მე – 14 ჯაზის ფესტივალი თბილისში

მე  და ჩემი თაობა  1978  წელს თბილისში ჩატარებული პირველი ჯაზ- ფესტივალის ყველა კონცერტზე ვართ ნამყოფი. ბედნიერები ვიყავით, რომ მოვესწარით ამ დღეს, როდესაც ჯაზი, როგორც ხელოვნება გამოვიდა ანდერგრაუნდიდან და მაღალ სცენაზე ავიდა. ეს იყო უბედნიერესი პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში. მართალია,  1978 წლის ჯაზ-ფესტივალზე, მუსიკოსები მხოლოდ საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან იყვნენ, მაგრამ ამას არ ჰქონდა მნიშნელობა. მათი მეშვეობითაც ჩვენამდე მოქროდა თავისუფლების  ის სიო, რის გამტარებლადაც მაშინ ჯაზური მუსიკა აღიქმებოდა.

დავით გოლოშეკინი, თბილისი, 1978 წელი („ისთერნ ფრომოუშენის“ არქივიდან)

20011 -ში თბილისში უკვე მე 14 –  ედ ჩატარდა ჯაზ- ფესტივალი.  1978 წლის შემდეგ, თბილისის ფილარმონიაში   საერთაშორისოდ აღიარებული მუსიკოსის უამრავი კონცერტი გაიმართა. პარალელურად ტარდებოდა ჯაზ ფეტივალები.

ყველაფრის ამის მესვეურები კი „ისთერნ ფრომოუშენის“ ჯგუფის წევრები იყვნენ.  მეც სწორედ  ჯგუფის ერთ-ერთ დამფუძნებელს, კახა კანდელაკს ვესტუმრე.

„ისთერნ ფრომოუშენის“ ერთ-ერთი  დამფუძნებელი,  კახა ანდელაკი

ნ.გ.– მაინტერესებს, როგორ დაიწყეთ ჯაზთან ურთიერობა?

კ.კ. –  ეს მამაჩემის, გაიოზ კანდელაკის დამსახურებაა.  ის ფილარმონიის დირექტორი იყო. პირველი  ჯაზ-ფესტივალის 1978 წელს სწორედ მისი ორგანიზებით გაკეთდა.  მე მაშინ პატარა ვიყავი და სულ დავდიოდი ამ კონცერტებზე. ამაზე გავიზარდე ფაქტიურად. მერე მამამ პირველი როკ -ფესტივალიც ჩაატარა მაშინდელ სსრკ-ში. 1986 წლიდან,  როდესაც მეორე ჯაზ- ფესტივალი მოეწყო, უკვე მეც ჩავერთე, ხოლო 1989 წლის, მესამე ჯაზ -ფესტივალზე ჩემი მეგობრებიც ჩაერთნენ, რომლებთანაც ერთად მოგვიანებით,  „ისთერნ ფრომოუშენი“ დავაფუძნეთ.

მახსოვს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო; მაშინ  სსრკ-ს ფული იყო. მთავარი იყო დაგერწმუნებინა რომელიმე ავიაკომპანია, რომ კონცერტზე ჩარტერული რეისები დაენიშნათ – მაშინ ბანკის სესხები და ასეთი რამეები არ იყო – (იცინის) და თუ დაითანხმებდი ავიაკომპანიას, მერე უკვე თვითმფრინავი ტაქსივით გვემსახურებოდა. მე და ჩემი მეგობრები მივფრინავდით ხოლმე ვარშავაში  (იქ ამ დროს პარალელურად ტარდებოდა ჯაზ- ფესტივალი) და იქიდან მოგვყავდა მუსიკოსები. მერე, კონცერტის შემდეგ მიგვყავდა უკან. ტუ – 154 იყო მაშინ დიდი თვითმფრინავი;  მარტო ჩვენ ვისხედით ხოლმე (იცინის)! მარტო ამდენ კარგ მუსიკოსთან ურთიერთობა იმოქმედებდა ჩვენი მომავალი ცხოვრების სტილზე. ჯაზი მთელი ჩვენი ცხოვრება გახდა!

ისე მიხაროდა ყველაფერი, რომ აქ ხელფასზე არც იყო ლაპარაკი. პირიქით, იქით გადავიხდიდი ფულს, რომ ასეთ რამეზე მემუშავა! (იცინის) ყველაფერს ჩვენ ვაკეთებდით – ჩანთების თრევიდან დაწყებული და ა..შ. თან გარეთ სიგიჟეები ხდებოდა: ეს იყო 1989 წლის ოქტომბერი. 9 აპრილი უკვე მომხდარი იყო. იმ წელს ჩვენ არტ ბლეიკი ჩამოვიყვანეთ. წარმოდიგინეთ, ხომ გახსოვთ, რა ხდებოდა აქ?  გარეთ ინგრევა ყველაფერი და აქ კი ნიუ- ორკი იყო!

ნ.გ.  –  ეს ერთ- ერთი პირველი, ყველაზე დაუვიწყარი კონცერტების სერია იყო ჩემთვისაც!  მახსოვს, ერთ-ერთმა ჯგუფმა (Luther Allison Blues band) დაიგვიანა ჩამოსვლა და თქვენ გამოაცხადეთ, რომ ღამის 2 საათზე თუ შეგიძლიათ მობრძანდით კონცერტზეო. ხალხი წავიდა სახლებში და ღამის 2 საათზე, რომ დავბრუნდით, ფილარმონიის კარი ღია იყო – ყველანი შევდიოდით უკვე კონტრლის გარეშე. დარბაზში ბევრმა ხალხმა მოიყარა თავი და ჩვენ რაღაც რჩეული  საზოგაოდების წევრთა შეგძნება დაგვეუფლა – იმდენად უცნაური იყო მაშინდელ, ჩაბნელებულ და  დაძინებულ თბილისში ასეთ დროს თავშეყრა. ის კონცერტი იყო ნამდვილი დღესასწაული;  მაშინ მაყურებლებიც კი ავიდნენ სცენაზე და ცეკვავდნენ. მათ შორის, მხატვარი გიკა  მირზაშვილიც იყო – ისე მაგრად იცეკვა,  რომ დაიმუხტა მთელი დარბაზი. ამერიკელებიც მაგრად ავარდნენ და ფანტასტირუად დაუკრეს. დღესაც მახსოვს  იქ მიღებული შთაბეჭდილება!!!

კ.კ. –  არავის არაფერი არ აწუხებდა; ყველა ერთმანეთს კოცნიდა, ყველას ერთმანეთი  უყვარდა! (იცინის) საერთოდ ასეთი რამეების დროს ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება  და ყველანაერი დაძაბულობა იხსნება, თუმცა იმის მერე გაიყინა ყველაფერი – დაიწყო ეროვნული მოძრაობები და რაღაც საგიჟეთი იყო…

ნ.გ. – „ისთერნ – ფრომოუშენი“ ამის მერე დააფუძნეთ?

კ.კ. – „ისთერნ – ფრომოუშენი“ 1998 წელს დავაფუძნეთ: მე და ჩემმა მეგობრებმა – მიშა გიორგაძემ, გიორგი კერესელიძემ, დათო მენაბდემ და მამაჩემმა -გაიოზ კანდელაკმა. მანამდე იყო 90 -იანი წლები.  „პერესტროიკა“ როდესაც დაიწყო, ჩვენ წავედით გერმანიაში – პროფესიონალი წყალბურთელები ვიყავით და კიოლნის გუნდში გამოვდიოდით. იქაც სულ კონცერტებზე დავდიოდით.  სხვა ბიჭები თუ თავისუფალ დროს საყიდლებზე დადიოდნენ – აბა ტელევიზორები და ჯინსები! ჩვენ მთელ ფულს კონცერტის ბილეთებზე ვხარჯავდით(იცინის) გერმანელებიც დაგვცინოდნენ, „როგორ იხდით ამხელა თანხას ფრენკ სინატრას კონცერტში?!“ გვეკითხებოდნენ.  ვერ აუხსნიდი მე ახლა იმათ, რომ 10 000 ჯინს მირჩევნოდა ის კონცერტი! მაშინ ეს იყო ფრენკ სინატრას ბოლო კონცერტი ევროპაში! სულ ბოლო!! გარდა მაგისა ვინ არ იყო იქ: ვინსტონ მარსალისი, პაკო დე ლუსია  და რა ვიცი კიდევ ვინ.

სულ ნატვრა მქონდა: „ნეტა ჩვენებმაც ნახონ, თბილისში და ნეტა აქ  ჩამომაყვანინა თქო. იქ რომ ხარ, სულ მარტო კარგი რაღაცეები გახსენდება, გგონია, რომ აქ სულ მაგარი გულაობა უნდა იყოს(იცინის) … მოკლედ აქედან დავიწყეთ და როდესაც ჩამოვედით, გაგვიმართლა, რომ „კოკა-კოლა“ში დავიწყეთ მუშაობა. მაშინ თემურ ჭყონია დაგვიდგა გვერდში და პარალელურად ამდენი ომების და უბედურების შემდეგ 1996 წელს რეი ჩარლზი ჩამოვიყვანეთ თბილისში.რეი ჩარლზი, რომელიც სულაც არ იჯდა „კოკ-კოლას“ სარეკლამო ნიშაში.

ძალიან დიდი თანხა გადავარიცხინეთ! 100 000 დოლარი დაჯდა რეი ჩარლზი თავის ბიგ- ბენდთან ერთად! ახლა სასაცილოა ამ თანხაზე ლაპარაკი და მაშინ ეს უზარმაზარი თანხა იყო. მაშინ ეს დღევანდელ 1 მილიონს უდრიდა, მაგამ დაიფარა ეს!! ხალხმა რაღაც ოქროები გაყიდა, რომ რეი ჩარლზის კონცერტზე მოსულიყვნენ. კაციშვილს არ უნანია, რომ „რატო გადავიხადე ამ სიძვირე ფასი ბილეთში“-ო. ამ დროს ძვირიც არ იყო – 50 ლარიდან 200 ლარამდე იყო ბილეთების ფასი! 300 ბილეთი მაინც დარჩა გაუყიდავი, ამ დროს სახინკლეები კი სავსე იყო…იყო წინააღმდეგობებიც: „რა შუაშია რეი ჩარლზი და „კოკა-კოლა“! ხალხს უჭირს!“ -ო. მაგრამ ჩვენ მაინც დავარწმუნეთ კომპანია და ეს ჩვენი დიდი გამარჯვება იყო. ბოლომდე არ გვჯეროდა – სანამ კარი არ გაიღო რეი ჩარლზი არ დავინახეთ არ გვჯეროდა რომ ეს რეალურად გამოვიდოდა!!! ეს ერთი კონცერტი გავაკეთეთ მაშინ – ფესტივალზე ჯერ არ ვფიქრობდით. ჩვენ ვმუშაობდით ჩვენს სამსახურებში, და რადგანაც ჩვეულებრივად ვერ ვცხოვრობდით ამ თბილისში,  ჩვენთვის გასრთობად და თბილისელებისთვის ვაკეთებდით სხვადასხვა კონცერტებს;  ასეთი რამეებით ვხალისობდით რა! ერთხელ რომ ჩამოვიდოდა ასეთი ვინმე, მერე ნახევარი წელი სულ ამაზე იყო ლაპარაკი და გარჩევა. ასეთი ცხოვრების სტილს ვიყავით მიჩვულები. ჩვენ კუპეში შარაფი და ტრაბახი – „25 ლიტრას ვსვამ!“ არ გვიყვარდა (იცინის)

