მე 7 ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“

 

ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ წელს მეშვიდეთ ჩატარდა. მე მას სრულად პირველად დავესწარი და რადგანაც ჟურნალ „მუსიკას“-თვის უნდა დამეწერა მასზე, გადავწყვიტე ბლოგზეც დამედო. ვინ იცის, იქნებ ინტერნეტ სივრცეშიც არიან კლასიკური მუსიკის მოყვარულები?

 ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარემ,  ლაშა ჟვანიამ გახსნის საღამოზე აღნიშნა – „ფესტივალი ვითარდება, იზრდება და უფრო და უფრო მეტ საერთაშორისო მნიშვნელობას იძენს.“  წინა ფესტივალების სამხტვრო ხელმძღვანელებს შორის იყვნენ გამოჩენილი ქართველი მუსიკოსები  – 2006წ.   ვალერიან შიუკაშვილი,  2007წ.  ბიძინა კვერნაძე, 2008 წ. ლიანა ისაკაძე, 2009წ. -ნიკოლოზ რაჭველი, 2010წ.  -მარინე იაშვილი, 2011წ. –  ალექსანდრე კორსანტია. ბატონმა ლაშამ ყველას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა რომ ბოლო 2011 წლის ფესტივალი იმდენად კარგად და საინტერესოდ  ჩატარდა, რომ  საორგანიზაციო კომიტეტმა გადაწყვიტა ალექსანდრე კორსანტია ამ ფესტივალის მუდმივ მხატრვულ ხელმძღვანელად აერჩია.

 რა იდგა  ფესტივალის საწყისებთან   და რა უძღოდა მას წინ? ამ კითხვით ჩვენ ფესტივალის ერთ-ერთ დამფუძნებელს, მარიამ დავითაშვილს მივმართეთ.

მარიამ დავითაშვილი :  ფესტივალის იდეას იმპულსი მისცა ჩემი ნათესავის, აკაკი რამიშვილის, სურვილმა. აკაკი რამიშვილი იყო დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის ვაჟი, რომელცი 4 წლის ასაკში წაიყვანეს საქართველოდან და მთელი ცხოვრება ემიგრაციაში გაატარა. თუმცა, როგორც მან მითხრა, ერთი დღე არ ყოფილა საქართველოს გარეშე. მისი ფიქრები, მისი იმედები, მისი პერსპექტივები და ოცნებები ყოველთვის დაკავშირებული იყო საქართველოსთან.

Image

ეს იყო ადამიანი, რომელმაც სულ სხვანაერად დამანახა ჩემი სამშობლო! სულ სხვანაერად შემაყვარა ჩემიანები.ძალიან ფართე გაქანების, ფართე აზროვნების ადამიანი იყო. როდესაც მე მას დაუახლოვდი ის  უკვე მოხუცი იყო,  მაგრამ ამავე დროს იყო ჩემზე ახალგზრდა. სულ 3 ჯერ მოვახერხე მისი ნახვა. ბოლოს, 3 დღით ადრე გარდაცვალებამდე ვნახე და მაშინ მთხოვა: „ისეთი საქმე წამოიწყეო, რომელიც წელიწადში ერთხელ ქართველებს მთელი მსოფლიოდან ჩამოიყვანს სამშობლოში“.  ეს ახლა არის წასვლა-წამოსვლა ძალიან ადვილი, მაგრამ მაშინ, 2000 წელსაც კი ეს ძალიან დიდი პრობლემა იყო.

აკაკი რამიშვილის გარდაცვალების შემდეგ მე დავიწყე ფიქრი მის ამ იდეაზე, მე მომივიდა თავში დამეფუძნებინა  მუსიკალური ფესტივალი, რომელიც აღდგომის დღესასწულთან იქნებოდა მისადაგებული. 2006  წლამდე ამ იდეას ხორცშესხმა არ ელოდა. 2005 წელს მე საქართველოს კათოლიკო-პატრიარქს შევხვდი, რათა ამ ფესტივლის კურთხევა მიმეღო. პატრიარქმა ძალიან დიდი ყურადღებით მომისმინა და მითხრა: „რასაკვირველია მე დავლოცავ ამ კეთილშობილური საქმის წამოწყებას! მითუმეტეს, რომ მე და მუსიკა ხომ ერთად დავიბადეთ?“ ამ სიტყვებით გამომისტუმრა  და როდესაც მე გამოვედი იქიდან მე შევამჩნიე, რომ სახეზე ცრემლები მომდიოდა. 

შემდეგ კიდევ ერთი წელი მე ჩემს მეგობრებთან  – მანანა ხვედელიძე და ირინა სახამბერიძესთან ერთად ვმუშაობდი ამ ფესტივალის მომზადებაზე. ჩვენ დავაარსეთ „აკაკი რამიშვილის ფონდი – ტრადიცია და ინოვაცია“,  რომელიც შემდგომში,  პატრიარქის ფონდთან ერთად გახდა ამ ფესტივალის დამფუძნებელი.    ჩვენი დევიზი ყოველთვის იყო ის, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ გავაკეთებდით უნდა მოსწონებოდა პატრიარქს. ასე გაჩნდა ფესტივალის სახელიც: „აღდგომიდან ამაღლებამდე“

2006 წლის პირველი ფესტივალი უფრო ექსპერიმენტის სახეს ატარებდა, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა, როგორიც იყო იანო ალიბეგაშვილის პირველი სოლო კონცერტი თბილისში, მას უკვე სერიოზული ფესტივალების რანგში აყენებდა. იანო მანამდე 7 წელი არ იყო საქართველოში და პირველად დაბრუნდა ფესტივალისთვის და ჩვენთვის ეს ძალიან სიმბოლური იყო. იანოს დაბრუნება დაემთხვა იმ იდეას, რაც იყო ამ ფესტივალის სათავეში ჩადებული აკაკი რამიშვილის მიერ. დაემთხვა ისიც , რომ პატრიარქს ძალიან მოეწონა ეს მომღერალი და მთლიანად კონცერტი. ყველაფერმა ამან, ამ პირველმა წარმატებამ თავისთავად მოიტანა ის, რომ ჩვენ საპატრიარქოს მეშვეობით დავუკავშირდით „პატრიარიქის საქველმოქმედო ფონდს“ და  იმის შემდეგ ამ ფონდის თანადგომითა და დახმარებით მოვედით ფესტივალის მეშვიდე წლამდე. ამან კი უკვე გამოიღო ის შედეგი, რომ დღესდღეობით საზოგადოება უკვე ელოდება ამ ფესტივალს.

მაშ ასე, ცხრა კონცერტი თითქმის ერთი თვის განმავლობაში; თბილისსა და რეგიონებში. მე წავყევი საორგანიზაციო ჯგუფს თითქმის ყველგან და ჩემს შთაბეჭდილებებს, ფოტოებით და მუსიკალური ნომრებით ქვევით  მოგითხრობთ. არ დაიზაროთ, ბოლოსკენ უფრო მეტ უნიკალურ მუსიკალურ ფრაგმენტებს შეხვდებით.

18 აპრილი –  საკრავიერი დუეტის საღამო

ამ დღეს ფესტივალის ორგანიზატორებმა საკრავიერი დუეტი გიორგი ვაჩნაძე  (ფორტეპიანო) და სურენ ბაგრატუნი (ვიოლონჩელო) შემგვთავაზეს.

Image

გიორგი ვაჩნაძე,  „Stienway”-ს არტისტი,  დღეს ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ამერიკაში მან   ლექსო თორაძეს სტუდიაში ისწავლა.  მას მერე, სხვადასხვა  კონკურსზე მიღებულმა ჯილდოებმა და მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრებთან და დირიჟორებთან გამოსვლამ მუსიკოსს საერთაშორისო აღაიარება მოუტანა.  დღეს პიანისტი შემოქმედებით ზენიტში იმყოფება. ის ერთნაერად ფლობს ყველა სტილისა და ჟანრის მუსიკას. ფესტივალის ფარგლებში გიორგი ვაჩნაძე წარმოგვიდგა  ორ იპოსტასში: როგორც ანსამბლის წევრი, სურენ ბაგრატუნთან ერთად და   როგორც სოლისტი თბილისის დასკვნით საღამოზე, 22 აპრილს. ანსამბლში მისი დაკვრა გამოირჩეოდა ინტელექტუალური და ამავე დროს ძალიან ემოციური  მიდგომით.

მუსიკალური კრიტიკოსი Faubion Bowers  კლასიკურ მუსიკალურ ჟურნალ  “American Record Guide“-ში  სწერს : „ვაჩნაძე არის სრულყოფილი ხელოვანი, რომელიც ამჟამად საკუთარი მუსიკალური და ინტელექტუალური შესაძლებლობების ზენიტში იმყოფება. იგი ფორტეპიანოსთან საოცრებებს ახდენს – ფლობს ფაქიზ პიანისიმოს, მასიურ დიაპაზონებს და ყველაფერს, რაც მათ შორისაა“

საკრავიერმა დუეტმა იმ დღეს სონატების საღამო შემგვათავაზა. პირველ განყოფილებაში  შესრულდა ბეთჰოვენის  მე -4 და მე 5 სონატები და მეორე განყოფილებაში რამანინოვის სონატა თხზ. 19 სოლ მაჟორი.

დუეტის მეორე წვერი,  ვილონჩელისტი სურენ ბაგრატუნი წლევნდელი ფესტივალის ნამდვილი მშვენება გახდა. დიდი მადლობა მისი მოწვევისთვის ბატონ ალექსადრე კორსანტიას!  სურენ ბაგრატუნს უდიდეს შემსრულებელთა კოჰორტაში დღეს   ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია. იგი  გამოდის მსოფლიოს ყველა უდიდეს სცენაზე და მისი საკონცერტო გრაფიკი დიდი ხნით ადრე არის გაწერილი. ერთ-ერთი უცხოელი ჟურნალისტი(Richard Dyer)  მასზე სწერს, “ სურენ ბაგრატუნმა კიდევ ერთხელ დაგვანახა საკუთარ ჩელოზე დაკვრის ოსტატობა; ინსტრუმენტზე, რომელიც მისი სხეულის გაგრძელებაა თითქოს“C

სურენ ბაგრატუნი (ჩელო): თბილისში პირველად არ  ვარ,  აქაურობა ძალიან მომწონს; ჩემი წინაპრების ერთი ხაზი აქედან იყო წარმოშობით.   გიორგი ვაჩნაძეს დიდი ხანია ვიცნობ; ჩვენ 1998 წელს შევხვდით ტაივანში. მას მერე ვმეგობრობთ და ერთად გამოვდივართ. მანამდე მე ვიცნობდი ალექსანდრე  კორსანტიას და ლექსო თორაძეს. დღევანდელი კონცერტის პროგრამა საკმაოდ რთულია. არც ისე ხშირად ირჩევენ მუსიკოსები მას.  ჩვენ ეს პროგრამა ერთხელ  უკვე დაკრული გვაქვს   ჩიკაგოში. მე მგონი დღეს კარგად ჩაიარა ყველაფერმა. ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი მაყურებლით. იგრძნობა, რომ საქართველო დიდი ტრადიციების  და კულტურის ქვეყანაა.

