კაიდანოვსკის დაბადების დღე

მოსკოვი 1983

 სურათზე: ტომა ნებიერიძე, საშა კაიდანოვსკი და მურმან მარგველაშვილი

საოცარი დრო იყო: მე ისე იოლად დავანებე თავი კონსერვატორიაში ასპირანტურას, მხოლოდ იმისათვის, რომ გავყოლოდი ჩემს ქმარს მოსკოვში, სადაც ის სწავლობდა ფიზიკის ასპირანტურაში.

 ჩემს მეუღლეს მხოლოდ 80 მანეთი ჰქონდა სტიპენდია და ჩვენ უკვე გვყავდა 3 წლის გოგონა, რომელსაც თბილისში ვერ დავტოვებდი; ამიტომ,   მე გადავწყვიტე ჩამებარებინა კინოსარეჟისორო კურსებზე (Why not?) და თუ მოვხვდებოდი 100 მანეთიანი სტიპენდიის იმედი მაინც მექნებოდა.

 რატომღაც მუშაობაზე მუსიკალურ დარგში არც კი მიფიქრია, არა  და კონსერვატორია უკვე დამთავრებული მქონდა წითელი დიპლომით.

ყველაზე საოცარი ის იყო, რომ უძნელესი კონკურსი გავიარე და მოვხვდი.  ეს უცნაური იყო, რადგანაც  იქ უმეტესად  ბიჭებს იღებდნენ.  კურსზე სულ 3 გოგო ვიყავით.

ასე გავხდი მე  საშა კაიდანოვსკის კურსელი.

მოსკოვის სარეჟისორო კურსებზე იღებდნენ მხოლოდ უმაღლეს დამთავრებულებს (ვგიკისგან განსხვავებით) და ასაკი არ იყო შეზღუდული;  საშა უკვე ცნობილი მსახიობი იყო და ჩვენზე ყველაზე უფროსიც. არავინ არ ვიყავით ბავშვები, ამიტომაც  გვიჭირდა სწრაფად დამეგობრება, თუმცა ქართველებს  (ჩემთან ერთად სწავლოდბნენ ლევან ზაქარეიშვილი და დათო ნაცვლიშვილი) უფრო იოლად ლიტველებთან ურთიერთობა გამოგვდიოდა,  ვიდრე  ვთქვათ რუსებთან ან თუნდაც აზერბაჯანელებთან ან სომხებთან. იმ წელს 15 – ვე რესპუბლიკის წარმომადგენლები მიიღეს რატომღაც.  ალბათ იდეოლოგიურ ამბავში.

რაღაც ფანტასტიური დრო იყო. გარეთ საბჭოთა წყობილება; მახსოვს ბრეჟნევს ასაფლავებდნენ;  ჩვენს კურსებზე, შიგნით კი უცხოური (მაშინ აკრძალული პაზოლინი, ოლტმანი, ფერარი და სხვათა ) ფილმები. სწავლების სულ სხვა ატმოსფერო: არავითარი პოლიტიკური საგნები; ლექციებს გვიკითხავდნენ  ყველაზე ცნობილი კინემატოგრაფისტები – სოლოვიოვი, მიტა, რიაზანოვი, მენშოვი, მოტილი, ტრაუბერგი, გრამატიკოვი; თეატრალურ ოსტატობას  ალექსანდრე ვასილევი გვიატარებდა;  ისტორიას –  ლევ გუმილიოვი – ანა ახმატოვას და ნიკოლაი გუმილიოვის შვილი (მაშინ აკრძალულ მეცნიერად ითვლებოდა და მისი სტატიები ბიბლიოთეკების ჟურნალებიდან იჭრებოდა).  ფილოსოფიას  – მერაბ მამარდაშვილი. მოკლედ სასცენარო და სარეჟისორო კურსები იყო პატარა დისიდენტური ოაზისი,  თანაც  „გოსკინოს“  წიაღში.