რეი ჩარლზის შემდეგ „მანჰეტენ- ტრანსფერის“ კონცერტი გავაკეთეთ. ჩვენ უკვე  არავის ვეკითხებოდით;  ჩვენ ვინც მოგვწონდა ისინი ჩამოგვყავდა. რისკი უკვე მარტო ჩვენი იყო –  ჩვენი სახლები იდო ბანკებში და ჩვენ ვწყვიტავდით ყველაფერს. მაშინ უკვე სახელმწიფო ფული, ასეთი ცნება,  აღარ არსებობდა.  ბინები სულ ჩადებული გვქონდა. ახლაც ჩადებული გვაქვს!  (იცინის) ახლა სამი ბინაა ჩადებული. ასე ვსესხულობთ ხოლმე:  მერე სპონსორებს ვიშოვით თუ არ ვიშოვით, ფული მუსიკოსებისთვის მაინც წინასწარაა გადასახდელი. მერე ფულს ვაბრუნებთ წარმატებული კონცერტის შემდეგ, მერე ისევ ვსესხულობთ. ნელ-ნელა  სპონსორებიც უკვე გვყავს!  ახლა უკვე მომგებიანია   სპონსორებით – რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. ჩვენმა სპონსორმა „თი- ბი- სი“- მ  ახლა 5 წლით დაგვიდო კონტრაქტი; 20% -იანი ფასდაკლებაც შედის ბილეთზე.  წელს, მაგალითად, თუკი  ბანკის მომხმარებელი ხარ , 250 ლარიან აბონემენტში 200 ლარი შეგეძლო გადაგეხადა 5 კონცერტზე, სადაც სულ ჯაზის საუკეთესო მუსიკოსები ჩამოვიყვანეთ!  მერიაც გვეხმარება, კულტურის სამინისტროც. მანამდე ასე არ იყო; ჩვენს საკუთარ  რისკზე მივდიოდით ყოველთვის.

მახსოვს ასე ნასესხები ფულით ჯეიმს ბრაუნიც კი ჩამოვიყვანეთ! ახლა რომ ვუფიქრდები, ჯეიმს ბრაუნს საქართველოში რა უნდოდა – თქო ვფიქრობ?  (იცინის) ჩვენ თუ გიჟები არ ვიყავით?! 35 კაცი იყო სცენაზე  – მარტო მუსიკოსები! მაშინ არც აპარატურა გვქონდა, ძლივს ჩავატარეთ ის კონცერტი; დარბაზიც არ იყო, „ლაგუნა „ ვერეზე ჩავატარეთ… მოკლედ ასე, კონცერტიდან კონცერტამდე მოვედით 2000 წლამდე.

ამ პერიოდში უკვე ჩამოვყალიბდით, რომ ჩვენი გართობა შეიძლება ჩევნი საქმე გამხდარიყო და დავაარსეთ ეს კომპანია. ჯაზ ფესტივალებიც 2000 წელს გავაგრძელეთ. ეს იყო უკვე „ისთერნ ფრომოუშენის“ სახელით პირველი და თბილისის რიგით მე -4 ფესტივალი, რომლის სათავეებთანაც ჩვენ – ანუ მე და მამაჩემი და შემდეგ ჩემი მეგობრებიც ვიყავით დაკავშირებულნი.

ნ.გ. – 1989 წლიდან მესამე ფესტივალიდან მეოთხე ფესტივალამდე, ანუ 2000 წლამდე, რას აკეთებდით?

კ.კ. – თან ვმუშაობდით და თან ვერთობოდით, ანუ კონცერტებს ვაკეთებდით შუალედებში: მოკლედ, პირველი რეპი – ქულიო პირველად ჩვენ ჩამოვიყვანეთ!   პირველი ჰიპ-ჰოფი, პირველი დი-ჯეი, პირველი როკ- ვარკვლავი – ეს ყველაფერი ჩვენი გაკეთებული იყო. თუმცა ყველას ჰგონია, რომ მარტო ჯაზს ვაკეთებთ, იმიტომ რომ  მაინც მუსიკოსებში,  ჯაზი მაინც ყველაზე მაღლა დგას – გინდათ საუნდით, გინდათ რიტმით, რითაც გინდათ!   100 წელი რომ გავიდეს მაინც ჯაზ – მენებზე ილაპარაკებენ თბილისში.  რეი ჩარლზი,  ჰერბი ჰენ- კოკი და  „მანჰეტენი“ დარჩება!  ამ დროს ყველაზე ძვირად ღირებული პროექტი იყო შაკირასი –   მილიონები დაჯდა! ვინმეს უხსენებია ის, მას მერე?

ნ.გ. –  შესაძლოა მივიწყებულია იმიტომ, რომ ასეთი ტიპის, უფასო კონცერტებზე ძირითადად  ახლგაზრდა თაობა უფრო გარეუბნებიდან დადის…?

კ.კ. –  ჯაზი, მაინც ჯაზია და ის ახსოვთ! ჯაზ -ფესტივალი 2000  წლიდან  ყოველწლიური არის და 2007 წლიდან უკვე დავამატეთ მეორე ფესტივალი, ბათუმში. ჩვენ გაგვიმართლა, რომ მაგ დროიდან უკვე კულტურის მინისტრი ნიკა რურუა არის; ნიკა არის ჯაზის ნამდვილი მელომანი (ჩვენ ბავშვობიდან სულ დისკებს ვცვლით და ა.შ.). ხელოვნებაში ძალიან გარკვეულია და ნამდვილად გვერდში დაგვიდგა ჩვენ. როდესაც ვეუბნებით,  რომ აი, ესა და ეს ჩამოგვყავს, ზუსტად იცის ვინ ვინაა და ამიტომ ესმის რაც გამოვა აქედან. სხვათაშორის სპონსორებშიც გაგვიმართლა – იმას კი არ გვთხოვენ,  რომ შაკირასავით პოპ – ვარსკვლავები ჩამოვიყვანოთ, არამედ, ნამდვილი, მაღალი დონის ჯაზმენები.  იგივე წლევანდელი ფესტივალის მონაწილე, ლეგენდარული ჩარლზ ლოიდი, შეიძლება ბევრმა არ იცოდა ვინაა, მაგრამ ჩვენ უკვე გვენდობიან.  კულტურის მინისტრიც ერკვევა და იცის,  ამას მერე რაც მოყვება, როგორ პრესტიჟია ეს ქალაქისთვის, რომ აქ ასეთი მუსიკოსები ჩამოდიან. ასეთი მუსიკოსი რომ ჩამოდის აქ და მსმენელი ჰყავს აქ, ე.ი.სხვა ხარისხის მოქალაქეები გყავს შენ ქვეყანაში.

სხვათაშორის, ასეთი რაღაცეები რომ ტარდება აქ, ეს ძალიან კარგად სჩანს საზღვარგარეთ. სწორედ ნიკა რურუას ინიციატივა იყო, რომ მოდით „ბლექ- სი ჯაზ-ფესტივალი“ ბათუმში დავნერგოთო. თავიდან გავრისკეთ ჩვენ და  ნელ-ნელა, ნელ-ნელა გაამართლა; უკვე მე – 5 წელია, რაც ტარდება.

ნ.გ. – ბათუმის ფესტივალზე როგორი ატმოსფეროა?

კ.კ.–  ბათუმში ყველა დილიდან ერთობა! ვერ წარმოიდგენ რომ აჭარაა! Bras Band -ების 3 სცენაა; ზოგი უფასო, ზოგიც ფასიანი. დილამდე კლუბში  ჯემ-სეიშენებია. დღეში 100 მეილი მოდიოდა. ყველას უნდა უკვე  იქ ჩამოსვლა – ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო მოვლენა გახდა, რასაკვირველია, თბილისის ფესტივალთან ერთად. აქ, რომ არტ ბლეიკი და ჰერბი ჰენ კოკი არიან ნამყოფი, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს! აქ უკვე  იმდენი პროდიუსერი იყრის ხოლმე თავს, რომ მუსიკოსებსაც აინტერესებთ თავისი თავი დაანახონ. მაგალითდ კრის ბოტი  აქ ნახა პირველად პროდიუსერმა. მაშინ ბობი მაქფერინის წინ გამოდიოდა ბოტი, (ჯერ არ იყო იმდენად დიდი მუსიკოსი) და მისი ჰონორარი 20 000 დოლარი იყო. აქედან რომ წავიდა, ახალ პროდიუსერთან მისი კონტრაქტი უკვე 100 000  დოლარზე  ავიდა!

შეგვიძლია ვთქათ, რომ მუსიკალური ელიტის 60 % უკვე ნამყოფია ჩვენი მეშვეობით საქართველოში! გარდა ამ ორი ფესტივალისა ჩვენ თვეში ერთხელ ვატარებთ „ჯაზ-სერიებს“:  სხვადსხვა სტილის მუსიკოსები ჩამოგვყავს და კლუბურ ვარიანტს ვთავაზობთ თბილისელებს. ეს ხდება ფილარმონიის ე.წ. „ივენთ- ჰოლში“. აი, ნიუ-ორკში და სხვა ქალაქებში რომ არის კლუბები, სადაც მაკლაფლინი შეიძლება მოისმინო  სულ 300 კაცში და  5 მეტრში უყურებდე მას!

ნ.გ. – უფრო სასიამოვნოცაა!

კ.კ. – დარბაზის კონცერტი სულ სხვაა; კლუბში კი თითქოს ხალხთან ერთად ატარებ დროს, ამიტომ ეს ორივე სიამოვნება გვინდა გავაზიარებინოთ მოსახლეობას  და რაც ყველაზე სასაიმოვნოა, ძალიან მაგრად აგვყვა ეს ახალი თაობა!

ნ.გ.  –  ეს მინდოდა მეთქვა, რომ თქვენს კონცერტებზე ფაქტიურად ახალი თაობა გაიზარდა?

კ.კ. – დიახ! რეი ჩარლზიდან დაწყებული,  რამდენი წელი გავიდა უკვე?   მაშინ,  5 -6 წლამდე ბავშვებისათვის იყო უფასო შემოსვლა. ეს ბავშვები ხომ დაყავდათ მშობლებს, მერე ეს ბავშვები გაიზარდნენ და ახლა თვითონ ითხოვდნენ ჯაზზე წასვლას! თანაც გაიზარდნენ სულ კარგ კონცერტებზე, იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ ხარისხიანი მუსიკოსები ჩამოგვყავდა (იცინის).

