ლექსო თორაძე ვაშინგტონში

იგორ სტრავინსკის ფესტივალი ვაშინგტონში ლექსო თორაძესა და მის სტუდიოსთან ერთად

ჯოზეფ ჰოროვეცმა – ამერიკაში განთქმულმა მუსიკისმცოდნემ და მრავალი ფესტივალის ორგანიზატორმა – 2011 წლის 8-11 აპრილს, ვაშინგტონში სტრავინსკის მულტიმედიური ფესტივალი ჩაატარა. ჯოზეფ ჰოროვეცი დღეს აღიარებული მეტრია; თუ საჭიროა, ის ცნობილ ვან კლაიბერნის კონკურსსაც გაააკრიტიკებს; მისი არტისტული რჩევები ყველასათვის ყურადსაღებია; მისი წიგნები მუსიკაზე და მუსიკოსებზე კი ბესტსელერებია.

სამდღიანი მულტიმედიური პროგრამა ძალიან მდიდარი იყო და ვაშინგტონის სხვადასხვა დარბაზებში განაწილდა – მოიცავდა როგორც კონცერტებს, ასევე დოკუმენტური ფილმის პრეზენტაციას იგორ სტრავინსკიზე, მუსიკალურ სიმპოზიუმს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში თემაზე „სტრავისნკი და თეატრი“, კომპოზიტორის და მისი ოჯახის წევრების ფოტოგალერეის პრეზენტაციას ვაშინგტონის ნაციონალურ მუზეუმში ცოცხალი მუსიკის ფონზე (პიანისტი ლექსო თორაძე), ასევე კონცერტის შემდგომ საჯარო დისკუსიებს. მუსიკალური ნაწილის საფორტეპიანო მხარე თითქმის მთლიანად გამოჩენილ ქართველ პიანისტს ლექსო თორაძეს და მისი სტუდიოს აღზრდილებს მიჰყავდათ. 8 აპრილის მუსიკალურ კონცერტს “რუსული ფესვები” ერქვა. მე სწორედ ამ კონცერტზე გიამბობთ.

1200-ადგილიანი სტრასმორის მუსიკალური ცენტრის დარბაზი თითქმის სავსე იყო და ამ კონცერტზე მუსიკის ნამდვილი დამფასებლები მოვიდნენ. ლექსო თორაძეს კი ამერიკაში უდიდესი დაფასება აქვს. ის ამერიკის კულტურის ღირებულ ნაწილს წარმოადგენს. თავის წიგნში „არტისტები გადასახლებაში“ ჯოზეფ ჰოროვეცი ასე აღწერს მის პერსონალურ თვისებებს: “ლექსოს იმდენი რამე მოჰყვება თავისი ტურბულენტური და ტრაგიკული მოვლენებით სავსე ცხოვრებიდან, რომ როდესაც ის ჯდება ინსტრუმენტთან, მისი ყველა განცდილი ემოცია ამ დროს მასთანაა და ეს აისახება მის მუსიკაში.“

8 აპრილის საკონცერტო პროგრამა სტრასმორის მუსიკალურ ცენტრში სტრავისნკის ოთხი ნაწარმოებისგან შედგებოდა, მათგან ერთი – ბისზე დასაკრავიც – პროგრამაში წინასწარ ეწერა. პირველი იყო 9-წუთიანი, ერთნაწილიანი სიმფონია სასულე საკრავებისათვის. სტრავინსკიმ მას Symphonies of Wind Instruments დააარქვა, სადაც სიტყვა სიმფონია მრავლობითში აქვს ნახმარი, ანუ “სიმფონიები”, რაც მიანიშნებს, რომ აქ სიტყვა სიმფონიის კლასიკურ გაგებასთან არა გვაქვს საქმე, არამედ ამ სიტყვის ძველბერძნული მნიშვნელობასთან, რაც ზოგადად “თანაჟღერადობას” ნიშნავს.

