ფესტივალი “შემოდგომის თბილისი”

ტრადიციული საერთაშორისო ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში,  წელს მე – 19 ედ გაიმართა. 

სექტემბერ – ოქტომბერში  თბილისში, პარალელურად საერთაშორისო თეატრალური ფესტივალიც მიმდინარეობდა. მით უფრო სასიამოვნო იყო კლასიკური მუსიკის მოსასმენად მოსული ხალხის სიმრავლე. არავისთვის არაა ეს ახალი, რომ დღეს, კლასიკური მუსიკის კონცერტზე დასავლეთში მხოლოდ შუა ხნის ასაკის ადამიანები დადიან. თუ რატომ, ეს ამ რეცენზიის  განხილვის მიზანს არ წარმოადგენს. მით უფრო სასიხარულოა, რომ ჯანსუღ კახიძის ცენტრში,  „შემოდგომის ფესტივალზე“ წელს,  ყველა ასაკის ადამიანთა სიმრავლე იყო. ეს ალბათ გამოწვეულია იმითაც, რომ განახლებულ დარბაზში, ბილეთის ფასები არ გაძვირებულა და ნებისმიერი ბიუჯეტის მსმენელი (5 -დან  25 ლარამდე) ერთნაირ პირობებში იმყოფება, როგორც ხილვადობის, ასევე სმენადობის თვალსაზრისით.

ყოველწლიური „შემოდგომის ფესტივალი“ 1993 წელს ჯანსუღ კახიძემ დააარსა, ხოლო 2002 წლიდან, ამ ფესტივალის სათავეში, მუსიკალური ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, მისი ვაჟი კომპოზიტორი და დირიჟორი ვახტანგ კახიძეა. წელსაც მან ძალიან საინტერესო პროგრამა და სტუმრები შემოგვთავაზა:  10 კონცერტი და პირველად ფესტივალის ისტორიაში  ოთხი მოწვეული დირიჟორი,  რასაკვირველია, ასევე მოწვეულ  სოლისტებთან ერთად.

თარიღები: 20 სექტემბრიდან 13 ოქტომბრამდე.

ვახტანგ კახიძე:წელს  მე პირველად გადავწვიტე მომეწვია დირიჟორები. თვითონ მე მხოლოდ ორ კონცერტში ვმონაწილეობ, დანარჩენ ოთხ სიმფონიურ კონცერტს მოწვეული დირიჟორები უხელმძღვანელებენ.  სუყველა მათგანი ძალიან ცნობილია:  მაგალითად, პირველ კონცერტს უდირიჟორებს ტან ლიჰუა ჩინეთიდან;  იგი პეკინის სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური დირექტორი და მთავარი დირიჟორია. აქ გამოვა აგრეთვე საერთაშორისო სახელის მქონე  ესპანელი დირიჟორი,  პერეს სიერა; რუსეთიდან ფელიქს კორობოვიიგი მოსკოვის მუსიკალური თეატრის მთავარი დირიჟორია;  ასევე განთქმულია ამერიკაში უინსტონ დენ ფოგელიიგი აშშ საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია,  რომელიც დასკვნით კონცერტს უდირიჟორებს. მოწვეული დირიჟორების ჩამოყვანა იმანაც განაპირობა, რომ ორკესტრის მუსიკოსები უკვე იმ დონეზე არიან, რომ ნებისმიერ დირიჟორთან შეუძლიათ დაკვრა. მეც რომ ვუსმენ მათ დარბაზიდან  და ვაკვირდები, ვხედავ, თუ როგორ მუშაობენ სხვასთან. ეს საინტერესო  გამოცდილებაა ჩემთვისაც.“

ძნელია, მთლიანად წარმოგიდგინოთ მთელი ფესტივალის მრავალფეროვანი პროგრამა და შთაბეჭდილებები, მითუმეტეს, რომ 10 – დან 2 კონცერტს  მე სამწუხაროდ ვერ დავესწარი, მაგრამ მაინც შევეცდები მოკლედ ვიმოგზაუროთ, ამ მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენის გარშემო.