ნ.გ. – რა იყო წლევანდელი ფესტივალის მიღწევა და როგორ დაახასიათებდით მონაწილეებს უფრო ახლო რაკურსიდან?

კ.კ. – როგორც წესი, მენეჯერები არიან ხოლმე უფრო მკაცრი, რადგანაც კომფორტში უნდათ, რომ ამყოფონ თავიანთი მუსიკოსები. თავად მუსიკოსებს რაც შეეხება, უმეტესად ძალიან თავმდაბალი ხალხი არიან; უყვართ ოჯახი – მოზრდილ თაობას ვგულისხმობ. აი, წელს იყო ჩარლზ ლოიდი;  72 წლისაა, ნამდვილი არტისტი, ნამდვილი მუსიკოსი!  მეუღლესთან ერთად იყო ჩამოსული. მეუღლე მხატვარი ჰყავს და ძალიან მაგარი ფოტოხელოვანიც არის; ქმრის ალბომების დიზაინს სულ ის აფორმებს ხოლმე.

თავად ჩარლზ ლოიდი ძალიან მაგარი პიროვნებაა და სიკეთეს ასხივებს თითქოს სულ! თითქოს ბაბუაა და ძალიან უყვარს რჩევას რომ ეკითხები. ეს თვისება დიდ მუსიკოსებში ძალიან მიყვარს! სხვათაშორის ზავინულსაც ეს თვისება ჰქონდა: ახლაგაზრდა თაობასთან გიჟდებოდა ურთიერთობაზე, მითუმეტეს თუ გიყვარს მისი მუსიკა! ეგრევე ხვდებიან თუ გესმის მათი მუსიკა და ძალიან უხარიათ ეს!

თუ ატყობთ რომ, ცნობილ  ჯაზმენებს,  ყველას ახლაგაზრდა მუსიკოსები ჰყავთ ხოლმე ჯგუფში  და ეს  ორი თაოაბა ისეა ტვინით გადაბმულები ერთმანეთზე, გეგონებათ ერთი ინსტრუმენტი უკრავსო. წელს,  ჩარლზ ლოიდს ჰყავდა ძალიან ძლიერი ახალგზრდა ჯგუფი ჩამოყვანილი;  თითოეული მათგანი სოლისტად გამოდგებოდა.

თანაც როგორ არის, იცით? ყველა კონცერტი იმით არის უნიკალური, რომ აი მაგალითად, ჩარლზ ლოიდი რომ წავა და სხვაგან დაუკრავს იგივე შემადგენლობით, ის სულს სხვა კონცერტი იქნება! ეს არაა ისე, როგორც მაგალითად, მადონას კონცერტი –  როგორც შტამპი – ყველა ქვეყანაში ერთი და იგივე რომ არის. როგორც „მაკდონალდსს“ ყველა ქვეყანაში ერთი და იგივე გემო რომ აქვს – ეგრევე არიან პოპ ვარსკვლავები : დაეწყობა შოუ და  ყველა ქალაქში ერთი და იგივეა, მაგრამ ჯაზ მენები ასე არ არიან!  აი , იგივე ზავინული და ჰენკოკი მუსიკით გელაპარაკებიან, ისევე, როგორც მხატარმა რომ იმ დღეს პირადად100 კაცს დაუხატოს რაღაც ნახატი… მუსიკოსებიც  ისევე მოდიან,  და როგორ მუსიკასაც „მოიტანენ“ იმ დღეს, გამორიცხულია, რომ  მეორედ ისეთივე მუსიკას მოუსმინო!  მაგალითად, როგორც ჩარლზ ლოიდი გამოვიდა აქ   – იმ დღეს ეგეთ ხასიათზე იყო, ასე დაინახა ჩვენი ქვეყანა,  ასეთი კონცერტი მისცა და აი ასე გვესაუბრა! (იცინის)   მერე  უკვე ამ მუსიკით შენ რას წარმოიდგენ … შენ შეიძლება რაღაც შენი მოთხრობა შეიქმნა ამ დროს.   როგორ ხასიათზეც ხარ ისეთ მოთხრობას იქმნი მათი მონაყოლიდან; მაგრამ ეს ვინც ყურადღებით უსმენს;   ზოგი არის, მოსმენა არ შუძლია – დადის, წრიალებს,  მიდის- მოდის და იმას შეიძლება არც მოეწონოს. ვინც უსმენს ის უკვე ბედნიერი გადის, იმიტომ რომ სხვანაერი მუსიკაა მისთვის…

ნ.გ. –  ჩარლზ ლოიდის კონცერტით ბევრი ჯაზ მელომანი იყო თბილისში აღფრთოვანებული და ითქვა, რომ ასეთი ხარისხის მაღალი კონცერტი დიდი ხანია არ გამართულა…

კ.კ. –  ჩარლზ ლოიდზე ყველაფერმა იმოქმედა – ქალაქში გავიდა, გაისეირნა, მოეწონა ქალაქის ხედი, სამზარეულო, ურთიერთობა,  რაღაც კარგი ინტერვიუ ჰქონდა, არავინ არ დააჩქარა, რაც გთხოვა ყველაფერი შევუსრულეთ; ეგ უნდა მეორე გამოსულიყო და თვითმფრინავის რეისი ჰქონდა ისეთი, რომ გვთხოვა პირველი მე გამოვალო;  ამის გამო თამაზ ყურაშვილმა დაუთმო და მეორე გამოვიდა მის მაგივრად.

ნ.გ. –  სამწუხაროდ, ამის გამო ხალხმა შესვენება მოიწყო  თამაზი ყურაშვილის გამოსვლის დროს, ასეთი დატვირთული პროგრამის შემდეგ;  თანაც იმ საღამოს „ივენთ ჰოლში“ც იყო სონი ემორის კონცერტი ღამის 11 საათზე  და დარბაზი ნახევრად დაცარიელდა ჩარლზ ლოიდის შემდეგ…

კ.კ.–  კი მართალია, მაგრამ სადღაც ჯობდა კიდეც , რომ ასეთ მუსიკას დასვენებულ გონებაზე მოუსმინეთ; ცოტა რთული იქნებოდა – მანამდე სხვა მოგესმინა და მერე ასეთი მუსიკა… მერე ეს ჩვეულებრივი ამბავია, ჩვენთან ორი   ჯგუფი გამოვიდა იმ საღამოს და ამსტერდამში ოთხ-ოთხი ჯგუფი გამოდის ხოლმე ერთ კონცერტზე(იცინის) თანაც,  ჩარლზ ლოიდს ესიამოვნა, რომ დროში არ იყო შეზღუდული, მკითხა, „რამდენი მაქვს დრო?“  მე ვუთხარი:  „რამდენიც გინდათ“ – თქო; იმიტომ, რომ როგორ არის იცით?  აი ფესტივალებზე, მაგალითად მონტროში, აძლევენ ხოლმე 45 წუთს, მაქსიმუმ 1 საათს, იმიტომ, რომ მერე სხვა ელოდება… იქ ხომ რაღაც ქარხანასავითაა, ისე მუშობს ეს ფესტივალები. ჩვენ რომ არა გვაქვს ასე, სიამონებთ მუსიკოსებს აქ დაკვრა! თან კარგი აპარატურა და აკუსტიკა, ყველაფერი მაგრად მოსწონთ!

ფილარმონიაში ისეთი კლასის აპარატურა დავაყენეთ, რომ, ევროპაში თითზე ჩამოსათვლელი დარბაზებია, სადაც ასეთი ტექნიკა აქვთ!, უბრალოდ უნდა იცოდე მაგაზე ხმის გაკეთება.  თვითონ ჩამოჰყავთ თავინთი ხმის რეჟისორები – რომლებმაც  იციან მისი მუსიკა; მაგალითად ჩარლზ ლოიდის ხმის რეჟისორი ერიკა ბადუს კონცერტს ვერ გაასმოვანებს- იმიტომ, რომ მისი მუსიკა არ იცის და პირიქით.

ნ.გ. – ჩარლზ ლოიდის ბოლო ნომერი, მის მიერ წაკითხული პოემა იყო დაუვიწყარი! რას გვეტყვით ამის შესახებ?

კ.კ. –  ეს იყო კრიშნას ინგლისური თარგმანი…

ნ.გ.  – თავად ლოიდი, აღმსარებლობით ინდური რელიგიური მიმდინარეობის, ვედანტას მიმდევარია…

კ.კ. – ყველგან კი არ აკეთებს ამას. იმ დღეს ამის ხასიათზე მოვიდა და ამიტომ შეასრულა! ბისზეც რომ გამოვიდა? ბისზეც არ გამოდის ყველგან!! თან გუნდი ჰყავს ისეთი – დღევანდელი საუკეთესო შემსრულებლები; აი კეი ჯარეტი რომ იყო  – დღევანდელი ასეთივე საუკეთესი სახელებია!

ხომ გახსოვთ,  მაილს დევის ჰყავდა საუკეთესო ტრიო – ტონი ბენეტი, რონ კარტერ, ჰერბი ჰენკოკი – ეს იყო ისტორიული ტრიო! მერე იყვნენ კეი ჯარეტი, დი ჯონეტი, გარი პიკოკი- აი ამ კლასის მუსიკოსები ჰყავდა ჩარლზ ლოიდს, ოღონდ ახალი თაობა: ფორტეპიანო: ჯეისონ მორანი, ბასი: რუბენ როჯერსი,  დრამერი : ერიკ ჰარლანდი.

ნ.გ. –  სხვათაშორის, ერთმა  პიროვნებამ – ჯაზის ექსპერტმა და ცნობილმა მწერალმა  ჩარლ ლოიდის კონცერტის შემდეგ, იმავე საღამოს „ფეისბუქზე“ დადო ჩარლზ ლოიდის 1968 წლის ჩანაწერი კეი ჯარეტთან ერთად და დაურთო ასეთი კომენტარი:“ მოუსმინეთ კეი ჯარეტს და მიხვდებით, როგორ „ისაჩკავა“  ჯეისონ მორანმა (ჩარლ ლოიდის პიანისტია- ნ.გ.)  დღევანდელ კონცერტზე!“

კ.კ.  – ვერ დავეთანხმები ამ გამოთქმას, რომ „ისაჩკავა“ ჯეისონ მორანმა; თვითონ პროექტს ვერ ხვდებიან როდესაც ასე სწერენ.  მაშინ რომ უკრავდა 1967 წელს ჯარეტი, ეს სულ სხვა კონცერტი იყო; სულ სხვა მუსიკა იყო, ახლა სულ სხვა მუსიკაა! ახლა ჩარლზ ლოიდმა და მისმა ჯგუფმა გააკეთეს ერთი მთლიანი პროექტი,  როგორიც  იყო მაგალითად,  „მაქლაფლინ -შაქტი“, სადაც მაქლაფლინი არ გამოვარდნილა თავისი სოლოებით; ერთმაანეთს უთმობდნენ, რომ დაბალანსებულიყო და მთლიანი ერთი კომპოზიცია  გაკეთებულიყო! ცალკე ჯეისონ მორანს თუ უნდოდა, რა, დაეზარა? არ შეეძლო მეტი ჰქონოდა სათქმელი, თუ რა?  იმიტომ, რომ ჩარლზ ლოიდმა და ჯეისონ მორანმა უკეთ იციან ვიდრე, ჩვენმა ჯაზის „ექსპერტებმა“! (იცინის)  ასევე ქუინსი ჯონსმა უკეთ იცის მაიკლ ჯექსონს სად  უნდა ემღერა  და დიზი გილესპი სად ჰყოლოდა.