კონცერტს დირიჟორობდა ესპანელი ანგელ გილ-ორდონეცი. კონცერტის დასაწყისში, როდესაც დირიჟორი უკვე იდგა ორკესტრის წინ, ჩვენ ჯერ მოვისმინეთ კომპოზიტორის ხმა – 5-წუთიანი ნაწყვეტი სტრავინსკის ინტერვიუდან, რომელიც დასრულდა შემდეგი სიტყვებით: “მუსიკა ადიდებს ღმერთს, იგი ეკლესიის შენობაზე და მთელს მის დეკორაციაზე უფრო მეტად განადიდებს მას; ისაა ეკლესიის ყველაზე დიდი ორნამენტი; მე მჯერა ღმერთის და მე მჯერა ეშმაკის არსებობისაც!” ამ სიტყვების შემდეგ გამეფებულ სიჩუმეში შესრულდა ეს „სიმფონიები”. გასული საუკუნის 20-იან წლებში დაწერილი ეს ნაწარმოები ძნელია მხოლოდ რუსულ ფესვებს მიაკუთვნო. ის უფრო მულტიკულტურულია, როგორც, ზოგადად სტრავისნკის შემოქმედების უდიდესი ნაწილი, მაგრამ უდაოდ, მელოდიურ-რითმული ორნამეტებით, რუსულ ხალხურ ფოლკლორსაც ეთამაშება. დღესაც კი, მისი მოსმენისას, ზოგჯერ ყურს გჭრის მხოლოდ სასულე ტემბრებით შემოფარგლული ჟღერადობა – „ვაშინგტონ პოსტის” მუსიკალური კრიტიკოსი მას “ჭახჭახა მზეში ქარტეხილის” ხმას ამსგავსებს და წარმოდგინეთ რა რეაქცია უნდა ჰქონოდა 20-იანი წლების პირველ მსმენელებს? ისტორიამ შემოგვინახა გამოჩენილი პიანისტის, არტურ რუბინშტეინის მოგონება, რომელიც ლონდონის საპრემიერო კონცერტს დაესწრო: „ფაგოტის სოლოს დროს დარბაზში სიცილი გაისმა, რომელსაც მოჰყვა აქა-იქ ხითხითიც; დირიჟორმა კუსევიცკიმ, იმის ნაცვლად, რომ მკაცრი ტონით მოეხმო მსმენელები სიწყნარისკენ, გამოიხედა დარბაზისკენ და თვალიც კი ჩაუკრა თანამზრახველურობის ნიშნად”; თუმცა ამ ინციდენტს ნაწარმოების პოპულარობის ზრდაში ხელი არ შეუშლია.

„პოსტ-კლასიკური ორკესტრის“ (სწორედ ის მასპინძლობდა ამ საღამოს) შემსრულებლებმა დირიჟორთან ერთად პროფესიონალურად და ძალიან გემოვნებით დაუკრეს სტრავისნკის „სიმფონიები”, მაგრამ მთავარი ჩვენ წინ გველოდა.

მეორე ნაწარმოებში ლექსო თორაძე იღებდა მონაწილეობას. მან სტრავინსკის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის შეასრულა. მართლაც ძნელია აქ შეაფასო მისი გამოსვლა ზედმეტი პათოსის გარეშე. ჰოროვეცის სიტყვებიც კი მკრთალია ამისთვის. ეს იყო მთელი მისი მსოფლმხედველობრივი მიდგომებისა და მღელვარე ცხოვრების ერთ ნაწარმოებში თავმოყრილი განცდები: სიხარული, დარდი, სიყვარული, ჯაზი ანუ ყველაფერი ის, რითაც სუნთქავს ადამიანი, სიცოცხლის მთელი სპექტრი.

სტრავისნკიმ ეს კონცერტი საკუთარი თავისთვის 1923-24 წლებში დაწერა, დირიჟორ კუსევიცკის მოთხოვნით. პარტიტურას აი ასეთი მინაწერი დაურთო: „ტოკატურ-საცეკვაო ხასიათის პირველი ნაწილი ვითარდება როიალის ჩაქუჩების დარტყმებით; ამის საპირისპიროდ, სასულეე საკრავები აგრძელებენ დასარტყამი როიალის ხმოვანებას და ადამიანური სუნთქვის ელემენტი შემოაქვთ” სტრავინსკიმ მრავალი წლის განმავლობაში საავტორო შესრულების უფლება დაიტოვა. მარტო პირველი 5 წლის განმავლობაში 40-ჯერ დაუკრა და სხვას არავის არ აძლევდა ამის უფლებას. როგორც თვითონ ირონიულად დასძენდა: მას არ სურდა, რომ კონცერტი „არაკომპტენტურ ან რომანტიკულ ხელებში ჩავარდნილიყო.

