3 კონცერტი გველოდა ამაღლებამდე.

8 მაისი,  მარტვილი

მარტვილში ფესტივალის პროგრამა სალხინოს დადიანების საზაფხულო რეზიდენციის ეზოში იყო დაგეგმილი. პროგრამაში საოპერო მუსიკის ნაწყვეტები და ჩარლი ჩაპლინის კინო მუსიკა იყო გათვალისწინებული. ასრულებდნენ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო ორკესტრი და სოლისტები. დირიჟორი მარიანო რივასი(ესპანეთი) სამწუხაროდ,  მარტვილში ჩემი წასვლა ვერ მოხერხდა. ამიტომ ფესტივალის ორგანიზატორის, მარიამ დავითაშვილის სიტყვებით გადმოცემთ, თუ რა ატმოსფერო სუფევდა იქ:

მარიამ დავითაშვილი:კონცერტის ატმოსფერომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა! ხალხი მოწყურებული იყო ცოცხალ შესრულებას. კონცერტის დროს წამოვიდა წვიმა; მართალია სცენა გადახურული იყო, მაგრამ ეზოში, ღია ცის ქვეშ განლაგებულ მაყურებლთა დარბაზს  აწვიმდა.  ხალხს არ ჰქონდა ქოლგები, მაგრამ არავინ განძრეულა. ყველა თაობის ადამიანი იყო მოსული; იქვე იყვნენ პატარა ბავშვები სემინარიიდან. ყველას თვალებში ისეთი სიყვარული იყო, ისეთი მონდომება, რომ გაოცებულ დავრჩი. თავად დირიჟორი რივასი ამბობდა: „ მე ასეთ მსმენელს ევროპის დიდ დარბაზებშიც კი ვისუვრებდი!

22 მაისი, ქუთაისი

ფესტივალის ქუთაისის პროგრმა ძალზე საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. პირველ განყოფილებაში შესრულდა კომპოზიტორ სოსო ბარდანაშვილის ნაწარმოებები. ასრულებდნენ „საქართველოს სინფონიეტა“ და სოლისტები: ედიშერ სავიცკი (ფორტეპიანო), ლევან ცხადაძე (კლარნეტი) ჰაიკ ბაბაიანი (ჩელო) სალომე ჩიტაია და ნინო ბარქაია (ფ-ნო).

ისრაელში მცხოვრები სოსო ბარდანაშვილთან შეხვედრა ყოველთვის საინტერესო და მრავლისმთქმელია ქართველი მსმენელბისთვის. სოსო ბარდანშვილი საქართველოში დაიბადა და პროფესიულად აქ ჩამოყალიბდა. 1995 წელს ის ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა თავის თავს დღესაც ქართველ კომპოზიტორად აღიქვამს. „მე დავიბადე საქართველოში, ჩემი დედა ენა ქართულია. მე ქართველი კომპოზიტორი ვარ, ქართველი ერისთვის დამახასიათებელი არტისტიზმითა და ტემპერამენტით, თუმცა შესაძლოა, ამავე დროს, სამყაროს ებრაელი ერისთვის დამახასიათებელი აღმის უნარით.“ ისრაელში მისი შემოქმედებითი მოღვაწეობა დღეს მთელი სისავსით და ბრწინვალებით მიმდინარეობს. მას უკვეთავენ ნაწარმოებებს მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრები  და იგი სასურველი სტუმარია  ყველა მუსიკალურ ფესტივალზე. წელს იგი  ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ საპატიო მოწვეული კომპოზიტორი იყო.  მისი ნაწარმოებები შესრულდა როგორც  ქუთაისში, ასევე დასკვნით საღმოზე, ამაღლება დღეს, ბათუმში.

ქუთაისში მისი რამდენიმე ნაწარმოები შესრულდა. ესენია: „პერპეტუმ მობილე“ ფორტეპიანოსთვის 4 ხელში. „მოტამორფოზა“ კლარნეტისა და ფორტეპიანოსთვის. „წყვილი“ კლარნეტი, ჩელოსა და სიმებიანებისთვის, „ფანტაზია“ სოლო ფორტეპიანოსთვის და „წერტილები“ სიმებიანი ანსამბლისათვის.

„წყვილი“ თავად ავტორმა იდირიჟორა. ნაწარმოების შესრულებას მან წინასიტყვაობა დაურთო.

სოსო ბარდანაშვილი: - ჩემი ნაწარმოები, რომელსაც თქვენ ახლა მოისმენთ, მიუძღვენი ჩემს მშობლებს. მოგეხსენებათ, ჩვენ როდესაც ვბერდებით, მშობლები ჩვენ გვცილდებინ, მიდიან ამ სამყაროდან. ცხოვრების განმავლობაში ჩვენ ძალიან ხშირად გვემართება ის, რომ ჩვენ  დროს აქ გვაქვს მათთან სასაუბროთ. ან ისინი არიან დაკავებული ანდა ჩვენ ვართ ჩვენი „ეგოთი“ დაკავებულნი. როდესაც ისინი მიდიან,  აი მაშინ ხვდები, რამდენი რამე არ გიკითხია მათთვის! სად ისწავლეს, რა იყო , როგორ იყო, ან მამა ვინ იყო ან დიდი ბაბაუ ვინ იყო; სულ გგონია, რომ იცი და მოასწრებ, მაგრამ როდესაც ისინი მიდიან ხვდები რომ ვერ მოასწარი ბევრი რამ. აი ასეთ დროს ჩვენ გვეფიქრება სიღრმეებზე, რომელიც ადრე არ განგიცდია. დედაჩემი ქუთაისიდან იყო წარმოშობით. მე გავიზარდე აქ. ტროლეიბუსი იყო ჩემთვის დიდი საოცრება. მარტო ქუთაისში იყო და იმიტომ, ჩემთვის ქუთაისი იყო უდიდესი ქალაქი და  დღემდე ასეთად რჩება.