მადლიერმა  თბილისელმა მაყურებელმა ოვაციები არ დააკლო შემსრულებლებს.  მათ კი საჩუქრად, ბისზე, სულხან ცინცაძეს მიერ არანჟირებული „იავნანა“  შესთავაზეს.  იმ საღამოს ყველაფერი გადასარევი იყო, გარდა ქართული ტელევიზიების ჟურნალისტების ქცევისა, რომლებიც შუა დაკვრის დროს, მაყურებელთა  პირველი რიგის წინ აქეთ -იქით ხმაურით დადიოდნენ. თუმცა ამ ნეგატიურმა მოვლენამ მაინც ვერ დაჩრდილა უდიდესი სიამოვნება, რომელიც ჩვენ მუსიკოსებმა მოგვანიჭეს. ასე დასრულდა  ეს საოცარი,  ორი საკრავის  ინტიმური მუსიკით   გაჟღენთილი, სონატების საღამო.

 

 სურენ ბაგრატუნი გიორგი ვაჩნაძე და კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი

 19 აპრილი – საფორტეპიანო მუსიკის საღამო

ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის, ალექსანდრე კორსანტიას გადაწყვეტილებით, ამიერიდან ფესტივალში მონაწილეობის საპატიო მისია ერგებათ ცნობილი საერთაშორისო კონკურსების გრან პრის მფლობელ ახლაგაზრდა მუსიკოსებს. ამჯერად ასეთი გახდა 23 წლის ალიოშა იურინიჩი, რომელმაც სულ ახლახანს, 2012 წლის გაზაფხულზე გაიმარჯვა მილანის “Spazio Teatro 89 – Encore! Chura Cherkassky”  ფესტივალზე. ალიოშა ამჟამად საფორტეპიანო ოსტატობას ვენის და ზაგრების უნივერსიტეტებში ეუფლება. ახალგაზრდა მუსიკოსი უკვე 6 საერთაშორისო ფესტივალის ლაუერატია.

Image

თბილისელი  მაყურებლის წინაშე მუსიკოსი რომანტიული რეპერტუარით წარსდგა. პირველ განყოფილებაში შესრულდა შუმანის „დილის სიმღერა“ და ფანტაზია დო მაჟორი. მეორეში კი შოპენის ორი ნოქტიურნი და ლისტის უნგრული რაფსოდია.

სამი რომანტიკოსი კომპოზიტორი ალიოშამ განსხვავებული ფერთა პალიტრით გააჟღერა. შუმანის „დილის სიმღერაში“ ბგერა იმდენად გამჭვირვალი იყო, რომ  მუსიკა უფრო შუბერტის ასოციაციას იწვევდა. ახლო იყო მისთვის შოპენის ნოქტიურნების სამყაროც. განსაკუთრებული სიფაქიზით გაჟღერდა  # 2 ნოქტიურნი, რე ბემოლ მაჟორი თხზ.27 , რომელშიც ახლაგაზრდა მუსიკოსმა თავისი ბუნების ლირიული სული მთლიანად გაგვინაწილა და გულის სიღრმემდე ჩაგვწვდა.

Image

(შეგიძლიათ მოისმინოთ ეს შესრულება   You Tub- ზე:  AljoSa Jurinic plays F. Chopin Nocturne #2

http://www.youtube.com/watch?v=-d6aZw1XKP0&list=UUjHmnoH5gAdy_JekYoby6IA&index=7&feature=plcp )

აი რას სწერს  ჩემს მიერ „იუ -თუბზე“ ატვირთულ ვიდეოს  შესახებ  ერთ-ერთი ინტერნეტ მსმენელი:  A beautiful interpretation! Sophisticated and experienced, with a subtle channeling of emotions .. „ულამაზესი ინტერპრეტაციაა. ჩაღრმავებული და გამოცდილი, ემოციების უნაზესი გადმოცემით…“

 შოპენის პოლონეზში ალიოშა იურინიჩმა თავი გამოავლინა, არა მარტო ბგერის, არამედ დრამის ოსტატადაც. დასასრულს, თბილისელი მაყურებელი არ მალავდა აღფრთოვანებას. მუსიკოსმა რამდენიმე ბისი შეასრულა მათ შორის ურთულესი შოპენის  მე – 18 ტერციების ეტიუდი  და დებიუსის ეტიუდი.

ალიოშა იურინიჩი :  ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი კონცერტით, თუმცა სრულყოფილება არასდროს მიიღწევა;  დარბაზმა ძალიან თბილად მიმიღო. მე შევთავაზე მათ რომანტიული მუსიკა, რომელიც ახლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

          რაც შეეხება მილანის კონკურსს, იგი ეძღვნება ისეთ მუსიკოსს, შურა ჩერკასკისს, რომელსაც გარდა უდიდესი პროფესინოალიზმისა იცნობდნენ, როგორც საოცარი იუმორის მქონე ადამიანს. ალბათ ამიტომაც  ამ ფესტივალზე, სხვა ადგილებისგან განსხვავებით უფრო თავისუფალი ატმოსფერო სუფევს. ჟიურის წევრები უშუალოდ გელაპარაკებიან, ისე, როგორც ჩვეულებრივი მსმენელები.

           ფესტივალზე  „აღდგომიდან ამაღლებამდე“ მონაწილეობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია.  მე შევხვდი საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს და ეს ჩემთვის დაუვიწყარი მოვლენა დარჩება მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

ალიოსა იურინიჩი და ლაშა ჟვანია

20 აპრილი  – ვოკალური მუსიკის საღამო

ეს დღე მიეძღვნა გამოჩენილ ქართველ მუსიკოსს,  პიანისტ ვაჟა ჩაჩავას. ფესტივალის ორგანიზატორის, მარიამ დავითაშვილსი თქმით, 20 აპრილი შეირჩა სრულიად შემთხვევით ამ საღამოსთვის. რაოდენ დიდი იყო მათი სიხარული, როდესაც აღმოჩნდა, რომ 20 აპრილი დიდი მაესტროს დაბადების დღეს დაემთხვა. მას წელს 78 წელი შეუსრულდებოდა.

             სპეციალურად ამ საღამოში მონაწილეობის მისაღებად პრაღიდან ჩვენი სახელოვანი სოპრანო ნანა მირიანი (ქართველიშვილი) ჩამოვიდა.

კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ აგრეთვე  ახალგაზრდა  ნიჭიერი ქართველი მომღერლები:  სალომე ჯიქია – სოპრანო,ნანა ძიძიგური -მეცო სოპარანო, მამუკა მანჯგალაძე – ტენორი, გიორგი წამალაშვილი- ბარიტონი; სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი.

 საღამოს კონცერტმაისტერი იყო ვიქტორია ჩაპლინსკაია. პირველ განყოფილებაში გაჟღერდა რომანსები, ხოლო მეორეში საოპერო ნაწარმოებები.

            საღამო სიტყვით გახსნა კონსერვატორიის პროფესორმა სახელოვანმა პიანისტმა, რეზო თავაძემ.  ბატონი რეზო და ვაჟა ჩაჩავა კლასელები იყვნენ.  ერთად სწავლობდნენ პროფესორ ვანდა შიუკაშვილის კლასში. ახალგაზრდა ვაჟა ჩაჩავას შესრულება თანამედროვეებს იმდენად  მოსწონდათ,  რომ თურმე ამბობდნენ:  „მოდის თუ არა მეორე რიხტერი?“ თავად   ვაჟა ჩაჩავა კი ასე მოძღვრავდა თავის მოსწავლეებს:  „მუსიკაში სულ არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი  ბგერების ანდა რიტმის სიზუსტე – მთავარია გარდასახვა! როდესაც უკრავ ბეთჰოვენს,  უნდა გარდაისახო ბეთჰოვენად, თუ ასრულებ პროკოფიევს პროკოფიევად და ა.შ. ყველაზე ძნელი არის ის, რასაც არტისტი აკეთებს და მუსიკაშიც არტისტიზმი არის ყველაზე მთავარი.“

            არტისტიზმით იმ საღამოს ნამდვილად გამოირჩეოდნენ ჩვენი მომღერლები. განსაკუთრებით სულში  ჩამწვდომი იყო ნანა მირიანის მიერ ვაგნერის „იზოლდას სიკვდილის  სცენის“ შესრულება.

ნანა მირიანი ( ქავთარაშვილი):  ამ საღამოსთვის  ძალიან ვღელავდი, რადგანაც დღევანდელი კონცერტი ეძღვნება უდიდესი მაესტროს, ვაჟა ჩაჩავას ხსოვნას და მე  ვარ ძალიან ბედნიერი, რომ ამ დღეს ვიღებ მონაწილეობას. ჩვენ გვინდოდა სოლო კონცერტის გაკეთება მასთან ერთად;  ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვასწარით, რადგანაც მაესტრო გარდაიცვალა. მე მივუძღვენი დღეს ვაგნერის „იზოლდას სიკვდილი“  მის ხსოვნას, რადგანაც მას ძალიან უნდოდა, რომ ეს ერთად შეგვესრულებინა. ასევე უნდოდა მას  „ბრუნჰილდის სიკვდილის სცენა“, რომელსაც აუცილელად შევასრულებთ მე და  კონცერმეისტერი ვიკა ჩაპლინსკაია. ამას ვაპირებთ  ვაჟა ჩაჩავას გარდაცვალების დღეს. მე მქონდა ბედნიერება გამეცნო ვაჟა ჩაჩავა გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე. იმდენი მომცა მე ამ ერთმა წელმა და მასთან მუშაობამ,  რომ მთელი ცხოვრება მეყოფა. ძალიან ბევრი შევისწავლე, ძალიან!  ძალიან გული მტკივა, რომ ვერ განვახორციელეთ მის სიცოცხლეში  ჩვენი გეგემები…!

