“ღამის სერენადები” ბათუმსა და გონიოში

 ვისაც ახსოვს ლიანა ისაკაძის „ღამის სერენადები“ ბიჭვინთაში, ნამდვილად გაეხარდებოდა, რომ იგივე ფესტივალი აჭარაში წელს უკვე მესამედ ჩატარდა.

 მე პირადად, შარშან პირველად და წელს უკვე მეორედ დავესწარი ამ ფესტივალს. შარშან უკლებლივ ყველა კონცერტზე მოვახერხე წასვლა. წელს კი ოთხი კონცერტიდან – მხოლოდ ორზე. სწორედ ამაზე მოგითხრობთ.

ჯერ შარშანდელზე მინდა ასეთი რამ გავიხსენო: იმ გაწბილებულ მაყურებლებს მოვიგონებ, რომელიც აღშფოთებას ვერ მალავდნენ, რომ პიანისტ ვლადიმერ ბერეზოვსკის ჩამოუსვლელობის გამო, ორგანოზატორებმა მათ ექსპრომტად ლიანა ისაკაძე შესთავაზეს გახსნის დღეს. ამას გარდა, პროგრამას ნიკა მემანიშვილის „ქართული კინოს“ პროექტი დაემატა, რომელიც ფორსმაჟორის გამო ნაწილობრივ ფონოგრამით წავიდა, რამაც კიდევ უფრო აღაშფოთა პლიაჟიდან მოსული პუბლიკა. ძალიან ვწუხვარ, რომ ნეგატივს, უფრო ადვილად ვეძებთ ყველაფერში, ვიდრე პოზიტივს და იმის ნაცვლად, რომ გავიხაროთ თუ როგორ მოასწრეს გამოსავლის პოვნა და საერთოდ, ფესტივალის გახსნის დღის გადარჩენა, მხოლოდ უკმაყოფილებას გამოვხატავთ.

 თუ შარშან ზოგიერთი მომთხოვნი მსმენელი გაწბილდა ბერეზოვსკის ჩამოუსვლელობის გამო, ვეტყვი, რომ წლევანდელი „ღამის სერენადების“ ყველა მოწვეული სტუმარი უკლებლივ ჩამოვიდა. ჩამოვიდნენ იმიტომაც, რომ სიამოვნებით გაწევრიანდნენ ლიანა ისაკაძის ახალ ანსამბლში, სახელწოდებით: „ფეისბუქის ვირტუოზები“

. ქ-ნ ლიანას ვკითხეთ, თუ როგორ მოუვიდა მას ამ ახალი ანსამბლის შექმნის იდეა:

 „- მე ვღებულობ სიამოვნებას ცხოვრებისგან და ამიტომაც ყოველთვის ვიგონებ ხოლმე კარგ რაღაცეებს! ფეისბუქი ყოფილაო რაღაც ეგეთი გავიგე, დამპატიჟეს შარშან, რომ შევსულიყავი ქსელში… მეც შევედი! ხოდა ამომივიდა იმდენი მეგობარი, გადასარევი ხალხი, მთელი მსოფლიოდან, იმდენი ნაცნობები, უცნობებიც… მეც ვიფიქრე, არ უნდა გავახარო მე ამდენი მეგობარი- თქო? ხოდა შევკრიბე ეს გენიოსები მთელი მსოფლიოდან. სუყველას სიამოვნებით მოუნდა ამ ახალ ორკესტრში დაკვრა და მეც ამ „ღამის სერენადებთან“ დაკავშირებით გადავწვიტე მათი მოწვევა.”

„ფეისბუქის ვირტუოეზები“ არ არის მუდმივმოქმედი ანსამბლი ერთი საცხოვრებელი ადგილით. მისი წევრები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში წარმატებულად მოღვაწეობენ; ხოლო როდესაც მათ „ფეისბუქის ვირტუოზების“ დამაარსებელი და მუსიკის მაგი, ლიანა ისაკაძე მოუხმობს, ყველანი ერთ ადგილზე ჩნდებიან და სასწაულებიც მაშინ იწყება.