საინტერესოა ჯ. ჰოროვეცის აზრი სტრავისნკის შესრულების თორაძისეულ მანერაზე: „ლექსო არ უკრავს სტრავინსკის ისე, როგორც მას თვითონ სტრავინსკი უკრავდა, მაგრამ ის აცოცხლებს მუსიკას, სახლობს ამ მუსიკაში და თავისი სულიერება შეაქვს მასში” (ჯ. ჰოროვეცი ფრაგმენტი დოკუმენტური ფილმიდან Kicking the Notes the Toradze Way) მართლაც და საინტერესოა თავად სტრავინსკისა და თორაძის შესრულების მანერის შედარება! ამის საშუალება დღეს არსებობს; მართალია სტრავისნკის ჩანაწერი შესრულებულია მექანიკურ პიანინოზე და სასულე ორკესტრის გარეშეა, მაგრამ მაინც, მან აჩვენა მთავარი: თორაძისგან აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა! სტრავინსკი წმინდა ნეოკლასიკურ, ცოტა მექანიკურ შესრულების მანერას ირჩევს, ცივს, თითქმის უემოციოს; თუ გნებავთ დაარქვით ამას – ბალაგანური ბახი! ცოტა კიჩური, მაგრამ ბაროკო! და ნაკლები პათოსი, ნაკლები განცდა, ნაკლები თორაძისეული ზეიმი. თუ დაგაინტერესებთ, თქვენც შეადარეთ! ამისთვის შეგიძლიათ მოისმინოთ თორაძის და სტრავინსკის ჩანაწერები იუ-თუბზე:

თორაძე:

სტრავინსკი:

ჩემის აზრით, ლექსო თორაძის მიერ სტრავისნკის ინტერპრეტირება არც „არაკომპტენტური” და არც „რომანტიკულია”, არამედ სულ სხვა – ლექსოთორაძისეული! ასე, რომ, დარწმუნებული ვერ, მაესტრო სტრავინსკი კმაყოფილი დარჩებოდა!

სამწუხაროდ, მეორე ნაწილი, სადაც ყველაზე ღრმა და მედიტაციური მელოდია აქვს ფორტეპიანოს, სტრავინსკის შერულებით არ არის შემონახული. შესადარებლად ალბათ ძალიან საინტერესო იქნებოდა.

თორაძეს მიერ დაკრულ ამ ჩანაწერში დირიჟორობს ცნობილი რუსი დირიჟორი, ვალერი გერგიევი. ტრადიციულად, 8 აპრილს, სტრასმორის მუსიკალურ ცენტრში ვიდეოგადაღება აკრძალული იყო, ამიტომ ლექსოს იმ საღამოს დაკრულ ჩანაწერს სამწუხაროდ, ვერ შემოგთავაზებთ.

საერთოდ, ლექსოს შესრულების მანერაზე დიდი გავლენა იქონია ჯაზმა, ლექსოს უყვარს ჯაზი, ძალიან კარგად ასრულებს ჯაზურ ნაწარმოებებს. თავის ინტერვიუში ლექსო ამას აღიარებს, მაგრამ აქვე ასკვნის: „სტრავინსკის შერულების დროს მე არც ერთ ნოტს არ ვცვლი რასაკვირველია, მაგრამ ჯაზური მიდგომა ნიშნავს იყო თავისუფალი შენს რიტმთან, შენს განცდებთან, შენს სულიერებასთან”( Kicking the Notes the Toradze Way ).

