“Mad Men” –ანუ ჩემი ბავშვობის ამერიკის აღმოჩენა

Image

2012 წლის თებერვალი- მარტი, ანუ 2 თვის განმავლობაში ვიმყოფებოდი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ისე მოხდა, რომ მე ჩავერთე ძალიან პოპულარული ტელესერიალის   „მედ მენის“  ყურებაში და მალე გავხდი   ამ სერიალის ნამდვილი ფანი.

მაინც რა აქვს ამ სერიალს ასეთი მიმზიდველი? რისთვის შევაჩერე მე თქვენი ყურადღება მასზე?

ორი სიტყვით ფილმის შინაარსზე:  მასში ასახულია მე 20 საუკუნის,  60 -იანი წლების ნიუ-ორკის ერთ – ერთ სარეკლამო კომპანიის თანამშრომლების ცხოვრება, მაგრამ მთავარი აქ  ისაა, თუ რატომ გახდა 60 -იანი წლები ასე მიმზიდველი თანამედროვეებისათვის?

აღმოჩნდა, რომ თურმე ამერიკელებისთვის ძალიან  საინტერესოა სამყარო,  რომელშიც  მათი ბებიები და -ბაბუები  ცხოვრობდნენ.  იმდროინდელი პრობლემებით  და განსჯით იმაზე, თუ რა შეიცვალა  ან არ შეიცვალა და დღესაც პრობლემას წარმოადგენს.  

ფილმში 60 -იანი წლების ისტორიული ფონი ძალიან საინტერესოდ არის ნაჩვენები. თითქოს შემთხვევით, ხაზგასმულია ისტროიული დეტალები და მტკივნეული თემები:  ესენია: სიგარეტი, ალკოჰოლიზმი, სექსიზმი, ფემინიზმი, ერთგულება და ღალატი, ჰომოფობია, რასიზმი,  გარემოზე ზრუნვა და მრავალი სხვა. აღმოჩნდა, რომ ამ 50 წლის განმავლობაში, ბევრი ამ  პრობლემის მიმართ ამერიკელების დამოკიდებულება დღეს  სრულიად სხვაგვარია.

შოუს ავტორმა, მეთიუ ვაინერმა თავისი სერიალი განსაზღვრა როგორც სამეცნიერო ფანტასიკა წარსულში;  იმ გაგებით, რომ  „ სამეცნიერო ფანტასტიკა არის ჟანრი, რომელიც იყენებს მომავალს, რათა იმსჯელოს იმ საკითხებზე, რაც დღევანდელობას აწუხებს. ‘მედ მენმა’  კი გამოიყენა წარსული, რათა ემსჯელა ისეთ საკითხებზე, რომელზეც ჩვენ დღეს ვფიქრობთ,  მაგრამ საჯაროდ მათზე არ ვსაუბრობთ.“

ძალიან საინტერესოა ფილმის რეჟისორული გადაწყვეტა: ფილმი გადაღებულია ისე,  როგორც დღევანდელი, 21 -ე საუკუნის ადამიანი დააკვირდებოდა ცხოვრებას, იქ რომ აღმოჩენილიყო;  ყურადღება გამახვილებულია ისეთ დეტალებზე, რაზეც 60 -ნი წლების რეჟისორები არც კი იფიქრებდნენ, რომ საინტერესოა საჩვენებლად.  

მაგალითად, გადაღებულია სცენა, სადაც მთავარი გმირის, სარეკლამო სააგენტოს დირექტორის,   დონ დრეიფერის ოჯახი ქალაქგარეთ არის ექსკურსიაზე. პიკნიკი მთავრდება; მამაკაცი ლუდის ქილას მთელი ძალით ბუჩქებში მოისვრის, ხოლო მისი ცოლი,  სუფრის ნარჩენებს გულდმოდგინეთ ბალახზე გადაფერთხავს. დღევანდელ ამერიკელ მაყურებელს ამ კადრების ხილვისას  ტანში ჟრუანტელი დაუვლიდა. 60 – ნი წლების რეჟისორი კი ამ სცენას საერთოდ არ ჩასვამდა ფილმში.