            არაჩევულებრივი ჟღერადობით გამოირჩეოდა ახალგაზრდა მომღერლების კვარტეტი ფროლოვის ოპერა „მარტა“ დან. მაესტრო ვაჟა ჩაჩავას არტისტიზმის მასტერკლასი საბედნიეროდ  დანათლულია ქართველ  ვოკალისტთა თაობებზე.

ვიქტორია ჩაპლინსკაიას შესრულება კი იმ საღამოს მუსიკალური შთაგონების უმაღლესი ნიმუში იყო. „კონცერტმაისტერები არ ჩანანან ხოლმე ვოკალისტების ფონზე“ – ასე იტყოდა ხოლმე ვაჟა ჩაჩავა,   „მაგრამ როდესაც ისინი სჩანან, ყველა ხედავს, თუ რა დიდი როლი აკისრიათ მათ“. ვიქტორია ჩაპლინსკაიამ  დამსახურებულად გაინაწილა იმ საღამოს აუდიტორიის აპლოდისემენტები. 

 21 აპრილი  კამერულ – საკრავიერი მუსიკის კონცერტი

ამ დღეს კონცერტში მონაწილეობას იღებდა თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ და სოლისტები სურენ ბაგრატუნი (ჩელო) და ნინო დავითაშვილი (ვიოლინო). პირველ განყოფილებაში შესრულდა მოცარტის და შოტაკოვიჩის ნაწარმოებები. მეორე განყოფილებაში შესდგა ოთარ ტატიშვილის ნაწარმოების „ამაღლების“ პრემიერა;  სოლისტი ნინო დავითაშვილი. პრემიერას დიდი წარმატება ხვდა წილად.  მოუსმინეთ „ამაღლებას“ You Tub – ზე: Otar Tatishvili “The Ascension”  ოთარ ტატიშვილი “ამაღლება” http://www.youtube.com/watch?v=z1L3tcSlM20&list=UUjHmnoH5gAdy_JekYoby6IA&index=6&feature=plcp

ოთარ ტატიშვილი  –  ეს ნაწარმოები  არის კონცერტის მეორე ნაწილი.    ისე მოხდა, რომ მეორე ნაწილი ზუსტად შობის დღეს დაიწერა და მართლაც ძალიან ამაღლებული განწყობა მქონდა მისი წერისას.. მთლიანი კონცერტი დავწერე 21 დღეში.  როდესაც მე შემომთავაზეს ამ ფესტივალითვის ჩემი ნაწარმოები წარმომედგინა მე გავუგზავნე მეორე ნაწილის ელექტროჩანაწერი. ძალიან მოეწონათ და თბილისის გარდა, ფესტივალის  ქუთაისის პროგრამაშიც ჩართეს.  მე  რასაკვირველია გამიხარდა;  გადავწყვიტე ამ ნაწილისთვის ფესტივალის გამო დამერქვა „ამაღლება“,  რაც მგონი მიესადაგება მის შინაგან განწყობასაც. მთლიანად კონცერტი ჯერ არ შესრულებულა, მაგრამ ახლო მომავალში ვგეგმავ შემოქმედეით საღამოს სადაც  მისი პრემიერა შედგება.

ნ.გ.- შენი მუსიკა ტონალურია და ძალიან მელოდიური; რამდენად იყენებ ექსპერიმენტს ხმასთან მიმართებაში კლასიკურ მუსიკაში?

ო.ტ. ბეთჰოვენს უწერია: „არასდროს არ უნდა იყოს სიახლე ხელოვნური, ის თავისით,ბუნებრივად უნდა მოდიოდეს“-ო  თანამედროვე კომპოზიტორები სხედან,  იგონებენ, ქმნიან კონსტრუქციებს,  ოღონდ იყოს რაიმე ორიგინალური, რაც ხშირად მუსიკისიგან შორს არის ხოლმე, თუმცა მე მოდერნისტული ნაწარმოებებიც გამაჩნია, მაგრამ მუსიკალური ენის  სიახლე არ არის ჩემთვის თვითმიზანი.

კომპოზიოტორი ოთარ ტატიშვილი მეუღლით და მანანა დავითაშვილი

კონცერტის დასასრულს ჩვენთვის უკვე ნაცნობმა სურენ ბაგრატუნმა (ჩელო) ორკესტრთან ერთად ჰაიდნის კონცერტი შეასრულა.  საოცარი იმპულსიური რიტმიკით  და ამავე დროს უსუფთავესი ანკარა ბგერებით ინსტრუმენტის ყველა რეგისტრში მისმა შესრულებამ ნამდვილი ფურორი გამოიწვია .

მოუსმინეთ პირველი ნაწილის ფრაგმენტს You Tub -ზე: Suren Bagratun Cello (the fragment from the Haydn cello concert # 1 part 1 http://www.youtube.com/watch?v=NY0dDqvl7HA&list=UUjHmnoH5gAdy_JekYoby6IA&index=5&feature=plcp

 ტოლი არ დაუდო სახელოვან სოლისტს ჩვენმა კამერულმა ორკესტრმაც. მაყურებლის თხოვნით, სოლისტმა ბისზე ბახის  სოლო ნაწარმოები შეასრულა.

სურენ ბაგრტუნი:  „ქართული  სინფონიეტა“  შესანიშნავი ორკესტრია! ერთი საიმოვნებაა მათთან  ერთად დაკვრა.  ეს არც ისე ხშირად ხდება, როდესაც ორკესტრი და სოლისტი ასე თანხვდენილად გრძნობენ თავს !

            მართლაც საოცარი ენერგეტიკა აქვთ „საქართველოს სინფოენიტას“ მუსიკოსებს. მათი მოსმენა ყოველთვის ერთ სიამოვნებას უდრის.  ბევრს ნიშნავს ჩემთვის ისიც, რომ გრძნობ, როგორ სიამოვნებთ მათ თავადაც მუსიკის შესრულება. ამაზე, მათი არა მარტო  ხალისიანი, გაღიმებული  სახეები მეტყველებენ – ამას თვითეული ბგერის გადმოცემისას შეიგრძნობ.

22 აპრილი  -სიმფონიური მუსიკის საღამო

თბილისის დასკვნით საღამოზე  პირველ განყოფილებაში  შესრულდა მოცარტის  უვერტიურა „ფიგაროს ქორწინება“,შემდეგ ა. მაჭავარიანის სიმფონია #6 „პრომეთე- ამირანი“. მონაწილეობდნენ თბილისის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი. ალექსი მაჭავარიანის მე – 6 სიმფონია პროგრამულია და ერთნაწილიან ქმნილებაში პროლოგთან ერთად მოიცავს 6 სურათს. ესენია: „კაცობრიობის 10 სასიკვდილო ცოდვა“, „დაბნელება“ „პრომეთე და გოგონა“  „ოლიმპოსი“, „ცეცხლის მოტაცება“ და „ეპილოგი“ . როგორც ვახტანგ მაჭავარიანმა გვაცნობა, ის მჭიდროდ თანამშრომლობდა მამასთან ამ სიმფონიის შექმნის პროცესში და შვიდივე სურათის დასათაურება მას ეკუთვნის.

„პრომეთე- ამირანის“ მუსიკა მართლაც ძალიან შთამბეჭდავია. დიდი მაესტროს საბალეტო მუსიკისადმი სიყვარული ნათლად სჩანს ცალკეულ ეპიზოდებში. ეფექტურად აქვს კომპოზიტორს გამოყენებული ბახის მი მინორის პარტიტადან „ავე მარია“ კლავესინისთვის, რომელიც ენაცვლება შემდგომ მთელი ორკესტრის ბანებში სვანურ „ლილეოს“გატარებას, რამაც ერთ მომენტში „დიეზ- ირეს“ ასოციაციაც გამოიწვია ორკესტრობის გამო. მართლაც საინტერესო იყო ამ სიმფონიის დღევანდელ დღეს მოსმენა; ის თანამედროვედ ჟღერს და ნამდვილად იმსახურებს, რომ საბალეტო ჟანრშიც, სცენაზე გადაინაცვლოს.

კონცერტის მეორე განყოფილებაში შესრულდა ს. რახმანინოვის მეორე საფორტეპიანო კონცერტი – სოლისტი გიორგი ვაჩნაძე. ეს შესრულება ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო ინტერპრეტაციებს შეიძლება მივაკუთვნოდ. პიანისტი შესანიშნვად ფლობს რახმანინოვის მუსიკის დრამატული ქარგის გადმოცემის უნარს და ლირიკულ ჭვრეტასაც, რომელიც არსად არ გადადის სენტიმენტალიზმში. განსაკუთრებით ვისიამოვნე მეორე ნაწილის მოსმენით, რომლის ფრაგმენტსაც გთავაზობთ „იუ-თუბზე“.

რახმანინოვის შემდეგ ნანა მირიანმა (ქავთარაშვილმა) ორკესტრთან ერთად შეასრულა „ლოცვა“ ვერდის ოპერიდან „ბედის ძალა“,

ხოლო კონცერტის დასასრულს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს „აგნუს დეი“ შესრულდა. (არანჟირებისა და ორკესტრობის ავტორი ზვიად ბოლქვაძე)

დამეთანხმებით, რომ ეს ნამდვილად მრავლის მთქმელი დასასრულია ფესტივალის დასკვნითი დღისათვის. კათოლიკოს-პატრიარქი თავად ბრძანდებოდა ამ საღამოზე. დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებას არ მალავდა პატრიარქის მუსიკის მოსმენის შემდეგ. „აგნუს დეი“ აგრძლებს პატრიარქის მიერ დაწყებული  საეკლესიო ლიტურგიის ნაწილების სერიას. მანამდე დაწერილ “Ave Maria”-ს  “Sanctus” ს  და “Agnus Dei”  -ს დღეს უკვე „Te deum” -იც შეემატა. , რომლის ერთი ნაწილის პრემიერა პარიზში, „იავნანას“ მიერ ორგანიზებულ კონცერტზე  გაიმართა.  „აგნუს“ დეი“- ს მონაწილე სოლისტებმა,  ნანა   მირიანი – ქავთარაშვილმა (სოპრანო) და სულხან გველესიანმა (ბარიტონი) მართლაც დიდი ტრაგიზმით გადმოსცეს ავტორისეული სევდა და ნაღველი, რამაც დიდი ეპიკური ფრესკის სურათი კიდევ უფრო გააღრმავა. პატრიარქის ამ ნაწარმოებს დირიჟორობდა არანჟირების და ორკესტრობის ავტორი, კომპოზიტორი ზვიად ბოლქვაძე.