ლექსოს ერთ-ერთი აღზრდილი და უნიჭიერესი პიანისტი, გენადი ზაგორი აღფრთოვანებით ჰყვება თავის პედაგოგზე: „ის იგივე ნოტებს ხმარობს რასაც ყველა, მხოლოდ იმას, რაც ნოტებში წერია, მაგრამ სულ სხვა რამ გამოსდის! იგივეს, სხვანაერად აღწერს დაგლას შელდონი – „კოლამბიის არტისტული მენეჯმენტის“ დირექტორი და უფროსი ვიცე-პრეზიდენტი: “”ლექსოს, ბგერის ამპლიტუდა და ფერიც უსასრულობამდე მიჰყავს, თითქმის საზღვარი არა აქვს.”

ვფიქრობ, რომ სწორედ ამ ინდივიდუალურობის გამო მან გაიმარჯვა და ერთდროულად წააგო 1977 წელს ვან კლაიბერნის საფორტეპიანო კონკურსი ტექსასში; გაიმარჯვა იმიტომ, რომ მას მიაკუთვნეს მეორე პრემია და კონცერტების მთელი რიგი ამერიკის კონტინენტზე; და წააგო იმიტომ, რომ პირველი პრემია, რომელიც ნამდვილად მას ეკუთვნოდა გადასცეს სამხრეთ აფრიკელ პიანისტს.

“ჟიურის წევრები ერთდროულად აღაფრთოვანა და ცოტა დააფიქრა თორაძის ინდივიდუალურობამ. სწორედ ამ ინდივიდუალიზმის გამო მათ ვერ გაბედეს მისთვის პირველი პრემიის მიკუთვნება”” – წერს დაგლას შელდონი. კონკურსზე ეს ინდივიდუალურობა ლექსომ ყველაზე მეტად სწორედ სტრავისნკის ”პეტრუშკას”” შესრულების დროს გამოავლინა.

ალბათ ამის გამოცაა, რომ ლექსოს არ უყვარს კონკურსები; შემდგომში, როდესაც ლექსო დიდ აღიარებას მიაღწევს და მას უამრავი მიპატიჟება ექნება სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებზე ჟიურის წევრად, ის უმეტეს შემთხვევაში უარს ამბობს ამაზე და საკუთარ სტუდენტებსაც კონკურსების ნაცვლად ფესტივალური კონცერტების სერიაში მონაწილეობას ურჩევს.

მინდა ავღნიშნო ერთი საინტერესო დეტალი კონცერტის მსვლელობიდან: საფორტეპიანო კონცერტის პირველი ნაწილის შემდეგ აუდიტორიაში აპლოდისმენტები გაისმა, თუმცა პროგრამაში ეწერა, რომ კონცერტი სამნაწილიანია. ჩემდა გასაკვირად, ამაზე არც დირიჟორი და არც სოლისტი არ განაწყენებულან. მახსოვს ერთხელ, ვლადიმერ სპივაკოვმა სთქვა: „”მე არ ვღიზიანდები, ნაწილებს შორის ტაშებზე; ადამიანი მოვიდა და კმაყოფილია; კარგია, რომ მოეწონა!”” მგონი ეს მოსაზრება ძალიან ლიბერალურია იმათ მიმართ, ვინც არ იცის სად უნდა დაუკრას ტაში და სად არა.

პირველი ნაწილის აპლოდისმენტების შემდეგ ლექსომ და დირიჟორმა თავი დაუკრეს აუდიტორიას და დაიწყეს მეორე ნაწილი. ამ ნაწილში კი, ლექსოს მთელი ინდივიდუალურობის და უსაზღვრო ემოციურიურობის პათოსი გადმოიღვარა. ასეთი ბგერების და განცდების გადმოცემა ამ ინსტრუმნეტს თუ შეეძლო არავინ იცოდა. ასე ახალშობილ ბაშვს უმღერიან, ასე დაკარგულ სიყვარულს მისტირიან, ასე დიდი ხნის უნახავ ადამიანს ნატრულობენ…

დაბოლოს, მესამე ნაწილში ისევ ტოკატისებური რითმი და გაჯაზება როგორც ფილოსოფია; ზეიმი, რომელიც ჩვენ დიდხანს გაგვყვა!!!