მე უფრო მაილს დევისის და ქუინსი ჯონსის გემოვნებას ვემხრობი – აი გახსნილი რომ იყო; „ისტერნ პრომოუშენს“ ასეთი გემოვნება გვაქვს – გახსნილები ვართ უფრო და არ ვართ ჩაკეტილები, რომ მარტო ჯარეტი და სხვა არაფერს აღარ ვაფასებდეთ. რემბრანტი ჯობია და თუ ველასკესი? როგორ შეიძლება შედარება! ვისკი სჯობია, კონიაკი თუ რძე? ეს არაა შედარების სწორი გზა , რადგანც სამივე სასმელია ანდა ორივე მხატვარია, არა ვარ მართალი?

ნ.გ.  – ვინ არიან ჯაზ – ფესტივალების  ძირითადი მაყურებლები?   მუსიკოსებს ან სხვა ხელოვან ადამიანებს იშვიათად თუ დაინახავ…

კ.კ.  – დადიან იცით როგორი ხალხი? აი, ჩვენნაერი ხალხი! ანუ მოყვარულები! უბრალოდ დიდ სიამოვნებას იღებენ  და გარშემო არ მიდის საუბრები, რომ აი ის ნოტა შარშანწინ რომ იმან აიღო საფრანგეთში, აი ამან ვერ აიღო! (იცინის)

სხვათაშორის მუსიკოსები უფრო ნაკლებად დადიან ჯაზის კონცერტებზე.  გამიგია ამბობენ: , „მე არ მაინტერესებს ეს“ როგორ უნდა გაინტერესებდეს თუკი არ გაქვს მოსმენილი? ან იტყვიან,“ ჩვენ ამის საშუალება  არ გვაქვს“ მაგრამ ეს ტყუილი მიზეზია, იმიტომ რომ ერთხელ არ დაურეკიათ და არ უთხოვიათ შემოყვანა. ჩვენ ყოველთვის  მუსიკოსებს ამ მხრივ ხელს ვუმართავთ. მაგალითად ბიგ-ბენდის წევრებს, სხვა მუსიკოსებსაც..  უნდა გვთხოვონ, რომ უნდათ მოსვლა და ჩვენ ვეხმარებით. მაგრამ ამის თქმა რომ იციან: „ ეს ჩემი სტილი არაა!“ საიდან იციან? „იუ-თუბში“ როგორ უნდა გაიგო ვინ ვინაა, ცოცხლად თუ არ მოისმინე?! არ ვიცი,  არ მჯერა ამისი!

აი მედესკი, მარტინ ვუდი რომ იყო –  ასეთი ჯგუფი იყო შარშანწინ, რომელიც თანამედროვე ელექტრო, ჯაზის და  როკის „მოდერნ კრეატივის“ ნაზავია, ხო? ესენიც არა აქვთ მოსმენილი, იმიტომ რომ 3 წუთი ჩართავენ „იუ-თუბზე“ და იტყვიან : ეს ჩემი სტილი არაა! რა იცი, კონცერტზე რა მოხდება? კურტ ელინგზე  როგორ არ უნდა მოხვიდე თუ ვოკალისტი ხარ, არ მესმის…

ეგეთი რამეც ითქვა, აქ,  რომ 2005 წელს, ჰერბი ჰენკოკმა „იხალტურა“ აქ! ამ დროს ჰენკოკმა თბილისში კონცერტი რომ მისცა, იმ წელს, მისმა პროექტმა, რომელიც თბილისში დაუკრა,  „გრემი“ მიიღო ნომინაციაში „წლის ალბომი“, რაც ბოლო 50 წლის განმალობაში ჯაზისთვის არ მიუციათ! ეს იყო 2006 წელი და  ამ პროექტით დაიწყო ახალი მიმდინარეობა – „მოდერნ კრეატივი“.   ხომ იყო  ბი – ბოპი და ა.შ?  ახლა ახალი მიმდინარეობაა, რომელშიც გამოდიან იგივე ბრედ მენდაუ, იგივე ჯოშუა ლედმანი. ეს არის კლასიკური ჯაზის, კლასიკის, პოპის და თანამედროვე მსოფლიოში რაც ხდება დღეს – ომები, კატაკლიზმები, მიწისძვრები, გადატრიალებები – იმის ნაზავი. ეს ყველაფერი იგრძნობა ამ მუსიკაში; ცოტა დეპრესიულიცაა…  ასეთი რაღაც შესრულდა აქ და შემდეგ მიიღო ამან „გრემი“! ეს თუ არ იცი და მოუმზადებელი მოდიხარ,  1956 წლის  ჩარლი პარკერის დაკრული რომ მოგწონს  მხოლოდ და სხვა არაფერის გაგონება რომ არ გინდა – ცოტა რთულია!

ჰერბი ჰენკოკი თბილისში 2006 წ.

„ისთერნ ფრომოუშენის“ არქივიდან

სხვათაშორის მამაჩემიც ასე იყო, მაგრა რომ დაესწრო დამოუსმინა სხვადსხვა კონცერტებს,  ახლა ხელებს წევს! იცით ყველაზე ძალიან რა მიყვარს ამ ცნობილ, ახალგაზრდა მუსიკოსებში?  რომ ძველებიც შესწავლილი აქვთ და უდიდეს პატივსაც სცემენ მათ შემოქმედებას. საზღვარგარეთ რომ დავდივარ ხოლმე, მე მინახია,  მაგალითად, თუ ქუინსი ჯონსი ან ჰერბი ჰენკოკი შემოვა ხოლმე დარბაზში,  პოპ სტარები   – ჯაზის, რეპის თუ როკის ახალგაზრდები, ფეხზე დგებიან  და როგორც მე მიხარია, ხოლმე სურათის გადაღება და ავტოგრაფის აღება, ესენიც ასე იქცევიან ცნობილ ჯაზ-მენებთან. რიგშიც კი დგებიან ამისთვის!  ჩიკ-კორეა რომ შემოვიდა ერთხელ დარბაზში, რა ხდებოდა იცით?!  ი ქ მოკვდა კინაღამ სუყველა, ჭკუაზე არ იყვნენ! სულ თავს უქნევდნენ პატივისცემის ნიშნად.

ერთი  ბასისიტი გვყავდა ჩამოყვანილი – კრისტიან მაქბრაიტი ჰქვია; მინგუსიც იცის, რონ კარტერიც იცის – ეს ძველები – და ისინი სადაც მორჩნენ, იმან იქიდან გააგრძელა! ის კი არ გაიმეორა!! ყველაზე უბედურება არის მუსიკოსისთვის,რომ ვიღაცის გავლენის ქვეშ იყო; თუნდაც იგივე კეი ჯარეტის გავლენის ქვეშ შეიძლება ჩავარდე რა! აი ის რომ გიყვარს და იმაზე გიჟდები და სულ იმას გინდა მიბაძო და მერე ამ ჭაობიდან ძალიან ძნელი ამოსასვლელია…

ნ.გ.  -აბსოლუტურად გეთანხმებით! მუსიკოლოგის პოზიციიდან ძალიან ზუსტად დახატეთ ის გზა, რაც  ყველა ნორმალურმა ხელოვანმა უნდა გაიაზროს…

კ.კ.  – შვიდწლედი კი მაქვს დამთავრებული, მაგრამ ამაში არაა საქმე. საქართველოში, ჩევნზე მეტ კონცერტზე  არავინ არაა ნამყოფი – ნებისმიერი სტილის!  ჯაზზე აღარა მაქვს საუბარი; პირადადაც ვიცნობთ თითქმის ყველას, იგივე ჯარეტიდან დაწყებული. თითქმის ყველას ლაივ კონცერტზე ვარ ნამყოფი.  ვინც ჩვენი საყვარელი მუსიკოსი არ იყო, იმაზეც ვართ ნამყოფი; აი მაგალითად პოლ მაკარტნი არ იყო ჩვენი ინტერესების სფეროში, მაგრამ მაგის კონცერტზეც ვართ ნამყოფი, იგივე მადონა ნანახი გვყავს „ იუ თუ „ -ზეც ვიყავი, იმიტომ რომ ინფორმაციის მოგროვება ჩვენი საქმეა;  ნანახი რომ არ გაქვს,  ვერ იტყვი ეს კარგია თუ ის…

ნ.გ. ვინ გინდათ ახლა ჩამოიყვანოთ, ვინ დაგრჩათ თქვენი ოცნებების მუსიკოსებიდან?

კ.კ. – ჯაზს რაც შეეხება ჩვენ დაგვრჩა – გიტარისტი – პეტ მეტენი, პიანისტებში ახმად ჯამალი და კეი ჯარეტი, ვინსტონ მარსალისი მინდა ძალიან;  თუ მაგის „ლინკოლნ ცენტრის“ ორკესტრიც გამოგვივიდა ძალიან მაგარი იქნება!  რამზეი ლუისია, კიდევ პიანისტი… აი ახლა ვაპირებთ ჩამოვიყვანოთ ელექტრონული მუსიკის ავტორები; ისეთ საინტერესო კომპოზიციებს აკეთებენ ლეფტოპით;  სულ სხვანაერი მუსიკაა!  სულ ახალ მუსიკას აკეთებენ, ესეც ძალიან საინტერესოა…დანარჩენი რა ვიცი, დანარჩენი ბევრია, დანარჩენები მოყვება მერე; ესენია, ვისზეც ვმუშაობთ!

ნ.გ.  – ახალგაზრდებისთვის გაქვთ რამე პროექტები?