ეს ნაწარმოები მშობლების ხსოვნას ეძღვნება. მე მინდა, რომ მათთან ერთად ავმაღლდეთ დღეს. იყოს ეს შუქით სავსე შეხვედრა, ჩემი შეხვედრა თქვენთან. დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის. დიდი მადლობა ბრწყინვალე მუსიკოსებს!

„წყვილი“ სოლისტებმა და ორკესტრმა მართლაც ძალზე ამაღელვებლად დაუკრეს. მაყურებელი სულგანაბული უსმენდა. რთულია თანამედორვე მუსიკის აღქმა, მითუმეტეს არ იცი როგორ აღქივამენ მას რეგიონში. ამ მხრივ  ქუთაისმა ერთხელ კიდევ დაამტკიცა, რომ დიდი ტრადიციების  და კულტურის ქალაქია. ოღონდ უნდა ითქვას, ერთი რამ: მობილური ტელეფონების გათიშვას ჯერ ქუთათურები არ არიან შეჩვეული.  ვუსურვებდი, მათ, მომავალ ფესტივალამდე მაინც ეს არასაპატიო ჩვევა წარსულს ჩააბარონ.

ლევან ცხადაძე, ჰოლანდიაში მოღვაწე ქართველი კლარნტეტისტი,  წელს ფესტივალს პირველად სტუმრობდა. ახლაგაზრდა მუსიკოსი ძალიან ბევრს აკეთებს საქართველოში მუსიკალური ხელოვნების და კერძოდ სასულე საკრავების დონის ამაღლებაში. მის მიერ არის დაარსებული ყოველწლიური სასულე საკრავთა კონკურსი.  თავად მისი შესრულება ყოველთვის გვთავაზობს ახალ ჰორიზონტებს, მუსიკალური თვალთახედვის სიღრმეებს.„წყვილის“ მეორე სოლისტი, ჩელისტი ჰაიკ ბაბაიანი, სომხეთიდან არის. ამჯერად ის „სინფონეიტას“ მოწვეული მუსიკოსია, ახლაგზრდა ნიჭიერი მუსიკოსი მონაწილეობს როგორც სოლისტი, და როგორც ანსამბლის წევრიც.

ლევან ცხადაძეს კონცერტის შემდეგ გავსაუბრე. გთავაზობთ  ამ საინტერესო ინტერვიუს.

ლევან ცხადაძე –  წელს მე პირველად ვთანამშრომლობ ამ  ფესტივალთან. ძალიან მიხარია ეს!  ჩემთვის უდიდესი პატივია ბატონ სოსო ბარდანაშვილთან მუშაობა და მისი ორი ნაწარმოების შესრულება. პირველად ვასრულებ მის ნაწარმოებებს და მართლა ძალიან მიხარია! ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გეგმა სამომავლოდ, შეიძლება რამე ახალიც შეიქმნას კლარნეტისთვის… ჩვენთვის ყველასთვის… ვილაპარაკეთ ამაზე და ვნახოთ რა გამოვა.

            მე შევასრულე ფესტივალზე სოსო ბარდანაშვილის „წყვილები“ და „მეტამორფოზა“. „წყვილი“ ორიგინალური ვერსიაა, ჩვენ რასაც ვასრულებთ, ანუ კლარნეტი, ჩელო , სიმებიანი ორკესტრი;  „მეტამორფოზა“ კი არის ალტისა და ფორტეპიანოსთვის დაწერილი, მაგრამ თვითონვე გადააკეთა შემდეგ ჩელოსთვისაც, კლარნეტისთვისაც, ფლეიტისთვისაც – ჯერ-ჯერობოთ ეს სამი  ვარიანტია. ალტის ვერსიაც მოსმენილი მაქვს და ჩელოსი, მაგრამ მე რატომღაც კლარნეტის უფრო მომწონს – არა იმიტომ , რომ კლარნეტისტი ვარ – (იცინის) ; დიდი სიამოვნებით შევასრულე ჩემი პარტია და თანაც მე პირველად სცენაზე შევასრულე ბას-კლარნეტზეც, ანუ ამ ნაწარმოებში ორივე კლარნეტს ვხმარობ. უკვე ორი თვეა ვმეცადინეობ  ბას  -კლარნეტზე და მინდა ვთქვა, რომ არ არის ადვილი მასზე დაკვრა!

ნ.გ. არ არის ძნელი 2 ინსტრუმენტის მონაცვლეობა ერთ მაწარმოებში?