პუბლიკა ტაშით გამოხატავდა კმაყოფილებას

და ორკესტრმაც , ახლა უკვე ვახტანგ მაჭავრიანის დირიჟირობით  რევაზ ლაღიძეს „საჭიდაოთი“ ბისზე დაასრულა საღამო.  სხვების არ ვიცი და ჩემთვის ნამდვილად ეს უკვე მეტის მეტი აღმოჩნდა. „აგნუს დეის“ ტრაგიზმი ჯერ კიდევ არ გვქონდა განელებული  და „საჭიდაო“ს საცეკვაო რიტმიკა ვეღარ ჩაეტია სულსა და გულში. თუმცა ამ მცირე ემოციას არ შეუშლია ხელი მთლიანად თბილისის 5 დღიანი საფესტივალო პროგრამითა და მონაწილეებით აღფრთოვანებისა. დიდი მადლობა ამისთვის ფესტივალის ორგანიზატორებს!

ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი. მარცხნიდან – ირინა სახამბერიძე, მანანა ხვედელიძე, პიანისტი თათ ლიჩელი, მხატვარი მანაბა მაგომედოვა, მანანა დავითაშვილი

კონცერტის დასასრულს გავესაუბრეთ დირიჟორ, ვახტანგ მაჭავარიანს.

ვ. მაჭავარიანი – პირველ რიგში მე ძალიან კმაყოფილი ვარ ორკესტრით.  არაჩვეულებრივად დაუკრეს ძალიან რთული პროგრამა. თვითონ ფესტივალი წელს ძალიან საინტერესო პროგრამით და მუსიკოსთა  მონაწილეობით გამოირჩეოდა. მაგალითად ვიოლონჩელისტი სურენ ბაგრატუნი, არაჩვეულებრივი მუსიკოსია! ფესტივალის დონე იწევს, მატულობს ყოველწლიურად, ძალიან საინტერესო ამბები ხდება; მე პირადად მესამე წელია ვმონაწილეობ ამ ფესტივალში.  უზარმაზარ პატივს ვცემ უწმინდესს, პატრიარქს ილია მეორეს, მრავალი და მრავალი მიზეზის გამო.  მიმაჩნია, რომ ეს არის საოცარი პიროვნება, მაგრამ გარდა ამისა, მაქვს პირადი ძალიან დიდი სიყვარული! ეს შეეხება იმას, რომ უწმინდესმა დაგვლოცა ჩვენ,  მამაჩემიც და მეც, როდესაც ჩვენ მივდიოდით „ვეფხისტყაოსნის“ დასადგმელად პეტერბურგის მარიის თეატრში;  ეს ერთი, მეორე კიდევ ის, რომ როდესაც მამა გარდაიცვალა 1995 წლის 31 დეკემბერს, უწმინდესი თავის ფეხით მოვიდა  იანვრის პირველ დღეებში ჩვენს სახლში და უკანასკნელი ლოცვა აღუვლინა  მამაჩემს. ეს დაუვიწყარია ჩემთვის!

კონცერტის შემდეგ უწმინდესმა და უნერარესმა, საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ფესტივბალის სტუმრები მიიპატიჟა თავის რეზიდენციაში, მიღებაზე.

პატრიარქმა გიორგი ვაჩნაძეს იაპონელ მეუღლეს ასიამოვნა იმით, რომ იაპონური პოეზიის ლექსის ქართულ თარგმანი წაუკითხა ზეპირად, რითაც იპონელების ბუნებით ტკობის საიდუმლოებას გაუსვა ხაზი. გიორგი ვაჩნაძემ კი სკარლატის სონატინა დაუკრა.

დასასრულს, გამომშვიოდობებისას, მე პატრიარქს, იმავე იაპონური ლექსის რუსული თარგმანი გავაცანი და ამით ვასიამოვნე.

ბრწყინვალე შვიდეული კვირა და ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ თბილისის ნაწილი ამით დასრულდა.

22 აპრილი, სტეფანწმინდა

რეგიონების ნაწილი კი 24 აპრილს სტეფანწმინდაში გაგრძელდა. რატომ სტეფანწმინდა? ალბათ ისევ და ისევ იმ მუხტის გამო, რაც ამ ფესტივალის სათავეებთან იყო დაკავშირებული. სტეფანწმინდა ხომ პატრიარქის სამშობლოა.  მეც საორგანიზაციო ჯგუფთან და მუსიკოსებთან ერთად გავემგზავრე საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეში.

სტეფანწმინდაში კონცერტი საშუალო სკოლის სპორტულ დარბაზში გაიმართა. აპრილის  მზით გამცხუნვარებულ დღესაც კი სკოლაში გათბობა იყო ჩართული, რადგანაც მთაში ჯერ კიდევ სიცივე იყო. სცენის არ ქონის გამო მუსიკოსები პირდაპირ კედელთან გამოდიოდნენ. ზემოდან კი მათ ფანჯარაში ბუმბერაზი მყინვარწვერი დასცქეროდა და თითქოს მოწონების ნიშნად თავს უკრავდა.

სპორტული დარბაზი გაიჭედა სკოლის მოსწვლეებით.  უნდა გენახათ რა მოთმინებით ელოდნენ ისინი იმ საათს, სანამ თბილისიდან ჩამოყვანილი  პიანინოს ამწყობი დაასრულებდა თავის საქმეს. არავის ფეხი არ მოუცვლია ადგილიდან.

იმ დღის პროგრამაში იყო ვოკალური მუსიკა და ანნამბლ „თსუ გორდელას“ გამოსვლა. სპეციალურად ამ კონცერტისთვის თბილისიდან თავის მშობლიურ მხარეს ნანა ქავთარაშვილი  (მირიანი) ეწვია.  ნანას მამა ყაზბეგთან ახლო მდებარე სოფლიდანაა წარმოშობით. მომღერალს იმდენად უყვარს თავისი კუთხე, რომ საგვარეულო კოშკიც კი შეიძინა მშობლიურ სოფელში და ზაფხულობით თავისი სახელოვანი კოლეგების  სტუმრობას ელოდება ხოლმე  თავის მამულში.

ნანამ  შეასრულა რომანსები და საოპერო არიები. დარბაზი სულგანაბული უსმენდა. ყველაზე დიდი გამოხმაურება ჰქონდა კაჩინის „ავე მარიას“. ამ ლოცვის მსგავს არიას ნანას შესრულებით არ  შეიძლება ნებისმიერ მსმენელი არ მოენუსხა. ბავშვები კი ყველაზე კარგი მსმენელები აღმოჩდნენ იმ დღეს. ნანას შემდეგ  გამოვიდნენ სალომე ჯიქია (სოპრანო) და მამუკა მანჯგალაძე (ტენორი).

მიუხედავად მგზავრობისა,  მომღერლებმა არაფერი არ დააკლეს თავის გამოსვლას და შთაგონებითაც  იმღერეს. მამუკას ლირიული ტენორი მომენტებში გულში ჩამწვდომი, დღესაც ყურში ჩამესმის. იმ საღამოს კონცერტმაისტერი იყო ფესტივალის შეუცვლელი პარტნიორი ვიქტორია ჩაპლინსკაია. მიუხედავად არც თუ ბოლომდე მოწესრიგებული პიანინოს წყობისა, მან მომღერლებს ღირსეული პარტნიორობა  გაუწია.  მოხევე ბავშვები და მათი პედაგოგები ძალიან კმაყოფილები სჩანდნენ.

კონცერტის მეორე ნახევარში  ვოკალურ -ინსტრმუნეტული ანსამბლი „თსუ – გორდელა“ გამოვიდა მაყურებლთა წინაშე.   8 გოგონასგან შემდგარმა ანსამბლმა ახალგაზრდული შემართებითა და ეშხით იმღერეს.

 მათ ბევრი ფოლკლორული ჰიტი გააჟღერეს: „საპატარძლო სახუმარო“, „დილაო“ , „სატრფიალო“  და სხვა. ვფიქრობ, რომ  ამ ანსამბლს ძლიერი ხმებითა და ინსტრუმენტების სრულყოფილი ფლობით  მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია მოხიბლოს მაყურებელი. ინსტრუმენტების ჩამონათვალში შედის: ჩონგური, ფანდური, სალამური, ჩანგი, ჭიბონი, ჭუნირი, დოლი, დაირა. კონტრაბასის ზომის  ჭუნირი, სპეციალურად ვოკალურ ინსტრუმენტული ანსამბლებისთვის მზადდება და საინტერესო ჟღერადობა გააჩნია. კონცერტის შემდეგ ვესაუბრეთ ანსამბლის ხელმძღვანელს თამაზ მამალაძეს.

თამაზ მამალაძე – ანსამბლი „თსუ“ გორდელა“ ჩამოყალიბდა  2007 წელს და მასში გაერთიანებული არის უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულეტეტის 8 სტუდენტი გოგონა.  ჩვენი ანსამბლის რეპტერტუარი მოიცავს საქართველოს ყველა კუთხეს ნიმუშებს და ვცდილობთ, რომ  ჩვენებური ჟღერადობა, ჩვენებური სახე გვქონდეს, ისეთი, როგორიც სხვა ანსაბლებში არ არის.

ნ.გ. ანსამბლის სახელი და ინსტრუმენტები თქვენი იდეით არის შერჩეული?

ვ.მ.  ანსამბლი „გორდელა“იყო ლეგენდა, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა ქართულ ხალხურ ხელოვნებაში. პირველმა ამ   ანსამბლმა აიტანა საგალობელი ქართულ სცენაზე და მე პირადად ძალიან გული მწყდებოდა, რომ არავითარი  ხსენება არ იყო ამ ანსამბლის; არავის აღარ ახსოვდა თითქოს და  ამიტომ გადავწვიტეთ პროტესტის ნიშნად დაგვერქმია „გორდელა“ ოღონდ ამჟამად ამ სახელს დაემატა წინ „თსუ“,  რაც ჩვენი ანსამბლის ბაზაზე, სახლმწიფო  უნივერსიტეტზე მიუთითებს.

