ჩემი ამერიკული მუსიკალური შთაბეჭდილებები

ამბავი 3

ანსამბლ Tenore de Aterue -ს კონცერტზე 20 აპრილს მოვხვდი. სიტყვა სიტყვით მათი სახელი სარდინიულიდან ითარგმნება  როგორც  – „მომღერლები სადღაციდან“.

ამ კონცერტის შესახებ გადავწვიტე  მომეთხრო,  იმის გამოც, რომ მისი ერთ-ერთი წევრი არის კარლ ლინიკი. ამერიკელი მოქალაქე,  ქართული სიმღერების მცოდნე და შემსრულებელი. მისი სახელი საქართველოში კი იციან, მაგრამ არც ისე ალბათ, როგორც ამერიკაში. არადა მან 1990 წლიდან თავისი ცხოვრება მთლიანად ქართულ ხალხურ სიმღერებს მიუძღვნა. ლინიკი  ქართულ ხალხურ სიმღერებს ჯერ ამერიკაში გაეცნო „ქართული ანსამბლის“ მეშვეობით. ქართული სიმღერების სიყვარულმა საბოლოოდ მისი ბედი საქართველოს დაუკავშირა და კარლი 10 წლით აქ საცხოვრებლად ჩამოვიდა, ქართველი ცოლი შეირთო და ოჯახიც შექმნა. საქართველოში ყოფნის პეროდში მან უცხოელებისგან ქართული ხალხური სიმღერების მგალობელთა გუნდი ჩამოაყალიბა  და მათთან ერთად თავის ცოდნა ამ დარგში მნიშვნელოვნად გააღრმავა, 2004 წლიდან კარლმა მუსიკის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა ბენინგტონ კოლეჯში  და მას შემდეგ იქ ქართულ სიმღერას და ქართულ კულტურას ასწავლის. 1995 წელს საქართველოს მთავრობამ იგი ვერცხლის მედლით დააჯილდოვა ქართული კულტურის განვითარებისთვის,  ხოლო 2009 წელს მას გადაეცა საქართველოს პრეზიდენტის პრესტიჟული ჯილდო.

 ვერ წარმოიდგენთ რამდენ რამეს აკეთებს დღესაც ეს პიროვნება ქართული ხალხური სიმღერების განვითარებისთვის. იგი ხელმღვანელობს სამ ანსამბლს ამერიკაში, რომელიც მხოლოდ ქართული ხალხური სიმღერებით არის დაკავებული. ესენია: ტრიო „კავკასია“ სადაც ის თავის ორ ვაჟიშვილთან ერთად გამოდის

Image

( მოუსმინეთ: http://www.youtube.com/watch?v=IcwpA089JPc)  და ორი საუნივერსტეტო ანსამბლი ქალაქ ნიუ-ორკში. გარდა ამისა ლინიკი ვერმონტის Northern Harmony ანსამბლთან ერთად ბევრს მოგზაურობს ქართული ხალხური სიმღერების შესრულებით. ყოველწლიურად ატარებს ზაფხულის ბანაკში,  Village Harmony, ში ქართული გალობის მასტერკლასებს, გამოსცემს ქართული ხალხური მუსიკალურ ჩანაწერებს, ასწავლის ქართულ ხალხურ საკრავებზე შესრულებას და მრავალი სხვა.

დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მოამაგე ქართულ ხალხურ სიმღერას დღეს უცხოეთში სხვა არა ჰყავს.

ასე, რომ ამერიკაში, ყოველ შემთხვევაში ნიუ-ორკის მიდამოებში,  ქართული ხალხური სიმღერის შესწავლა ყველა მსურველს ადვილად შეუძლია, მიუხედავად იმისა, თუ რა ასაკისაა ანდა რა პროფესიის.