ქართველი მაყურებელი შესაძლოა თავის თავს შეიცნობს ამ სცენის ხილვისას: განა ვიპოვით ჩვენ დღეს საქართველოში ერთ მდელოს მაინც, სადაც ექსკურსიების შემდეგ დატოვებული ნაგავსაყრელი არ გვენახოს?

ამ და მრავალი სხვა დეტალებით, გამიჩნდა შეგრძნება, რომ დღევანდელი საქართველო ბევრ რამეში 60 -იანი წლების ამერიკას ჰგავს.

ფიქრს კი უფრო შორს მივყავარ:  ნუთუ ჩვენ ამდენივე დრო დაგვჭირდება პოსტსაბჭოთა სივრცედან გამოსულებს, რათა გარემო სივრცე ბოლოს და ბოლოს ჩვენს საკუთრებად აღვიქვათ და მოვუფრთხილდეთ მას?

დღეს მე შევეცდები ფილმის მთავარი თემები დღევანდელი საქართველოს ცხოვრებას შევადარო, რათა ჩვენც   დავუფიქრდეთ  იმას თუ  როგორები გვინდა ვიყოთ მომავალში.

 ფილმის ერთ ერთი მთავარი თემაა – ქალები და სექსიზმი

 იმ წლებში, ამერიკაში ქალი იყო საზოგადოების მეორეხარისხოვანი წევრი. ქალებს ძირითადად მდივნების პოზიციები ეკავათ და მათ  ყველაფერში ბოსის მორჩილება ევალებოდათ.  

ფილმის ყურებისას ადვილად შეამჩნევთ, რომ მამაკაცები  უტიფრად აცქერდებიან და  ძალიან მოურიდებლად ეარშიყებიან ქალებს.  ქალები კი ვერ იცავენ თავს, ისე, როგორც ამას დღეს გააკეთებდნენ. სერიალში ნაჩვენებმა  ქალებისადმი დამოკიდებულებამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა მაყურებლებში. გაზეთები  და ინტერნეტ ბლოგები აჭრელებული იყო მილიონობით კომენტარით.

„ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტი მერი ვილსონი სწერს, რომ „მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორი ცხოვრება უწევდათ ქალებს იმ დროში. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ეს ტენდენციები არ არის ბოლომდე წარსულს ჩაბარებული. ძალაუფლება  მამაკაცების ხელშია და ლამაზი გარეგნობა ჯერ კიდევ აუცილებელი კომპონენტია პროფესიულ- კარიერულ წინსვლაში…“

რა მდგომარეობაა მამ მხრივ საქართველოში?   თითქოს  ნამდვილად არ ვგევართ  60 -ნი წლების ამერიკას ამ ასპექტში, განვსხვავდებით, მაგრამ  ეს თითქოს!   მოგიყვანთ ერთ მონაცემს რომელიც თავზე  მეტყველებს.

აი ისიც:

(ცხრილი) 2009 წლის მონაცემებით საქართველო, პარლამენტში ქალების რაოდენობით, მსოფლიოს 150 ქვეყანას შორის 127 ე ადგილზე იყო:  ანუ -137 წევრიდან მხოლოდ 9 ქალი, რაც  საერთო რაოდენობის 6.6 % შეადგენს. ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში კი ამ მონაცემით საქართველო ბოლო ადგილზეა.  (ცნობისათვის, ამერიკის შეერთებული შტატები ამ სიის შუაში არიან 77  -ე ადგილით, ხოლო პირველ ადგილზეა აფრიკული სახელმწიფო რუანდა.)

ასევე დამაფიქრებელია  ჩემთვის, საქართველოს მთავრობაში მანდილოსანი მინისტრების საერთო გარეგნული თვისებები – დაბერილტუჩებიანი ლამაზი ახლაგაზრდა ქალების სიმრავლე – არის თუ არა ეს მთავარი პრინციპი მათი შერჩევისას თანამედებობაზე? ვფიქრობ, რომ ესეც ქართულ საზოგადოებაში გამეფებული ზოგადი ტენდენციების ამსახევლია.

