22 –ე შემოდგომის ფესტივალი

 

21 სექტემბერი – 18 ოქტომბერი

მოვიდა შემოდგომა და ფესტივალებით დახუნძლული თბილისი, ზაფხულთან განშორების დარდის გაქარწყლებაში ისევ დაგვეხმარა. ჩემთვის პირადად სხვადასხვა ფესტივალებს შორის, ყველაზე ძვირფასი, მაინც „შემოდგომის თბილისია“, რომელიც ჯანსუღ კახიძის თბილისის მუსიკალურ –კულტურულ ცენტრში წელს უკვე 22 – ედ ჩატარდა. ძვირფასია იმიტომ, რომ მას, სულ დასაწყისიდან, 1993 წლიდან ვესწრები. იმ ურთულეს წლებში, სიცივისა და უშუქობის პერიოდში, მუსიკალურ ცენტრში კონცერტებზე მისვლა მომავლის იმედს და სიცოცხლის გაგრძელების სურვილს გვინერგავდა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ბატონი ჯანსუღი, მისმა ვაჟმა, ვახტანგმა ღირსეულად ჩაანაცვლა მთავარი დირიჟორისა და სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე და „შემოდგომის ფესტივალიც“ იზრდება, ვითარდება და სულ უფრო პოპულარული ხდება. წლევანდელი ფესტივალი მიეძღვნა ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ –კულტურული ცენტრის 25 წლის იუბილეს. 12 კონცერტი ტრადიციულად გამოირჩეოდა ჟანრული მრავალფეროვნებით: სიმფონიური, კამერული, ფოლკლორის და ჯაზის საღამოები ენაცვლებოდა ერთმანეთს..

ფესტივალის გახსნაზე მოწვეული იყო სახელგანთქმული ისრაელელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და დირიჟორი იარონ გოტფრიდი თავისი ჯაზ–ტრიოთი. ამ მუსიკოსის ბიოგრაფია მდიდარია საერთაშორისო ჯილდოებით. მის დატვირთულ გრაფიკში შედის, როგორც დიდი სიმფონიური ორკესტრის დირიჟორობა, ასევე აკადემიური პრაქტიკა და გასტროლებიც მთელს მსოფლიოში. იგი მულტიდისციპლინარულ მუსიკოსად არის აღიარებული, რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან კლასიკურ, თანამედროვე და ჯაზურ მუსიკას. „შემოდგომის ფესტივალის“ გახსნის დღეს მან შემგვთავაზა გერშვინის, ელინგტონის და მუსორგსკის ნაწარმობები დაწერილი ჯაზური ტრიოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის. ფორტეპიანოს პარტიას თავად კომპოზიტორი ასრულებდა. ჩემთვის პირადად, განსაკუთრებით საინტერესო მუსორგსკის „სურათები გამოფენიდან –რიმეიქი“ აღმოჩნდა.

Gotfridi

იარონ გოტფრიდი

ნ.გ. „გვითხარით მუსორგსკის შესახებ. რა ინსპირაცია უძღოდა წინ კლასიკური მუსიკის ჯაზურ რიმეიქად დაწერისას თქვენს შემთხვევაში?“