კ.კ. – ახალგზრდებზეც სულ ვფიქრობთ, მაგრამ ზოგი ჯგუფი, მაგალითად როგორიცაა „რადიოჰედი“ ძალიან პოპულარულია ახალგაზრდებში, მაგრამ მათი ჩამოყვანა სტადიონებზეა გათვლილი და  მასიური აპარატურაა საჭირო; ამისათვის მასას თანხები უნდა ჰქონდეს – 30 ან 40 დოლარი უნდა გადაიხადოს ასე 40 000 კაცმა; ჯერ ეკონომიურად უნდა შეიცვალოს ცოტა გარემო; მაგრამ მთლად ეკონომიკაზე არაა ბოლომდე მიბმული, მენტალიტეტის შეცვლაცაა საჭირო – სიამოვნებისთვის, კონცერტისთვის  ფულის გადახდა უნდა უღირდეს დამიანს. აი მე, მაგალითად 19 და 14 წლის შვილები მყავს და მთელ მათ სამეგობროს ვიცნობ; ნებისმიერს ჩემზე მაგარი ტელეფონი აქვს;  „აი-პედ„- ებიც აქვთ, კომპიუტერებიც აქვთ, საზღვარგარეთაც უშვებენ მშობლები, დაბადების დღეებსაც უხდიან, მაგრამ მე ვთვლი, რომ 50 კაციანი დაბადების დღის მაგივრად, 10 კაცი დაუპატიჟო და  პატარა საჩუქარი – ერთი ბილეთი უყიდო შვილს  კონცერტზე – ეგეთ რამეებს ნელ-ნელა მიაჩვიო და ცოტა წესიერად გაზარდო, აჯობებს!

ისე, ახალგარდებისთვის წელს გვყავდა სოულის დედოფალი – ერიკა ბადუ, ადრე მეისი გრეი, ჯერი მაკგუაერი, მაგრამ ნამეტანი პოპ- მუსიკა არ ჩამოგვყავს;  უფრო მუსიკალურად მდიდარი, ღრმა მუსიკოსები.  მაგალითად, ერიკა  ბადუ არის ყველაზე მაგარი თავის საქმეში; რაც პრინცია კაცებში იგივეა ეს ქალებში. ძალიან ნიჭიერი ქალია; გარშემო სცენის დეკორაციაც მისი გაკეთებული იყო; თავის დიზაინით ტანსაცმელი ეცვა; ვიდეო გამოსახულება მაგის გაკეთებულია, თანაც  ყველა თავისი ვიდეო კლიპი თავისი სცენარით აქვს გაკეთებული; მოკლედ ასეთი ჭკვიანი და ასეთი წარმატებული სოულში დღეს მეტი არავინ არის! მუსიკასაც – თავიდან ბოლომდე თვითონ წერს. არანჟირებაც მაგისია და თვითონ აქცენტი აქვს ბილი ჰოლიდეიზე(იცინის)  რასაკვირველია სულ სხვა სტილში მღერის, მარგამ შინაგანად ბილი ჰოლიდეის მემკვიდრედ ისახება.

ნ.გ  -. ერიკ კლაპტონს არ ჩამოიყვანთ?

კ.კ.  – კლაპტონი, სანტანა, სტივ უანდერთანაც ვმუშაობთ. და როგორც კი მომენტი იქნება , ჩამოვლენ.

ნ.გ. –  ანუ მაგათზე რიგია?

კ.კ. – რიგი კი არა, იცით როგორ არის? აი  ერიკა ბადუზე ჩვენ 5 წელია ვმუშაობთ და ახლა მოხერხდა მხოლოდ;  ასე გაკეთდა:  მადრიდში იყო, მერე თბილისი, მერე მოსკოვი. აი ასე სამი ქალაქი გადაება ერთმანეთს. ასე ტურში უნდა ჩაუჯდე.  ჯო კოკერიც ასე გვყავდა.  სტინგიც ასე ჩავსვით, თორემ ისე, შენი გულისთვის რომ ჩამოვიდეს სპეციალურად, იქ უკვე მილიონებზე მიდის ლაპარაკი. ზოგჯერ ფულიც რომ გადაუხადო არ აწყობთ, შორ მანძილზე ერთი კონცერტისთვის წამოსვლა. აი, მაგალითად, სტივ უანდერმა ბოლო მომენტში გვითხრა უარი,  ფულიც კი გადახდილი გვქონდა. ოსლოდან ბათუმში რომ წამოგვეყვანა, იმდენი დრო ეხარჯებოდა, რომ შემდეგ კონცერტს ვეღარ უსწრებდა დ უარი სთქვა და ის ფულიც უკან მოგვიბრუნა! ახლა ისევ სტივ უანდერთან დაკავშირებით კარგად მიდის საქმე და ვნახოთ,  დაველოდოთ რა გამოვა …

ნ.გ. – თქვენი კომპანიის შემოქმედებითი გზები ძალიან საინტერესოდ მოგვიყევით და როგორ მიდის „ისთერნ ფრომოუშენის“ განვითარება ბიზნესის კუთხით?

კ.კ. –  ახლა ბევრად უკეთ, რაც მუდმივი სპონსორები გვყავს. წელს, „თი-ბი-სი“- ს GMC ჯგუფიც დაემატა. ძალიან დაგვეხმარა ეს და ბილეთების ფასმა არ აიწია ამის გამო!  ჩვენ ფესტივალთან დაკავშირებით რა თანხაზე ვლაპარაკობთ იცით? ლაპარაკია – 4.5 მილიონიან ქვეყანაში 2000 კაცზე ვინც უნდა გადაიხადოს 30 ლარი ჩვენს  ერთ კონცერტზე, ხო?  სპეციალურად ჩარლზ ლოიდსა და თამაზ ყურაშვილის კონცერტზე დავადეთ 30 ლარი ბილეთის ფასი (50 ლარი პარტერში და 30 ლარი ბალკონზე)  თუ ფული არა გაქვს ბალკონებზეც ძალიან კარგად ისმის, იმიტომ, რომ ახლა ისეთი აპარატურა გვიყენია, რომ ყველგან კარგად ისმის და კარგადაც სჩანს  და თქვენ წარმოიდგინეთ, ჩარლზ ლოიდზე, ასეთ მუსიკოსზე, სულ ცარიელი  იყო ბალკონი! მაგას ვამბობ, რომ ისეთი მუსიკოსები არ დადიან – დირიჟორები, პიანისტები და ა.შ. რომ ვერ ვიჯერებ, რომ 30 ლარის გადახდა არ შეეძლოთ. ან ვიღაცას დაერეკა მაინც, რომ  მოსაწვევი ეთხოვა – ეგეც არაა, არ რეკავენ. მე ვფიქრობ, ინფორმაცია არა აქვთ.

დღეს ჩვენთვის ეს საქმეცაა და გართობაც;  ბედნიერები ვართ ამით. ჩვენ   ჩვენი კუნძული მოვიწყეთ აქ და ნატოშიც უკვე შევედით ამ კუნძულით (იცინის) სხვებსაც ვთავაზობთ – მობრძანდით!!!

თბილისის მე 14 ჯაზ- ფესტივალის დღეები 27-30 ოქტომბერი (2011)

27.10.2011  20.00

ჩარლზ ლოიდი და მისი ახალი კვარტეტი

ჩარლზ ლოიდი და მისი ახალი კვარტეტი. მარცხნიდან მარჯვნივ:  ჯეისონ მორანი ფორტეპიანო, ჩარლზ ლოიდი საქსაფონი, ფლეიტა,  ერიკ ჰარლანდი დრამერი,    რუბენ როჯერსი ბასი.  („ისთერნ ფრომოუშენის“ არქივი)

ჩარლზ ლოიდმა სადებიუტო ალბომით “Dreamweaver” 1966 წელს  მსოფლიოს გააცნო ისეთი მუსიკოსები , როგორებიც არიან: პიანისტი კეიტ ჯარეტი, ბასისტი სესილ მაქბი და დრამერი  ჯექ დეჟონეთი.

დატვირთული გრაფიკის გამო თბილისის ჯაზ- ფესტივალზე მუსიკოსები ერთი დღით ჩამოდიან ხოლმე. ამის გამო ექსკლუზიური ინტერვიუს უფლება მხოლოდ ზოგიერთ ტელეარხებს მიეცათ. ბეჭდვური მედია ამ მხრივ დაიჩაგრა; ამიტომ მონაწილეების შესახებ ინფორმაციისთვის ელექტრონულ მედიას მივაკითხე.

გაზეთი „Mirror “ წერს მასზე:  „ ლოიდი დღეს წარმოადგენს ყველაზე დაუღალავ შემოქმედს ჯაზში; ის არის ტენორ საქსაფონების მასტერი“

„ Encyclopedia of Jazz Musicians“  სწერს,  რომ ლოიდი ჯონ კოლტრეინის მიმართულების გამგრძელებელია მუსიკაში:  „ლოიდი სესხულობს კოლტრეინის რიტმულ არათანფარდობებს და მისი ღრმა სულიერების გამგრძელებელია საკუთარი იმპროვიზააციული ძიებების გზაზე“

44  წლის შემოქმედებით გზის მანძილზე იგი გამოდიოდა უამრავ ცნობილ ჯგუფთან და მუსიკოსთან ერთად; მათ შორისაა „დოორს“ „ ბიჩ ბოის“ ჰერბი ჰენკოკი, მიშელ პეტრუჩანი და მრავალი სხვა.

გთავაზობთ თვითონ ჩარლზ ლოიდის ზოგიერთ ამონარიდს საკუთარ შემოქმედებაზე:

„ მე ვარ  შეყვარებული მუსიკაზე. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, სამყარო სდუმდა ჩემთვის, მხოლოდ  როდესაც მე ვუსმენდი მუსიკას ის იწყებდა ვიბრაციას. მე სპირიტუალისტი ვარ. მე მიყვარს სულიერი ცხოვრება. როგორღაც ხდებოდა, რომ მუსიკის დიდი მისტიკოსები, ყოველთვის სულიერად მაღელვებდნენ და მასაზრდოებდნენ.“ …

„მე დავდიოდი კოლეჯში და იქ ორკესტრში ვასრულებდი ევროპულ კლასიკურ მუსიკას. ერთხელ დიმიტირ შოსტაკოვჩი მოვიდა ჩევნთან და გვიდიროჟორა თავის მე 5 სიმფონიაში. მაშინ მე კლარნეტზე ვუკრავდი.  ამაზე იშვიათდ ვსაუბრობ, მაგრამ ეს დაუვიწყარი გრძნობა იყო, როდესაც მე მის სევდიან თვალებს ვუცქერდი და მის არაჩვეულებრივ მუსიკას ვასრულებდი.“…

„მე ვარ ხმების მაძებარი. ჩემზე დიდი გავლენა იქონია ინდურმა მუსიკამ, აგრეთვე მსოფლიოს სხვადასხვა ფოლკლორმა და მათ შორის აფრიკულმა. შეიძლება ეკლეტიკოსი ვარ, მაგრამ მე ამ მდიდარ  ტრადიციებს  ვიყენებ.  არ ვიცი ჟანრობრივ ჩარჩოებში როგორ უნდა მოვექცე.  მე მთელ მუსიკალურ პალიტრას ვეყრდნობი, როდესაც ბგერების ძებნაში ვარ.“  …

„როგორ აღწერო ჩემი მუსიკა? ალბათ თავისუფლება და გაოცება; მე დიდი მეოცნებე ვარ…“ …

დიდი მეოცნებე განდეგილად ცხოვრობს კალიფორნიაში, სანტა ბარბარასთან ახლოს,  თავის სახლში, რომელიც მეუღლემ დააპროექტა. ეს ადგილი განაპირობა ვედანტური ტაძრის სიახლოვემაც, რომლის რელიგიური მიმდევარიც არის ლოიდი.  სიტყვა ვედანტა  ინდურ ფილოსფიაში იხმარება, როგორც სინონიმი ვედას მოძღვრების წიგნებისა ანუ „უპანიშადებისა“. ვედანტური მოძღვრების თანახმად სამყაროში მხოლოდ ერთი რეალობაა,  ესაა ბრახმანი, მთელი დანარჩენი სამყარო კი მისი ილუზიაა.