          პირველივე კონცერტზე დირიჟორმა ტან ლიჰუამ ჩინელი კომპოზიტორის, კე ჯი ფანგის ტიბეტური ცეკვა სიმფონიური ორკესტრისათვის  შემოგვთავაზა. ეს  ნამდვილად უცხო  და სასიამოვნო ჰანგი იყო ქართველი მსმენელისათვის. საერთაშორისო კონკურსებზე არაერთგზის გამარჯვებულმა და მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა პიანისტმა, თათა ლიჩელმა პროკოფიევის მესამე საფორტეპიანო კონცერტი ჩვეული პროფესიონალიზმით წარმოგვიდგინა. თათას პროფესიონალიზმს ხელეწიფება ნებისმიერი სირთულის და ემოციიის ნაწარმოების გათავისება და საკუთარი ინტერპრეტაციის დელიკატური შეთავაზება, რაც ახლოსაა ხოლმე ავტორისეულ ჩანაფიქრთან. ასე მოხდა იმ დღესაც.

კონცერტი შემდეგ, დირიჟორმა სიბელიუსის № 1 სიმფონია დაუკრა.  ჩინელი დირიჟორისმიერმა ინტერპრეტაციამ  ძალიან ამაღლებულ განწყობაზე დაგვაყენა; ფინელი კომპოზიტორის ნაღვლიანი, პატრიოტულ-რომანტიული განწყობები აღმოსავლური ტემპერამენტით გაამდიდრა, რამაც დარბაზის გამოცდილი მსმენელის მგზნებარე აპლოდისმენტები გამოიწვია.

  ჩინელი დირიჟორი ტან ლიჰუა და თბილისის სომფონიური ორკესტრი

 

 საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი პიანისტი, თამარ ლიჩელი

მეორე კონცერტის პროგრამა მთლიანად ჯაზური სტილით შთაგონებული ნაწარმოებებით იყო შედეგენილი: გერშვინი, კახიძე, ბერსტაინი. გერშვინის „ცისფერ რაფსოდიაში“ საფორტეპიანო სოლოს გიორგი მიქაძე ასრულებდა. მანვე წარმოგვიდგინა ვახტანგ კახიძის № 1 საფორტეპიანო კონცერტი ორკესტრთან ერთად. გიორგი დღეს ქალაქ ბოსტონის ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში სწავლობს ჯაზის განყოფილებაზე. მას ხშირად უწევს გამოსვლა ცნობილ მუსიკოსებთან ერთად. იგი ბავშვობიდანვე მრავალი კონკურსის მონაწილე და პრიზიორია.

 გიორგი მიქაძე თბილისის სომფონიურ ორკესტრთან ერთად ასურლებს ვახტანგ კახიძეს პირველ საფოტეპიანო კონცერტს

 გიორგი მიქაძე და ვახტანგ კახიძე კონცერტის დასრულების შემდეგ

გიორგი მიქაძე: განსაკუთრებული გრძნობა მაქვს დღეს! მე ამ დარბაზში, როგორც სახლში ისე ვარ. დიდ მაესტროს (.კახიძე) ბიჭუნათა გუნდში ვმღეროდი, მაშინ გუნდის სოლისტი ვიყავი და დღეს პირველად, ვახტანგ კახიძესთან ერთად დავუკარი სოლო,  თანაც მის საფორტეპიანო კონცერტში; ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც ავტორთან ერთად ასრულებ. ჯერ არ მისაუბრია მასთან, მაგრამ შემიძლია უკვე გითხრათ, რომ კონტაქტი შესრულების დროს არაჩევულებრივი გვქონდა!“

ვახტანგ კახიძე: ეს კონცერტი მე მოსკოვში დავწერე, როდესაც მეოთხე კურსზე ვსწავლობდი პროფესორ სიდელნიკოვთან. მაშინ, მოსკოვის კონსერვატორიის სტუდენტობის  ერთი  ნახევარი მუსიკას პროკოფიევის სტილში სწერდა, ხოლო მეორე ნახევარი შოსტაკოვიჩის სტილში.

როდესაც ეს ჯაზური კონცერტი წარმოვადგინე იმ დროისათვის ეს უჩვეულო იყო, თუმცა ყველამ მოიწონა; გააგზავნეს საკავშირო კონკურსზე და დამაჯილდოვეს პრემიით, რაც იმაში გამოიხატა, რომ ეს კონცერტი მე შევასრულე ცნობილ დირიჟორ, ვერონიკა დუდაროვასთან ერთად.”

ნ.გ. – კონცერტის მთავარი თემა ჩვეულებრივი დო მაჟორია; ჰქონია თუ არა სხვა კომპოზიტორს ანალოგიური იდეა – გამა, როგორც მთავარი თემა გამოეყენებინა?