საქართველოში მაცხოვრებელ მუსიკოსებსა თუ არამუსიკოსებსაც თეთრი შურით უნდა გვშურდეს მათი, ვისაც ასე იოლად ეძლევა ჩვენი საუნჯის შესწავლის საშუალება, რადგანაც თავად საქართველოში ეს არც იოლი საქმეა. თუ არა პროფესიული საბავშვო თუ მოზრდილთა ანსამბლები მოყვარულთათვის ეს საქმე ჯერ-ჯერობით არავის გაუჩარხია. არადა, ცოტაოდენი სმენა და ხმა თუ მოგეპოვება რატომ არ უნდა იცოდე შენი მშობლიური ხალხური სიმღერები ზეპირად? რატომ უნდა დავივიწყოთ ხალხური სიმღერები და  უფრო მეტად ქალაქური სიმღერები ვიცოდეთ? მე ვგულისხმობ ცოდნაში მასიურ პრაქტიკულ გამოყენებას  – ზეიმისა თუ თავყრილობებისს დროს  და  არა შინაგან ცოდნას, რაც ყველა ქართველში  რასაკვირველია დევს.

მართლდება თუ არა ზაქარია ფალიაშვილის ჯერ კიდევ წინა საუკუნის შიში იმისა, რომ მალე სრულიად მივიწყებას მიეცემა ხალხური სიმღერები? ყოველშემთვევაში დღეს დღეობით  ქალაქის და ვგონებ სოფლის ყოფაშიც ეს ასეა.მხოლოდ ანსამბლი უნდა გერქვას და სცენაზე გამოდიოდე, რომ ჩვენი საუნჯის  შესწავლის საშუალება გეძლეოდეს.

ეს გადახვევა არ იყო თემიდან. ამ გრძნობამ დამაწერინა ეს ამბავი.

Image

ანსამბლი Tenore de Aterue

თავად 20 აპრილის კონცერტზე კი სათქმელი არც ისე ბევრია: კარლ ლინიკი არ დასჯერდა ქართული ხალხური მუსიკის ცოდნას და ახლა სარდინიული და კორსიკული ხალხური მუსიკა შეუსწავლია. ეს არც ისე ადვილი ყოფილა. მარტო სიყვარული ძნელი იყო მათ შესასწავლად,  მანამ,  სანამ მან „იუ-თუბში“ არ აღმოაჩინა ვიდეო,  სადაც სარდინიელი მომღერალი მრვალხმიან სიმღერას ცალ-ცალკე ხმებით ასრულებდა. ასე შეისწავლა მან და მისმა მეგობრებმა ეს უნიკალური მრავალხმიანი მუსიკალური ფოლკლორი. მოგვიანებით,  მათ ანსამბლი Tenore de Aterue დააარსეს და კონცერტებითაც გამოდიან ამერიკაში. თავად სარდინიელები დიდი ენთუზიაზმით გამოეხმაურენ ამ წამოწყებას და ამერიკელთა კვარტეტი თავისთან მიიპატიჟეს.  მუსიკოსები 2013 წლის მაისში პირველად გაემგზავრნენ იქ.

20 აპრილს კი,  კვარტეტმა Tenore de Aterue,  შეასრულა ორივე – კორსიკულიც და სარდინიული მრავალხმიანი სიმღერები. კორსიკული და ქართული სიმღერების მსგავსებაზე არა ერთხელ თქმულა და აქ უკვე ამას აღარ შევეხები.  ფაქტია, რომ ორივეს, მომხიბვლელობას სწორედ პოლიფონიური აზროვნება და ხმათა ულამაზესი შეწყობა აძლევს.

შემოგთავაზებთ 20 აპრილის კონცერტის ნაწყვეტებს კორსიკული და  სარდინიული მუსიკის ფრაგმენტებით, სარდინიულიც ჰგავს ქართულს, თუმცა  ეს უფრო შინაგანი მსგავსებაა, ვიდრე სტრუქტურალური.

კორსიკული:

http://www.youtube.com/watch?v=FjXB_IzEm-Y&feature=c4-overview&list=UUjHmnoH5gAdy_JekYoby6IA

აქ კარლ ლინიჩი, პირველი დგას მარჯვნიდან

სარდინიული:

http://www.youtube.com/watch?v=JGv3Ylla6W4&feature=c4-overview&list=UUjHmnoH5gAdy_JekYoby6IA

აქ კი მეორეა მარცხნიდან.