 ჩამოგითვლით მათ, რათა დაინტერესების შემთხვევაში, თქვენ თვითონაც შეძლოთ ინტერნეტით მათი პროფესიული პორტფოლიოს გაცნობა:

ალექსანდრე რუდინი – ჩელო (რუსეთი), იური ჟისლინი -ალტი (ინგლისი), ფიოდორ რუდინი -ვიოლინო (საფრანგეთი),  ანა ლიზა ბეზროდნი – ვიოლინო  (ფინეთი),  ელენა დადუკევიჩი -ვიოლინო (უკრაინა),  დიმიტრი ბერლინსკი -ვილონო (აშშ), ევგენი ჟუკი – ვიოლინო (გერმანია), ალექსი ლუდევიგი -ალტი (რუსეთი), თამარა მელიქიანი -ჩელო (გერმანია),  კატია სკანავი – ფორტეპიანო (რუსეთი, საბერძნეთი),  ალისა მარგულისი -ვიოლინო (გერმანია),  ალექსანდრე პავჩინსკი – ვიოლინო (პორტუგალია),  ალექსანდრე  ბარანოვი -ვიოლინო (შვეიცარია).

საქართველოდან:  დავით მუქერია – დირიჟორი, თამარ ლიჩელი – ფორტეპიანო, ქეთევან თუშმალიშვილი  -ვიოლინო, გივი ნასარიძე ვიოლინო, ეკატერეინე ფანცხავა – ვიოლინო , გიორგი თაგაური  -ალტი,   გიორგი ჯორჯაძე – ჩელო, სერგო  ეროიანი – ალტი,  ანასტასია წერეთელი – ჩელო, დიმიტრი გაგულიძე  – კონტრაბასი.

ფესტივალის დღეები: 25-28 აგვისტო. ადგილი: 25 – ბათუმი. 26 -28 გონიო.

25 – ში კონცერტი ახლადგახსნილ ბათუმის ოპერის თეატრში ჩატარდა. ვისაც ეს შენობა არ გინახიათ ნამდვილად ღირს, რომ ერთხელ მაინც ეწვიოთ. ერთმა ახლაგაზრდა არქიტექტორმა მას „ სტიქიური კიჩი“ შეარქვა, რაც ჩემის აზრით, ზუსტად გამოხატავს ამ შენობის სტილს. იქ დამსწრე ბათუმის საზოგადოება შენობით აღფრთოვანებას ვერ მალავდა და ქანდაკება – მსახიობებთან, რომლებიც ბედის ირონიით, „მოძრაობის თეატრის“ წარმომადგენლები იყვნენ, სურათებს იღებდნენ. გთავაზობთ შენობის და ჰოლის რამდენიმე ფოტოს რათა თავადაც განსაჯოთ რასაც ვგულისხმობ.

 

 

 ალბათ ყველაფერს მივეჩვევით და ამ ახალ შენობასაც, როგორც ყველაფერ დანარჩენს. თუმცა იმ საღამოს ჰოლში სეირნობისას ისეთი უჩვეულო გრძნობა მქონდა, თითქოს თეთრ საქორწილო ტორტში აღმოვჩნდი შიგნიდან. თეთრ ჰოლთან შედარებით საკონცერტო დარბაზის ოქროსფერ – წითელი გამა ძალიან პომპეზური ჩარჩო აღმოჩნდა ლიანას „ღამის სერენადებისთვის“; მგონია, რომ მათ უფრო თავისუფალი, არტისტული სივრცე ესაჭიროეაბათ, რაც გონიოს ციხე-სიმაგრეს ნამდვილად გააჩნია.