ვახტანგ კახიძე: – “მე არ გამიგია, ყოველშემთხვევაში! მე მინდოდა მეჩვენებინა, თუ რა შესაძლებლობებიმეტამორფოზები –  შეიძლება განავითარო ჩვეულებრივი მაჟორული კილოდან, თანაც ჯაზური კომპოზიციის ელემენტებით.  ამ ნაწარმოების მოსმენის შედეგად ბევრმა სოლისტმა შემიკვეთა საკონცერტო ნაწარმოები სხვადასხვა საკრავებისათვის;  მე დავწერე კონცერტი ალტისა და სიმფონიური ორკესტრისათვის იური ბაშმეტისათვის, გიდონ კრემერის დაკვეთით ვიოლინოსათვის და ემილია ბარანოვსკაიათვის ჩელოსა და ორკესტრისათვის.“

ფესტივალის მესამე კონცერტი განსხვავდებოდა სხვა დღეებისგან იმით, რომ მასში ორღანი მონაწილეობდა და კიდევ იმით, რომ იმ დღეს ორი მსოფლიო პრემიერა გაიმართა.

ახალი ორღანი ძალიან მოუხდა დიდი დარბაზის დიზაინს, სადაც თავად ორღანისტი, სცენის აივანზეა მოთავსებული. 

თბილისის მუსიკალური ცენტრის ახალი ორღანი

საორღანო პროგრამასთან დაკავშირებით, გერმანიიდან ჩამოვიდა ცობილი  ორღანისიტი ჰანს დიტერ კარასი. იმ დღეს მანს შეასრულა ჯერ ლისტის “ფანტაზია და ფუგა” მეორბერის თემაზე სოლო ორღანისთვის, ხოლო შემდეგ საკუთარი “ფანტაზია” ორღანისა და ორკესტრისათვის, რომლის მსოფლიო პრემიერა იმ დღეს შედგა.   

ლისტის ურთულესი კომპოზიცია ნამდვილად დიდებულად შეასრულა კარასმა და მსმენელიც ლამაზი, საორღანო მუსიკის მედიტაცაციაში გვამყოფა; რაც შეეხება საკუთარ თხზულებას, აქ, რბილად რომ ვთქათ, კომპოზიცია გრძელი და მოსაწყენი იყო და მარტო მე არ ვიყავი ამ აზრის. მართალია სტუმარ-კომპოზიტორს დარბაზმა ეს არ აგრძნობინა და როგორც თბილისს სჩვევია, მაინც თბილი ტაშით დააფასა იგი.  

მეორე განყოფილებაში ჩვენ გველოდა ვახტანგ კახიძის „ალელუიას“ პირველი შესრულება მსოფლიოში, რომელიც კომპოზიტორმა ჩელოს, ორღანისა და ხმისთვის დაწერა. ჩელოს პარტია გერმანელმამუსიკოსმა, მრავალი პრიზის მფლობელამ ბეატე ალტენბურგმა შეასრულა, ხოლო ვოკალური პარტია ნატალია ქუთათელაძემ.     ნატალია, ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი და ეკა მამალაძის ქალიშვილია; მით უფრო დიდი იყო მსმენელის ინტერესი მისი გამოსვლის მიმართ. „ალელუიამ“ მოგვხიბლა თავისი გულწრფელი ინტონაციით, ტემბრალური გამჭვრივალობით. სამი ინსტრუმენტი – ორღანი, ჩელო და ვოკალი ერთმანეთს დელიკატურად აცლიდნენ სათქმელს. მეცოს დაბალი და ჩუმი რეგისტრი ლოცვასავით ჟღერდა. ნატალიას თბილი და  ობერტონებით მდიდარი ხმა მოუხდა ამ განწყობას.  სიტყვები – მხოლოდ „ალელუია“.  სამივე ტემბრი ერთად კი,  ძალიან თბილ და ცოტა მისტიურ განწყობას ქმნიდა.

ჰანს დიტერ კარასი და ვახტანგ კახიძე

მომღერალი ნატალია ქუთათელაძე

მარცნიდან მარჯვნივ: ბეატე ალტენბურგი, ჰანს დიტერ კარასი, ვახტანგ კახიძე , ნატალია ქუთათელაძე

შეგიძლიათ მოისმინოთ კონცერტის დროს ცოცხალი ჩანაწერის ფრაგმენტი „უი-თუბზე“:

 http://www.youtube.com/watch?v=S–FiqG2rLA

“Aleluia” Vakhtang Kakhidze

ამ ნაწარმოების შექმნის ისტორიაზე ინტერვიუ თავად კომპოზიტორს ჩამოვართვი.