სასიამოვნო იყო, რომ დარბაზი ემოციურად მიეგება მუსიკოსებს. მსოფლიოს ხალხთა ფოლკლორის კონცერტზე მაყურებელი დიდი სიამოვნებით დადის ამერიკაში. მართალია ეს არაა მასობრივი გატაცება, მაგრამ მაინც,  მას თავისი რჩეული მაყურებელი ჰყავს.

2013 წლის ზაფხულში (ისევე, როგორც ყოველ წელს) კარლ ლინიკმა ქართული ხალხური სიმღერის შესწავლის მსურველები  ამერიკიდან საქართველოში ჩამოიყვანა  და სვანეთში წაიყვანა. იქ მათ სვანური სიმღერები ამ დარგის მცოდნემ,  სვანმა მომღერალმა, გვარად, ფილფანმა შეასწავლა. სპეციალურად კახეთიდან კი ჩავიდა კახური სიმღერის მცოდნე და 17 კაციან ჯგუფს,  2 კვირის განმავლობაში საშუალება ჰქონდა  შეესწავლა  საქართველოს ამ ორი,  უმშვენიერესი კუთხის  ხალხური სიმღერები.

Image

კარლ ლინიკი – მარჯვნიდან პირველი

თეთრი შური კეთილი ძალაა, ხოდა მეც გადავწყვიტე ამ ძალას მივყვე. არ მინდა ზაქარია ფალიაშვილს გული ვატკინო და გადავწვიტე ჩემი შესაძლებლობებით მივყო ხელი ქართული ხალხური სიმღერების შესწავლას. გუნდიც მალევე შევადგინე. ჩემივე კურსელები 1978 წლის კურსდამთავრებულებისგან. გამიხარდა, რომ ყველამ უკლებლივ გამოხატა შესწავლის სურვილი. ის, რაც კონსერვატორიაში, მხოლოდ საგუნდო ფაკულტეტის პრეროგატივა იყო, ჩვენ ნადმვილად დაგვაკლდა.  არა უშავს, გვიან არასდროს არ არის. შევიკრიბებით და ვისწავლით.  არ მივცემთ დავიწყებას, თუნდაც ჩვენსას. შემდეგ იქნებ სხვებმაც მოგვბაძონ და დაგვიბრუნდეს არა მხოლოდ სცენაზე, არამედ სახლებშიც ქართული ხალხური სიმღერა-გალობა.

 

ამბავი 4

ვაშინგტონში მეგობრის დაბადების დღეზე წავედი. თარა ბაჰრამპური გავიცანი თბილისში.  2 წელი   „ჯიპა“-ში ასწავლიდა ჟურნალისტიკას. ამჟამად „ვაშინგტონ პოსტში“ მუშაობს მუდმივ კორესპოდენტად.

ჩემთვის ძალიან დიდი სიურპრიზი იყო, როდესაც ოთხმა ამერიკელმა და მათ შორის ჩემმა მეგობარმა თარამ, მოულოდნელად, ქართული ხალხური მრავალხმიანი სიმღერა შემოსძახეს. ჯერ „რაშოვდა“ და  შემდეგ „ მივალ გურიაში.“  მე გადავიღე  ეს ჩემი ფოტოაპარატით, რაც ფეისბუქზე გამოვაქვეყნე www.facebook.com/photo.php?v=10200616849884216&set=vb.1248846878&type=3&theater

აღმოჩნდა, რომ ისინი ყველანი ანსამბლ „ნიავის“ წევრები არიან.  ამ ანსამბლში 12 წევრია და აქედან 8 ამერიკელი და 4 ქართველია.  სუყველა არაპროფესიონალი მომღერალია.  იქვე დამპატიჟეს თავიანთ ოფიციალურ კონცერტზე, რომელიც  1 ივნისს უნდა გამართულიყო ყოველწლიურ ფოლკლორულ ფესტივალზე,  ვაშინგტონის შემოგარენში, Glenn Echo Park -ში.