       

გახსნის დღეს, შემოგვთავაზეს ორი საორკესტრო უვერტიურა და ორი კონცერტი. პირველ ორზე მოვიწყინეთ (ორივე რატომღაც ზედიზედ და უხალისოდ შესრულდა) მეორე ორზე კი გავიხარეთ. ალექსანდრე რუდინმა ფანტასტიურად შეასრულა ჩაიკოსვსკის „ვარიაციები როკოკოს თემაზე“ ჩელოსა და ორკესტრისათვის და მინდა აღვნიშნო, რომ ბათუმის ორკესტრმაც, დავით მუქერიას დირიჟორობით, აქ უკვე ღირსეული პარტნიორობა გაუწია მსოფლიოში განთქმულ ვიოლონჩელისტს.

   

 საინტერესოა, სხვადასხვა ქალაქების აუდიტორიების შედარება ერთმანეთთან: მაგალითად განსხვავებით თბილისელებისგან, ბათუმელებმა კარგად იცოდნენ, რომ კონცერტის ნაწილებს შორის ტაშის დაკვრა არაა საჭირო;  სამაგიეროდ,  დედაქალაქელებს პატარა ბავშვები არ დაჰყავთ კონცერტზე; ბათუმში კი ამან, კონცერტის მსვლელობის დროს “საინტერესო” ხმოვანი კაზუსები გამოიწვია.

 მეორე კონცერტი ლიანა ისაკაძემ და ალექსანდრე რუდინმა ერთად დაუკრეს. ეს იყო გაეტანო დონიცეტის ორმაგი კონცერტი ვიოლინოს, ჩელოსა და ორკესტრისათვის, რომელიც მე პირადად, პირველად მოვისმინე. დონიცეტის საოპერო კომპოზიტორის ნიჭის თაყვანისმცემელმა, ამ კონცერტით აღფრთოვანება, მხოლოდ შემსრულებლების ხარჯზე მომიწია. დარბაზის პომპეზურ სივრცეს ვერც ლიანას ცეცხლოვანი ტემპრამენტი და უსაყვარლესი ღიმილი მოერია და მთლიანობაში კონცერტი შედგა, მაგრამ დღესასწაული არა.

   

გთავაზობთ, ფრაგმენტს კონცერტის პირველი ნაწილიდან:

http://www.youtube.com/watch?v=OUaFoBQPXiM

ფესტივალის შემდეგი კონცერტი, რომელზეც მოვხვდი, რიგით მესამე, ნამდვილად სადღესასწაულო და თავისუფალ სივრცეში, გონიოს ციხე-სიმაგრის საზაფხულო სცენაზე გაიმართა. ერთადერთი დისკომფორტი ის იყო, რომ აკუსტიკური პრობლემის გამო მუსიკალურ საკრავებს მიკროფონები აძლიერებდნენ, რაც ხანდახან, მუსიკოსების მიერ გამოწვეულ არასასურველ ხმაურსაც (პერანგის ხახუნი და ა.შ.) აძლიერებდა. ვისურვებდი, რომ მომავალში, გონიოში, ანტიკური ამფითეატრი აშენდეს, თავისი არაჩვეულებრივი აკუსტიკით და “ღამის სერენადებიც” ღია ცის ქვეშ უკვე გამაძლიერებლების გარეშე მოგვესმინოს. თუმცა იმ დღის განსხვავებული სპეციფიკის გამო ამან ძლიერ არ შეგვაწუხა, რადგანაც ვიცოდით, რომ იმ დღეს მუსიკოსებს უნდა ეხუმრათ.

მუსიკოსებმა ჯერ შეასრულეს “სერიოზული” მუსიკა, ანუ ჩაიკოვსკის სექსტეტი “ფლორენციული სუვენირები”, სადაც ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქმე გვაქვს ძალიან მაღალი კლასის შემსრულებლებთან, ხოლო მეორე განყოფილება პროგრამაში გამოცხადებული იყო როგორც “მუსიკოსები ხუმრობენ”, სადაც ლიანას აღიარება, – რომ ის “ღებულობს სიამოვნებას ცხოვრებისგან და სულ ახალს და კარგ რაღაცეებს იგონებს” -ნამდვილად სისრულეში ვიხილეთ.