არ ვუჯერებდით ვერა სუმენოვას (იმ დროს დირექტორის მოადგილე) და არ ვწერდით დღიურებს.  ვის ეცალა ამისთვის! იმდენი რამე გვინდოდა მოგვესწრო: დღეში 4 ფილმი კვირაში 5 დღე. მოსკოვის ავანგარდული თეატრები,  დისიდენტური გამოფენები და საუბრები, საუბრები … ზაკუსოჩნაიაში, რიუმოჩნაიში, „დომ კინოს“ რესტორანსა  და ბარებში, … მოკლედ ბოჰემური  სტუდენტური დრო.

კი, ახლა ვნანობ  ვერა ბორისოვნა, რომ არ მაქვს ჩანაწერები!

ვასილევის რეპეტიციები, როდესაც მე „რომეო და ჯულიეტას“ ფრაგმენტები დავდგი საკურსო სპექტაკლში,  მოგონებებში ნელ- ნელა ფოკუსს ჰკარგავს. სამაგიეროდ ჩემმა კურსელმა,  შუროჩკა ბაკლანოვამ, სასცენაროდან,  ამ რეპეტიციებზე შემდეგში მოთხრობა  დაწერა  და გამოაქვეყნა.

მე შემომრჩა  მხოლოდ 4 ცალი დიაპოზიტივი,  (მაშინ ახალი შემოსული იყო სლაიდებით გადაღება)  სადაც საშა კაიდანოვსკი და ვანია დიხოვიჩნი (ასევე ცნობილი რუსი მსახიობი და რეჟისორი) არიან ჩვენთან სახლში გადაღებული.

საშა და ვანია რამდენჯერმე მოვიდნენ ჩვენთან. ერთი საღამოს დასასრულს,  ვანიამ თავის აგარაკზე დაგვპატიჟა. ღამის 1 საათი იყო. მე ვუპასუხე „მოდი, სხვა დროს წავიდეთ“ – თქო; ჩემმა კურსელმა  ბულგარეთიდან, ნატაშა პისკოვამ ჩუმად მითხრა ყურში: „ ნარგიზა, სხვა დრო შეიძლება არ იყოს“ -ო.  მაშინ მე გამიკვირდა ეს. ცხოვრება უსასრულო და ძალიან პერსპექტიული იყო. ყველა შესაძლებლობა მაშინ ჩემს ხელთ იყო, მეგონა.

მართლაც სხვა დრო სამეგობროდ აღარ იყო. მეორე კურსზე ყველა საკუთარი გადაღებებით იყო დაკავებული.

საშამ გადაიღო ბორხესის მიხედვით „ბაღი“. ეს ფილმი ძალიან ჰგავდა საშას. სულ არ ჰგავდა საკურსო ფილმს. ნამდვილი კინო იყო.

მე გადავიღე  „ძილისპირული“.ლევანმა  გადაიღო „მამა“ და დათომ „ვერცხლის  ქუჩა“ .

ყველა ქართველის ფილმი  ჯამში, საუკეთესოთა შორის აღმოჩნდა და კონკურსებზეც გაააგზავნეს.

ცხოვრება მშვენიერი და საამურად უსასრულო სჩანდა…

არავის გვეგონა, რომ მალე დაინგრევა საბჭოთა კავშირი და ჩვენ ვეღარასოდეს ვიმეგობრებთ.  ეს პერსპექტიული ჯგუფი აღმოვჩნდებით მოუმზადებლები ახალი ეპოქისთვის. რეკლამების და კლიპების, ფულის შოვნასა და სპონსორებთან ურთიერთობებს მიუჩვევლები.

არც ერთი ჩემი კურსელის გვარი დღეს არ ფიგურირებს კინოსამყაროს ტაბლოიდებში.

ვეძებ მათ ინტერნეტში და ვერ ვპოულობ.

საშას გარდაცვალება გავიგე 90 -ანებში, მაშინ როდესაც ომგამოვლილები ვიყავით და არაფერი გულს აღარ გვიტოკავდა. მერე ლევანი გარდაიცვალა ზედმეტი დოზისგან.  არც თუ დიდი ხნის წინ ვანია დიხოვიჩნიც წავიდა.