ლ.ცთავიდან ძნელია, შემდეგ უკვე ეჩვევი…

ნ.გ. რას გვეტყვით თქვენს მიერ შესრულებულ სოსო ბარდანაშვილის „მეტამორფოზაზე?

ლ.ც. ამ ნაწარმოებში არის გაერთიანებული ბევრი სხვადასხვა ცხოვრებისეული მომენტი, როგორც თვითონ კომპოზიტორმა ამიხსნა და ამას მეც თვითონაც ვხვდებოდი, როდესაც დავიწყე ამ ნაწარმოების გარჩევა. ბარდანაშვილს აქვს გამოყენებული სხვადასხვა კომპოზიტორების ფრაზები და იმასაც გეტყვით თუ რატომ. მე როგორც მივხვდი, ძირითადად ეს არის  ამბავი ერთი ადამიანისა, ოღონდ მისი ყოფნა სხვა და სხვა ადგილებში. მაგალითად ერთი  ადგილია რესტორანი; კარი იღება და იქ არის ცეკვა, თამაში, სმა, წრეგადასული გართობა და ა.შ.უეცრად ეს ყველაფერი წყდება და ეს კაცი ტირის;  თითქოს  – „რა მეცეკვებოდა, როდესაც ესა და ეს მაწუხებს“ . კიდევ იქ არის ფორტეპიანოს ფრაზა, სადაც სრულდება მენდელსონის „ზაფხულის ღამის სიზმარიდან“ სკერცო, რომელიც მიდის ძალიან ჩქარა, მარგამ ბატონ სოსოს ეს აქვს გადაკეთებული  და სრულდება ასჯერ ნელა; ანუ ეს იმ ზღაპრის გაგრძელებაა,  იმ გაურკველობაში ყოფნა თითქოს. აქ ბევრი ტირილია, ძალიან ბევრი ნამდვილად!“

ნ.გ. – რაზეა ეს ყველაფერი, სიზმარი ხომ არ არის?

ლ.ც –  არ ვიცი, „მეტამორფოზაა“.(იღიმება)

ნ.გ.  – კიდევ რა  მხატვრული სახეებია?

ლ.ც.კიდევ არის ქართული ხალხური, ებრაული მუსიკა; დასაწყისში მთელ გვერდს თითქმის მარტო კლარნეტი უკრავს.  იწყება ნაწარმოები გრძელი რე -თი და ეს ნოტი არის მთელი ნაწილის თითქოს საფუძველი. მე პირადად ამას ვადარებ ქართულ ხალხურ სიმღერის ბანს და მასზე დაშენებულ დორიულ კილოს; რაც კომპოზიტორმაც დამიდასტურა. ასევე ნელ ადგილებში არის იქ ბევრი ებრაული წამოტირება  სევდიანი ადგილებში. მოკლედ მთელი ნაწარმოები სავსეა ასეთი ციტატებით და მე ძაან, ძაან შემიყვარდა და მე აუცილებლად კიდევ ბევრჯერ, ბევრჯერ დაუკრავ მას.

ნ.გ - მოგვიყევით თქვენს მუშაობაზე ჰოლანდიაში?

ლ.ც. -  ჩემი სამუშაო დღესდღეობით არის რა თქმა უნდა კონცერტები, სხვადასხვა ქალაქებში და ქვეყნებში, მაგრამ ჩემი მთავარი და ძირითადი სამუშაო არის საქართველოში. აქ უკვე მეოთხედ ჩატარდება ნოემბერში ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი, რომელიც ჩემი ინიციატივით დაარსდა. ასევე 3 წელია უკვე ვატარებ ჭიათურაში ‘საქართვლოს სინფონიეტასთან’ ერთად აკადემიას, რომელიც ერთი  დღე ტარდება და დაახლოებიტ 50 – მდე სტუდენტი მიგვყავს კონსერვატორიიდან, რუსთავის მუსიკალური სასწავლებლებიდან, ქაუთაისიდან. ვიკრიბებით ჭიათურაში…

ნ.გ. – იქაც გვხვდებინ სტუდენტები?

ლ.ც.-  რა თქმა უნდა იქაც არიან, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ბევრი პიანისტები არიან და ძალიან ცოტა სიმებიანი საკრავების და საერთოდ არც ერთი ჩასაბერ საკრავთა მუსიკოსი! მინდა კმაყოფილება გამოვხატო და ვთქვა, რომ ჩვენმა იქ სიარულმა გამოიღო შედეგი და წელს ჭიათურლებმა იყიდეს ახალი როიალი და 12 ვიოლინო და ეს არის ნამდვილი რევოლუცია! ძალიან გვიხარია! ეს მიგვანიშნებს, რომ ის კი არა, რომ საქმე დამთავრდა, არამედ, ის რომ განვითარების საშუალება არსებობს!

ნ.გ. ბავშვები თუ არიან ნიჭიერები?

ლ.ც.  ბავშვები არიან ნიჭიერები ყველგან, მთელ საქართველოში! 10 -დან 9 -ს აქვს ვარსკვლავის პოტენციალი!

ნ.გ. -ალბათ ეს არის ის ძალა, რაც თქვენ სტიმულს გაძლევთ ამ საქმეში?