პირველად, ფესტივალი “მუსიკოსები ხუმრობენ” ლიანა ისაკაძემ 1987 წელს განახორციელა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. მაშინ ზედიზედ რამდენიმე კონცერტი ჩატარდა და ხალისი და ფანტაზია ნამდვილად არ აკლდა ამ სანახაობებს. ლიანას, მუსიკოსების ხუმრობებისკენ თურმე მხატვარ, გერარდ ჰოფნუნგის გრაფიკულმა ნამუშევრებმა უბიძგა.

 ჰოფნუნგის სახუმარო სკეჩებს, მუსიკოსების თემებზე, ჩვენ “ღამის სერენადების” ბუკლეტში გავეცანით. ვინც პირადად იცნობს მუსიკოსებს, კარგად იცის, რომ სცენის მიღმა მათ გართობა და მუსიკალური ხუმრობები ძალიან უყვართ; ჰოდა, რა გასაკვირვია, რომ ლიანა ისაკაძეს, მსოფლიოში ყველაზე გულწრფელი ღიმილის პატრონს, შინაურული ხუმრობები დიდ მაყურებელთან გამოსატანად არ ენანებოდეს?

  

 სამწუხაროდ, 24 წლის წინ, ლიანას ყველამ ვერ გაუგო; “მუსიკოსების ხუმრობების” მიმართ კრიტიკული შენიშვნები დადებით გამოხმაურებებს ანეიტრალებდა. ერთმა ცნობილმა მუსისკისმცოდნემ, რომელიც საერთოდ იშვიათად იღიმება, მაშინ დარბაზიდან წამოიყვირა: “ეს სირცხვილია!” და დატოვა დარბაზი პროტესტის ნიშნად, როდესაც შუბერტის “ავე- მარია” ნასოსზე შესრულდა. სამაგიეროდ, ვინც დავრჩით დარბაზში კიდევ დიდხანს ვიცინოდით მუსიკოსების ხუმრობებზე.

არა უშავს, ქალბატონო ლიანა! თქვენს ღიმილს ეს წყენა არ დასტყობია. მიხარია, რომ აგრძელებთ ღიმილს და კიდევ დიდხანს მინდა გეღიმებოდეთ და ჩვენც გვახარებდეთ ამით.

   

(გიგა კიტიას ფოტო – ალექსანდრე ვახტანგოვის სახელოსნო)

 “ნუ გეშინია იყო პატიოსანი და თუ ბრბო პატივს აღარ გცემს, დაიმახსოვრე, რომ ბრბო არსებობს წამიერად და პირობითად როცა კვდება, კვდება მარადიულად – შენ კი შეგიძლია მარადიულად იყო ცოცხალი”(ლიანა ისაკაძის მედიტაციებიდან).

 რამდენიმე წლის წინ, წინანადალში, გიდონ კრემერმაც თავის ანსამბლთან ერთად მეორე განყოფილებაში “მუსიკოსების ხუმრობები” გამართა, თუმცა ეს უკვე სხვა დრო, სხვა ხალხი და სხვა ადგილი იყო. მაშინ კრემერის კრიტიკა უკვე ვერავინ გაბედა.

შეგიძლიათ მოუსმინოთ “მუსიკოსები ხუმრობენ” პირველ ნომერს “უი-თუბზე” (სოლო პარტიას ასრულებს ლიანა ისაკაძე)

http://www.youtube.com/watch?v=4PwnmTjWHJA

 გონიოს კინცერტის მხიარულებას კი ჩვენი საყვარელი და მონატრებული მსახიობი, რეზო ჩხიკვიშვილი გაუძღვა. ვერ აგიწერთ, რა შარმი და იუმორი გადმოაფრქვია მან! არც კი ვიცი, რეზოზე უკეთ ამას ვინ გააკეთებდა.

  

 არც ის ვიცოდი, რომ რეზო თვითონაც გადასარევად უკრავს ჯაზს. იმ საღამოს რეზომ სახოგადოების გული ბევრჯერ მოიგო და ჯაზური იმპროვიზაციების დროს მართლაც ფეირვერკი დაატრიალა!