ქართული პუბლიკა მოხიბლა ამ დიდმა მეოცნებე მუსიკოსმა. ის უკრავდა საქსაფონზე, ფლეიტაზე. ხოლო  როდესაც პიანისტი სოლოს ასრულებდა ლოიდი პერკუსიით ალამაზებდა მუსიკალურ პალიტრას. მთელი კონცერტი იყო ერთი გულჩათხრობილი ამბავი, ერთი მუსიკალური ტილო, სადაც ოთხივე მუსიკოსი „ქარგავდა“ ულამაზეს ჯაზურ ქსოვილს. შეგიძლიათ მოისმინოთ და ნახოთ ერთი ფრაგმენტი ინტერნეტით You Tub – ზე; დაკლიკეთ ეს ლინკი:

http://www.youtube.com/watch?v=BzcCOt4WtGo&list=UUjHmnoH5gAdy_JekYoby6IA&index=8&feature=plcp

ერთ შემთხვევაში ლოიდმა აღმოსავლური კლარნეტი აიღო და იმის მეშვეობით ყველაზე სულისსიღრმისეული განცდები გადმოაფრქვია.

დასასრულს კი გულჩათხრობილი კრიშნას პოემა „გარეპა,“ ანუ ტრადიციულად რომ ვთქვათ – რეჩიტატივით იმღერა;  საოცარი იყო კრიშნას ლექსი  ლოიდის ხმით ამღერებული,  მომნუსხავ მუსიკალურ ფონზე. კარგი იქნება თუ მოუსმენთ ამ ფრაგმენტს ჩემს მიერ შემოთავაზებულ ინტერნეტის ლინკზე. როგორც კახა კანდელაკმა გვითხრა, ამას ლოიდი ყველგან არ ასრულებს. ყურადღება მიაქციეთ მღერად კონტრაბასს, რომელიც ჯაზისთვის უჩვეულოდ, ხემით მუზიცირებს.

შეგიძლიათ მოისმინოთ და ნახოთ ეს ფრაგმენტი ინტერნეტით You Tub – ზე; დაკლიკეთ ქვემოთა ლინკი:

http://www.youtube.com/watch?v=_JSkWjafq14&feature=related

ლოიდმა თბილისის აუდიტორია სრულიად გათიშა და რეალობას მოსწყვიტა ამ ბოლო ნომრის შესრულებით… ვინატრე, რომ მეტი პროფესიონალი მუსიკოსი ყოფილიყო ამ დროს დარბაზში. ნამდვილად დააფასებდნენ, კი! კი!

თამაზ ყურაშვილი და მისი კვარტეტი

მეორე განყოფილებაში  გამოდიოდა ქართული ჯაზის ლეგენდა  თამაზ ყურაშვილი და მისი კვარტეტი.

თამაზი უნდა კონცერტის გამხსნელი ყოფილიყო, მაგრამ ჩარლზ ლოიდი იმავე ღამეს თითქმის კონცერტიდან პირდაპირ უნდა წასულიყო აეროპორტში.  ამის გამო თამაზმა დაუთმო ამერიკელ მუსიკოსს თავისი დრო.  რასაკვირველია, ამან  იმოქმედა მაყურებელზე – ჩარლზ ლოიდი უკრადა ახალ, ორიგინალურ მუსიკას; თამაზის კვარტეტი ტრადიციულ ჯაზ- სტანდარტებს. რთულია ერთის მერე მეორეს მოსმენა, ეს იგივეა, რომ  ვთქვათ კლასიკური სიმფონიის ფინალური ნაწილის მოსმენის შემდეგ მოისმინო იგივე სიმფონიის პირველი ნაწილი. ამიტომ,  დრამატურგიულად ვერ აეწყო კონცერტი თამაზის სასარგებლოდ და სამწუხაროდ, დარბაზი ნახევრად ცარიელი იყო

თამაზ ყურაშვილი  („ისთერნ პრომოუშენის“ არქივი)

ინტერვიუ თამაზ ყურაშვილთან

თ.ყ. – მე  -14 ჯაზ-ფესტივალი ძალიან მაღალი დონით გამოირჩეოდა.  ზუსტად ისეთი სტანდარტებით, როგორებიც ევროპის ან ამერიკის ნებისმიერ ჯაზ -ფესტივალია.  საინტერესო, მრავალფეროვანი, ახალი   პროგრამით ჩამოვიდნენ ტრადიციული შემსრულებლები ჩარლზ ლოიდი, ლერი კორიელი. აგრეთვე უფრო ახალი, ჯაზ -როკის წარმომადგენელი, სონი ემორი ძალიან გამართული, ჩამოყალიბებული მუსიკოსია.

რაც შეეხება ჩვენს ჯგუფს, ჩვენ ტრადიციულ ავანგარდს ვუკრავდით, ჩარლზ ლოიდის ტიპის, მაგრამ ტრადიციულ, ავანგარდულ თემებს ახლებურად -თანამედროვე ენით   გადმოვცემდით.

ჯგუფის პიანისტი, იაკობ ოკუნი, ახალგაზრდა თაობის მუსიკოსია, ისევე , როგორც დანარჩენები. მე ჯერ კიდევ იაკობის მამასთან, მიშასთან ერთდ გამოვდიოდი. თბილისშიც და სხვაგანაც. მიხეილ ოკუნი, საბჭოთა ჯაზის სათავეებთან იდგა.  მისი ვაჟიც ძალიან ნიჭიერია. .ამ  ახალგაზრდებთან  მე ბევრჯერ გამოვსულვარ მოსკოვშიც, ბაქოშიც, თბილისშიც.

ნ.გ. – რამდენად ხშირად გიწევთ ტურებში სიარული ამჟამად?

თ.ყ. – ადრე, წელიწადში 8 თჳე არ ვიყავი ხოლმე, სულ ტურები მქონდა. ახლა უფრო მეჩხერად. არტურო სანდოვალი (კუბელი წარმოშობის ამერიკელი მუსიკოსი, საყვირი) მეპატიჟება მაიმიში.  ახლახანს, ჩემი ჯაზ-კლუბი გავხსენი „კაფე დე ფრანსი“, სადაც პარასკევობით მე გამოვდივარ და ამის გამო გაზაფხულისთვის გადავდე იქ გამგზავრება. რამდენ ხანს დავრჩები იქ, ვნახოთ. კიდევ ერთი ცნობილი პიანისტია,  დიკოვსკი, პოლონეთიდანაა და ახლა შტატებში გამოდის, ისიც მეპატიჟება. ვნახოთ, იქ გამოჩნდება, რამდენ ხანს გავჩერდები…

ნ.გ. – როგორი ურთიერთობა გაქვთ წლევანდელ ფესტივალზე ჩამოსულ მუსიკოსებთან?

თ.ყ.  – სუყველას ვიცნობდი. მაგალითად ჩარლზ ლოიდის ბასისტმა, რუბენ როჯერსმა, თბილისში, რომ მოდიოდა, წინასწარ შემითანხმდა და აქ ჩემს ინსტრუმენტზე დაუკრა, თავისი აღარ წამოიღო. ძნელია ხომ იცით დიდი ინსტრუმეტით მგზავრობა. სუყველას შევხვდი აქ და ძალიან კარგია ეს შეხვდრები, მაგრამ დასანანია, რომ ისე , როგორც იყო ადრე, ჯემ-სეშენები აღარ ეწყობა.

ნ.გ.  – რატომ?

თ.ყ. – იმის გამო, რომ „ისთერნ -ფრომოუშენს“ მუსიკოსები ევროპიდან ჩამოჰყავს, ტურები ისეა აქვთ გათვლილი, რომ აქედან პირდაპირ ღამესვე უკან მიფრინავენ და დრო აღარ რჩებათ. არადა, ასეთი ჯემ-სეშენები სხვადასხვა მუსიკოსებს საშუალებას  აძლევს რაღაც ახალი შექმნან; შეიძლება ახალი ჯგუფიც კი ჩამოაყალიბონ. ადრე, რომ ეწყობოდა ჯაზ- ფესტივალები, მუსიკოსები  ერთი კვირა მაინც ჩერდებოდნენ აქ და ეს ძალიან კარგი იყო განვითარებისთვის.

ნიუ-ორკში, რომ ვიყავი, იქ დავდიოდი კლუბში,  ასეთი კლუბია – „Willage Gate”, სადაც კვირაობით, 13.00 დან 18.00 საათამდე ვისაც უნდა მიდის, 2 დოლარს გადაიხდის და უკრავს. უნდა  წინასწარ ჩაეწერო, დაასახელო რა ინტრუმენტზე უკრავ და შემდეგ გამოგიძახებენ. თუ მოეწონათ  შენი დაკრული, მერე შეიძლება სამსახურიც იშოვო, თუ არა და მერე შეგიძლია მარტო მსმენელად იარო, არავინ გიშლის(იცინის) ნიუ-ორკში მე ბევრი სამსახური დამაწყებინა ასეთმა ჯემ-სეშენებმა – ჩემი ორი აგენტიც მყავდა, მაგრამ მერე მომიწია აქ დაბრუნება, დაიწყო უმძიმესი 90 -წლები და უკან ვეღარ წავედი, ოჯახი არ დავტოვე.

ნ.გ. – სხვაგან საერთაშორისო ფესტივალებზე თუ ეწყობა ჯემ-სეშენები?

თ.ყ. –  კი, როგორ არა! ევროპის ჯაზ-ფესტივალებში შედის ხოლმე ჯემ-სეშენები, სპეციალურად აქვთ ორგანზატორებს ეს პროგრამაში ჩადებული. ჩვენთან ეს ჯერ  არ გამოდის;   იმედია მომავალში აქაც გვექნება.

თამაზ ყურაშვილი და მისი კვარტეტი

თამაზ ყურაშვილის კვარტეტი რომ გამხსნელი ყოფილიყო, როგორც ჩაფიქრებული იყო თავიდან, დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი მსმენელი  დიდებული ჯაზმენის ჯფუფს  უფრო  ჯეროვნად შეაფასებდა.