მე მაქვს 9 წლის მუშაობის გამოცდილება ქართულ კორპარაციაში – „ტელეიმედში“. უტიფარი დამოკიდებულება ნამდვილად  არ  იყო   ქალების მიმართ,  მაგრამ  10 – მდე ხელმძღვანელი თანამდებობიდან არც ერთი არ ეკავა ქალს;  შესაბამისად მაღალანაზღაურებად პოზიციაზე მხოლოდ მამაკაცები მოიაზრებოდნენ.

ასე, რომ მითი – საქართველოში ქალების თანასწორუფლებიანობის შესახებ ცოტა საეჭვოა, მე მგონი.

დავუბრუნდეთ ჩვენს სერიალს.

ფილმის შედემგი თემა  – ჰომოფობია

ჰომოფობიის თემა საინტერესოდ სჩანს ფილმში. მაგალითად,  კომპანიის ნიჭიერი მხატვარი, სალვატორე მუდმივად მალავს თავის ორიენტაციას და შესანიღბავად კიდევაც ქორწინდება ქალზე, თუმცა ეს თავისი ბუნების საწინააღმდეგოდ გააკეთა. ის ხედავს, როგორ ექცევიან ამერიკულ საზოგადოებაში ჰომოსექსუალებს და ეშინია გამოაშკარავების. შემდეგში, სარეკლამო კომპანიაში მუშაობას იწყებს ევროპელი ახალგაზრდა, რომელმაც ღიად გამოაცხადა, რომ ის გეია. ამის გაგონებაზე, ყველას ყბა ჩამოუვარდება;  ევროპელი ზურგს უკან დასაცინი ხდება; მაგრამ ის უცხოელია და მას ქილიკი ნაკლებად ეხება,  ვიდრე თავისიანს.

დღევანდელ ამერიკაში ღიად არავინ ქილიკობს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისთვის. ცნობილია, რომ ზოგიერთ შტატში დაშვებულია ქორწინებაც.

ამერიკის 60 -იანი წლების ჰომოფობია ძალიან ჰგავს  დღევანდელ საქართველოს.  გავიხსენოთ თუნდაც 17 მაისის ინციდენტი, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრანტებს დაუპირიპირდნენ მართლმადიდებელ მშობელთა  კავშირის წევრები, რაც ფიზიკური შეურაცყოფით დასრულდა.   ნიშნავს ეს, რომ თუნდაც 50 წლის შემდეგ მაინც, იქნება  (- მე არ ვამბობ აქ რელიგიურ დამოკიდებულებაზე – რელიგიური დოგმები უცვლელია)-   საზოგადოება  ტოლერანტულად განწყობილი იმათ მიმართ, ვინც სექსუალური ორიენტაციით უმცირესობაშია?

არ ვიცი, მე იმედს ვიტოვებ,  რომ პრინციპი – უმრავლესობაა მხოლოდ მართალი – აღარ იბატონებს და იქნება პრინციპი: ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ – ჩვენ ყველანი ამ პლანეტის შვილები ვართ! 

შემდეგი თემა – ღალატი

ღალატის თემას ძალიან დიდი ადგილი უკავია ფილმში.  ღალატობენ ძირითადად მამაკაცები; ღალატობენ ცოლებს ძალიან ადვილად;  ყოველ ნაბიჯზე. ახალი დაქორწინებულებიც და ძველი დაქორწინებულებიც.

დონ დრეიფერი, მთავარი გმირია, ამიტომ დღეს ჩვენ მარტო მასზე შევჩერდებით. მას უყვარს თავისი ლამაზი ცოლი, შვილები, ოჯახი, მაგრამ ის არ არის სრულყოფილი, თუკი არ ცხოვრობს ორმაგი ცხოვრებით. 4 სეზონის განმავლობაში – ესაა სადღაც 4 წელი – მან დაახლოებით  6  საყვარელი გამოიცვალა.