“ფეისბუქის ვირტუოზების” ყველა წევრი იმ საღამოს სიამოვნებით “ხუმრობდა”: მაგალითად ზოგი კოსტუმში გამოდიოდა, თუ საჭირო იყო უსტვენდა ან მთვრალს ანსახიერებდა.

  

  

  მევიოლინე თედორე რუდინმა დრამატული მსახიობობაც კი იტვირთა: საცურაო კოსტუმში გამოწყობილი თურქულად გაესაუბრა ცოტა ხანს საზოგადოებას; პასუხებმაც აჭარლებისგან არ დააყოვნა.

 შემდეგ კი “ხუმრობების” საგვირგვინო ნომერი, ლიანასთან ერთად შეასრულა. ნომერი ასე დაიწყო: ლიანა გამოვიდა ვიოლინოთი და აქაოდა მარჯვენა ხელი მტკივაო, საბანაო კოსტუმში გამოწყობილ რუდინს სთხოვა დახმარება. თედორეს ხემი ეჭირა, ხოლო ლიანა მხოლოდ მარცხენა ხელის თითებით უკრავდა. ძალიან ჩქარი და ვირტუოზული პიესა ისე დაუკრეს თითქოს ერთი ადამიანი უკრავსო!

   

გთავაზობთ ამ გამოსვლის ფრაგმენტს “იუ-თუბზე”:

http://www.youtube.com/watch?v=F8haIwvwOIs

ეს იყო ისეთი ეფექტური, რომ დარბაზი ოვაციებით და ტაშით აფეთქდა. არადა ვიცით, რომ ძალიან ძნელი იყო ამის გაკეთება! ამას გარდა, რუდინი პარალელურად, დაკვრისგან პაუზებში, სიგარეტსაც ეწეოდა:-)

 მართალია, წელს ყველა მუსიკალური ნომერი ერთნაერად სასაცილო არ გამოუვიდათ, მაგრამ ნუ განვსჯით მათ მკაცრად. აქ ხომ რეჟისორები და სცენარის ავტორებიც თვითონ მუსიკოსები არიან; ხოდა მათ ფანტასტიურად დაგვიკრეს და გვამხიარულეს. ჩვენც, შავის ზღვის ნაპირთან გარუჯვის შემდეგ, ვისიამოვნოთ იმ დღესასწაულით, რასაც “ღამის სერენადები” ჰქვია და რასაც ლიანა ისაკაძე ასე უხვად გვთავაზობს ყოველი წლის აგვისტოს ბოლოს.

სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ ფესტივალის  კულმინაციურ, დასკვნით დღის კონცერტს,  მე უკვე თბილისშჲ, ტელევიზიით ვუყურე, მაგრამ ამან,  ხელი  არ შემიშალა ჩემი აღტაცება არ გამოვხატო იმ დღით გამოწვეული ემოციით.

იმ დღეს სცენაზე კამერული ანსამბლი მთლიანად დაკომპლექტებული იყო პირველი კლასის სოლისტებით, ანუ: „ფეისბუქის ვირტუოზებით“.  პროგრამაც საინტერესო და ძალიან  მსუყე.  

დასაწყისში ჯერ მოცარტის „ღამის პატარა სერენადა“ შესრულდა.  პირველი ბგერებიდანვე, მოცარტის ამ   ჰიტად ქცეულმა  კომპოზიციამ სულ სხვანაირად გაიჟღერა: ამდენი ბრწყინვალი მუსიკოსი, ამდენი ფანტასტიური ინსტრუმენტი, გონიოს ციხის ზაფხულის სხცენაზე – ყველაფერი ეს რაღაც დაუვიწყარ ემოციას  ბადებდა.