“”Music is a sole domain in which man realizes the present””- სწერდა იგორ სტრავისნკი, რაც ასე ითარგმნება: “„მუსიკა ერთადერთი ადგილია, სადაც ადამიანი აწმყოს იაზრებს””.

დარბაზი დაინგრა ოვაციებისგან.

ჩვენ, აწმყო იმ დღეს, იმ წუთებში ნამდვილად გავიაზრეთ!

გაგიზიარებთ ლექსო თორაძის ერთ პატარა საიდუმლოს, რომელიც მან Bruce Duffie-ს ინტერვიუს დროს გაანდო:

“ბ.დ.: – რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა დამწყებ პიანისტს?

ლ.თ.: – იმ დროში, როდესაც ყველა და ყველაფერი ბიზნესითაა მოცული, მე ვურჩევდი კოლეგებს შესრულების სულიერ ასპექტზე გაამახვილონ ყურადღება. არ დაივიწყონ ყოველი კონცერტის წინ ღმერთს ლოცვით მიმართონ და არ დაივიწყონ საკუთარ სულში მეტი ჰაერი შეუშვან. სჯეროდეთ ხელოვნების და სჯეროდეთ საკუთარი ადამიანობის!”

მეორე განყოფილებაში სტრავინსკის „”სვადებკა”“ ანუ, როგორც მას დასავლეთში იცნობენ “Les Noces”(რაც ფრანგულად “ქორწილს” ნიშნავს) შესრულდა. რომელშიც მონაწილეობა ლექსო თორაძის აღზრდილებმა, ანუ მისი სტუდიოს წევრებმა მიიღეს. ლექსო თორაძის სტუდიო ინტერნაციონალური შემადგენლობისაა, თუმცაღა ქართველებს მასში დიდი ადგილი უკავიათ. იმ საღამოს მონაწილეობდნენ: ვახო კოდანაშვილი, გიორგი ვაჩნაძე, ედიშერ სავიცკი საქართველოდან და გენადი ზაგორი რუსეთიდან. დღეს ყველა მათგანი საერთშორისო კონკურსების ლაურეატია და ამერიკის კულტურის მნიაშვნელოვან შენაძენს წარმოადგენენ.

ლექსოს დამსახურება დღეს არა მარტო საკუთარი სოლო კარიერის საერთაშორისო დამკვიდრებაშია, არამედ იმაში, რომ მან აღზარდა ახლგაზრდა ნიჭიერი თაობის მთელი პლეადა, რომელიც ”ლექსო თორაძის პიანო სტუდიოს”“ სახელით მთელს მსოფლიოში მოგზაურობს. პირველად მათ დაამკვიდრეს კონცერტი-მარათონების ფესტივალები, სადაც ხშირად სრულდება ერთი რომელიმე კომპოზიტორის ყველა საფორტეპიანო ქმნილება. ერთი შეხედვით რთული ამოცანა ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდა მუსიკის მოყვარულებისთვის. მაგალითად რურის ფესტივალზე, თორაძე თავის სტუდიოსთან ერთად 7 საათის განმავლობაში ასრულებდა სკრიაბინს და ამ მარათონს 7-8 ათასამდე ადამიანი დაესწრო!

