27 იანვარი – ანუ მოცარტი, ანუკა, ირაკლი და დანარჩენები

 27 იანვარიანუ მოცარტი, ანუკა, ირაკლი და დანარჩენები

27 იანვარი ძალიან ღირშესანიშნავი დღე იყო.

ჯერ  ერთი, მოცარტის დაბადების დღე,  ცოტა არ იყოს საუბილეო თარიღით – 255 წელი.

მეორეც, ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორი, რომელიც დღეს პირველ ნაბიჯებს დგამს – ანუკა კახიძე 30 წლის გახდა.

ბუნებრივია, რომ ასეთი ორი თარიღი ანუკას მამამ, ანუ  კომპოზიტორმა და დირიჟორმა ვახტანგ კახიძემ, საინტერესო კონცერტის პროგრამით ჩაიფიქრა, თუმცა მას დიდი ძალისხმევა დასჭირდა ანუკას დათანხმებაზე. რადგანაც ეს მისთვის პირველი საჯარო შესრულება იქნებოდა და, ბუნებით მოკრძალებულ ადამიანს, უჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა.

ასეა თუ ისე, კონცერტი შედგა და მაყურებლის ინტერესი ამ მოვლენის მიმართ გამართლებული გამოდგა. აჟიოტაჟი  დარბაზში თავიდანვე იგრძნობოდა;  ინტერესი გასაგებიცაა – ახალი, პროფესიონალი კომპოზიტორის გამოჩენა დღეს  იშვიათი მოვლენაა. თანაც ცნობილი, კახიძეების ოჯახის მესამე თაობის მოლოდინი.

პირველ განყოფილებაში შესრულდა მოცარტის „სიმფონია კონცერტანტე“ ოთხი სასულე საკრავისთვის და სიმფონიური ორკესტრისათვის (ჰობოიზურაბ გვანცელაძე, კლარნეტიშოთა გოგოძე, ვალტორნაგიორგი ბერულაშვილიფაგოტი –   შალვა ნანობაშვილიოთხივე მაღალი კლასის ვირტუოზი!) რა სასაიმოვნოა, რომ სასულე საკრავებისადმი ინტერესი ახალგაზრდა მუსიკოსებში დღეს მაღალია;  ეს ბუნებრივიცაა, რადგანაც  ჩვენი კონსერვატორიის აღზრდილებს, ევროპის ცნობილ ორკესტრებში უკვე დიდი ადგილი უკავიათ.   მოცარტის  კიდევ ერთი შედევრით ტკბობა ყველას გვესიამოვნა; მით უფრო, რომ ამ ახალგაზრდების ნიჭიერება გვიხაროდა. განსაკუთრებით დაუვიწყარი იყო ნელი ადაჟიოს სოლოები, სადაც სოლისტების არტისტიზმი კიდევ უფრო გადამდები ხდებოდა.

თუ გსურთ მოისმინოთ ფრაგმენტი “კონცერტანტეს” მეორე ნაწილიდან შედით You Tube -ზე Mozart Concertante for winds and orchestra

http://www.youtube.com/watch?v=BAhaB1p0sts

მეორე განყოფილებაში ორკესტრმა მოცარტის „იუპიტერის“ სიმფონია შეასრულა. მოცარტისთვის ეს ბოლო, 41-ე სიმფონიაა, ხოლო ზედემეტი სახელი, „იუპიტერი“ მოცარტის თანამედროვე იმპრესარიოს დაურქმევია;  რატომ „იუპიტერი“? ალბათ  ცნობილი 5-ხმიანი „ფუგატოს“ გამო მეოთხე ნაწილში – ოთხბგერიანი მარტივი  თემა, 5-ხმიან  პოლიფონიაში, საოცარი სიღრმის მელოდიკასა და ჰარმონიას ქმნის; ეს ურთულესი საკომპოზიციო ტექნიკა მოცარტის გენიალურობის კიდევ ერთი გამოვლინებაა; თუმცა ჩვეულებრივი მსმენელი მხოლოდ ღვთაებრივ ჰანგებს აღიქვამს კონცერტის დროს.

თავად ორკესტრი როგორც ყოველთვის კარგად იყო მომზადებული,  რაც მისი დირიჟორის და სამხატვრო ხელმძღვანელის, ვახტანგ კახიძის დაუღალავი შრომისა და ტალანტის შედეგია უდავოდ, მაგრამ მინდა ერთი რამ ვუსურვო ამ პროფესიონალ მუსიკოსებს; ის, რაც მე პირადად  ძალიან მაკლია:   ნაწარმოების  დასრულებისას, (მითუმეტეს მოცარტის შემდგომ) მუსიკოსებს არ აწყენდათ სახეზე ღიმილით გამოეხატათ თავიანთი საზეიმო განწყობა! ეს უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ ძალიან ემოციური – მუსიკოსები ხომ მსახიობებიც არიან ამავე დროს, როდესაც სცენაზე არიან?!  იმედია, რომ ეს ჩემი სურვილი, როდისმე ამიხდება და ქართველი მუსიკოსები ისევე,  როგორც უცხოური ორკეტრის მუსიკოსები ღიმილს ისწავლიან!