ვახტანგ კახიძე: ““ალელუია“ დავწერე 1994 წელს, საფრანგეთის დაკვეთით. მაშინვე ჩაიწერა, გრენობლთან ახლოს მდებარე ერთ დარბაზში, სადაც  ძალიან საინტერესო ორღანია. . ამ ორღანს არა მარტო კარგი  ხმოვანება აქვს, არამედ  იშივიათი დიზაინიც: იგი ხელის მარცხენა მტევნის ფორმისაა. ჩაწერაში მონაწილეობდა ფრანგი ორღანისტი და ჩელისტი, ემილია ბარანოსვსკაია,  ვისთვისაც იყო ეს ნაწარმოები მიძღვნილი. სხვათაშორის, ვოკალური პარტიაც მაშინ თვითონ ემილიამ შეასრულა.  ეს ჩანაწერი შევიდა ჩემი ნაწარმოებების დისკზე, რომელიც „სონი კლასიკალ|“ -მა გამოსცა. “ შემდეგ უნდა შესრულებულიყო პრემიერა პარიზში, მაგრამ  სხვადასხვა  მიზეზების გამო ვერ მოხერხდა და აი დღეს, 17 წლის შემდეგ, როდესაც   „შემოდგომის  თბილისზე“ შეიკრიბნენ ორღანისტი და ჩელისტი გერმანიიდან, მე შევთავაზე და მუსიკოსებიც სიამოვნბით დამეთანხმნენ; ფაქტირუად მსოფლიო პრემიერა გამოვიდა.!“

ნ.გ. თუ  შეიძლება, შენი ნაწარმოებების მუსიკალურ ენაზე გვიამბე; 21 -ე საუკუნეშჲ შენ ტონალურ მუსიკას წერ…

ვ.კ.  “კი, მე ტონალურ მუსიკას ვწერ;  იმიტომ , რომ ვთვლი, რომ შვიდი ნოტი ჯერ არ არის ამოწურული! მე მიყვარს მელოდია, ჰარმონია ….ბევრი ტექნოლოგიები ვცადე, მაგრამ იქ აბსოლუტურად დავკარგე ჩემი თავი… ეს კი, ის მუსიკაა , რასაც მე ვწერ; ვისაც მოსწონს, მოსწონს, ვისაც არა … ბებრი ტექნოლოგიები ვცადე, მაგრამ იქ ამსოლუტურად დავკარგე ჩემი თავი …ეს კი, ის მუსიკაა, რასაც მე ვწერ; ვისაც მოსწონს, მოსწონს, ვისაც არა….

 ნ.გ. დღევანდელი რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან მოსწონთ! ფიქრობ, რომ მუსიკის მომავალი მაინც მელოდიაშია? 

ვ,კ, „ასე ვერ იტყვი!   ყველაფერს წყვიტავს პიროვნება, კომპოზიტორი; შონბერგიდა ბერგი, რომ წერდნენ მუსიკას, იმ გაგებით როგორსაც მოცარტი და მალერი წერდნენ, მელოდიას ვერ დაარქმევ… გააჩნია თვითონ კომპოზიტორი რაში იპოვის თავის მუსიკალურ ენას და როგორ გაუკეთებს მას რეალიზაციას… მე მაგალითად ჩემი თავის ვიპოვე ამაშჲ… მთავარია, რომ კომპოზიტორმა იპოვოს თავისი თავი და იყოს ცნობადო, როდესაც ცნობ კომპოზიტორის მუსიკას!“ 

კონცერტის დასასრულს, აუდიტორიამ დიდხანს არ გაუშვა ვახტანგ კახიძე სცენიდან. ბოლოს მან  ორკესტრთან ერთად,  ბისზე  საკუთარი მუსიკა კინოფილმიდან „რუსული სამკუთხედი“  შეასრულა.  ნამდვილად ძალიან ემოციური კონცერტის დასასრული გამოვიდა! ეს საღამო შეიძლება მთელი ფესტივალის კულმინაციად ჩაითვალოს. ვატოს მელოდიურმა ნიჭმა ამ მუსიკაში ფრთები შეისხა და შიშველ ემოციად გადმოიღვარა. დარბაზი აფეთქდა ტაშებით, რაც იმის ნათელი დასტური იყო, რომ შვიდი ნოტი ჯერ ნამდვილად არ არის ამოწურული…