ლექსოს ყოფილი სტუდენტი და მისი სტუდიოს წევრი, ახლა უკვე მიჩიგანის უნივერსიტეტის დოქტორანტი, ედიშერ სავიცკი ასე ჰყვება თავის მაესტროზე: “”ლექსოს სტუდენტები არ გვანან ერთმანეთს, ისე, როგორც მაგალითად ეტყობა სხვა პროფესორების სტუდენტებს: – ეს გიზის სტუდენტია, ეს – ნანასი და ასე შედმეგ. ის არ არის სტანდარტული პედაგოგი. მასთან უნდა სკოლაგავლილი მოხვიდე. წლები რომ გავიდა, ახლა უფრო ვაფასებ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რასაც ლექსო გვაკეთებინებდა. კი, თავიდან მკაცრად და მკაფიოდ გვეუბნებოდა რა უნდოდა მას ჩვენგან, მაგრამ მერე, როდესაც შენ უკვე ფლობ ნაწარმოებს, არ გიშლიდა ხელს შენი მიმართულებით, შენი ინდივიდუალობით გაგეგრძლებინა მუშაობა; რამდენადაც ძნელი არ უნდა ყოფილიყო მისთვის, ხელს გვიწყობდა ამ თავისფულებაში. თავიდან ყველანი ლექსოს გარშემო და მისი პიროვნების გავლენის ქვეშ ვიყავით რასაკვირველია! ჩვენ დღესაც და მაშინაც, როდესაც მისი სტუდენტი ვიყავი, ძალიან ბევრ დროს ვატარებთ ერთად. ვსაუბრობით ბევრს მუსიკაზე და არამარტო მუსიკაზე. ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს მუსიკის გარდა: ფეხბურთი, ქართული კერძები, გართობა. ეს პირადი, პესონალური ურთიერთობები ძალიან ბევრს გვაძლევს მერე მუსიკაში, ძალიან დიდი მუხტია! ლექსოსგან კონსულტაციებს ახლაც ვღებულობ და ძალიან დიდხანს მყოფნის ხოლმე!””

სტრავისნკიმ ბალეტი “”სვადებკა”” გუნდისთვის, სოლისტებითვის, დასარტყამი ინსტრუმენტების ჯგუფისათვის და ოთხი როიალისათვის 1923 წელს დაწერა. ოთხივე ფორტეპიანოს აქ უფრო რიტმული ფუნქცია ენიჭება, ვიდრე მელოდიური. ლექსოს სტუდენტებმაც იმ საღამოს ძალიან ზუსტად და ენერგიულად შეასრულეს თავისი პარტია, რომელიც მეტწილად სოლისტებისა და გუნდისთვის აკომპანიმენტის როლს ასრულებდა, თუმცა ნაწარმოების ცეცხლოვანი ენერგეტიკის დასაყრდენს წარმოადგენდა. უნდა აღინიშნოს სოლისტების (რომლებიც რუსულად მღეროდნენ ძველებურ რუსულ ტექსტებს) როლიც, განსაკუთრებით საქმროს როლის შემსრულებელი პ. ბოგდანოვი. დანარჩენი სოლო პარტიების ამერიკელი მომღერლებიც ტოლს არ უდებდნენ ეროვნებით რუს კოლეგას არტისტიზსა და პროფესიონალიზმში. გუნდთან, დირიჟორთან და დასარტყამი საკრავების ჯგუფთან ერთად მათ გააცოხლეს სტრავინსკის ეს ნამდვილი ეპიკური ფრესკა, რომელიც, რაც დროს გადის, მით უფრო თანამედორვე ხდება თავისი ექსპრესიისა და სიცოცხლისკენ სწრაფვის წყურვილით.

გთავაზობთ 2 წუთიან ფრაგმენტის ჩანაწერს, ამ ნაწარმოებიდან:

„”სვადებკას”” შემდეგ დირიჟორმა გამოაცხადა, რომ “ბის”-ზე მათ სიუპრიზი ჰქონდათ: „”განა ხშირად ნახავთ თქვენ სცენაზე ოთხ როიალს ერთად? სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, დღეს სტრავინსკის ბალეტ „კურთხეული გაზაფხულიდან’” ერთი ნომერი –- „საკრალური ცეკვა’” 4 ფორტეპიანოსთვის შემოგთავზოთ, ესაა პირველი შესრულება (4 ფორტეპიანოს ვერსია) ვაშინგტონში!”

ამჯერად, ლექსო თორაძის სტუდენტები სოლისტები გახდნენ. ოთხმა აბსოლუტურად სხვადასხვა, ნიჭიერმა მუსიკოსმა, სტრავინსკის მაგიურ Danse Sacrale-ში ისეთი მუხტი და ენერგია შექმნეს, რომ თავშეკავებულმა და უფრო მეტად, შუახნის ადამიანებისგან შემდგარმა აუდიტორიამ მხურვალე ტაში და „ბრავო’” არ დააკლო მათ.