კონცერტი სტეფანწმინდაში პირველი იყო რეგიონებში გათვალიწიენებულ კონცერტებს შორის. წინ კიდევ 3 კონცერტი გველოდა ამაღლებამდე.

8 მაისი,  მარტვილი

მარტვილში ფესტივალის პროგრამა სალხინოს დადიანების საზაფხულო რეზიდენციის ეზოში იყო დაგეგმილი. პროგრამაში საოპერო მუსიკის ნაწყვეტები და ჩარლი ჩაპლინის კინო მუსიკა იყო გათვალისწინებული. ასრულებდნენ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო ორკესტრი და სოლისტები. დირიჟორი მარიანო რივასი(ესპანეთი) სამწუხაროდ,  მარტვილში ჩემი წასვლა ვერ მოხერხდა. ამიტომ ფესტივალის ორგანიზატორის, მარიამ დავითაშვილის სიტყვებით გადმოცემთ, თუ რა ატმოსფერო სუფევდა იქ:

მარიამ დავითაშვილი:კონცერტის ატმოსფერომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა! ხალხი მოწყურებული იყო ცოცხალ შესრულებას. კონცერტის დროს წამოვიდა წვიმა; მართალია სცენა გადახურული იყო, მაგრამ ეზოში, ღია ცის ქვეშ განლაგებულ მაყურებლთა დარბაზს  აწვიმდა.  ხალხს არ ჰქონდა ქოლგები, მაგრამ არავინ განძრეულა. ყველა თაობის ადამიანი იყო მოსული; იქვე იყვნენ პატარა ბავშვები სემინარიიდან. ყველას თვალებში ისეთი სიყვარული იყო, ისეთი მონდომება, რომ გაოცებულ დავრჩი. თავად დირიჟორი რივასი ამბობდა: „ მე ასეთ მსმენელს ევროპის დიდ დარბაზებშიც კი ვისუვრებდი!

22 მაისი, ქუთაისი

ფესტივალის ქუთაისის პროგრმა ძალზე საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. პირველ განყოფილებაში შესრულდა კომპოზიტორ სოსო ბარდანაშვილის ნაწარმოებები. ასრულებდნენ „საქართველოს სინფონიეტა“ და სოლისტები: ედიშერ სავიცკი (ფორტეპიანო), ლევან ცხადაძე (კლარნეტი) ჰაიკ ბაბაიანი (ჩელო) სალომე ჩიტაია და ნინო ბარქაია (ფ-ნო).

ისრაელში მცხოვრები სოსო ბარდანაშვილთან შეხვედრა ყოველთვის საინტერესო და მრავლისმთქმელია ქართველი მსმენელბისთვის. სოსო ბარდანშვილი საქართველოში დაიბადა და პროფესიულად აქ ჩამოყალიბდა. 1995 წელს ის ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა თავის თავს დღესაც ქართველ კომპოზიტორად აღიქვამს. „მე დავიბადე საქართველოში, ჩემი დედა ენა ქართულია. მე ქართველი კომპოზიტორი ვარ, ქართველი ერისთვის დამახასიათებელი არტისტიზმითა და ტემპერამენტით, თუმცა შესაძლოა, ამავე დროს, სამყაროს ებრაელი ერისთვის დამახასიათებელი აღმის უნარით.“ ისრაელში მისი შემოქმედებითი მოღვაწეობა დღეს მთელი სისავსით და ბრწინვალებით მიმდინარეობს. მას უკვეთავენ ნაწარმოებებს მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრები  და იგი სასურველი სტუმარია  ყველა მუსიკალურ ფესტივალზე. წელს იგი  ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ საპატიო მოწვეული კომპოზიტორი იყო.  მისი ნაწარმოებები შესრულდა როგორც  ქუთაისში, ასევე დასკვნით საღმოზე, ამაღლება დღეს, ბათუმში.

ქუთაისში მისი რამდენიმე ნაწარმოები შესრულდა. ესენია: „პერპეტუმ მობილე“ ფორტეპიანოსთვის 4 ხელში. „მოტამორფოზა“ კლარნეტისა და ფორტეპიანოსთვის. „წყვილი“ კლარნეტი, ჩელოსა და სიმებიანებისთვის, „ფანტაზია“ სოლო ფორტეპიანოსთვის და „წერტილები“ სიმებიანი ანსამბლისათვის.

„წყვილი“ თავად ავტორმა იდირიჟორა. ნაწარმოების შესრულებას მან წინასიტყვაობა დაურთო.

სოსო ბარდანაშვილი: ჩემი ნაწარმოები, რომელსაც თქვენ ახლა მოისმენთ, მიუძღვენი ჩემს მშობლებს. მოგეხსენებათ, ჩვენ როდესაც ვბერდებით, მშობლები ჩვენ გვცილდებინ, მიდიან ამ სამყაროდან. ცხოვრების განმავლობაში ჩვენ ძალიან ხშირად გვემართება ის, რომ ჩვენ  დროს აქ გვაქვს მათთან სასაუბროთ. ან ისინი არიან დაკავებული ანდა ჩვენ ვართ ჩვენი „ეგოთი“ დაკავებულნი. როდესაც ისინი მიდიან,  აი მაშინ ხვდები, რამდენი რამე არ გიკითხია მათთვის! სად ისწავლეს, რა იყო , როგორ იყო, ან მამა ვინ იყო ან დიდი ბაბაუ ვინ იყო; სულ გგონია, რომ იცი და მოასწრებ, მაგრამ როდესაც ისინი მიდიან ხვდები რომ ვერ მოასწარი ბევრი რამ. აი ასეთ დროს ჩვენ გვეფიქრება სიღრმეებზე, რომელიც ადრე არ განგიცდია. დედაჩემი ქუთაისიდან იყო წარმოშობით. მე გავიზარდე აქ. ტროლეიბუსი იყო ჩემთვის დიდი საოცრება. მარტო ქუთაისში იყო და იმიტომ, ჩემთვის ქუთაისი იყო უდიდესი ქალაქი და  დღემდე ასეთად რჩება.

ეს ნაწარმოები მშობლების ხსოვნას ეძღვნება. მე მინდა, რომ მათთან ერთად ავმაღლდეთ დღეს. იყოს ეს შუქით სავსე შეხვედრა, ჩემი შეხვედრა თქვენთან. დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის. დიდი მადლობა ბრწყინვალე მუსიკოსებს!

„წყვილი“ სოლისტებმა და ორკესტრმა მართლაც ძალზე ამაღელვებლად დაუკრეს. მაყურებელი სულგანაბული უსმენდა. რთულია თანამედორვე მუსიკის აღქმა, მითუმეტეს არ იცი როგორ აღქივამენ მას რეგიონში. ამ მხრივ  ქუთაისმა ერთხელ კიდევ დაამტკიცა, რომ დიდი ტრადიციების  და კულტურის ქალაქია. ოღონდ უნდა ითქვას, ერთი რამ: მობილური ტელეფონების გათიშვას ჯერ ქუთათურები არ არიან შეჩვეული.  ვუსურვებდი, მათ, მომავალ ფესტივალამდე მაინც ეს არასაპატიო ჩვევა წარსულს ჩააბარონ.

ლევან ცხადაძე, ჰოლანდიაში მოღვაწე ქართველი კლარნტეტისტი,  წელს ფესტივალს პირველად სტუმრობდა. ახლაგაზრდა მუსიკოსი ძალიან ბევრს აკეთებს საქართველოში მუსიკალური ხელოვნების და კერძოდ სასულე საკრავების დონის ამაღლებაში. მის მიერ არის დაარსებული ყოველწლიური სასულე საკრავთა კონკურსი.  თავად მისი შესრულება ყოველთვის გვთავაზობს ახალ ჰორიზონტებს, მუსიკალური თვალთახედვის სიღრმეებს.„წყვილის“ მეორე სოლისტი, ჩელისტი ჰაიკ ბაბაიანი, სომხეთიდან არის. ამჯერად ის „სინფონეიტას“ მოწვეული მუსიკოსია, ახლაგზრდა ნიჭიერი მუსიკოსი მონაწილეობს როგორც სოლისტი, და როგორც ანსამბლის წევრიც.

ლევან ცხადაძეს კონცერტის შემდეგ გავსაუბრე. გთავაზობთ  ამ საინტერესო ინტერვიუს.

ლევან ცხადაძე –  წელს მე პირველად ვთანამშრომლობ ამ  ფესტივალთან. ძალიან მიხარია ეს!  ჩემთვის უდიდესი პატივია ბატონ სოსო ბარდანაშვილთან მუშაობა და მისი ორი ნაწარმოების შესრულება. პირველად ვასრულებ მის ნაწარმოებებს და მართლა ძალიან მიხარია! ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გეგმა სამომავლოდ, შეიძლება რამე ახალიც შეიქმნას კლარნეტისთვის… ჩვენთვის ყველასთვის… ვილაპარაკეთ ამაზე და ვნახოთ რა გამოვა.

            მე შევასრულე ფესტივალზე სოსო ბარდანაშვილის „წყვილები“ და „მეტამორფოზა“. „წყვილი“ ორიგინალური ვერსიაა, ჩვენ რასაც ვასრულებთ, ანუ კლარნეტი, ჩელო , სიმებიანი ორკესტრი;  „მეტამორფოზა“ კი არის ალტისა და ფორტეპიანოსთვის დაწერილი, მაგრამ თვითონვე გადააკეთა შემდეგ ჩელოსთვისაც, კლარნეტისთვისაც, ფლეიტისთვისაც – ჯერ-ჯერობოთ ეს სამი  ვარიანტია. ალტის ვერსიაც მოსმენილი მაქვს და ჩელოსი, მაგრამ მე რატომღაც კლარნეტის უფრო მომწონს – არა იმიტომ , რომ კლარნეტისტი ვარ – (იცინის) ; დიდი სიამოვნებით შევასრულე ჩემი პარტია და თანაც მე პირველად სცენაზე შევასრულე ბას-კლარნეტზეც, ანუ ამ ნაწარმოებში ორივე კლარნეტს ვხმარობ. უკვე ორი თვეა ვმეცადინეობ  ბას  -კლარნეტზე და მინდა ვთქვა, რომ არ არის ადვილი მასზე დაკვრა!