შეგიძლიათ მოისმინoთ კონცერტის დროს ცოცხალი ჩანაწერის ფრაგმენტი „უი-თუბზე“:

http://www.youtube.com/watch?v=tGuEbmIhkyU 

The Russian Triangle” by Vakhtang Kakhidze

ჟანრობრივი მრავალმხრივობა „შემოდგომის ფესტივალის“ თანმდევი ნაწილია და მართლაც მეოთხე კონცერტზე ორგანიზატორებმა  ჯაზური მუსიკის საღამო შემოგვთავაზეს. შემსრულებლები:  ჯაზ-კვარტეტი: ზურაბ რამიშვილი (ფ-ნო) რევაზ კიკნაძე (საქსაფონი) პავლე კვაჭაძე (კონტრაბასი) გიორგი სალაღიშვილი (დასარტყამი).

კვარტეტის წევრებმა შეასრულეს ჯაზის, როგორც სტანდარტული კომპოზიციები, ასევე ორიგინალური. ერთ – ერთი მათგანი, „შემოდგომა“ ზურაბ რამიშივლისაა; ძალიან ნაცნობი, ნოსტალგიური მელოდიით. კარგი რითმული ანსამბლით შეასრულეს მუსიკოსებმა ასევე ტელონიუს მონკის სტანდარტები. იგრძნობოდა, რომ კარგ ტალღაზე იყვნენ იმ საღამოს.

ჯაზ – კვარტეტი: ზურაბ რამიშვილი (ფ-ნო) რევაზ კიკნაძე (საქსოფონი) პავლე კვაჭაძე (ბასი) გიორგი სალღიშვილი (დასარტყამები)

 

რევაზ კიკნაძე (საქსაფონი) და ზურაბ რამიშვილი (ფ-ნო)

თუმცა, დროში ცოტა გაიწელა ეს საღამო – კვარტეტმა შეუსვენებლივ ორი საათზე მეტ ხანს დაუკრა, ნაცვლად1 საათი და 20 წუთისა, როგორც გაირკვა მოგვიანებით.  მართალია, ძალიან კარგი მუსიკოსები არიან, მაგრამ ასე შეუსვნებლივ, მინიმალური ინტერაქტიულობით (კომპოზიციები,  მესამის შემდეგ თითქმის აღარ ცხადდებოდა), თანაც დიდ საკონცერტო დარბაზში და არა კლუბში, ცოტა მოსაწყენი აღმოჩნდა.  ამხელა დარბაზს ბიგ ბენდი ვერ გაავსებდა ორი საათის განმავლობაში, არათუ კვარტეტი ძირითადად ერთი სოლისტით.  

საერთოდ ჯაზი დღეს მსოფლიო კრიზისს განიცდის.  ამერიკაში დღეს ახალაგაზრდები არ დადიან იმ კლუბებში სადაც ჯაზს უკრავენ. რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში? ამ კითხვით კვარტეტის წევრებს  მივმართე კონცერტის შემდეგ.

ზურაბ რამიშივლი: (ფ-ნო)წელს გაიხსნა ჯაზის კოლეჯი თბილისში, სადაც მე ვასწავლი. სხვათაშორის ბევრი ნიჭჲერი ახალგაზრდა მოდის.  ჩვენთან ხომ იცით ყველაფერი დაგვინებით მოდის; ამიტომ ჯერ-ჯერობით ჯაზის მიმართ ახლაგაზრდების მხრიდან  ინტერესს არ ვუჩივით.“

რევაზ კიკნაძე: „ჩვენ ყველანი ერთად, ვაკეში, ჯაზ-კლუბში  გამოვდივართ ხოლმე; იქ მობრძანდით და ნახავთ როგორი ცხოველი ინტერესია.   რაც შეეხება ამერიკელებს, მართალი ხართ!  ამიტომ ამერიკელი  ჯაზმენები ევროპაში მორბიან, რადგანაც იქ აღარაა ჯაზი პოპულარული. დღეს მე ვერც კი შევნიშნე როგორ გადავაცილეთ დროს; საერთოდ მე ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი ვარ; ჯაზი კი,  ერთ-ერთი ნაწილია ჩემი შემოქმედების.“ 