შეგიძლიათ მოისმინოთ თამაზყურაშვილის კვარტეტის გამოსვლა Tou Tub -ზე; ამისათვის მიაჭირეთ ქვემოთ ლინკს:

http://www.youtube.com/watch?v=0PQLF_DiUjs&list=UUjHmnoH5gAdy_JekYoby6IA&index=10&feature=plcp

27.10.2011 23.00

სონი ემორი და მისი კვარტეტი

სრულიად განსხვავბეული ატმოსფერო იყო იმავე ღამეს, 23.00 საათზე  ფესტივალის მომდევნო კონცერტზე, რომელიც „ივენთ ჰოლში“ გაიმართა.

კლუბური გარემო და მუსიკოსებთან სიახლოვე ჯაზურ რიტმებთან თანამონაწილეს გხდიდა, თანაც ის საღამო რიტმის ოსტატის და ლეგენდარული დრამერის, სონი ემორის ჯგუფთან უნდა გაგვეტარებინა.

სონი ემორი („ისთერნ ფრომოუშენის“ არქივი)

სონი ემორი მსოფლიოში აღიარებული დრამერია. ის მუსიკოსთა ოჯახში გაიზარდა და პირველი დასარტყამი ინსტრუმენტი 4 წლის ასაკში მიიღო. პირველი გამოსვლებიც მამასა და ბაბუასთან ერთად მოუწია.

სონი ემორიმ ბაკალავრი ჯაზის ფაკულტეტზე, საკუთარ შტატ ჯორჯიაში მიიღო და შემდეგ ლოს ანჯელესში გაემგზავრა, სადაც ლეგენდარულ მუსკოსთან, ჯო სემფლთან და ჯგუფ „ქრუსეიდერთან“ ერთად პროეფესიონალ დრამერად საბოლოოდ ჩამოყალიბდა. მას მერე კი უამრავი ჯილდოები და მათ შორის საპატიო „გრემი“ დაისაკუთრა.  არ აკლდა მას ცნობილ მუსიკოსებთან ერთად გამოსვლა;  სონი ემორი უკრავდფა ისეთ მუსიკოსებთან და ჯგუფებთან როგორებიც არიან :  Earth, Wind and Fire, Bette Midler, Lee Ritenour, Jenifer Lopez, Steely Dan, Stanley Clarke, David Sanborn, Al Jarreau, paula Abdulm j-Luc Ponti, Rihana და სხვები.  

მის ერთ-ერთ ალბომს გადაეცა პლატინიუმის ჯილდო,რაც აშშ -ში, მილიონი გაყიდული დისკის შემთხვევაში ენიჭებათ რჩეულებს.   ეს მხოლოდ მცირედი მიღწევებია, რაც მის შესახებ შეიძლება ითქვას. იგი ასწავლის და ძალიან ბევრს მოგზაურობს, წერს ახალ მუსიკას და მხატვრულ ფილმებსაც აფორმებს.

თავის ახალ ოთხწევრიან ბენდთან ერთად მან ძალიან ენერგიული, ფანკ-როკ მუსიკა  შეასრულა.

სონის სოლო გამოსვლები ცნობილია მისი ჯოხების  თავბრუდამხვევი „თამაშით“ რაც მან იმ საღამოსაც ჩაატარა

სონი ემორი და მისი კვარტეტი  “Cachet Fusion”

დღეს სონი ემორის  შემოქმედება პიკზეა.  ემოციების ამ პიკზე მან  ჩვენ  იმ საღამოს ნამდვილად გვამყოფა.

შეგიძლიათ მოისმინოთ და ნახოთ სონი ემორის თბილისის ჯაზ-ფესტივალზე გამოსვლის ფრაგმენტი You Tub  -ზე ამისთვის დაკლიკეთ:

შეგიძლიათ მოისმინოთ და ნახოთ სონი ემორის თბილისის ჯაზ-ფესტივალზე გამოსვლის ფრაგმენტი;  „You Tub“ -ზე ამისთვის აკრიფეთ:

http://www.youtube.com/watch?v=_207SMt-UFo&list=UUjHmnoH5gAdy_JekYoby6IA&index=11&feature=plcp

თბილისელმა ახალგაზრდებმა და არა მარტო, იმ დღეს ძალიან ბევრი  დადებითი მუხტი მივიღეთ; ადრენალინის გაცემამაც არ დააყოვნა.

29.10. 2011

ლერი ქორიელი და მისი ტრიო

„ისთერფრომოუშენის“ დამფუძნებლის, კახა კანდელაკის სიტყვები ნადმვილად გამართლდა წლევანდელ ფესტივალზე და მისი ყველა მონაწილე მსოფლიო დონის ვარსკლავი აღმოჩნდა. ასე იყო ფესტივალის მესამე კონცერტზეც, სადაც ლერი ქორიელი და მისი ტრიო გამოდიოდმენ.

ჟურნალი „Musicianლერი ქორიელს 100 საუკეთესო ცოცხალ გიტარისტს მიაკუთვნებს. 60 ზე მეტი ალბომის ავტორმა, ქორიელი ბოლო 40 წელია მოღვაწეობს, როგორც ლიდერი და როგორც სხვადასხვა ცნობილი ჯგუფების წევრი.  თავის 6 სიმიან გიტარას ის მრავალმხრივად იყენებს –  როგორც კლასიკური მუსიკის სოლო გიტარას, ფანქ-როკ ფიუჟენს, პოპსა  და რასაკვირველია  ჯაზში (straight – ahead jazz)

იგი თანამშრომლობდა მსოფლიოში ისეთ განთქმულ მუსიკოსებთან,  როგორებიც არიან გიტარისტები – ჯონ მაქლაფლინი, ერიკ კლაპტონი,  ჯიმი ჰენდრიქსი,  პაკო დე ლუსია, ფეთ მეთნი, ალ დი მეოლა, დრამერები – ბილი ქობჰემი, ელვინ ჯონსი, ლენი უაითი;  საქსაფონისტები  – ფაროა სენდერის და მაიქლ ბრექერი, ტრამპეტისტი რენდი ბრექერი და სხვა მრავალი.

ლერი ქორიელი 60 -იან წლებში

აი ასე გამოიყურებოდა ლერი ქორიელი 60 -იან წლებში, როდესაც ის ჰიპობდა და ასეთი ის დღეს – ბუდიზმის მიმდევარი.

ლერი ქორიელი თბილისის ჯაზ-ფესტივალზე 2011 წ.

ლერი ქორიელის ერთ-ერთი გახმაურეული პროექტი იყო “The meeting of the spirits,” (1979) სადაც ის ლეგენდარული მუსიკოსებთან,  ჯონ მაქლაფლინთან და პაკო დე ლუსიასთან ერთად გამოდიოდა.

დაინსტერესბულ მკითხველს შეუძლია მოუსმინოს ამ არაჩვეულებრივ  ტრიოს „You Tub“-ზე;  ამისათვის საძიებო სისტემაში უნდა აკრიფოთ: Meeting Of The Spirits – John McLaughlin, Larry Coryell, Paco De Lucia ან დაკლიკოთ:

http://www.youtube.com/watch?v=ot5eXqhRs9I

სამწუხაროდ ლერის ალკოჰოლითა და ნარკოტიკების გატაცების გამო მას ამ პროექტის დატოვება მოუწია; ის ალ დი მეოლამ შეცვალა. ეს იყო მძიმე პერიოდი ქორიელის ბიოგრაფიაში. ამ დროს მას გვერდით ამოუდგნენ მუსიკოსები ვეინ შორთერი, ბასთერ ვილიამსი და ჰერბი ჰენქოქი,  რომლებმაც ლერი ბუდისტურ აღმსარებლობას აზიარეს.  ბუდისტური გალობა გახდა ლერის ყოველდღიური პრაქტიკის ნაწილი და დაეხმარა მას სიძნელეების გადალახვაში. გარკვეული დროის შემდეგ მან შეძლო მუსიკას დაბრუნებოდა.

თუმცა აღმოსავლური და კერძოდ ინდური ჰანგებით  გატაცება  ლერიმ ბევრად ადრე დაიწყო. ახალგაზრდბობაში ლერი სტუდენტურ თავყრილობებზე ხშირად უსმენდა მაშინ ძალზე პოპულარულ  რავი შანკარს და მისი აზრით ინდური მელოდიკა და ამერიკული ბლუზი არც თუ შორს იყო ერთმანეთისგან.  ბომბეის ჯაზ- ფესტივალის წინ მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს: „როდესაც მე დავიწყე ფიუჟენი მუსიკაში მე უკვე ვიყავი ინდური მუსიკის გავლენის ქვეშ. დღეს მე რასაც ვუკრავ ორივე სტილთან ახლოსაა და მგონი საზღვარიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის  მუსიკას შორის აღარ არის, რაც ჩემს მიზანს წარმოადგენდა“

29 ოქტომბერს გამართულ კონცერტზე ლერი ქორიელმა  და მისმა ტრიომ  მუსიკალური მიმდინარეობების თითქმის ყველა ჟანრში ააჟღერეს კომპოზიციები. როკი  ჯაზი, ბლუზი, ფიუჟენი,  ქავერები ბითლსის, რაველის და  სხვების შემოქმედებიდან. ლარი ქორიელის სურვილია არ იყოს ერთი რომელიმე მიმდიანრეობის მიმდევარი, არამედ იყოს ყველგან საკუთარი თავი. “ All About Jazz “ ჟურნალისტის, დონ ვილიამსონის შეკითხვაზე,  დაუკრავს თუ არა იგი კიდევ ერთხელ ჯონ მაქლაფლინთან ერთად ლერი პასუხობს: „ კი, რასაკვირველია, თუკი საკმარისად დიდი ოთახი იქნება ორივე ჩვენთაგანის ეგოსთვის“ ამავე დროს იქვე ამბობს, რომ მისთვის მიკუთვნებულ ფიუჟენის სტილში ნომერ პირველობას არ ეთანხმება და ეს ადგილი მაქლაფლინს უფრო ეკუთვნის. ასეთი კონტროვერსიულობა იმის ნიშანია, რომ ქორიელმა კარგად იცის თავისი ადგილი და მისი ექლეტიკურობა სტილის არ ქონას კი არ ნიშნავს, არამედ ყველა მიმდინარეობის ქვეშ, მისი საკუთარი – ლერი ქორიელის ნიშაში გაერთიანებას. მას ურჩევნია, რომ მასზე წერონ, როგორც არა გიტარისტზე, არამედ როგორც მუსიკოსზე ზოგადად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  თავად ლერი ქორიელი მუსიკალურ  კრიტიკოსებზე არაა მთლად კარგი აზრის. მას მიაჩნია, რომ მუსიკა თავისთავად გამოხატავს სათქმელს და მასზე წერა არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს (ბევრი შემსრულებლის პოზიციას ემთხვევა მე მგონი – ნ.გ.) თუმცა თავისივე ვებგვერდზე „პრესის“ განყოფილებაში კრიტიკოსის საინტერესო რეცენზია შეურჩევია ინტერნეტ მკითხველისთვის.