პირველი ვიოლინოზე  იყო იური ჟისლინი;  ორკესტრი უკრავდა დირიჟორის გარეშე; 

უკრავდნენ როგორც ერთი, შეწყობილად და ძალიან  ხალისიანად.  როგორ ვოცნებობ ხოლმე, რომ კამერული თუ სიმფონიური ორკესტრის წევრებმა, პროფესიონალიზმთან ერთად,  მეტი ხალისი გადმოაფრქვიონ ხოლმე სცენიდან!  ალბათ მსოფლიოში დაფასებული ვირტუოზი თუ არ ხარ, ამის მოთხოვნა რიგითი ორკესტრანტისგან   ნამეტანია   ჩემის მხრიდან…

შემდეგ დაუკრეს მენდელსონის რე მინორის კონცერტი (რომელიც უფრო იშვიათად სრულდება, პოპულარულ მი მინორის კონცერტთან შედარებით) ვიოლინოსა და ორკესტრისათვის; სოლისტი დიმიტრი ბერლინსკი. პაგანინის კონკურსის ლაურეატმა, ამერიკელი დიმიტრი ბერლინსკის შესრულებამ არ შეიძლებოდა აღფრთოვანებაში არ მოეყვანა ადამიანი;  3 ნაწილიან კონცერტში მან გრძნობების მთელი გამა გადაგვიშალა – დრამატული თხრობიდან ( მეორე ნაწილში)  გულღია მხიარულობამდე (მესამე ნაწილი). უდიდესმა მუსიკოსმა ბერლინსკიმ,  ფანტასტიურ ორკესტრის წევრებთან ერთად განუმეორებელი შთაბეჭდილება მოახდინეს ამ შესრულებით, მაგრამ კონცერტის კულმინაცია ჯერ კიდევ წინ იყო.

შემდეგი ნაწარმოები იყო მოცარტის საფორტეპიანო კონცერტი ორკესტრთან ერთად. სოლისტი კატია სკანავი. საერთაშორისო აღიარება მას  18 წლის ასაკში მარგარიტა ლონგისა და ჟაკ ტიბოს კონკურსზე გამარჯვებამ მოუტანა. შემდეგ იყო მარია კალასის კონკურსი საბრძნეთში და ისევ გამარჯვება. „ იგი საოცრად მომხიბვლელი არტსისტია და მარ  არ ეშინია რომანტიული პიანისტის როლი შეასრულოს“ წერდა მასზე „ვაშინგტონ პოსტი“ 2000 წელს.  მოცარტის შესრულებით მან  თავისი რომანტიული ნატურა დახვეწილ კლასიკურ ჩარჩოებში მოაქცია და მსმენელიც ამით განსაკუთრებით მოიხიბლა.

მეორე განყოფილებაში სცენაზე უკვე ფესტივალის  სულისჩამდგმელი, ლიანა ისაკაძე სოლირებდა. მან შეასრულა ვივალდის მი მინორის სავიოლინო კონცერტი.  ლიანას დაუფარავი ემოციურობა ყოველთვის ჩქეფს; სადღაც ზეციდან მოედინება თითქოს. ამ კონცერტშიც მას ეს ღვთაებრივი იმპულსი მთელი ნაწარმოების განმავლობაში მოჰქონდა ჩვენთვის და ორკესტრის განუმეორებელი წევრები მას ტოლს არ უდებდნენ ამაში. როგორ ვინანე, რომ კონცერტის დასრულებისას იქ არ ვიყავი!  მინდოდა ჩემი აღფრთოვანების ხმა შემსრულებლების ყურამდე მისულიყო, თუმცა „ბრავო“- ს  ძახილი და ტაშის დაკვრა ტელევიზორის წინაც არ დამიკლია!!

(ეს ფოტო გადაღებული ტელევიზორიდან)

მაგრამ წინ კიდევ ერთი კულმინაცია გველოდა.