ლ.ც. –  გულახდილად უნდა ვთქვათ, რომ დღეს კლასიკურ მუსიკაში არა გვაქვს საქმე საზეიმოდ. კლასიკური მუსიკის დონეს განაპირობებს პროფესიონალები და არა რამდენიმე ვარსკვლავი, რომლებიც მრავლად არის წასული საქართველოდან და ზოგი აქაც არის, მაგრამ ისინი არ ქმნიან საერთო დონეს. საერთო დონეს ქმნის პროფესიონლები, მარტო მუსიკაში კი არა ყველა დარგში; იქნება ეს სპორტი თუ მუსიკა. როდესაც გყავს ერთი თავდამსხმელი, რომელსაც გააქვს გოლები ცნობილ გუნდებში, ეს  არ ნიშნავს, რომ საქართველოს კარგი ფეხბურთის გუნდი ჰყავს. იგივეა ზუსტად მუსიკაში, როდესაც გყავს ლიზა ბათიაშვილი და ბევრი სხვა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში მევიოლინეების დონე მაღალია და ასე შემდეგ. ამას სჭირდება ბევრი წლის მუშაობა, რომ ეს დონე გაიზარდოს, რომ მივუახლოვდეთ მაინც ევროპულ დონეს. სწორედ ეს ორკესტრი, სახელწოდებით „საქართველოს სინფონიეტა“ ჩემის აზრით, არის ამის საწინდარი, რომ ამათ მაგალითს  სხვებმაც მიბაძონ – როგორ მუშაობენ, როგრო მეცადინეობენ, როგორ აქვთ ყურები გახსნილი და ტვინებიც გახსნილი და როგორ უნდათ, რომ ევროპული ტრადიცია, რომელიც ასევე ძალიან მწირედ არის საქართველოში, შეისწავლონ, შეითავისონ.  ისწავლონ ბაროკოს მუსიკა, როგორ იკვრება მოცარტი, ბეთჰოვენი და ა.შ. აი ეს არის ჩვენი მიზანი!  იმედი გვაქვს, რომ ამას როდესმე მივაღწევთ. თვითონ კონსერვატორიაში ამ მხრივ საკმაოდ ცუდათ გვაქვს საქმე. იმედი გვაქვს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ  ბევრი ნიჭიერი მუსიკოსი გვყავს საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში და ბევრი მონდომებულია, იმისთვის, რომ რაღაც გამოვიდეს;  შევეცდებით, რომ ერთად კიდევ შევიკრიბოთ  კონსერვატორიაში, მუსიკალურ სკოლებშიც და საქართველოს სხვა და სხვა ადგილებში მივიტანოთ ევროპული კლასიკური მუსიკა და არა რუსული სკოლა!

ქუთაისის კონცერტზე ძალიან ვისიამოვნე ედიშერ სავიცკის გამოსვლით.  მან  სოსო ბარდანაშვილს  საფორტეპიანო „ფანტაზია“  შეასრულა. ამაღელვებელი და ემოციური ქმნილება ედიშერმა საკუთარი, ფილოსოფიური მიდგომით კიდევ უფრო გაამდიდრა.

(მოუსმინეთ ამ შესრულების ფრაგმენტს You Tub -ზე: Edisher Savitski Plays Josif Bardanashvili Fantazy 

http://www.youtube.com/watch?v=i8zYLWDDfEA&list=UUjHmnoH5gAdy_JekYoby6IA&index=3&feature=plcp

 ედიშერი დღეს მიჩიგანის უნივერსიტეტის დოქტურანტურაში სწავლობს. ის აგრეთვე ბევრს მოგზაუორბს კონცერტებით მსოფლიოს გარშემო. მისი ფესტივალში მონაწილეობის დრო დაემთხვა საქართველოში  მისი ვიზიტის სხვა, საპატიო მისიას. ამასთან დაკავშირებით მას ინტერვიუ ჩამოვართვი.

ედიშერ სავიცკი  –  ყოველთვის მინდოდა ჩამოვსულიყავი ტურით საქართველოში; ეს სურვილი გულისხმობდა არა მარტო კონცერტებს, არამედ უფასო გაკვეთუილებსაც  რეგიონებში.  სამწუხაროდ ეს არასდროს ხორციელდებოდა. შარშან სრულიად შემთხვევით შევხვდი ნიკა რურუას.  მე ვუთხარი, რომ ესა და ეს სურვილი მაქვს, მინდა წავიდე საქართველოში რეგიონებში კონცერტებით და გაკვეთილებით და ასე მიპასუხა:  „კი ბატონო, ყველანაირად ხელს შეგიწყობო“ო.  მართლაც ეს ყველაფერი საინტერესოდ აეწყო: ჯერ თელავი, მერე ქუთაისი, შემდეგ ბათუმი და თბილისი. მე ვთვლი, რომ ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი და მარტო მე არ უნდა ვმონაწილეობდე ამაში. ვისაც სურვილი აქვს ყველა უნდა ჩამოვიდეს. რასაკვირველია აქ არც არის ჰონორარზე ლაპარაკი. ძნელია მოსთხოვო მუსიკოსს, რომ ჩამოდი ახლა საქართველოში და სადღაც „ტანჯულ“ როიალზე დაუკარი სოლო პროგრამა; თვითონ უნდა უნდოდეს ადამიანს. ძალიან მიხარია, რომ წლების განმავლობაში რაც მინდოდა ახლა დააადგა საშველი; მიხარია, კიდევ იმიტომ , რომ თელავში არაჩვეულებრივი ბავშვები იყვნენ, მემენელიც იყო გადასარევი!  

