ტასო

ტასიკო ვირსალაძე იმ დღეს კმაყოფილი დარჩებოდა.

128 წლის ქალბატონის მხოლოდ 10 მდე ცოცხლად დარჩენილი მოწაფეებიდან თითქმის  ყველა მოსულიყო. ვისაც კი შეეძლო…  ორი ვერ მოვიდა.

ხანშიშესული მოწაფეები პედაგოგის მიმართ რიდსა და შიშს იმ საღამოსაც არ კარგავდნენ და ჩვენც, დარბაზში მოსულ სტუმრებს ამ ლეგენადრული პიანისტისა და პედაგოგის მიმართ უნებლიე რიდი და უზომო პატივისცემა დაგვეუფლა.

ქალბატონი ნესტან მესხი – ანასტასია ვირსალაძის ერთ -ერთი მოწაფე –  ჩვენთვის გახდა იმ საღამოს ჩუმი, თბილი და  ძალიან შინაური მეგზური. მისგან შევიტყეთ, რომ ანასტასია ვირასალაძემ აღზარდა 130  – მდე პიანისტი საქართველოში და  მისი სკოლა ითვლება ბეთჰოვენის პიანისტური   სკოლის მემკვიდრედ  და აი თურმე  რატომ: ბეთჰოვენის მოწაფე იყო  ყველასათვის ცნობილი ეტიუდების ავტორი, კარლ ჩერნი;  კარლ ჩერნის მოწაფე იყო თეოდორ ლეშეტიცკი, თეოდორ ლეშეტიცკის მოსწავლე კი იყო ანა ესიპოვა,  ხოლო ესიპოვას მოწაფე ყოფილა ქ -ნი ანასტასია ვირსალაძე! სხვათაშორის ქართველ პიანისტებს შორის პირველი, რომელმაც უმაღლესი განათლება მიიღო პეტერბურგში. ასე, რომ დღეს,  ასე გამრავლებული ნიჭიერ პიანისტთა პლეადა , ქ-ნ ტასოს მოსწავლეთა  მოსწავლეები,  უნდა ბეთჰოვენის პიანისტური სკოლის მემკვიდრეებად ჩავთვალოთ!

სწორედ ამ შვილთაშვილებმა გახსნეს ანასტასია ვირსალაძის ხსოვნის საღამო _ ესენი იყვნენ  დები თამარ და ნათია ბერაიები, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები _ნანა ხუბუტიას მოწაფეები და თავის მხრივ კი ქ-ნი ნანა კი  _ ანასტასიას, ანა ესიპოვას, ლეშეტიცკის (და ა.შ. ბეთჰოვენამდე )მოსწავლეა.

უნდა ვახსენო აქვე , რომ ასეთი ხსოვნის საღამოები თითქმის ყოველ ხუთშაბათს იმართება აქ, კონსერვატორიის მე -3 სართულზე; დარბაზი არ არის საკონცერტო, უფრო აუდიტორიას ჰგავს, სადაც უამრავი შავ-თეთრი ფოტოა კედელზე   და თუ არ დაგეზარებათ და დაათვალიერებთ მათ – ძალიან ბევრ ცნობილს თუ ოდნავ მივიწყებულ სახელოვან ადამიანს წააწყდებით… ამ მოსაგონარი საღამოების მასპინძელი მარინა ჩიხლაძეა და სწორედ მას უნდა ვუმადლოდეთ, რომ ეს საღამოები ყოველთვის დიდი მოვლენა ხდება ხოლმე.

ძალიან ძნელია აღწერო თავიდან ბოლომდე მთელი საღამო, რომელც 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამიტომ მხოლოდ ზოგიერთ მომენტს მოვიგონებ:

მაგალითად, ბატონმა გულბათ ტორაძემ გაიხსენა, რომ ერთხელ როდესაც გაკვეთილზე მივიდა ტასო ვირსალაძესთან, კარი სომეხმა დამლაგებელმა გაუღო და უთხრა:“урок не будет! Девочка родился!!» ასე გაიგო მოსწავლე გულბათმა, რომ დაიბადა ელისო ვირსალაძე! გახარებული გულბათი სახლში გაბრუნდა და გზაში გაიგო აფეთქების ხმა – ეს იყო ერთადერთი ბომბი, რომელიც გერმანელებმა თბილისის ზოოპარკში ჩამოაგდეს. ასე, რომ ელისოს დაბადებას ასეთი ბომბის აფეთქება ახლავდა თან და ალბათ ეს  არ იყო შემთხვევითი…

ქ -ნმა ნანა დიმიტრიადიმ მოიგონა ის დღე , როდესაც ის, კონსერვატორიის სტუდენტობისას, კლასის კონცერტში მონაწილეობდა და წინა დღით ქ -ნმა ტასომ უთხრა, რომ შენ არა ხარო მზად. ნანამ იკითხა: „მაშ ხვალ მე არ დავუკრავ“ -ო ? რაზეც ტასოს მიუგია: „არა, რას ამბობ , ხვალამდე მთელი დღევანდელი დღე გაქვს და ხვალინდელი დილა; იმეცადინებ   და ყველაფერს მოასწრებო!

კიდევ ერთმა მოწაფემ, ქ  -ნმა ნანა ჯანდიერმა გაიხსენა, რომ როდესაც მოსწავლეები უკრავდნენ რთულ კომპოზიციებს, პატარა ელისო  იქვე ტრიალებდა და ცოტა ხნით ვინმე თუ ადგებოდა როიალიდან ის დაჯდებოდა და სმენით უკრავდა მისთვის ჯერ უცნობ, ურთულეს ნაწარმოებებს!! რაზეც ბებია იცინოდა და სულ „ჩერტოვკას“ ეძახდა.