ტელესერიალის იდეის ავტორი მეთიუ ვაინერი ამბობს, რომ დონ დრეიფერი მას ჰგავს: „მას თითქოს აქვს ყველაფერი და მაინც არ არის ბედნიერი“

მაინც,  რატომ ღალატობენ მამაკაცები ცოლებს? ამაზე ამარიკელი ფილოსოფოსი მარკ დოლოფი ასეთ ჰიპოტეზას გამოთქვამს: cheat is to obtain an unfair advantage – ანუ ეს არის მამაკაცისთვის თვითდამკვიდრების საშუალება. მეორეს მხრივ, მოღალატე დონი არც თავის ცოლს, ბეთის,   აძლევს გასაქანს დამოუკიდებლობისთვის. მაგალითად, როდესაც ბეთი ერთ- ერთი პრესტიჟული კლუბის შეხვედრაზე წასვლას აპირებს და ახალ საბანაო კოსტუმს ჩაიცმევს, დონი გაბრაზდება და ეტყვის მას, რომ არავითარ შემთხვევაში ამ თამამი საბანაო კოსტუმით ცოლს კლუბში არ გაუშვებს.

დამეთანხმებით, რომ ეს სცენა ძალიან ნაცნობია  დღევანდელი საქართველოსთვის? მე არ გამაჩნია კვლევების შედეგები საქართველოს მასშტაბით, მაგრამ ზეპირი მონაცემებით ვიცი,  რომ ქართველი მამაკაცების უმრავლესობა თავიანთი ცოლების ღალატს არაფრად მიიჩნევს და პირიქით, ცოლების მხრიდან ასეთი ფაქტის არსებობა ცოლ-ქმრული ურთიერთობის დასასრულს უდრის.

არის ამაში უთანაბრობა? უსამართლობა?

 არ ვიცი, მე მარტო შეკითხვას ვსვამ.

საქართველოში არსებობს ერთის მხრივ, ძალიან სერიოზული რელიგიური მიდგომა ამ საკითხის მიმართ და როგორც ცნობილია ეს ძალიან დიდ ცოდვად არის მიჩნეული. მეორეს მხრივ,  არსებობს საბჭოთა, ათეისტური წყობილებიდან გადმოსული ტრადიცია, რომ მამაკაცს ეპატიება უფრო ბევრი რამ, რაც ქალს არ ეპატიება.

საკითხავია, რატომ?

მგონი სერიალის ავტორიც,  შეკითხვას უსვამს თავის თავსაც და მაყურებელს,  თუ რა არის ცოლ-ქმრული ურთიერთობა? არსებობს კი ხანგრძლივი უმწიკვლო კავშირები?

სამწუხაროდ, პასუხები დღეს არც მეცნიერებს და არც ხელოვანებს გააჩნიათ.

მე  დღეს  მინდა ამერიკაში  ჩატარებული კვლევების რამდენიმე მონაცემის მოყვანა რათა თვითეული ჩვენთაგანი თავად დაფიქრდეს:

  1. იმის გამო, რომ ღალატი საიდუმლო ბუნებისაა, უხეშად დათვლილია, რომ ამერიკაში  30 დან-60 % -მდე დაოჯახებული წყვილებისა ღალატობს ან უღალატია ოდესმე.
  2. ბიოლოგიური რეპროდუქციის კვლევებმა ცხადყო, რომ გრძელვადიანი მონოგამია ადამიანისთვის რთული მისაღწევია. არა შეუძლებელი, მაგრამ ძალიან რთული ((see, Barash and Lipton or the myth of monogamy – Salon.com).
  3. სოციოლოგიური ანონიმური კვლევების შედეგად დადგინდა, რომ თითქმის 100 %  აღიარებს, რომ აქვს ფანტაზიები ცოლ-ქმრული კავშირის დროს, სადაც მეუღლეს მაგივრად სხვა პიროვნებას წარმოისახავენ. (see, Hicks and Leitenberg).