რახან დაიწყო ეს პროექტი, იმედია, რომ გაგრძელდება. ისე გამოვიდა, რომ  მუსიკოსებში მე ვარ პირველი და ვიგრძენი თუ  მართლა როგორი საჭიროებაა ამისი. სხვების არ ვიცი და მე კიდევ ჩამოვალ აუცილებლად!  ბავშვებსაც სჭირდება, მსმენელსაც სჭირდება; ქუთაისში მაგალითად არ იციან მოქცევა;  ეს ფაქტია!   ლაპარაკი, ტელეფონი, ხმაური კონცერტის დროს –  ჩვეულებრივი ამბავია. კახეთში სხვანაირად იყო; შეიძლება ხასიათის თვისებაც არის.  რაც შეეხება ფესტივალს „აღდგომიდან ამაღლებამდე“:  საშა კორსანტიას თხოვნით, მე დავამთხვიე კულტურის სამინისტროს შემოთავაზებული ტური და ფესტივალის თარიღები და ამიტომ შესაძლებლობა  მომეცა აქაც მიმეღო მონაწილეობა. საშას გაახსენდა, რომ მე ბარდანაშვილის „ფანტაზიას“ ვუკრავდი და მთხოვა  ფესტივალის იმ ნაწილში მიმეღო მონაწილეობა, რომელიც სოსო ბარდანაშვილის შემოქმედებით საღამოს ეხებოდა.

ქუთაისის კონცერტის მეორე ნახევარში შესრულდა ჯერ ოთარ ტატიშვილის „ამაღლება“ სოლისტი ნინო დავითაშვილი. ეს ნაწარმოები ერთხელ უკვე შესრულდა თბილისში და ამიტომ მასზე აქ აღარ ვისაუბრებ და შემდეგ ფესტივალის მხატრვულმა ხელმძღვანელმა და ჩვენმა სახელოვანმა პიანიტმა, ალექსანდრე კორსანტიამ შეასრულა შოსტაკოვიჩის კონცერტი ფორტეპიანო, საყვირისა (დავით შამანაური) და კამერული ორკესტრისათვის. დირიჟორი  იყო დავით მუქერია.

ალექსანდრე კორსანტიას გამსოვლა ქართველი მსმენელისთვის ყოველთვის დღესასწაულს ნიშნავს. ასე მოხდა ქუთაისშიც. შოსტაკოვიჩის კონცერტის ახალგაზრდული ცეცხლოვანი მუსიკა სოლისტებმაც და ორკესტრმაც ვირტუოზული, კორსანტისეულ-შამაპნიურის – შხეფებივით გააჟღერეს და ქუთაისლებიც აღაფრთოვანეს.

(მოუსმინეთ  კონცერტის ფიანალურ ფრაგმენტს You –Tub -ზე:  Alexander Korsantia plays Shostakovich concert for piano and trumpet

ლინკი:  http://www.youtube.com/watch?v=C64HWvmcrm8&list=UUjHmnoH5gAdy_JekYoby6IA&index=1&feature=plcp

ალექსანდრე კორსანტია  – ძალიან დიდი მადლობა ქუთაისლებს არა მარტო თბილი, არამედ საოცარი მიღებისთვის. ყურადღებისთვის და საერთო განმწყობისთვის! იგივე პროფესიონალურ განწყობას ვგულისხმობ სხვათაშორის, რასაც ძალიან ვაფასებ! მაგრამ ერთი შენიშვნა კი მაქვს: ერთი კარგი როიალი სჭირდებათ ნამდვილად!  სამწუხაროდ, თბილისში ვერ მოხერხდა ჩემი გამოსვლა ფესტივალის ფარგლებში, იმიტომ, რომ სხვა კონცერტი მქონდა დაგეგმილი  უფრო დიდი ხნის წინ, ვიდრე ეს ფესტივალი იგეგმებოდა; ვერ გავაუქმე, ვერ გადავიტანე. ამიტომ ჩამოვედი დახურვისთვის, ამაღლებისთვის, რომ ქუთაისის კონცერტში მიმეღო მონაწილეობა.

ნ.გ.  – მეორე წელია თქვენ ხართ ამ ფესტივალის ხელძღვანელი, ამიერიდან მუდმივი; რა კონცეფცია ექნება ალესანდრე კორსანტიას ამ ფესტივალის მიმართ?

ა.კ. – კონცეფცია უკვე არის და მე მგონი ის უკვე ვითარდება; ეს არის ზრდა! ზრდა არის აუცილებელი!  არა ზრდა ნიშნავს დეპრესიას. და ამაზე ვზრუნავ რასაკვირველია.

ნ.გ. ზრდა რა მიმართულებით?