ძალიან სასიამო ნო პიროვნება აღმოჩნდა ბატონი რეზო! მასზე დოკუმენტური ფილმიც მინახავს და მისი ელექტრონული მუსიკაც ძალიან საინტერესოა. აუცილებლად უნდა წავიდე ბერძენიშვილის ქუჩაზე ჯაზ-კლუბში; დარწმუნებული ვარ, რომ  იქ, სულ სხვა შთაბეჭდილება დამრჩება… 

მომდევნო კონცერტი „შემოდგომის თბილისისა“, მთლიანად დვორჟაკის შემოქმედებას მიეძღვნა.  გერმანელმა ვიოლონჩელსიტმა , ჩვენთვის უკვე ნაცნობმა ბეატე ალტენბურგმა, დვორჟაკის კონცერტი ორკესტრთან ერთად შეასრულა, რომელსაც ესპანნელი მიგელ პერეს სიერა დირიჟოროდბდ.  ბეატეს შესრულება კრიტიკოსებს დაუხასიათებიათ  „ განსაცვიფრებელი სიღმით“ და „უსაზღვრო ენერგიით“;  მე დავუმატებდი  – არაჩვეულებრივი სინაზით ბგერის და ზოგადად მელოდიის მიმართ..

 

ვიოლონჩელისტი ბეატე ალტენბურგი

დირიჟორი ხოსე მიგელ პერეს სიერრა და ვიოლონჩელისტი ბეატე ალტენბურგი

კულისებში  სახელმწიფო კვარტეტის  მევიოლინე, კონსტანტინე ვარდელი ულოცავს ბეატე ალტენბურგს  

 ვილონჩელისტს ერთი შეკითხვა დავუსვი კონცერტის  შემდეგ:

ნ.გ.  როგორ ფიქრობთ, რა მესიჯი იყო ამ ნაწარმოებში თქვენი დღევანდელი შესრულებით? 

ბეატე ალტენბურგი: „როდესაც ამ კონცერტს დვორჟაკი წერდა, ის სამშობლოში, ჩეხეთში უნდა გამგზავრებულიყო ამერიკიდან; მეც ახლა გერმანიაში მივდივარ დიდი ხნის არყოფნის შემდეგ. ამიტომ ამ გრძნობას ალბათ მონატრებას დავარქმევდი“ 

ბეატე მადრიდში ცხოვრობს და მუშაობს. თბილისიდან სახლში მომეგზავრებოდა.  ჩვენც მასთან და დვორჟაკთან ერთად, სამშობლოს მონატრების გრძნობას ვეზიარეთ იმ საღამოს.

ფესტივალის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ტრადიციულად, წელსაც ერთი კონცერტი ქართულ ფოლკლორის საღამოს დაეთმო. კერძოდ, ანსაბლ „შვიდკაცას“ 55 წლის იუბილეს. ჩემდა სამწუხაროდ, ავადმყოფობის გამო, ვერც ამ და ვერც მომდევნო, სიმფონიური მუსიკის კომცერტს მე ვერ დავესწარი. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საიტერესო პროგრამის და მონაწილეების გათვალისწინებით ორივე კონცერტი ფესტივალის ღირშესანიშნავი მოვლენა უნდა გამხდარიყო. ამიტომ, ჩემს თხრობას „შემოდგომის თბილისის“ გარშემო,  მომდევნო კონცერტით გავაგრძელებ.

შემდეგი კონცერტი, რომელსაც დავესწარი, თბილისის სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით გაიმართა.  ეს ტრადიცია, ვახტანგ კახიძემ,  გასული ზამთრიდან დააწესა,  როდესაც კონცერტების მთელი სერია გამართა ორკესტრის სოლისტების მონაწილეობით.  ფესტივალზე მათი მონაწილეობით კამერული მუსიკის საღამო მოეწყო მცირე დარბაზში. სოლისტებმა ჩვენ საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამა შემოგვთავაზეს. განსაკუთრებით ვისიამოვნეთ კლარნეტისტ, შოთა გოგოძეს გამოსვლით, რომელმაც ვიდორის ინტროდუქცია და რონდო შემოგვთავაზა. ასევე მინდა ავღნიშნო ფლეიტისტი ნატალია ლომინაძე, რომელმაც პულენკის სონატა შეასრულა.

დასასრულს, ორკესტრანტებმა მენდელსონის და შოსტაკოვიჩის ოქტეტები წარმოგვიდგინეს. ახალი და საინტერესო  კამერული მუსიკის  შესრულებით  იმ საღამოს,  მსმენელმაც ისიამოვნა და ორკესტრის მუსიკოსებსაც პროფესიული დახვეწის სერიოზული მოტივაცია გაუჩნდათ. 