თუკი ეს ასეა, უნებლიე ყველა ჩვენთაგანს დაებადება კითხვა – რატომ  ვიტყუებთ ჩვენს თავს ჩვენი „ერთგულებით“?  საეკლესიო კანონებით, ხომ ფანტაზიით და რეალურად ჩადენილი ცოდვა,  ერთნაერ ცოდვადაა მიჩნეული?

რასაკვირველია ამ კითხვაზე პასუხი მე არ მაქვს…

„ Mad Men”-  ში  ნაჩვენებმა ღალატის თემამ   ყველაზე დიდი გამოხმაურება გამოიწვია მედიასა და ინტერნეტ ბლოგებში, სადაც ერთ-ერთი მომხმარებელი სწერს, რომ: „’ Mad Men’  -მა  სრულიად შეცვალა ჩემი წარმოდგენა ღალატის მიმართ; ვისწავლოთ, როგორ ვიცხოვროთ ამ პრობლემასთან ერთად; მარტო ლანძღვით ადამიანებს უფრო  ერთგულებს ვერ გავხდით“

უნდა დავეთანხმოთ თუ არა ავტორს  ამ მოსაზრებაში  არ ვიცი, მაგრამ მგონი დასაფიქრებელია…

 ფილმის დარჩენილი თემებიდან გამოვყოფდი  კიდევ სამს:   ესენია:  ალკოჰოლიზმი, სიგარეტი და რასიზმი.   სამივე თემისადმი  ამერიკაში დღევანდელი დამოკიდებულება საბედნიეროდ უკეთესობისკენაა შეცვლილი.

საქართველოში კი ზუსტად  იგივეა დღეს, რაც 60 -იან წლებში იყო იქ.

ფილმში, თითქმის ყველა, მუდმივად  ეწევა. ერთ-ერთი სცენა, სადაც ორი ქალი ახალშობილი ბავშვის ოთახში ეწევა HORROR MOVIE -ს შთაბეჭდილებას სტოვებს დღევანდელ ამერიკელ  მაყურებელზე. დღეს მსგავსი სიტუაციები  რეალობაა საქართველოში. ამერიკაში კი დღეს ცოტა ვინმე თუ ეწევა.

60 -იანი წლების ამერიკას ჰგავს დრევანდელი საქართველო ალკოჰოლის მიმართ დამოკიდებულებაშიც.  “Mad Men” – ის გმირები ვისკის დილიდან  დაღამებამდე სვამენ. შემდეგ კი საჭესთან ჯდებიან. მთვრალი მძღოლები საქართველოში დღეს ხომ ტიპიური ამბავია.  არ არსებობს სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი ფეხით მოსიარულე თუ ავტომობილის მგზავრია  ავარიაში დაღუპული სიმთვრალის გამო. აღმაშფოთებელია, რომ ტრადიციულად, სიმთვრალეში ჩადენილი დანაშაულის მიმართ ქართველი საზოგადოება უფრო ტოლერანტულია, თითქოს სიმთვრალე ამართლებს დანაშაულის ჩამდენს. მაგალითად ტიპიურია სიტუაცია, რომ „სიმთვრალის ბრალია, რომ  შევაგინე, შემომელახა და შემომაკვდა“  – ხშირად გვსმენია ასეთი რამ  და ჩვენც ხშირად მიუტევებთ ხოლმე ამ დანაშაულის ჩამდენთ.

და ბოლოს, ფილმის ერთ -ერთი   თემა  რასიზმია.  60 -იან წლებში ამერიკაში რასიზმი თუ ასეთი ძლიერი იყო ნამდვილად არ მახსოვდა. შავკანიანებს იშვიათად თუ დაინახავ კორპორაციაში, ისინი მხოლოდ ტექნიკურ პოზიციებზე მუშაობენ – დამლაგებელი, ლიფტიორი და ა.შ.