დაბოლოს,  საღამოს დასასრულს,  27 იანვრის მთავარი მოვლენა –  „დეი გრაცია“ – ანუ  „ღვთის მადლი“ – ანუკა კახიძის სადიპლომო ნამუშევარი, სიმებიანი ორკესტრისათვის და ვოკალისთვის. დასაწყისი ასეთი იყო: ჯერ ადამიანის ხმა (თავად ანუკასი) და მერე პასუხად სიმებიანები; ხმა ჩანაწერიდან იყო, მაგრამ მაინც ძალიან ემოციური ზეგავლენა ჰქონდა. ნაწარმოების განმავლობაში ამ ემოციურ ხერხს, ანუ ვოკალის ჩართვას კომპოზიტორი ძალიან გამოზომილად იყენებს, რითაც იდეალურ ჰარმონიას აღწევს ნაწარმოების ტემბრალურ დრამატურგიაში. 

ვოკალი, სიმფონიურ ჟღეარადობასთან ერთად,  დიდი ხნის წინ გია ყანჩელმა გამოიყენა თავის მესამე სიმფონიაში; მაშინ ვოკალური პარტია ჰამლეტ გონაშვილმა ჩაწერა და მახსოვს რა წარუშლელი ემოცია დატოვა ამ ხერხმა მსმენელებზე, ასე, რომ ანუკა ქართული სიმფონიური მუსიკის მემკვიდრეობას საინტერესოდ იყენებს.

„დეი გრაციას“ მელოდიკა უდავოდ – ქართულია, თუმცა ინგლისურ ტექსტის გამო ზოგადსაკაცობრიო ჟღეარადობას იღებს.  ანუკას ძალიან ლამაზი ხმა აქვს –  არ ვიცი, თითქოს ცოტათი ბიჭის ხმას ჰგავს თავისი უმანკო სისუფთავით და ობერტონებით. მისმა შთამბეჭდავმა ტემბრმა   და ნატიფმა გრძნობებმა, გამოწვეულმა ღვთაებრივი მიძღვნიდან –   ნამდვილად შექმნა ის განწყობა, რაც ავტორს ჰქონდა ჩაფიქრებული – ღვთის მადლისათვის პატივის მიგება.  ნიჭიერებასთან  ერთად ანუკა ძალიან მოკრძალებული და უჩვეულოდ სადაა ყოფაში,  (თავისი თაობის წარმომადგენლებისგან განსხვავებით) რაც მის სულიერ „მე“-ს გამოარჩევს ყველასაგან. ეს ყველაფერი, იმ დღეს მუსიკაში დაუაფარავად გადმოიღვარა…

 ნაწარმოების დასასრულს, დარბაზი დაინგრა ოვაციებისგან!  განსაკუთრებით გულისამაჩუყებელი იყო, როდესაც მამამ ქალიშვილის ხელი აწია და ორივემ პუბლიკას თავი ერთად დაუკრა. კახიძეების მესამე თაობის საჯარო პრემიერა დიდი წარმატებით შედგა! ანუკას შემდგომი პრემიერები ყოველთვის ჩვენი ინტერესის საგანი გახდება უეჭველად. ამ ნაწარმოების მუსიკალურ სრულ ვიდეო ჩანაწერს სულ მალე შემოგთავაზებთ  ჩვენი ბლოგის მეშვეობით, You Tube -ზე.

დიდი მადლობა ამ საღამოსთვის მაესტრო ვახტანგ კახიძეს! იმედია, რომ ჩვენ წინ ანუკა კახიძის არა ერთი საინტერესო ნაწარმოების პრემიერა გველის.

ამ საღამოს სიხარულს ალბათ  ანუკას ორივე ბაბუა ინაწილებდა ზეციური აუდიტორიიდან – განთქმული მაესტრო,  ჯანსუღ კახიძე და ცნობილი მევიოლინე და საზოგადო მოღვაწე ირაკლი ბერიძე, რომელიც საოცარ დამთხევავათა გამო სწორედ იმავე, 27 იანვარს ყოფილა დაბადებული!

კონცერტის დასრულების შემდეგ, მე, ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე გავეშურე, სადაც ხალხის უმეტესი ნაწილი  მოცარტის მოყვარული იყო. იქ მომიწია მე ჩემი ემოციების პირველი გადმოცემა და ანუკაზე შთაბეჭდილებების გაზიარებაც. მაშინ მივხვდი, რომ ეს შეიძლება საინტერესო გახდეს უფრო ფართო წრისათვის და გადავწყვიტე შემექმნა კლასიკური მუსიკის მოყვარულთა ბლოგი, სადაც ჩემს შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ ხოლმე ამა თუ იმ კონცერტიდან თუ კულტურული მოვლენიდან.

 ასე დასრულდა ეს საინტერესო დღე – 27 იანვარი – ოთხი დაბადების დღით, ოთხი ახლაგაზრდა ქართველი მუსიკოსის, მოცარტის გენიალური „ფუგატოსა“ და ანუკას უნაზესი ხმისგან შთაბეჭდილებებით სავსე…

Advertisements

About nargiz

love music and not only this
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s