ა.კ. რეგიონების ზრდა არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პუნქტი ჩემს სიაში. ეს უკვე დაწყებული გვაქვს და კიდევ გვინდა  ამ მხრივ ფესტივალი გაფართოვდეს . ამ შემთხვევაში თბილისს და  ქუთაისს არ ვგულისხმობ, სადაც კულტურული ცხოვრება ძალიან მაღალ დონეზეა; ეს დღეს მსმენელმა გამოაჩინა და ძალიან გვახარებს ეს!

ქუთაისის კონცერტით აღფრთოვანებას არ მალავდა არც კომპოზიტორი სოსო ბარდანაშვილი.

სოსო ბარდანაშვილი – უდაოდ ბედნიერი ვარ დღევანდელი კონცერტით! ცოტა მეშინოდა იცით, იმიტომ , რომ მე ასე ახლოს არ ვიცნობ ქუთაისის მსმენელს, მაგრამ მსმენელი მსმენელია – თუ ნაწარმოებში არის რაღაც რაც შენ გაღელვებს, მაშინ მათაც აღელვებს! მე ძალიან მადლიერი ვარ, იმიტომ რომ ძალიან კარგად მოისმინეს რაც მთავარია.

მე მადლიერი ვარ ასევე ჩვენი მუსიკოსების, იმიტომ, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ყოფილიყო წარმატებული საღამო. აღარ ვლაპარაკობ საშაზე, რომელმაც ასე ლამაზად დააგვირგვინა დღეს კონცერტი!

ნ.გ. თქვენი დღეს შესრულებული ნაწარმოებებიდან „წყვილი“ შეიძლება პროგრამულ მუსიკას მივაკუთვნოთ, რომლის პროგრამაც თქვენს ასე საინტერესოდ მოგვიყევით კონცერტის წინ. ამავე დროს  საოცარი დრამატურგიული ქარგა იხატებოდა თქვენი ყველა სხვა ნაწარმოებების მოსმენისას; ხომ ვერ გაუკეთებდით რაიმე კომენტარს სხვა ნაწარმოებებსაც?

ს.ბ. –„ ფანტაზია“ (რომელიც დღეს ედიშერ სავიცკიმ შეასრულა)  მე დავწერე მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საფორტეპიანო არტურ რუბინშტეინის სახელობის კონკურსის,  ,  სპეციალური დაკვეთით. დაახლოებით 45 -მა პიანისტმა დაუკრა იმ წელს კონკურსზე. იქიდან ერთ-ერთმა მიიღო ყველაზე წარმატებულის პრიზი. დღეს ძალიან ბევრს უკრავენ ამ პიესას. იდეა იყო ძალიან მარტივი: საფორტეპიანო ისტორია, ოღონდ ებრაული შოპენიდან დანახული!  ამიტომ იქ იყო პასაჟები, რომლებიც შოპენს ჰგავს, თუმცა იქ იყო ბახის ტოკატიდანაც ფრაგმენტები; იქ იყო ვითომ შოპენი, ვითომ ბახი, ჯაზიც, ებრაულიც, ქართულიც, (ბოლოს ფანდურის იმიტაციაც იყო) და ტანგო – თეატრი!  ჩვენ ხომ სულ თატრში ვართ! ეს რაც შეეხება საფორტეპიანო „ფანტაზიას“

რაც შეეხება „წერტილებს“ -რომელიც დავით მუქერიამ იდირიჟორა – ჩვენ ყოველთვის ვსვამთ გარკვეულ წერტილებს ცხოვრებაში, ეს შეიძლება იყოს ცხოვრების მონაკვეთი. ებრაულში კი წერტილს აქვს კიდევ ხმოვანის მნიშვნელობა – არის გრძელი ხმოვანი და მოკლე ხმოვანიც. ამიტომ მუსიკაც აწყობილია ასეთ ხმოვანებებზე. თუ დააკვირდით ნაწარმოებს, იქ ყოველთვის რაღაც წერტილით იწყება, თუმცა იქ რაღაც ქართული ელემენტიც არის. საკმაოდ ფილოსოფიური მომენტიც არის, შუბერტიც გაიელვებს; ამ დროს ყველაფერი ეს მაინც წერტილებია – სადღაც სვამ ცხოვრებაში წერტილებს და ბოლო წერტილს კი ორკესტრი სვამს, ყველა სოლისტი ვითომ წერტილს სვამს… ეს ნაწარმოებიც ამერიკელების დაკვეთა იყო. პირველად  შესრულდა ნიუ-ორკში და ძალიან დიდი წარმატება ხვა წილად და შემდეგ კი მთელს მსოფლიოში სრულდება.

ნ.გ. თქვენი მუსიკა ნოვატორულიცაა და ტრადიციულიც ამავდროულად. იყენებთ თუ არა ექსპერიმენტულ ხმოვანებებს?