(იხილეთ ამ  ფესტივალის  შესახებ უფრო დაწვრილებით : http://fsgw.org/myorgnet/public.php?NoTitle=1&Org=fsgwRehearsal&ProgramID=10)

კონცერტამდე „ნიავმა“ რეპეტია ჩაატარა.   სხვათა შორის,  სევდიანი მეგრული ნანა ისე შთაგონებით იმღერეს, რომ ამერიკელი მომღერლების თვალებზე ცრემლები თითქმის მზად იყო წამოსასვლელად.  ანსამბლის ხელმძღვანელი, ანდრეა დიი ჰარისი კი თურმე  ჩონგურზეც შესანიშნავად უკრავს. კონცერტზე ეს ნომერი არ გადამიღია,   ამიტომ  გთავზობთ ამ ულამაზესი სიმღერის ფრაგმენტს რეპეტიციიდან: http://www.youtube.com/watch?v=XUObZqso8e4&feature=c4-overview&list=UUjHmnoH5gAdy_JekYoby6IA

P1180770

ანსამბლ “ნიავის” დამაარსებელი ანდრეა დიი ჰარისი და ნიკა ჭავჭანიძე

ფესტვალის ფარგლებში უამრავი ანსამბლი გამოდიოდა. პარკის მრავალი სცენა დაეთმო მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხის ფოლკლორულ მუსიკას. საქართველო,  ამერიკული ანსამბლით,  „ნიავის,“ სახით იყო წარმოდგენილი. ანსამბლის წევრებმა შეძლებისდაგვარად ქართული ნაციონალური კაბებიც იშოვეს და მოირგეს სცენაზე გასვლის წინ. პატარა საზაფხულო დარბაზი სულ სავსე იყო. „ნიავმა“ 1 საათის განმავლობაში შეასრულა საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები. ანსამბლის  უმეტესობა ქალები არიან, თუმცა ამან ხელი არ შეუშალა მათ შესანიშნავად წარმოედგინათ ჩვენი ფოლკლორი.

Image

მოუსმინეთ ამ გამოსვლის ფრაგმენტს: http://www.youtube.com/watch?v=uNUvCMSBpXw&feature=c4-overview&list=UUjHmnoH5gAdy_JekYoby6IA

ვფიქრობ, ქართული   ხალხური ანსამბლების ვაჟებით დაკომპლექტება ჩვენი ტრადიციაა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქალებს სიმღერა ნაკლებად გამოსდით. თავად ზაქარია ფალიაშვილი სვანეთში მოგზაურობისას იგონებს, რომ მოულოდნელად მას მთაში, გზაზე,  სიმღერა შემოესმა, და როდესაც დაინახა თუ ვინ იყვნენ მომღერლები გაოცდა, რადგანაც ისინი სუყველა ქალები ყოფილან. კომპოზიტორმა აღნიშნა, რომ ქალების მიერ შესრულებული ბანებიც კი სათანადოდ გაისმოდა და მთლიანობაში დიდებულად ჟღერდა.

1 ივნისსაც ანსამბლის ქალბატონებმა და ორმა  მამაკაცმა,  ბანმა საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. მე გამიხარდა, რომ იქვე მე – 9 არხის ჟურნალისტი, რუსუდან წერეთელიც იმყოფებოდა, რომელმაც მართალია პატარა, მაგრამ მაინც ლამაზი სიუჟეტი მიუძღვნა მათ გამოსვლას მე- 9 არხის ეთერში .

ჩემთვისაც ძალიან ძვრიფასი იყო ის საღამო და ამის გამო, ანსამბლის დამაარსებელს, ქალბატონ ანდრეა დიი ჰარისს გავესაუბრე. გთავაზობთ ამ ინტერვიუს შემოკლებით.

ანდრეა დიი ჰარისი

Image

პროფესია:  საერთაშორისო განვითარების ფინანსური კონსულტანტი განვითარებადი ქვეყნების დახმარებაში.