გიორგი შამანაური (ფლიუგოერჰორნი) და ალექსადრე ვასაძე (ფ- ნო)

 

ნატალია ლომინაძე (ფლეიტა) 

და ბოლოს, ფესტივალის დასკვნითი კონცერტი, რომელიც 13 ოქტომებრს გაიმართა.

დირიჟორობდა ამერიკელი უინსტონ დენ ფოგელი, რომელიც 1994 წლიდან აშშ – საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია.  თავიდან შესრულდა ვაგნერის უვერტიურა ოპერიდან „ტანჰოიზერი“. უნდა ითქვას,  რომ თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა,  მოწვეულ დირიჟორთან ერთად, შესანიშნავად შეასრულა სიმფონიური მუსიკის ეს მარგალიტი, რითაც ჩვენ კიდევ ერთხელ მდავრწმუნდით, რომ დღეს ის საუკეთესო ორკესტრია საქართველოში.  მონდა ავღნიშნო სასულე საკრავთა ჯგუფის მუსიკოსთა მნიშვნელოვანი როლი და განსაკუთრებით ტუბის სოლო, სადაც მუსიკოსმა  ბრწყინვალედ აამღერა ვაგნერის უკვდავი მელოდია თავის,   არც თუ ისე მოქნილ ინსტრუმეტზე. 

ამის შემდეგ შესრულდა მენდელსონის სავიოლინო, მი მინორის კონცერტი. სოლისტი – ქართველი მევიოლინე, ალექსანდრე თიგიშვილი, შვეიცარიიდან. ალექსანდრემ კონსერვატორია ჟენევაში დაამთავრა. არის სხვადსხვა კონკურსების ლაურეატი. მათ შორის პირველი პრემია  ქალაქ პადუას საერთაშორისო კონკურსზე იტალიაში. ჩემი სუბიექტური აზრით, იმ საღამოს  მენდელსონის მისეული  ინტერპრეტაცია არ იყო ისეთი ემოციური, ვიდრე ჩვენ ველოდით.  რატომღაც სოლისტის მიკროფონი არ იძლეოდა იმის საშულებას, რომ მისი ბგერა მთელი სისავსით მოსულიყო დარბაზში, მსმენელამდე.  შეიძლება ეს ტექნიკური მიზეზი იყო, რამაც შეამცირა მისი დაკრულის ემოციური ზემოქმედება? ახლა ძნელია ამის გარკვევა. კიდევ ერთი შეფერხება იყო მესამე ნაწილში, სადაც სოლისტი და ორკესტრი დასაწყისში რიტმულად არათანხვდენილად უკრავდნენ. თუმცა ეს მცირე შეფერხება მალევე  გამოსწორდა.

ალექსანდრე თიგიშივლი (ვიოლინო)

ამერიკელი დირიჟორი უინსტონ დენ ფოგელი

კონცერტის შემდეგ ალექსანდრეს მივულოცეთ და ვთხოვეთ კომენტარი გაეკეთებინა დღევანდელ კონცერტზე:

ალექსანდრე თიგიშივლი:  „ამერიკელის დირიჟორი დიდებული მუსიკოსია! მესამე ნაწილი ორკესტრმა დაიწყო და ტემპიც მაესტრომ აირჩია. თავიდან მოხდა მცირე გაუგებრობა, მაგრამ ამაშია ცოცხალი შესრულების სპეციფიკა; ზოგჯერ ასეთი რამეებიც ხდება, ეს ხომ ჩანაწერი არ არის!“

მაესტროს დიდებულებაში ჩვენ იმ საღამოსვე,  მეორე განყოფილებაში დავრწმუნდით, როდესაც მან უდირიჟორა ბრამსის № 1 სიმფონიას, რითაც დასრულდა იმ საღამოს კონცერტი.

თბილისში ეს სიმფონია დიდი ხანია არ შესრულებულა. თავის დროზე „ბეთოვენის მე -10 სიმფონიად“  მონათლული ეს ნაწარმოები, მრავალფეროვან და ურთულეს სიმფონიურ ტილოს წარმოადგენს. ჩვენმა ორკესტრმაც და ამერიკელმა დირიჟორმაც ამ ფინალური ნაწარმოებით ბრწყინვალედ დაასრულეს მე- 19 „შემოდგომის თბილისი“ ს ფესტივალი.