ს.ბ. – მე ძალიან განსხვავებულ მუსიკას ვწერ. საკამოდ ავანგარდული ნაწარმოებებიც მაქვს. თუმცა უმეტესად  მე მაინც მელოდიას ვიყენებ. მელოდია ხომ ადამიანის სულია! მაგრამ მაგალითად პარიზის დაკვეთა მქონდა და იქ სრულიად განსხვავებული მუსიკა დავწერე. მე არ ვიზღუდები სტილში. მიმაჩნია, რომ მე ვარ ბევრი სტილის კომპოზიტორი, არა მრავალსტილიანი, არამედ ჩემი სტილი მაქვს, სადაც ყველაფერი შეიძლება იყოს. ამა ვეძახით ჩვენ „ნიშნების“ , მინიშნების“ მუსიკას – ასე მე ვუწოდებ. აი როდესაც ბახის ტოკატა გაიჟღერებს (მღერის) ბევრი ვერ მიხვდება, მაგრამ  ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია. ვინც მიხვდება ნიშანია მისთვის; მიხვდება, რომ ეს არა მარტო შოპენია, არამედ რაღაცა გაერთიანებული ბახთან.  თუ იქ მიხვდა, მერე მიხვდება რომ ჯაზია, მერე მიხვდება რომ აქ თეატრია და ა.შ. და ა.შ. გამოდის , რომ ერთ მუსიკაში ბევრი სიღრმეებია…

ნ.გ. ძალიან საინტერესოა! მე მინდოდა დამესვა შეკითხვა, თუ რომელი მუსიკის მოსმენით ღებულობთ თვენ ინსპირაციას, მაგრამ ალბათ პასუხი იქნება, რომ ნებისმიერი მუსიკა შეიძლება გახდეს თქვენთვის ინსპირაციის წყარო…თუ გაქვთ მაინც ერთი, განსაკუთრებული?

ს.ბ.  – მე ყველაფრიდან შემიძლია გავხდე ინსპირირებული. აი ახლა ბათუმში იქნება კიდევ ჩემი კონცერტი. იქ იქნება ჩემი „ფსალმუნები“ – დიდი საგუნდო ლოცვები ასე ვთქვათ.  კონცერტს დავასრულებთ ამ ნაწარმოებით. ლონდონიდან ჩამოვა სპეციალურად, მსოფლიოში ცნობილი კონტრატენორი, რომელიც იმღერებს „ღვთის შვილებს“;  ეს ნაწარმოები დაწერილია სამი ენისთვის: არაბული, ებრაული და ლათინური. ისიც იგივე ფილოსოფიური ნაწარმოებია, მაგრამ იქაც არის ყველანაირი გზა, იქ ბახის სახელიც კი გაიცჟღერებს სადღაც  მუსიკაში და ა.შ….

ნ.გ. – ანუ, თქვენ თითონ სად ხართ რეალურად?

ს.ბ. – მე ვარ მუსიკაში! სამყაროში!! სამყაროში რაც კია, ყველაფერი ხომ ჩვენია? (იცინის) მუსიკას ხომ ისტორია არა აქვს…?

 კონცერტის შემდეგ კულისებში

ქუთაისლებთან ბანკეტზე. ქვევით მარცხნიდან: იოსებ ბარდანაშვილი, ალექსანდრე კორსანტია, ედიშერ სავიცკი

დირიჟპორი დავით მუქერია და კომპოზიტორი სოსო ბარდანაშვილი “საქართველოს  სინფონიეტას” მევიოლინე გოგონასთან ერთად ქუთაილებთან ბანკეტზე:)

24 მაისი  – ბათუმი

იოსებ (სოსო ) ბარდანაშვილის  საავტორი საღამო

ფესტივალის დასკვნითი დღე ბათუმში მთლიანად სოსო ბარდანაშვილის შემოქმედებას მიეძღვნა. ქუთაისში გაჟღერებულ კომპოზიტორის  ნაწამოებებს დაემატა საგუნდო ნაწარმოებები, რომელსაც ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა ასრულებდა. დირიჟორი  იყო დავით მუქერია. მიუხედავად დირიჟორის და მუსიკოსების საოცარი შემოქმდებითი მუხტისა,  პირველი განყოფილების მოსმენა დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ეს კი  გამოიწვია იმან, რომ  დარბაზის ხმის რეჟისორს,  სცენაზე ზედმეტი მიკროფონები დარჩა ჩართული.  ამან   კი კონდიცირების ხმაური გააძლიერა,  რამაც  მთელ პირველ განყოფილებას უსიამოვნო ხმაურის ფონი შეუქმნა.   ბათუმელი პუბლიკის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ამ განსაცდელს  კარგად გაუძლეს;  თუმცა კომპოზიტორის ბრწყინვალე  ქმნილებებს: „ფსალმუნი 123“ „მეტამორფოზა“, ფანტაზია“ და „წერტილებს“ ქუთაისის ოდენა ტაში არ მოჰყოლია. უსიამო ფონმა წაშალა ნაწარმოებების შინაგანი  ემოცია!

შესვენების დროს საორგანიზაციო ჯგუფის გამოძიების შედეგად დადგინდა  ხმაურის მიზეზი; ხმის რეჟისორმა შეცდომა გამოასწორა  და მეორე განყოფილება ღვთის წყალობით,  ნორმალურად მოვისმინეთ. მითუმეტეს, რომ ძალიან საინტერესო, სრულიად  ახალი ნაწარმოები, „ღვთის  შვილები“ უნდა მოგვესმინა. ამ ნაწარმოებით დასრულდა მთლიანად ფესტივალი. სპეციალურად ამ ნაწარმოებისთვის, ლონდონიდან  ბათუმში ჩამოფრინდა მსოფლიოში განთქმული  ისრაელელი კონტრატენორი – იანი’ვ დორი.