დღეს ქართველები არ თვლიან თავის თავს რასისტებად;  შავკანიანი თუ  ფერადკანიანების რაოდენობა იმდენად მცირეა საქართველოში, რომ ეს უბრალოდ არც არის აქტუალური. ჩვენ გვიყვარს ისინი, უბრალოდ ზოგჯერ  ზანგებს ვეძახით მათ.  სამაგიეროდ, არასრულფასოვან ადამიანებად მივიჩნევთ საქართველოში მაცხოვრებელ  ეროვნულ უმცირესობებს. ეს იქნება სომხები, აზერბაჯანლები, ქურთები, იეზიდები თუ სხვები. მართალია, ვაღიარებთ მათ უფლებებს, მაგრამ ოჯახის წევრებად ან მეგობრებად ძალიან გვიჭირს მათი წარმოდგენა. არადა ეს ერები საქართველოში მგონი უფრო დიდი ხანია ცხოვრობენ, ვიდრე შავკანიანები ამერიკაში.  

“ Mad Men” -ში  ნაჩვენები ამერიკული საზოგადების  ყველა ჩამოთვლილი მანკიერი მხარე 50 წლის განმავლობაში ასე თუ ისე დაძლია ამ საზოგადოებამ. ჰომოფობია, სექსიზმი, ფემინიზმი, რასიზმი, სიგარეტი, ალკოჰოლი, გარემოს დაბინძურება დღეს აღარ არის ყველაზე მტკივნეული საკითხები ამერიკისთვის.

შეგვიძლია თუა არა ვივარაუდოთ, რომ 50 წლის შემდეგ ჩვენც დავძლევთ ამ მანკიერებებს? ვფიქრობ, ამისთვის არაა საკმარისი საზოგადოების ცალკეული წევრების კეთილი სურვილი – საჭიროა გაერთიანება ამ იდეების გარშემო და ნამდვილი ბრძოლა, თითოეული მათგანის აღმოფხვრისათვის. ისე, როგორც ეს ამერიკულმა საზოგადოებამ დაძლია. დიდ დროს წაიღებს  იმის მოყოლა,  თუ რა უძღოდა  წინ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა თუ რასიზმის აღმოფხვრას ამერიკაში,  მაგრამ ვიმედოვენებ, რომ ყველას ეს კარგად ახსოვს.

ამ კონფერენციის  მთავარი ლოზუნგი „დემოკრატიული ღირებულებების საქართველოში მხარდაჭერაა.“  ჩემს მიერ მიმოხილული საკითხები  დემოკრატიასთან პირდაპირ კავშირში არ არიან,  მაგრამ მის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ.

დემოკრატიულ ღირებულებზე არც  “Mad Men”  -შია პირდაპირ საუბარი, მაგრამ არის ერთი სცენა სადაც ეს გამოიკვეთა:    ჯონ კენედის დაღუპვას მთელი ამერიკა გლოვობს, მიუხედავად იმისა, რესპუბლიკელია ის, თუ დემოკრატი. ერთ-ერთი მთავარი გმირი, ფით ქემბელი,   თავზარდაცემულია კენედის მკვლელობით  და ამბობს: „ არ ვიცი როგორ უნდა ვიცხოვრო აწი ქვეყანაში, სადაც ჯონსონი იქნება პრეზიდენტი, კაცი, რომელიც მე არ ამირჩევია!“ ეს არის ამერიკელების მთავარი პრობლემა!  შეირყა მათი ღირებულები, რომლის უმთავრესი ღერძი – თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია.

სამწუხაროდ, საქართველო ჯერ ძალიან შორს არის ასეთი  არჩევნებისგან რასაც მოწმობს, გასული არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევათა  უამრავი ფაქტი. სასამართლო სისტემისადმი საზოგადოების ნდობა  კი ძალიან დაბალია.