ქ – ნი ნესტან მესხმა გაიხსენა, რომ მისმა მეუღლემ, ბიძინა კვერნაძემ ელისოს „ღმერთის ზაკაზი“ შეარქვა, რაზეც ბებია, მხოლოდ წარბებს წევდა, რადგანც მას  შექება არ უყვარდა – არც მოწაფეების და არც შვილიშვილის; მისგან შექება არავის ახსოვს.

ნანა დიმიტრიადიმ  ღიმილით მოიგონა, რომ  ქ – ნი ანასტასია თითოეულ მოსწავლეს სთხოვდა: „უნდა გიყვარდეს შენი საქმე! აი სპირიდონს (მისი მეუღლე)  სუფრო უყვარს თავისი პარაზიტოლოგია, ვიდრე თქვენ, როიალი!“

ქალბატონი ტასო ალბათ იქ  რომ მჯდარიყო, ისინი ყველაფერს იგივეს იტყოდნენ; თუმცა ვეჭვობ, რომ ამდენი  სითამამე მოწაფეებს  ახალგაზრდობაში ჰქონოდათ…

70 – დან 80 წლამდე ასაკის ტასო ვირსალაძის მოწაფეებმა ზოგმა არ დაუკრეს და სიტყვით მოეფერენ მასწავლებელს; ზოგმა  დაუკრა და ძალიანაც კარგად;  ზოგმა კი დაუკრა, მაგრამ ისე ვეღარ, როგორც  ადრე, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც მოცარტის ლა მინორულ რონდოს, ე.წ. „თურქულ მარშს“ უკრავ? შენ ხომ მაინც ისეთივე პატარა მოსწავლე ხარ და ანასტასია ვირსალაძე ახლაც გისმენს შენ და იღიმება სიბერეში გაჩენილ შენს პრობლემებზე?? ტატა თუმანოვა – ბრწყინვალე პიანისტი და პედაგოგი, დღესაც ულამაზესი ქალბატონია და საღამოს წამყვანმა, ნესტან მესხმა ვერ მოითმინა და სთხოვა მას თავისი ასაკი გაემხილა „ვიწრო“ წრისათვის. თუმანოვამ  ერთდროულად სიამაყით და დარცხვენით აღიარა: „ 80 ზე მეტის..“ რითაც აუდიტორიის მხადამჭერი ტაში დაიმსახურა.

ნანა დიმიტრიადიმ და ნანა ავალიშვილმა, (ორივე ვირსალაძეს მოწაფე) ყველასათვის  საყვარელმა საფორტეპიანო დუეტმა, ოთხ ხელში შეასრულეს  მეოცე საუკუნის დასაწყისის კინომუსიკა; მუსიკაც მოწაფეებმა ისეთი შეარჩიეს იმ დღისთვის, რომელიც მხოლოდ სიყვარულსა და ნაღველს გამოხატავდა;  დარბაზმა ორ ნანას  როგორც ყოველთვის ოვაცია მოუწყო და დიდხანს არ უშვებდა.

თავად წამყვანმა, ნესტან მესხმაც დაგვიკრა ორი პიესა. ორივე  სევდიანი და გულჩათხრობილი. გულზე მომხვდა მისი სიტყვები, რომელიც  მან სკრიაბინის სი ბემოლ მინორის ეტიუდის წინ წარმოთქვა: „ ეს ეტიუდი ქ -ნმა ტასომ ჯერ კიდევ მეორე კურსზე დამავალა მესწავლა, მაგრამ მე ამ ნაწარმოებს გული ვერ დავუდე და არასსოდეს არ მივბრუნებივარ; მხოლოდ ბიძინას გარდაცვალების შემდეგ , როდესაც სულში დიდი ღარები გამიჩნდა შევძელი ამ ნაწარმოებში ჩაწვდომა და დღეს  ჩემს მასწავლებელს ეს ვალი დავუბრუნე…“ ასეთივე“ სულში ღარებიანი“ იყო მისი შესრულებით დებიუსის ნელი ვალსი.

საღამოს  ტასიკო ვირსალაძის ორმა შვილთაშვილმა, მაკა და დინი ვირსალაძეებმა  დაასრულეს. მაკა კომპოზიტორია და თავისი ვოკალური და საფორტეპიანო კომპოზიციები გაგვაცნო. ნაზი და გულჩათხრობილი – ორიგინალური მუსიკალური ენით გადმოცემული. დინი ვირსალაძე (საერთაშორისო ჯაზ- ფესტივალების მონაწილე და ლაურეატი) კი, როგორც ყოველთვის ძალიან ეფექტური და დიდებული იყო! მან  ჯერ Suessdorf/Blackburni  ის კომპოზიცია დაუკრა და შემდეგ Antonio Karlos Jobim -ის.

რასაკვირველია „ღმერთის ზაკაზი,“ ელისოც რომ დასწრებოდა ამ საღამოს ქ- ნ ტასოს ძალიან გაეხარდებოდა, მაგრამ მას ხომ ისედაც უხარია, რომ ელისო დღეს მსოფლიოში აღიარებული მეტრია და ტასო ვირსალაძის სახელის უკვდავმყოფელი!

აი ასე!  გრძელდება ვირსალაძეების გენის ზეიმი შვილებსა და შვილთაშვილებში, მოწაფეებსა და მოწაფეთა მოწაფეებში და მას ალბათ დამფასებელი ჩვენში კიდევ დიდხანს ეყოლება…

ტასო ვირსალაძე თავის ახალგაზრდა მოწაფეებთან

Advertisements

About nargiz

love music and not only this
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s