„ ღვთის შვილების“   შესრულების წინ,  სოსო ბარდანაშვილმა შემდეგი წინასატყვაობა წარმოსთქვა  სცენიდან:

სოსო ბარდანშვილი:   „ღვთის შვილები“ დაწერილია   სხვადასხვა რელიგიურ ტექსტებზე –  ებრაულ, ლათინურ და არაბულ ენებზე. ამ რელიგიური ტექსტებში ნათქვამია, რომ ბოროტება მხოლოდ ბოროტებას ამრავლებს;  სიკეთეს კი შეუძლია სიკეთე გაამრავლოს –  ამაზეა ეს ნაწარმოები!  ამაზეა  პირველი ნაწილი.  მეორე ნაწილი ეძღვნება ძალიან მნიშვნელოვან დოქტრინას, არამარტო ებრაულს, საერთოდ რელიგიურ დოქტრინას: ურთიერთ მოთმენის, ურთიერთ გატანის დოქტრინას. იქ არის ბოლოს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები: „ თუ 30 წმინდა ადამიანი ცხოვრობს აი ამ დიდ სამყაროში, აი ამ ურთულესი აგებულების კოსმოსში, აი ამ 30 ადამიანის წესიერებით ისარგებლებთ და იცხოვრებთო“ . 30 – ზეა ლაპარაკი. თვქენ გახსოვთ, რომ როდესაც აბრაამი შევიდა სოდომ-გომორაში ღმერთს სთხოვა: „ღმერთო, იქნებ 10 ადამიანი მაინც ვნახო წესიერიო, რომ გადავარჩინო ეს ხალხი ამ საშინელ უბედურებას, ამ საშინელ სიკვდილს- ცეცხლში დაწვას. ეძება და ერთიც ვერ მონახა, ერთიც კი! ერთი თავისი ძმა იყო იქ და ღმერთმა უთხრა, კარგი ის მაინც გამოიყვანეო, რადგანაც შენი პატიოსენებით ისიც გაიწმინდებაო. ნაწარმოებში არის ტექსტები ფსალმუნებიდან. მაგალითად:  „აკურთხე ღმერთო სული ჩემი“ -ეს ფსალმუნიდან არის. „ალელუიაც“ ფსალმუნებიდან მოდის. ებრაულად იქნება – „ გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც საკუთრი თავის შენი“ , რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ბოლოს,  „გამჩენის ბეჭედი ჭეშმარიტებაა“ -ე.ი. ბოლო სიტყვა მაინც ღმერთისაა. ეს არაბულად არის. „ემეთ- ემეთ“ ნიშნავს  ჭეშმარიტებას. ყველა რელიგია, ხომ ერთსა და იმავეს ამბობს…

            კონტრატენორის საოცარმა შესრულებამ და ბარდანაშვილის მუსიკის რელიგიურმა პათოსმა სრულიად დაგვავიწყა პირველი განყოფილების უხერხულობანი. დარბაზმა ძალიან კარგად მიიღო ეს ურთულესი მუსიკალური ფრესკა.

იანივ დ’ორი და დირიჟორი დავით მუქერია

მოუსმინეთ „ღვთის შვილების“ ფრაგმენტს You Tub-ზე: “God’s Children” by Josif Bardanashvili Countertenor Ianiv D’or

ლინკი: http://www.youtube.com/watch?v=UDOvrvpbDpQ&feature=autoplay&list=UUjHmnoH5gAdy_JekYoby6IA&playnext=1

 მართალია კომპოზიოტორი სოსო ბარდანაშვილი რომელმაც გვითხრა, რომ  „რაოდენ რთული და თანამედროვე არ უნდა იყოს  აღსაქმელად ნაწარმოები, თუკი მუსიკაში დევს ის,  რაც ავტორს აღელვებს, ის მსმენელსაც აუცილებლად ააღელვებს“  ძალიან დიდი მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს ამ შესანიშნავი კომპოზიტორის, ჩვენი თანამემამულეს საქართველოში მოწვევისათვის!

            საღამოს  დასასრულს, სცენაზე ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარე, ლაშა ჟვანია ავიდა. მან ფესტივალი დახურულად გამოაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალ ფესტივალში  კიდევ უფრო მრავალმხრივ და საინტერესო პროგრამას შემოგვთავაზებს. 

 

დაველოდოთ 2013 წლის ფესტივალს „აღდგომიდან ამაღლებამდე“.  ჩვენთან ერთად მას თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქებიც ელიან. მართალი იყო მარიამ დავითაშვილი, როდესაც სთქვა, რომ  როდესაც ფესტივალის შექმნის იდეაში აკაკი რამიშვილის პატრიოტული სურვილი  და პატრიარქის ლოცვა -კურთხევა  გაერთიანდა, ეს გახდა იმის საწინდარი, რომ დღეს ფესტივალს უკვე მთელი საქართველო ელოდება. 

 

Posted in Uncategorized | Leave a comment