სხვების რა ვიცი, არ იყვნენ ცნობილები და როგორ არიან, რას გაიგებ? ხო, თუმცა იყო კიდევ ერთი ფეისი – სტას მიკოიანი, (სასცენო ფსევდონიმით უფრო ცნობილი, როგორც სტას ნამინი) აი,  იმ  მიკოიანის, პოლიტბიუროს წევრის,  შვილიშვილი. მისი მანქანით მოსკოვის შუაში  100 კმ საათში სიჩქარით ვმოძრაობდით და მას კი სულ ფეხზე ეკიდა „გაი“. საერთოდ ყველაფერი ეკიდა. ის იყო ნამდვილი „წითელი“ ელიტის წარმომადგენელი. მაგრამ საშა მაინც ყველაზე ცნობილი იყო.

23 ივლისს საშა კაიდანოვსკის დაბადების დღე ყოფილა.

იმ დღეს “კულტურაზე“  აჩვენეს კაიდანოვსკიზე დოკუმენტური ფილმი. თურმე 65 წელი შეუსრულდებოდა

გავიგე, რომ საბჭოთა ეპოქის დანგრევის შემდეგ კაიდანოვსკის აღარ გადაუღია ფილმები.  სულ ხუთი  ფილმის გადაღება მოასწრო. აქედან სამი მოკლემეტრაჟიანი. ყველა ფილმი განსაკუთრებულია და ყველაში მან თავისი სულის გამოხატვა მოახერხა. ერთხელ უთქვია თავის მეგობრისათვის: «Хороший режиссер не только тот,  кто снимает хорошие фильмы, но и тот кто не снимает плохие фильмы»

ამაშია მთელი კაიდანოვსკი.  ის ცუდათ არაფერს არ აკეთებდა. მხოლოდ ფულისთვის არ შეიწუხებდა თავს.  რაც მის სულში ხდებოდა, მხოლოდ იმაზე შეეძლო მუშაობა. ხოდა,  ვის ეცალა მაშინ საშას სულისთვის?

საშა, ვნანობ, რომ იმ დღეს აგარაკზე არ წამოგყევით! ვნანობ, რომ უფრო ხშირად არ მოდიოდი ჩვენთან და შენი ხმით მონუსხულები უფრო ხშირად არ გისმენდით.

იცი, სანამ დღეს  დოკუმენტურ ფილმს ვნახავდი შენზე, ზუსტად გუშინ  ვფიქრობდი:  „მოდი, მოვქექავ ჩემს ძველ სლაიდებს და საშას სურათს ფბ- ზე ამოვატივტევებ თქო“   გჯერა, ახლა თუ არა?

ვფიქრობ, რომ  ეს შენ ჩამაგონე… აბა მე რა ვიცოდი, რომ შენი დაბადების დღე იყო დღეს?  მადლობთ საშა, რომ არ გავიწყდები!!!:):)

Поздравляю Саша, все -таки юбилей!

 p.s.

ჩემმა დისშვილმა წაიკითხა ეს წერილი და მითხრა: ” ძალიან მომეწონა, მაგრამ ვისაც მიუძღვენი ვინ არის” -ო? ამიტომ ვწერ: ალექსანდრე კაიდანოვსკი – ცნობილი რუსი მსახიობი და რეჟისორი. გადაღებულია 50 – ზე მეტ ფილმში. საერთაშორისო აღიარება მოუტანა ანდრეი ტარკოვსკის ფილმ “სტალკერ” -ში ნათამაშებმა როლმა. გარდაიცვალა 1995 წელს, 49 წლის ასაკში მესამე ინფარქტისგან

 

სურათზე: ვანია დიხოვიჩნი, საშა კაიდანოვსკი,  მურმან მარგველაშვილი და მე

მოსკოვი. 1983

ივან დიხოვიჩნი და მე

Advertisements

About nargiz

love music and not only this
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s