დასრულდა ფესტივალი, თავისი მდიდარი პროგრამით და გამომსვლელებით, სადაც თითოეული კონცერტის დრამატურგია, ორკეტრის დირიჟორს და სამხატვრო ხელმძღვანელს, ვახტანგ კახიძეს, სათუთად ჰქონდა გათვლილი.  

მომვალ წელს მეოცე „შემოდგომის თბილისი“ გველოდება. რას ვისურვებდით საიუბილეო წლისთვის?

მე და ჩემნაერი მუსიკის პროფესიონალები ალბათ მეტს ახალ, ჯერ კიდევ არ აჟღერებულ ნაწარმოებების მოსმენას; რიგითი მსმენელები კი უფრო მეტს,  „ჰიტად“ ქცეულ კლასიკურ მუსიკას – ანუ მეტ მოცარტს და ზოგადად,  ვენის კლასიკოსების ნაწარმოებებს – ეს მე მცირე გამოკითხვით დავადგინე. 

მოლოცვებითა და ამ კეთილი სურვილებით დავემშვიდობეთ ბატონ ვახტანგ კახიძეს.

ჩემს შეკითხვაზე, თუ როგორ იგეგმება ფესტივალის პროგრამა, მან ასე გვიპასუხა:

ვახტანგ კახიძე:   ფესტივალის პროგრამის შედგენა რამდენიმე პუნქტზეა დამოკიდებული;  ესენია:

1.რეპერტუარი, რასაც გვთავოზობს სოლისტი ან დირიჟორი.

2. მუსიკალური მასალა. მაგალითად მე -20 საუკუნის კომპოზიტორთა ნაწარმოებებზე გარდაცვალებიდან 50 წლის განმავლობაში საავტორო უფლებები ვრცელდება, როგორც სანოტო მასალაზე, ასევე შესრულებაზე. ეს ფინანსური მხარეა ამ პრობლემის .

3. კიდევ რეპეტიციების შეზღუდული რაოდენობა. როდესაც პატიჟებ დირიჟორს და მას სულ 4 რეპეტიცია აქვს, მას უნდა დაახვედრო მზა ნაწარმოები; ახალ ნაწარმოებს ის 4 რეპეტიციაში ვერ მოასწრებს. მე ძალიან ბევრს ვშრომობ რეპერტუარის განახლებისათვის. ამ წლების განმავლობაში მე ძალიან ბევრი რამ მაქვს პირველად დაკრული და სხვათაშორის ნოტების ნახევარზე მეტი, ჩემი საკუთარი ფულით მაქვს ნაყიდი.

ასე, რომ ამ რეპეტიციების შეზღუდული რაოდენობის გამო, როდესაც  ჩვენ გვინდა რაც შეიძლება მეტმა მოწვეულმა მუსიკოსმა მიიღოს მონაწილეობა ფესტივალში, იძულებული ვარ კლასიკა – რომანტიზმიდან ავარჩიო რეპერტუარი.

თუმცა წელსაც ბევრი ისეთი ნაწარმოები შესრულდა, რომელიც დიდი ხანია არ მოგვისმენია; ასეთებია ვაგნერის უვერტიურა ოპერა „ტანჰოიზერიდან“, ბრამსის პირველი სიმფონია მამაჩემს აქვს დაკრული 2000 წელს და იმის შემდეგ არ შესრულებულა;  ასევეა სიბელიუსის პირველი სიმფონია, რომელიც 30 წელზე მეტია არ შესრულებულა“

დიდი მადლობა ვახტანგ კახიძეს „შემოდგომის თბილისის“ ასეთი ერთგულებისთვის. მაესტრო ჯანსუღ კახიძეს სჯეროდა 1993 წელს, როდესაც ამ ფესტივალს აფუძნებდა, რომ მას დიდი მომავალი ექნებოდა.

 მშვიდობით ფესტივალო, რომელსაც არა მარტო მუსიკალური სიამოვნება მოაქვს ჩვენთვის, არამედ რახანია დიდი სოციალური დატვირთვითაც გამოირჩევა – იგი, ხომ თბილისელთა თავშეყრის ერთ – ერთი საყვარელი ადგილია, აგერ უკვე თითქმის ოცი წელია…

მუსიკალური ცენტრის ფოიე შესვენების დროს 

კულისებში ვახტანგ კახიძესთან

Advertisements

About nargiz

love music and not only this
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s