გატაცება 1.  ქართული ხალხური სიმღერა

გატაცება 2.  კერამიკა

საქართველოში 4 წელი გავატარე. იქ ვმუშაობდი ევრაზიის ფონდში, სადაც ვიცე პრეზიდენტის მოვალეობას ვასრულებდი. თბილისში დავდიოდი უცხოელების გუნდში, რომელსაც კარლ ლინიკი  (იხ. ზემოთ ამბავი 3) ხელმძღვანელობდა. გუნდს ერქვა „ოქროს სტუმრები“. ვაშინგტონში ძალიან დამაკლდა და მენატრებოდა ქართული სიმღერა. ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი, რაც საქართველოში დამრჩა. აქ თავიდან ვერ ვნახე საკმარისი ადამიანები, ვინც ქართული სიმღერები იცოდა, მაგრამ თანდათან ასეთები გამოჩდნენ – ზოგი ამერიკელი საქართველოდან ბრუნდებოდა და მათაც გაუჩნდა სურვილი აქ გაერგძელებინათ სიმღერა. თავიდან შვიდი თუ რვა ადამიანი ვიყავით: რამდენიმე ბანი, რამდენიმე პირველი და რამდენიმე მეორე ხმა იყო, მაგრამ ეს საკმარისი იყო, რომ დაგვწეყო ერთად სიმღერა.  ორი წელი დამჭირდა, სანამ გუნდი ჩამოყალიბდა და მას „ნიავი“ დავარქვით. ჩვენ,  ჩემს სახლში ვიკრიბებით. ყოველ ოთხშაბათ საღამოს ჩემს მისაღებ ოთახში ვატარებთ რეპეტიციას. ეს არ არის მხოლოდ სიმღერის მეცადინეობა. ჩვენ გვაქვს ხოლმე ჩვენი პატარა სუფრა. ჩვენ ვსხედვართ ხოლმე მაგიდის გარშემო, ვსვამთ ცოტა ღვინოს და ვმღერივართ, ისე, როგორც ქართველები მღერიან ხოლმე სუფრასთან. (იცინის)

ეს ძალიან სასიამოვნოა, რადგანაც ეს თანდათან გადაიქცა, არა მარტო სიმღერის ჯგუფად, არამედ ახლო მეგობრების წრედ. ჩემთვის ეს ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა, რადგანც ამან მე ისე ვ საქართველოსთან დამაკავშირა.

ჩვენ უკვე დიდი რეპერტუარი გვაქვს – დაახლოებით 60 -მდე სიმღერას ვასრულებთ.    წელიწადში ორი კონცერტი გვაქვს ხოლმე. თუმცა ზოგჯერ სპეციალური შემთხვევების გამოც გამოვდივართ, მაგალითად ამას წინათ შევასრულეთ ერაყში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც ვაშინგტონში გადიან მკურნალობის კურსს. ქართველი ბიჭები ძალიან თბილად შეგხვდნენ. ძალიან ძნელია მათთვის ეს ყველაფერი,  სახლიდან ასე შორს ყოფნა, თუმცა მათი ოჯახის წევრები  გვერდით ჰყავთ, მაგრამ მაინც.    ჩვენ გვესმის ეს და ჩვენი შეხვედრა ძალიან, ძალიან მგრძნობიარე და ემოციური იყო. ჩემთვის ეს ნამდვილად დიდი პატივი იყო მათთვის სიმღერა. ჯარისკაცებმა ძალიან დააფასეს ჩვენი შესრულება, მიუხედავად იმისა, რომ ზოჯერ შესაძლოა სასაცილო გამოთქმები გვქონოდა ქართულში, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ისინი დიდი ენთუზიაზმით გვისმენდნენ. თავის მხრივ,  მე მინდა მადლობა გადაუხადო, მათ და მათ მშობლებსაც, რომ ასე შეაყვარეს მათ თავიანთი ქართული კულტურა. ქართული სიმღერა არის ის საჩუქარი რაც ჩემს გულს სიხარულს ჰგვრის, რაც ჩემს სულს აბედნიერებს!  ასე, რომ მადლობა თქვენ, ქართველებს,  ასეთი დიდი  საჩუქრისათვის!

პ.ს. ჩემი ამერიკული მუსიკალური შთაბეჭდილებები ამით ამოიწურა. წინ კიდევ რამდენიმე თვიანი მგზავრობა მელოდება ვაშინგტონში. ვნახოთ, იქნებ საქართველოში გუნდის დაარსებემადე,  „ნიავში“ გავიარო ცოტაოდენი პრაქტიკა. მიხარია, რომ ამერიკაში ჩემი ხშირი წასვლებით,  არათუ ჩამოვშორდები  ჩემს სამშობლოს, არამედ კიდევ უფრო დავუახლოვდები.

 

Advertisements

About nargiz

love music and not only this
This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s