ადრე, ძალიან ბევრს ვნერვიულობდი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ  თუ თუ საზოგადოებრივ   ანტიდემოკრატიულ მოვლენებზე.  სერიალ „ Mad Men” – ის  ყურებამ  კი დამაფიქრა და ცოტა დამამშვიდა კიდეც.  50 წლის განმავლობაში ამერიკაში ამხელა ცვლილებები დაფიქსირდა. ვინ წარმოიდგენდა შავკანიან ადამიანს პრეზიდენტად 1960 წელს?!  ალბათ საქართველოსაც სჭირდება  დრო!დრო არის საჭირო, რომ  პოსტსაბჭოთა სივრციდან გამოსულებმა, ჩვენი ქვეყანა უფრო  განვითარებული და  დემოკრატიული გავხადოთ.

ოღონდ წლები თავისთავად ვერ  დაგვეხმარება ამ წინსვლაში, თუკი ჩვენ თავად, ანუ სამოქალაქო საზოგადოებამ არ ვიმუშავეთ ყოველდღიურად არ ვიბრძოლეთ ამისთვის!

ამით მე დავასრულე ჩემი სათქმელი.  

P.S. 

კონფერენციის მთავარი მიზნის გათვალისწინებით, მე სრულიად არ შევეხე ამ მოხსენებაში ტელესერიალ „Mad Men “ – ის მხატვრულ ღირებულებებს; ესენია: მსახიობების თამაში, რეჟისურა, კამერა, დიზაინი, მუსიკა – ეს ყველაფერი ფილმში მართლაც უმაღლეს საფეხურზეა აყვანილი.  ყველა ამ მხატვრული ღირსებების გამო სერიალმა უამრავი პრესტიჟული ჯილდო მიიღო;  სერიალის ავტორმა მეთიუ ვაინერმა  კი 30 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა  კიდევ 3 სეზონის გადაღებაზე; 60 – ნი წლები ს მოდა პოპულარული გახდა დღეს შეერთებულ შტატებში –   თავისი ჩაცმულობის სტილით: პიჯაკებით, კაბებით, თმის ვარცხნილობით;

იმედს ვიტოვებ, რომ ეს პოპულარობა უკან არ დააბრუნებს  საზოგადოების ძველ,  მანკიერ თვისებებს, რადგანაც  გამოგიტყდებით , რომ  4 წლიანი პაუზის შემდეგ მე სიგარეტის მოწევა დამაწყებინა ამ სერიალის ყურებამ

P.P.S. ეს მოხსენება დავწერე ამერიკანისტიკის ინსტიტუტის დაკვეთით კონფერენციისთვის, რომელიც 2012 წლის მაისში გაიმართა, რომლის თემაც იყო: „დემოკრატიული ღირებულებების საქართველოში მხარდაჭერა.“

Image

Advertisements

About nargiz

love music and not only this
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

6 Responses to “Mad Men” –ანუ ჩემი ბავშვობის ამერიკის აღმოჩენა

  1. Mr. Nomad ამბობს:

    მე დავიწყე ამ სერიალის ყურება, თუმცა პირველ სეზონს ვერ გავცდი. ცოტა მოსაწყენი მეჩვენა, მაგრამ ფაქტია, რომ ოქროს გლობუსზე უკვე ოთხი წელია ტრიუმფატორია. ალბათ ეს სწორედ იმ ნოსტალგიის დამსახურებაა, რომელიც ამერიკელებს აქვთ თავიანთი მშობლების დროის მიმართ.

    კარგი პოსტი იყო 😉

    • nargiz ამბობს:

      მადლობა! ხასიათები ნამდვილად გითრევენ და მეორე სეზონის შემდეგ ვეღარ მოწყდებოდით:):)

      • Mr. Nomad ამბობს:

        არა უბრალოდ ვიცი, რომ ეს სერიალი ვერ ჩამითრევს, რადგან არაფერს ისეთს არ ჰყვება, რაც აქამდე არ ვიცოდი, არ მიფიქრია, ან არ წამიკთხავს 🙂

  2. დელირიუმი ამბობს:

    ჩემი საყვარელი პერსონაჟი ჯოანია.
    შენი?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s