ნ.გ. არ არის ძნელი 2 ინსტრუმენტის მონაცვლეობა ერთ მაწარმოებში?

ლ.ცთავიდან ძნელია, შემდეგ უკვე ეჩვევი…

ნ.გ. რას გვეტყვით თქვენს მიერ შესრულებულ სოსო ბარდანაშვილის „მეტამორფოზაზე?

ლ.ც. ამ ნაწარმოებში არის გაერთიანებული ბევრი სხვადასხვა ცხოვრებისეული მომენტი, როგორც თვითონ კომპოზიტორმა ამიხსნა და ამას მეც თვითონაც ვხვდებოდი, როდესაც დავიწყე ამ ნაწარმოების გარჩევა. ბარდანაშვილს აქვს გამოყენებული სხვადასხვა კომპოზიტორების ფრაზები და იმასაც გეტყვით თუ რატომ. მე როგორც მივხვდი, ძირითადად ეს არის  ამბავი ერთი ადამიანისა, ოღონდ მისი ყოფნა სხვა და სხვა ადგილებში. მაგალითად ერთი  ადგილია რესტორანი; კარი იღება და იქ არის ცეკვა, თამაში, სმა, წრეგადასული გართობა და ა.შ.უეცრად ეს ყველაფერი წყდება და ეს კაცი ტირის;  თითქოს  – „რა მეცეკვებოდა, როდესაც ესა და ეს მაწუხებს“ . კიდევ იქ არის ფორტეპიანოს ფრაზა, სადაც სრულდება მენდელსონის „ზაფხულის ღამის სიზმარიდან“ სკერცო, რომელიც მიდის ძალიან ჩქარა, მარგამ ბატონ სოსოს ეს აქვს გადაკეთებული  და სრულდება ასჯერ ნელა; ანუ ეს იმ ზღაპრის გაგრძელებაა,  იმ გაურკველობაში ყოფნა თითქოს. აქ ბევრი ტირილია, ძალიან ბევრი ნამდვილად!“

ნ.გ. – რაზეა ეს ყველაფერი, სიზმარი ხომ არ არის?

ლ.ც –  არ ვიცი, „მეტამორფოზაა“.(იღიმება)

ნ.გ.  – კიდევ რა  მხატვრული სახეებია?

ლ.ც.კიდევ არის ქართული ხალხური, ებრაული მუსიკა; დასაწყისში მთელ გვერდს თითქმის მარტო კლარნეტი უკრავს.  იწყება ნაწარმოები გრძელი რე -თი და ეს ნოტი არის მთელი ნაწილის თითქოს საფუძველი. მე პირადად ამას ვადარებ ქართულ ხალხურ სიმღერის ბანს და მასზე დაშენებულ დორიულ კილოს; რაც კომპოზიტორმაც დამიდასტურა. ასევე ნელ ადგილებში არის იქ ბევრი ებრაული წამოტირება  სევდიანი ადგილებში. მოკლედ მთელი ნაწარმოები სავსეა ასეთი ციტატებით და მე ძაან, ძაან შემიყვარდა და მე აუცილებლად კიდევ ბევრჯერ, ბევრჯერ დაუკრავ მას.

ნ.გ – მოგვიყევით თქვენს მუშაობაზე ჰოლანდიაში?

ლ.ც. –  ჩემი სამუშაო დღესდღეობით არის რა თქმა უნდა კონცერტები, სხვადასხვა ქალაქებში და ქვეყნებში, მაგრამ ჩემი მთავარი და ძირითადი სამუშაო არის საქართველოში. აქ უკვე მეოთხედ ჩატარდება ნოემბერში ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი, რომელიც ჩემი ინიციატივით დაარსდა. ასევე 3 წელია უკვე ვატარებ ჭიათურაში ‘საქართვლოს სინფონიეტასთან’ ერთად აკადემიას, რომელიც ერთი  დღე ტარდება და დაახლოებიტ 50 – მდე სტუდენტი მიგვყავს კონსერვატორიიდან, რუსთავის მუსიკალური სასწავლებლებიდან, ქაუთაისიდან. ვიკრიბებით ჭიათურაში…

ნ.გ. – იქაც გვხვდებინ სტუდენტები?

ლ.ც.-  რა თქმა უნდა იქაც არიან, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ბევრი პიანისტები არიან და ძალიან ცოტა სიმებიანი საკრავების და საერთოდ არც ერთი ჩასაბერ საკრავთა მუსიკოსი! მინდა კმაყოფილება გამოვხატო და ვთქვა, რომ ჩვენმა იქ სიარულმა გამოიღო შედეგი და წელს ჭიათურლებმა იყიდეს ახალი როიალი და 12 ვიოლინო და ეს არის ნამდვილი რევოლუცია! ძალიან გვიხარია! ეს მიგვანიშნებს, რომ ის კი არა, რომ საქმე დამთავრდა, არამედ, ის რომ განვითარების საშუალება არსებობს!

ნ.გ. ბავშვები თუ არიან ნიჭიერები?

ლ.ც.  ბავშვები არიან ნიჭიერები ყველგან, მთელ საქართველოში! 10 -დან 9 -ს აქვს ვარსკვლავის პოტენციალი!

ნ.გ. -ალბათ ეს არის ის ძალა, რაც თქვენ სტიმულს გაძლევთ ამ საქმეში?

ლ.ც. –  გულახდილად უნდა ვთქვათ, რომ დღეს კლასიკურ მუსიკაში არა გვაქვს საქმე საზეიმოდ. კლასიკური მუსიკის დონეს განაპირობებს პროფესიონალები და არა რამდენიმე ვარსკვლავი, რომლებიც მრავლად არის წასული საქართველოდან და ზოგი აქაც არის, მაგრამ ისინი არ ქმნიან საერთო დონეს. საერთო დონეს ქმნის პროფესიონლები, მარტო მუსიკაში კი არა ყველა დარგში; იქნება ეს სპორტი თუ მუსიკა. როდესაც გყავს ერთი თავდამსხმელი, რომელსაც გააქვს გოლები ცნობილ გუნდებში, ეს  არ ნიშნავს, რომ საქართველოს კარგი ფეხბურთის გუნდი ჰყავს. იგივეა ზუსტად მუსიკაში, როდესაც გყავს ლიზა ბათიაშვილი და ბევრი სხვა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში მევიოლინეების დონე მაღალია და ასე შემდეგ. ამას სჭირდება ბევრი წლის მუშაობა, რომ ეს დონე გაიზარდოს, რომ მივუახლოვდეთ მაინც ევროპულ დონეს. სწორედ ეს ორკესტრი, სახელწოდებით „საქართველოს სინფონიეტა“ ჩემის აზრით, არის ამის საწინდარი, რომ ამათ მაგალითს  სხვებმაც მიბაძონ – როგორ მუშაობენ, როგრო მეცადინეობენ, როგორ აქვთ ყურები გახსნილი და ტვინებიც გახსნილი და როგორ უნდათ, რომ ევროპული ტრადიცია, რომელიც ასევე ძალიან მწირედ არის საქართველოში, შეისწავლონ, შეითავისონ.  ისწავლონ ბაროკოს მუსიკა, როგორ იკვრება მოცარტი, ბეთჰოვენი და ა.შ. აი ეს არის ჩვენი მიზანი!  იმედი გვაქვს, რომ ამას როდესმე მივაღწევთ. თვითონ კონსერვატორიაში ამ მხრივ საკმაოდ ცუდათ გვაქვს საქმე. იმედი გვაქვს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ  ბევრი ნიჭიერი მუსიკოსი გვყავს საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში და ბევრი მონდომებულია, იმისთვის, რომ რაღაც გამოვიდეს;  შევეცდებით, რომ ერთად კიდევ შევიკრიბოთ  კონსერვატორიაში, მუსიკალურ სკოლებშიც და საქართველოს სხვა და სხვა ადგილებში მივიტანოთ ევროპული კლასიკური მუსიკა და არა რუსული სკოლა!

ქუთაისის კონცერტზე ძალიან ვისიამოვნე ედიშერ სავიცკის გამოსვლით.  მან  სოსო ბარდანაშვილს  საფორტეპიანო „ფანტაზია“  შეასრულა. ამაღელვებელი და ემოციური ქმნილება ედიშერმა საკუთარი, ფილოსოფიური მიდგომით კიდევ უფრო გაამდიდრა.

(მოუსმინეთ ამ შესრულების ფრაგმენტს You Tub -ზე: Edisher Savitski Plays Josif Bardanashvili Fantazy 

http://www.youtube.com/watch?v=i8zYLWDDfEA&list=UUjHmnoH5gAdy_JekYoby6IA&index=3&feature=plcp

 ედიშერი დღეს მიჩიგანის უნივერსიტეტის დოქტურანტურაში სწავლობს. ის აგრეთვე ბევრს მოგზაუორბს კონცერტებით მსოფლიოს გარშემო. მისი ფესტივალში მონაწილეობის დრო დაემთხვა საქართველოში  მისი ვიზიტის სხვა, საპატიო მისიას. ამასთან დაკავშირებით მას ინტერვიუ ჩამოვართვი.

ედიშერ სავიცკი  –  ყოველთვის მინდოდა ჩამოვსულიყავი ტურით საქართველოში; ეს სურვილი გულისხმობდა არა მარტო კონცერტებს, არამედ უფასო გაკვეთუილებსაც  რეგიონებში.  სამწუხაროდ ეს არასდროს ხორციელდებოდა. შარშან სრულიად შემთხვევით შევხვდი ნიკა რურუას.  მე ვუთხარი, რომ ესა და ეს სურვილი მაქვს, მინდა წავიდე საქართველოში რეგიონებში კონცერტებით და გაკვეთილებით და ასე მიპასუხა:  „კი ბატონო, ყველანაირად ხელს შეგიწყობო“ო.  მართლაც ეს ყველაფერი საინტერესოდ აეწყო: ჯერ თელავი, მერე ქუთაისი, შემდეგ ბათუმი და თბილისი. მე ვთვლი, რომ ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი და მარტო მე არ უნდა ვმონაწილეობდე ამაში. ვისაც სურვილი აქვს ყველა უნდა ჩამოვიდეს. რასაკვირველია აქ არც არის ჰონორარზე ლაპარაკი. ძნელია მოსთხოვო მუსიკოსს, რომ ჩამოდი ახლა საქართველოში და სადღაც „ტანჯულ“ როიალზე დაუკარი სოლო პროგრამა; თვითონ უნდა უნდოდეს ადამიანს. ძალიან მიხარია, რომ წლების განმავლობაში რაც მინდოდა ახლა დააადგა საშველი; მიხარია, კიდევ იმიტომ , რომ თელავში არაჩვეულებრივი ბავშვები იყვნენ, მემენელიც იყო გადასარევი!  