კონცერტის შემდეგ ჟოზეფ ჰოროვეცი, ლექსო თორაძე და კიდევ ოთხი მუსიკის ექსპერტი დასხდნენ სცენაზე და მაყურებლებთან ერთად დისკუსია გამართეს. მართალია აუდიტორიის ნაწილი, ვისაც ეჩქარებოდა, წავიდა, მაგრამ ისინი, ვინც დარჩნენ (დარბაზის დაახლოებით 20%), სტრავინსკის შესახებ ძალიან საინტერესო საუბრის მონაწილენი გახდნენ. ლექსომ გაიხსენა 1965 წელს სტრავისნკის ვიზიტი საქართველოში. მისი რეაქცია ქართულ ხალხურ სიმღერებზე. მან ცოტა აცინა აუდიტორია თავისი უშუალობით, მოიგონა თუ რას უყვებოდა ლექსოს მამამისი (გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი, დავით თორაძე) ამ ვიზიტზე. შემდეგ სტრავინკის მუსიკასაც შეეხო, გაარჩია  კონცერტიდან რამდენიმე ადგილი,  სადაც მარცხენა ხელში რუსული ლიტურგიის ბანი, მარჯვენა ხელის ბაროკოს სტილთანაა შეხამებული.

ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო და შესაშური იყო ჩემთვის. ვინატრებდი, ჩვენთანაც ასეთი ტრადიციის დამკვიდრებას. ერთ რამეზე ცოტა გული დამწყდა: ინტერნეტში, ამ კონცერტის ანონსში, ჩვენი მუსიკოსები „რუს პიანისტებად” იყვნენ მოხსენიებული; თავად ლექსო კი, რასაკვირველია, დისკუსიის დროს სულ თავის ქართულ წარმომავლობას უსვამდა ხაზს.

ჩემი გულისწუხილი ედიშერ სავიცკის გავუზიარე. აი რა მიპასუხა მან: ”ხალხის ძალიან დიდი არმია მუშაობს ამ ფესტვალებზე – ჟურნალისტები, მუსიკისმცოდნეები; ჩვენ არ გვეკითხებიან, სამწუხაროდ. არც იცი წინასწარ ვინ რას დაწერს ხოლმე. ჩვენ, რომ ამას ვსდიოთ, ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. მაშინ ვეღარ დავუკრავთ”. იმედი დავიტოვოთ, რომ ასეთი შეცდომები მომავალში მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

დისკუსიის დასრულების შემდეგ ჩვენ შევედით კულისებში. მოვულოცეთ ჩვენს მუსიკოსებს დიდი წარმატება. ლექსოს ძალიან გაეხარდა დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შეხვედრა. მან შეგვიპატიჟა მიღებაზეც, სადაც გავიცანით ფესტივალის სულისჩამდგმელი, ჯოზეფ ჰოროვეცი. მერე ჩვენ გავიხსენეთ ბავშვობაში, სოხუმის კომპოზიტორთა სახლში გატარებული წლები, სადაც ღამ-ღამობით, ლექსო, ვატო მაჭავარიანი და გოგა შავერზაშვილი ჯემ-სეშენებს გვიწყობდნენ და ერთ ზაფხულს, როდესაც ლექსომ ხელი მოიტეხა როგორ უკრავდა თაბაშირიანი ხელით და ყველას გვამხიარულებდა. ლექსო იგივეა დღესაც, რაც იყო ბავშვობაში -– გახსნილი და უშუალო, ნიჭიერი და ხალისიანი, მზად არის იცინოს და გაცინოს და ამაშია მისი საიდუმლოება: – იყოს აღფრთოვანებული სიცოცხლით და სიცოხლის ყველა განცდა მუდამ მის გვერდით იყოს.

Advertisements

About nargiz

love music and not only this
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

2 Responses to ლექსო თორაძე ვაშინგტონში

  1. მარიკა მანაგაძე ამბობს:

    ვგიჟდები ლექსოზეც, სტრავინსკიზეც და ყველაზე და კიდევ ნარგიზა, შენ მაგაროოოოოოო!!!!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s