ოჰ, ეს კონტროვერსიულობა – ყველა შემოქმედის თანმდევი,  ლამაზი ნაწილი!

მისი შესრულების მანერა – მოჭრილი მკვეთრი ბგერით და ზოგან მღერადი – ბლუზიდან მოსული ინტონაციით, გაჯერებული როკის და ქანთრის, ბიბოპის და ფიუჟენის სტილით  „ივენთ -ჰოლში“ დამსწრე მაყურებელს კიდევ დიდხანს გაგვყვება. ვისურვებდი, რომ რომელიმ ტელევიზიას ჰქონოდა უფლება ეს კონცერტი ჩაეწერა, რადგანაც როგორც კახა კანდელაკი ამბობს ჯაზის მუსიკოსების ყველა კონცერტი არის უნიკალური, მხოლოდ იმ დღეს არსებული მოვლენა.

შეგიძლიათ მოუსმინოთ ლერი ქორიელის გამოსვლას ინტერნეტით You Tub -ზე; ამისთვის დაკლიკეთ:

http://www.youtube.com/watch?v=R67SfWp2_n8&list=UUjHmnoH5gAdy_JekYoby6IA&index=1&feature=plcp

 ლერი ქორიელი და მისი ტრიო

30.10.2011

ერიკა ბადუ და მისი ბენდი 

მე -14 ჯაზ ფესტივალის დასკვნითი კონცერტი 30 ოქტომბერს გაიმართა. ფესტივალის მესვეურებმა ბოლო დღისთვის ახალგაზრდა თაობის ინტერესები გაითვალისწინეს და შედეგმაც არ დააყოვნა – დარბაზი მთლიანად გაივსო.

ერიკა ბადუ („ისთერნ ფრომოუშენის“ არქივიდან)

ფოტო # 14 ერიკა ბადუ თბილისი 2011

ერიკა ბადუ ( Erica Abi Wright – სცენური სახელი Erukah Badu) გრემის 4 გზის გამარჯვებული და სხვა მრავალი პრესტიჟული პრიზის მფლობელია. დღეს ის აღიარებულია  ნეო – სოულის დედოფლად. მის შემოქმედებაში შევხვდებით ელემენტებს R&B –  დან, ჰიფ ჰოფიდან,  ჯაზიდან.  იგი თავად წერს ტექსტებს და მუსიკას თავისი სიმღერებისთვის. თავად არის თავისი კონცერტების კოსტუმების, განათების და დეკორაციის დიზაინერი და ვიდეო ფონის ავტორი. იგი ცნობილია თავისი ექსცენტრიული ჩაცმულობით და ამავე დროს თავისი კომპოზიციების  ეზოთერულ- ფილოსოფიური ჩაღრმავებებით.

ერიკა ბადუს ფილოსოფიურ ხედვებს რამდენიმე წყარო აქვს; ესენია ისლამიდან გამოყოფილი „ხუთ პროცენტიანთა“ თეოლოგია, ძველი ეგვიპტელების კოპლექსური შეხედულებები და სამხრეთ-აფრიკელ ამერიკელთა ხალხური ტრადიციები. მთელი მისი მუსიკალური შემოქმედება ამ გავლენებით  არის აღნიშნული. „ხუთ პროცენტიანები“ თვლიან, რომ დედამიწაზე თავიდან შავკანიანები ცხოვრობდნენ და რომ სწორედ ისინი არიან დედამიწის ცივილიზაციის მამები და დედები. მათ სჯერათ შავკანიანი ღმერთის, რომლის სახელიც არის ალაჰი, მაგრამ მისი თვისებები განსხვავებულია ტრადიციული ისლამის ღვთაებისგან.

აი, რა გაუზიარა მან ონლაინ- ჟურნალ  “ FACT” – თან ინტერვიუს დროს ჟურნალისტ  მრ.ბიტნიკს.

„მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ჩვენი ცხოვრება იმ დონეზეა დღეს რა დონეზეც ჩვენი პლანეტა იმყოფება. ჩვენი პლანეტა,  დედამიწა კი ახლა გადის ევოლუციის ფაზას; ესაა ახლის დაბადება, რასაც ყოველთვის ტკივილი  სდევს თან.  მე კი ბებიაქალის როლი მაკისრია ამ პროცესში. მე ვეხმარები ევოლუციას შობაში.“ 

ალბათ ამ ბებია ქალის როლი ჰქონდა ერიკა ბადუს დაკისრებული საკუთარ თავზე, როდესაც 2005 წელს საკმაოდ სკანდალური მუსიკალური ვიდეო გადაიღო საკუთარი სცენარით  “Window Seat.” მუსიკა და სიტყვებიც რასაკვირველია საკუთარი იყო.

შეგიძლიათ მოისმინოთ და ნახოთ ეს კლიპი „You Tub” -ზე; აკრიფეთ საძიებო სისტემაში: Erukah Badu – Window Seat Erykah Badu – Window Seat ან დაკლიკოთ:

http://www.youtube.com/watch?v=9hVp47f5YZg&ob=av2e

სკანდალი გამოიწვია იმან, რომ კლიპის გადაღებისას ერიკა ბადუ მთლიანად გაშიშვლდა ქუჩაში, მაშინ, როდესაც იქ უამრავი ბავშვებიანი ხალხი იყო. ერიკა სამხრეთ დალასიდან არის წარმოშობით და გადაღების ადგილად  მან სწორედ ეს ქალაქი აირჩია. მუსიკალური კლიპი გადაღებული არის ერთი უწყვეტი კადრის პრინციპით. ერიკა მიდის დალასის ქუჩებში და ნელ- ნელა იძრობს სამოსს. ბოლოს, როდესაც ის მთლიანად გაშიშვლდება მას „ესვრიან“ და ის ასფალტზე განგმირული ეცემა. ეს ის ადგილია, სადაც პრეზიდენტი ჯონ კენედი მოკლეს 1963  წელს.  ჟურნალისტის თხოვნაზე კომენტარი გააკეთოს ამ კონტროვერსიულ  ვიდეოსთან დაკაშირებით ერიკა პასუხობს:

„ხელოვნების მიზანია შექმნას დიალოგი. ხალხი შემდეგ საუბრობს იმაზე თუ რა გრძნობა გაუჩნდათ მათ ამ დიალოგის შედეგად. ხელოვანის ამოცანაა პროვოცირება გაუკეთოს ამ დიალოგს; ამისთვის ის იწყებს გამოწვევას, ევოლუციას, გულისგატეხვას, დაცინვას… მაყურებელმა გრძნობები უნდა გამოხატოს ამაზე რეაგირების  შემდეგ.  რადგანაც ამ კლიპმა ამდენი ვნებათაღელვა გამოიწვია, ე.ი. მე მივაღწიე ამ მიზანს.“

საბედნიეროდ, ერიკა ბადუმ საჯარო ადგილზე გაშიშვლებისათვის დანაშაულს, (რაც აშშ -ში ისჯება თავისუფლების აღკვეთით) შედარებით  მსუბუქად დააღწია თავი და მხოლოდ 500 დოლარის ჯარიმის გადახდით შემოიფარგლა.

თბილისის კონცერტზე ასეთ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია. ერიკამ  თითქმის ყველა თავისი ცნობილი ჰიტი შეასრულა და დარბაზს ეტყობოდა, რომ კარგად იცნობდა მის რეპერტუარს.

შეგიძლიათ ნახოთ ერიკა ბადუს გამოსვლის ფრაგმენტები „You –Tub”-ზე. აკრიფეთ საძიებო სისტემაში ჯერ theNargiz28 და შემდეგ:  Erykah Badu Tbilisi Jazz festival 2011; აქ ატვირთულია მაქვს 4 ვიდეო ფრაგმენტი. აი ერთ-ერთის ლინკი:

http://www.youtube.com/watch?v=bw8IuDWlr8o&list=UUjHmnoH5gAdy_JekYoby6IA&index=7&feature=plcp

როდესაც მან თავისი ცნობილი სიმღერის ” 4 th World War” -ის  წარდგენა უნდოდა, დარბაზის ერთი ნაწილიდან გაისმა შეძახილი: “Fuck Russia“, რაზეც მომღერალმა უპასუხა, რომ ის მართალია ნეიტრალურ მხარეს წარმოადგენს, მაგრამ თანაგრძნობას უხცადებს დარბაზში მსხდომი ადამიანების გრძნობებს.  საბედნიეროდ, ეს მომენტი ასახულია You Tub -ზე. შეგიძლიათ ნახოთ ერიკა ბადუს გამოსვლის ფრაგმენტები „You –Tub”-ზე; აკრიფეთ საძიებო სისტემაში Erukah Badu Live in Tbilisi 2011/Annie, Soldier ან პირდაპირ დაკლიკეთ:

http://www.youtube.com/watch?v=1e36Ga86AzQ

ერიკა ბადუ

კონცერტის დასასრულს, სცენაზე ავიდა ცნობილი ქართველი მელომანი, ბატონი ავთანდილი, ((რომელიც ღირსია ალბათ, რომ როდისმე ერთი მონოგრაფია მივუძვნათ) და როგორც მას სჩვევია მიართვა სოლისტს თავისი ხელით დამზადებული იკებანა.

ერიკამ ეს თბილისური  სიყვარულის სიმბოლო ჰაერში აიტაცა და ვგონებ ეს მისი მომავალი სიმღერის შთაგონების წყაროდაც ქცეულიყო.

 

 „  2005 წლიდან მე საკუთარი ლეფტოპი მაქვს;  ჩემმა შვილმა მასწავლა როგორ ჩავწერო სიმღერები  მიკროფონით. მას შემდეგ მე შემიძლია ვწერო სიმღერები ყველგან, სადაც კი მე მომესურვება, ეს არის ჩემთვის როგორც თერაპია. მთავარია, არ ვუღალატო საკუთარ თავს – ვიყო გულწრფელი  და არ შემეშინდეს ჩემი თავის გამოხატვის“ ( ერიკა ბადუს ინტერვიუ FACT magazine- თან)

P.S.  მე- 15 ჯაზ -ფესტივალამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, მანამდე არ გამოვტოვოთ ყოველთვიური ჯაზ-სერიები ფილარმონიის „ივენთ კლუბსა“ ანდა  „ბათუმი ბლექ სი“ ჯაზ- ფესტივალი; თბილისის მე – 14  საერთაშორისო ფესტივალმა   ცხადყო, რომ  „ისთერ ფრომოუშენის“  გემოვნება მართლაც მაღალი კლასისაა და ნუ დაგვენანება ჩვენი დრო და თუნდაც ერთი ბილეთის თანხა ამ სიამოვნებისთვის.

 

 

 


Advertisements

About nargiz

love music and not only this
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s