რახან დაიწყო ეს პროექტი, იმედია, რომ გაგრძელდება. ისე გამოვიდა, რომ  მუსიკოსებში მე ვარ პირველი და ვიგრძენი თუ  მართლა როგორი საჭიროებაა ამისი. სხვების არ ვიცი და მე კიდევ ჩამოვალ აუცილებლად!  ბავშვებსაც სჭირდება, მსმენელსაც სჭირდება; ქუთაისში მაგალითად არ იციან მოქცევა;  ეს ფაქტია!   ლაპარაკი, ტელეფონი, ხმაური კონცერტის დროს –  ჩვეულებრივი ამბავია. კახეთში სხვანაირად იყო; შეიძლება ხასიათის თვისებაც არის.  რაც შეეხება ფესტივალს „აღდგომიდან ამაღლებამდე“:  საშა კორსანტიას თხოვნით, მე დავამთხვიე კულტურის სამინისტროს შემოთავაზებული ტური და ფესტივალის თარიღები და ამიტომ შესაძლებლობა  მომეცა აქაც მიმეღო მონაწილეობა. საშას გაახსენდა, რომ მე ბარდანაშვილის „ფანტაზიას“ ვუკრავდი და მთხოვა  ფესტივალის იმ ნაწილში მიმეღო მონაწილეობა, რომელიც სოსო ბარდანაშვილის შემოქმედებით საღამოს ეხებოდა.

ქუთაისის კონცერტის მეორე ნახევარში შესრულდა ჯერ ოთარ ტატიშვილის „ამაღლება“ სოლისტი ნინო დავითაშვილი. ეს ნაწარმოები ერთხელ უკვე შესრულდა თბილისში და ამიტომ მასზე აქ აღარ ვისაუბრებ და შემდეგ ფესტივალის მხატრვულმა ხელმძღვანელმა და ჩვენმა სახელოვანმა პიანიტმა, ალექსანდრე კორსანტიამ შეასრულა შოსტაკოვიჩის კონცერტი ფორტეპიანო, საყვირისა (დავით შამანაური) და კამერული ორკესტრისათვის. დირიჟორი  იყო დავით მუქერია.

ალექსანდრე კორსანტიას გამსოვლა ქართველი მსმენელისთვის ყოველთვის დღესასწაულს ნიშნავს. ასე მოხდა ქუთაისშიც. შოსტაკოვიჩის კონცერტის ახალგაზრდული ცეცხლოვანი მუსიკა სოლისტებმაც და ორკესტრმაც ვირტუოზული, კორსანტისეულ-შამაპნიურის – შხეფებივით გააჟღერეს და ქუთაისლებიც აღაფრთოვანეს.

(მოუსმინეთ  კონცერტის ფიანალურ ფრაგმენტს You –Tub -ზე:  Alexander Korsantia plays Shostakovich concert for piano and trumpet

ლინკი:  http://www.youtube.com/watch?v=C64HWvmcrm8&list=UUjHmnoH5gAdy_JekYoby6IA&index=1&feature=plcp

ალექსანდრე კორსანტია  – ძალიან დიდი მადლობა ქუთაისლებს არა მარტო თბილი, არამედ საოცარი მიღებისთვის. ყურადღებისთვის და საერთო განმწყობისთვის! იგივე პროფესიონალურ განწყობას ვგულისხმობ სხვათაშორის, რასაც ძალიან ვაფასებ! მაგრამ ერთი შენიშვნა კი მაქვს: ერთი კარგი როიალი სჭირდებათ ნამდვილად!  სამწუხაროდ, თბილისში ვერ მოხერხდა ჩემი გამოსვლა ფესტივალის ფარგლებში, იმიტომ, რომ სხვა კონცერტი მქონდა დაგეგმილი  უფრო დიდი ხნის წინ, ვიდრე ეს ფესტივალი იგეგმებოდა; ვერ გავაუქმე, ვერ გადავიტანე. ამიტომ ჩამოვედი დახურვისთვის, ამაღლებისთვის, რომ ქუთაისის კონცერტში მიმეღო მონაწილეობა.

ნ.გ.  – მეორე წელია თქვენ ხართ ამ ფესტივალის ხელძღვანელი, ამიერიდან მუდმივი; რა კონცეფცია ექნება ალესანდრე კორსანტიას ამ ფესტივალის მიმართ?

ა.კ. – კონცეფცია უკვე არის და მე მგონი ის უკვე ვითარდება; ეს არის ზრდა! ზრდა არის აუცილებელი!  არა ზრდა ნიშნავს დეპრესიას. და ამაზე ვზრუნავ რასაკვირველია.

ნ.გ. ზრდა რა მიმართულებით?

ა.კ. რეგიონების ზრდა არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პუნქტი ჩემს სიაში. ეს უკვე დაწყებული გვაქვს და კიდევ გვინდა  ამ მხრივ ფესტივალი გაფართოვდეს . ამ შემთხვევაში თბილისს და  ქუთაისს არ ვგულისხმობ, სადაც კულტურული ცხოვრება ძალიან მაღალ დონეზეა; ეს დღეს მსმენელმა გამოაჩინა და ძალიან გვახარებს ეს!

ქუთაისის კონცერტით აღფრთოვანებას არ მალავდა არც კომპოზიტორი სოსო ბარდანაშვილი.

სოსო ბარდანაშვილი – უდაოდ ბედნიერი ვარ დღევანდელი კონცერტით! ცოტა მეშინოდა იცით, იმიტომ , რომ მე ასე ახლოს არ ვიცნობ ქუთაისის მსმენელს, მაგრამ მსმენელი მსმენელია – თუ ნაწარმოებში არის რაღაც რაც შენ გაღელვებს, მაშინ მათაც აღელვებს! მე ძალიან მადლიერი ვარ, იმიტომ რომ ძალიან კარგად მოისმინეს რაც მთავარია.

მე მადლიერი ვარ ასევე ჩვენი მუსიკოსების, იმიტომ, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ყოფილიყო წარმატებული საღამო. აღარ ვლაპარაკობ საშაზე, რომელმაც ასე ლამაზად დააგვირგვინა დღეს კონცერტი!

ნ.გ. თქვენი დღეს შესრულებული ნაწარმოებებიდან „წყვილი“ შეიძლება პროგრამულ მუსიკას მივაკუთვნოთ, რომლის პროგრამაც თქვენს ასე საინტერესოდ მოგვიყევით კონცერტის წინ. ამავე დროს  საოცარი დრამატურგიული ქარგა იხატებოდა თქვენი ყველა სხვა ნაწარმოებების მოსმენისას; ხომ ვერ გაუკეთებდით რაიმე კომენტარს სხვა ნაწარმოებებსაც?

ს.ბ. –„ ფანტაზია“ (რომელიც დღეს ედიშერ სავიცკიმ შეასრულა)  მე დავწერე მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საფორტეპიანო არტურ რუბინშტეინის სახელობის კონკურსის,  ,  სპეციალური დაკვეთით. დაახლოებით 45 -მა პიანისტმა დაუკრა იმ წელს კონკურსზე. იქიდან ერთ-ერთმა მიიღო ყველაზე წარმატებულის პრიზი. დღეს ძალიან ბევრს უკრავენ ამ პიესას. იდეა იყო ძალიან მარტივი: საფორტეპიანო ისტორია, ოღონდ ებრაული შოპენიდან დანახული!  ამიტომ იქ იყო პასაჟები, რომლებიც შოპენს ჰგავს, თუმცა იქ იყო ბახის ტოკატიდანაც ფრაგმენტები; იქ იყო ვითომ შოპენი, ვითომ ბახი, ჯაზიც, ებრაულიც, ქართულიც, (ბოლოს ფანდურის იმიტაციაც იყო) და ტანგო – თეატრი!  ჩვენ ხომ სულ თატრში ვართ! ეს რაც შეეხება საფორტეპიანო „ფანტაზიას“

რაც შეეხება „წერტილებს“ -რომელიც დავით მუქერიამ იდირიჟორა – ჩვენ ყოველთვის ვსვამთ გარკვეულ წერტილებს ცხოვრებაში, ეს შეიძლება იყოს ცხოვრების მონაკვეთი. ებრაულში კი წერტილს აქვს კიდევ ხმოვანის მნიშვნელობა – არის გრძელი ხმოვანი და მოკლე ხმოვანიც. ამიტომ მუსიკაც აწყობილია ასეთ ხმოვანებებზე. თუ დააკვირდით ნაწარმოებს, იქ ყოველთვის რაღაც წერტილით იწყება, თუმცა იქ რაღაც ქართული ელემენტიც არის. საკმაოდ ფილოსოფიური მომენტიც არის, შუბერტიც გაიელვებს; ამ დროს ყველაფერი ეს მაინც წერტილებია – სადღაც სვამ ცხოვრებაში წერტილებს და ბოლო წერტილს კი ორკესტრი სვამს, ყველა სოლისტი ვითომ წერტილს სვამს… ეს ნაწარმოებიც ამერიკელების დაკვეთა იყო. პირველად  შესრულდა ნიუ-ორკში და ძალიან დიდი წარმატება ხვა წილად და შემდეგ კი მთელს მსოფლიოში სრულდება.

ნ.გ. თქვენი მუსიკა ნოვატორულიცაა და ტრადიციულიც ამავდროულად. იყენებთ თუ არა ექსპერიმენტულ ხმოვანებებს?