პაგანინის ცნობილი 24 -ე კაპრისი, დამუშავებული კამერული ორკესტრისათვის ლიანა ისაკაძის მიერ იყო ის, რასაც მე,  მთელი კონცერტის და ფესტივალის ზეიმს დავარქმევდი. ვირტუოზული ვარიაციები ცნობილ თემაზე რიგ-რიგობით ორეკსტრანტების  და სოლისტის, თავად ლიანა ისაკაძის მიერ სრულდებოდა. სოლოს შესრულებისას ორკესტრის რომელიმე წევრი ფეხზე დგებოდა და ისე უკრავდა; შემდეგ ისევ ჯდებოდა და ორკესტრის რიგითი წევრი ხდებოდა. მეხუთე ვარიაცია თავად ლიანამ ისეთ ტემპში და ისეთი ცეცხლით დაუკრა, რომ დასრულებისას შემოჰყვირა სიხარულით, რათა სული მოეთქვა. ორკესტრსაც ეს ცეცხლი გადაედო და კიდევ უფრო მგზნებარე კონკურსი გაიმართა მუსიკოსებს შორის. ამდენი ვირტუოზი ერთად, ამდენი მსოფლიოში  საუკეთესო ინსტრუმენტების ჟღერადობა ერთდროულად, ალბათ ძალიან იშვიათი მოვლენაა საკონცერტო პრაქტიკაში და ჩვენ ამის მომსწრენი გავხდით. ვისურვებდი, რომ კონცერტის ეს ვიდეო ჩანაწერი DVD  დისკებზე გაიყიდოს და ჩვენი საშინაო ბიბლიოთეკის მაგრალიტად იქცეს.

„ფეისბუკის ვირტუოზების“ ეს ზეიმი ამ ნომრით არ დასრულებულა. შესრულდა კიდევ ბრამსის საფორტეპიანო ტრიოს ფინალი,  დამუშავებული ორკესტრისათვის  ლიანა ისაკაძის მიერ.  სოლისტები: ლიანა ისაკძე, (ვიოლინო) ალექსეი ლუდევიგი (ვიოლინო) თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო). ესეც საინტერესო მოვლენაა დღევანდელ საკონცერტო ცხოვრებაში: კვარტეტების გაჟღერება კამერულ ორკესტრებში. ძალიან სასიამოვნო ჟღარადობა იყო.  კონცერტი გრძელდებოდა და კონცერტი არ გღლიდა, რადგანაც მისი დრამატურგია ძალზე საინტერესოდ იყო აგებული.

 დასასრულს ყველას ელოდა სიუპრიზი:  აფხაზეთიდან მოწვეულმა მომღერალმა სალომე ჯიქიამ , ლიანა ისაკაძემ და თამარ ლიჩელმა (ფორტეპიანო) ერთად შეასრულეს რახმანინოვის რომანსი «Не пой красавица  при мне ты песен Грузии далекой »

წლევანდელი „ღამის სერენადები“ ქართველი და აფხაზი ხალხის მეგობრობას მიეძღვნა და ეს  მთელი ფესტივალის სავსებით ლოგიკური დასასრული  გამოვიდა.

იმ საღამოს  შევიტყეთ, რომ ქალბატონი ლიანა წელს იუბილარია და ფესტივალის სპონსორმა „ბანკმა რესპუბლიკამ“ მას ანაბრიანი ბარათი გადასცა  საჩუქრად.

საიუბილეო თარიღს გილოცავთ ქალბატონო ლიანა! ღმერთმა არ მოგაკლოთთ ჩვენდა გასახარად ახალი იდეები და მომავალ შეხვედრამდე „ფეისბუკელო ვირტუოზებო“!!

 “ჩვენ უნდა მოგვყვებოდეს არსებობის სიხარული, ვუზიარებდეთ მას ყველას და სიყვარულით განვაგრძობდეთ სვლას მშვენიერი გზით.” (ლიანა ისაკაძეს მედიტაციებიდან)

     

 სურათზე გამოსახულნი არიან: თათა ლიჩელი (ფ-ნო) კატია სკანავი (ფ-ნო) ლიანა ისაკაძე   

   პუბლიკაციაში გამოყენებული ზოგიერთი ფოტოს ავტორია გიგა კიტია – ალექსანდრე ვახტანგოვის სახელოსნო.

Advertisements

About nargiz

love music and not only this
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s