ს.ბ. – მე ძალიან განსხვავებულ მუსიკას ვწერ. საკამოდ ავანგარდული ნაწარმოებებიც მაქვს. თუმცა უმეტესად  მე მაინც მელოდიას ვიყენებ. მელოდია ხომ ადამიანის სულია! მაგრამ მაგალითად პარიზის დაკვეთა მქონდა და იქ სრულიად განსხვავებული მუსიკა დავწერე. მე არ ვიზღუდები სტილში. მიმაჩნია, რომ მე ვარ ბევრი სტილის კომპოზიტორი, არა მრავალსტილიანი, არამედ ჩემი სტილი მაქვს, სადაც ყველაფერი შეიძლება იყოს. ამა ვეძახით ჩვენ „ნიშნების“ , მინიშნების“ მუსიკას – ასე მე ვუწოდებ. აი როდესაც ბახის ტოკატა გაიჟღერებს (მღერის) ბევრი ვერ მიხვდება, მაგრამ  ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია. ვინც მიხვდება ნიშანია მისთვის; მიხვდება, რომ ეს არა მარტო შოპენია, არამედ რაღაცა გაერთიანებული ბახთან.  თუ იქ მიხვდა, მერე მიხვდება რომ ჯაზია, მერე მიხვდება რომ აქ თეატრია და ა.შ. და ა.შ. გამოდის , რომ ერთ მუსიკაში ბევრი სიღრმეებია…

ნ.გ. ძალიან საინტერესოა! მე მინდოდა დამესვა შეკითხვა, თუ რომელი მუსიკის მოსმენით ღებულობთ თვენ ინსპირაციას, მაგრამ ალბათ პასუხი იქნება, რომ ნებისმიერი მუსიკა შეიძლება გახდეს თქვენთვის ინსპირაციის წყარო…თუ გაქვთ მაინც ერთი, განსაკუთრებული?

ს.ბ.  – მე ყველაფრიდან შემიძლია გავხდე ინსპირირებული. აი ახლა ბათუმში იქნება კიდევ ჩემი კონცერტი. იქ იქნება ჩემი „ფსალმუნები“ – დიდი საგუნდო ლოცვები ასე ვთქვათ.  კონცერტს დავასრულებთ ამ ნაწარმოებით. ლონდონიდან ჩამოვა სპეციალურად, მსოფლიოში ცნობილი კონტრატენორი, რომელიც იმღერებს „ღვთის შვილებს“;  ეს ნაწარმოები დაწერილია სამი ენისთვის: არაბული, ებრაული და ლათინური. ისიც იგივე ფილოსოფიური ნაწარმოებია, მაგრამ იქაც არის ყველანაირი გზა, იქ ბახის სახელიც კი გაიცჟღერებს სადღაც  მუსიკაში და ა.შ….

ნ.გ. – ანუ, თქვენ თითონ სად ხართ რეალურად?

ს.ბ. – მე ვარ მუსიკაში! სამყაროში!! სამყაროში რაც კია, ყველაფერი ხომ ჩვენია? (იცინის) მუსიკას ხომ ისტორია არა აქვს…?

 კონცერტის შემდეგ კულისებში

ქუთაისლებთან ბანკეტზე. ქვევით მარცხნიდან: იოსებ ბარდანაშვილი, ალექსანდრე კორსანტია, ედიშერ სავიცკი

დირიჟპორი დავით მუქერია და კომპოზიტორი სოსო ბარდანაშვილი “საქართველოს  სინფონიეტას” მევიოლინე გოგონასთან ერთად ქუთაილებთან ბანკეტზე:)

24 მაისი  – ბათუმი

იოსებ (სოსო ) ბარდანაშვილის  საავტორი საღამო

ფესტივალის დასკვნითი დღე ბათუმში მთლიანად სოსო ბარდანაშვილის შემოქმედებას მიეძღვნა. ქუთაისში გაჟღერებულ კომპოზიტორის  ნაწამოებებს დაემატა საგუნდო ნაწარმოებები, რომელსაც ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა ასრულებდა. დირიჟორი  იყო დავით მუქერია. მიუხედავად დირიჟორის და მუსიკოსების საოცარი შემოქმდებითი მუხტისა,  პირველი განყოფილების მოსმენა დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ეს კი  გამოიწვია იმან, რომ  დარბაზის ხმის რეჟისორს,  სცენაზე ზედმეტი მიკროფონები დარჩა ჩართული.  ამან   კი კონდიცირების ხმაური გააძლიერა,  რამაც  მთელ პირველ განყოფილებას უსიამოვნო ხმაურის ფონი შეუქმნა.   ბათუმელი პუბლიკის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ამ განსაცდელს  კარგად გაუძლეს;  თუმცა კომპოზიტორის ბრწყინვალე  ქმნილებებს: „ფსალმუნი 123“ „მეტამორფოზა“, ფანტაზია“ და „წერტილებს“ ქუთაისის ოდენა ტაში არ მოჰყოლია. უსიამო ფონმა წაშალა ნაწარმოებების შინაგანი  ემოცია!

შესვენების დროს საორგანიზაციო ჯგუფის გამოძიების შედეგად დადგინდა  ხმაურის მიზეზი; ხმის რეჟისორმა შეცდომა გამოასწორა  და მეორე განყოფილება ღვთის წყალობით,  ნორმალურად მოვისმინეთ. მითუმეტეს, რომ ძალიან საინტერესო, სრულიად  ახალი ნაწარმოები, „ღვთის  შვილები“ უნდა მოგვესმინა. ამ ნაწარმოებით დასრულდა მთლიანად ფესტივალი. სპეციალურად ამ ნაწარმოებისთვის, ლონდონიდან  ბათუმში ჩამოფრინდა მსოფლიოში განთქმული  ისრაელელი კონტრატენორი – იანი’ვ დორი.

„ ღვთის შვილების“   შესრულების წინ,  სოსო ბარდანაშვილმა შემდეგი წინასატყვაობა წარმოსთქვა  სცენიდან:

სოსო ბარდანშვილი:   „ღვთის შვილები“ დაწერილია   სხვადასხვა რელიგიურ ტექსტებზე –  ებრაულ, ლათინურ და არაბულ ენებზე. ამ რელიგიური ტექსტებში ნათქვამია, რომ ბოროტება მხოლოდ ბოროტებას ამრავლებს;  სიკეთეს კი შეუძლია სიკეთე გაამრავლოს –  ამაზეა ეს ნაწარმოები!  ამაზეა  პირველი ნაწილი.  მეორე ნაწილი ეძღვნება ძალიან მნიშვნელოვან დოქტრინას, არამარტო ებრაულს, საერთოდ რელიგიურ დოქტრინას: ურთიერთ მოთმენის, ურთიერთ გატანის დოქტრინას. იქ არის ბოლოს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები: „ თუ 30 წმინდა ადამიანი ცხოვრობს აი ამ დიდ სამყაროში, აი ამ ურთულესი აგებულების კოსმოსში, აი ამ 30 ადამიანის წესიერებით ისარგებლებთ და იცხოვრებთო“ . 30 – ზეა ლაპარაკი. თვქენ გახსოვთ, რომ როდესაც აბრაამი შევიდა სოდომ-გომორაში ღმერთს სთხოვა: „ღმერთო, იქნებ 10 ადამიანი მაინც ვნახო წესიერიო, რომ გადავარჩინო ეს ხალხი ამ საშინელ უბედურებას, ამ საშინელ სიკვდილს- ცეცხლში დაწვას. ეძება და ერთიც ვერ მონახა, ერთიც კი! ერთი თავისი ძმა იყო იქ და ღმერთმა უთხრა, კარგი ის მაინც გამოიყვანეო, რადგანაც შენი პატიოსენებით ისიც გაიწმინდებაო. ნაწარმოებში არის ტექსტები ფსალმუნებიდან. მაგალითად:  „აკურთხე ღმერთო სული ჩემი“ -ეს ფსალმუნიდან არის. „ალელუიაც“ ფსალმუნებიდან მოდის. ებრაულად იქნება – „ გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც საკუთრი თავის შენი“ , რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ბოლოს,  „გამჩენის ბეჭედი ჭეშმარიტებაა“ -ე.ი. ბოლო სიტყვა მაინც ღმერთისაა. ეს არაბულად არის. „ემეთ- ემეთ“ ნიშნავს  ჭეშმარიტებას. ყველა რელიგია, ხომ ერთსა და იმავეს ამბობს…

            კონტრატენორის საოცარმა შესრულებამ და ბარდანაშვილის მუსიკის რელიგიურმა პათოსმა სრულიად დაგვავიწყა პირველი განყოფილების უხერხულობანი. დარბაზმა ძალიან კარგად მიიღო ეს ურთულესი მუსიკალური ფრესკა.

იანივ დ’ორი და დირიჟორი დავით მუქერია

მოუსმინეთ „ღვთის შვილების“ ფრაგმენტს You Tub-ზე: “God’s Children” by Josif Bardanashvili Countertenor Ianiv D’or

ლინკი: http://www.youtube.com/watch?v=UDOvrvpbDpQ&feature=autoplay&list=UUjHmnoH5gAdy_JekYoby6IA&playnext=1

 მართალია კომპოზიოტორი სოსო ბარდანაშვილი რომელმაც გვითხრა, რომ  „რაოდენ რთული და თანამედროვე არ უნდა იყოს  აღსაქმელად ნაწარმოები, თუკი მუსიკაში დევს ის,  რაც ავტორს აღელვებს, ის მსმენელსაც აუცილებლად ააღელვებს“  ძალიან დიდი მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს ამ შესანიშნავი კომპოზიტორის, ჩვენი თანამემამულეს საქართველოში მოწვევისათვის!

            საღამოს  დასასრულს, სცენაზე ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარე, ლაშა ჟვანია ავიდა. მან ფესტივალი დახურულად გამოაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალ ფესტივალში  კიდევ უფრო მრავალმხრივ და საინტერესო პროგრამას შემოგვთავაზებს. 

 

დაველოდოთ 2013 წლის ფესტივალს „აღდგომიდან ამაღლებამდე“.  ჩვენთან ერთად მას თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქებიც ელიან. მართალი იყო მარიამ დავითაშვილი, როდესაც სთქვა, რომ  როდესაც ფესტივალის შექმნის იდეაში აკაკი რამიშვილის პატრიოტული სურვილი  და პატრიარქის ლოცვა -კურთხევა  გაერთიანდა, ეს გახდა იმის საწინდარი, რომ დღეს ფესტივალს უკვე მთელი საქართველო ელოდება. 

 

Advertisements

About nargiz

love music and not only this
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s