იარონ გოტფრიდი (კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი) „მე მუსიკალურ ოჯახში დავიბადე. მამაჩემი ძალიან კარგი ჯაზის მუსიკოსა, თუმცა   ბავშვობიდანვე კლასიკური მუსიკას მაზიარეს და პროფესიონალი დირიჟორი შემსრულებელი და კომპოზიტორი გავხდი. ჯაზი ცალკე მე არ მქონდა ნასწავლი, რადგანაც მისი მუსიკალური ენა ბავშვობიდანვე სისხლში მქონდა გამჯდარი. მე მიყვარს ზოგადად ჯაზი, რადგანაც ეს ერთგვარი თავისუფლებაა მუსიკოსისთვის, მაგრამ მე იმდენად ბევრი სამუშაო მქონდა სადირიჟორო პრაქტიკაში ჩემს ორკესტრთან ერთად, რომ არასდროს მეცალა ჯაზისთვის. ერთ მომენტში მე გადავწყვიტე: „მოდი დავწერ ნაწარმოებს ჯაზ–ტრიოსთვის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად!“ აი ასე, ეს ორი ჩემი ინტერესის სფერო გავაერთიანე და ახლა ჩემი კომპოზიციები წარმატებით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. მოწვეული ვიყავი ბევრ ფესტივალზე. მუსოგრსკის „სურათები გამოფენიდან“ ჩემი მეხუთე კომპოზიციაა და ერთ– ერთი დიდი ნამუშევარია. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ მე, როგორც კომპოზიტორს, მაქვს ძალიან ბევრი სხვა ნაწარმოებები, რომელთაც არაფერი საერთო არა აქვთ ჯაზთან, ასე, რომ ჯაზური რემეიქები არის მხოლოდ ერთი მცირე ნაწილი ჩემი შემოქმედებისა. მე არ მინდა, რომ რომელიმე მიმართულებას შეველიო, მინდა, რომ ერთდროულად ყველაფერში ვიმუშაო.“

ქართველმა მსმენელმა ძალიან ემოციური მიღება მოუწყო იარონ გოტფრიდის ჯაზ –ტრიოს, ვახტანგ კახიძეს და მუსიკალური ცენტრის სიმფონიურ ორკესტრს. დარბაზი იმ დღეს გადაჭედილი იყო და ასე გაგრძელდა ფესტივალის თითქმის ყველა მომდევნო კონცერტზე.

ფესტივალის მეორე კონცერტზე ვახტანგ კახიძემ, გერმანიაში მოღვაწე ქართველი პიანისტი, დუდანა მაზმანიშვილი მოიწვია. დირიჟორმა ამ ფესტივალზე მონაწილე თითქმის ყველა სოლისტს შეთავაზების პირობად ორი კონცერტის შესრულება მოსთხოვა. ამით მთლიანი კონცერტის პროგრამა უფრო სავსე და მრავალფეროვანი აღმოჩნდა. იმ დღესაც ჯერ შესრულდა რაველის „ალბორადა დელ გრაციოზო“ სიმფონიური ორკესტრისათვის და სენ–სანსის საფორტეპიანო კონცერტი # 2 პირველ განყოფილებაში, მეორეში კი რახმანინოვის „რაფსოდია პაგანინის თემაზე“ ფორტეპიანოსა და ორკესტრისათის და დასასრულს, პოლ დიუკას “ჯადოქრის მოწაფე.“

დამეთანხმებით , რომ თითოეული ამ ნაწარმოებთაგანი ცალკე აღებული, ნებისმიერი პროგრამის მშვენება გახდებოდა და ყველა ერთად, ერთ საღამოში მოწოდებული, მართლაც ძლიერი ემოციური და ენერგეტიკული მუხტის მომტანი იყო.   დუდანა მაზმანიშვილმა ამ ორი, ურთულესი კონცერტების შესრულებისას გვასიამოვნა თავისი გრაციოზული ტექნიკითა და ელეგანტურობით. ტოლი არ დაუდო მას ორკესტრმაც, ვახტანგ კახიძეს დირიჟორობით, რომელმაც დასასრულს, პოლ დიუკას „ჯადოქრის მოწაფეში“ ნამდვილი ზღაპრული ფოირვერკი შექმნა ვირტუოზული აღმაფრენითა და სიმსუბუქით.

Dudana

დუდანა მაზმანიშვილი (პიანისტი)ყოველთვის ამაღელვებელია ჩემთვის თბილისში დაკვრა. ბოლოს, ამ ორკესტრთან. ჯანსუღ კახიძესთან ერთად დავუკარი. ეს იყო ბევრი წლის წინ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვახტანგ კახიძესან მუშაობის საშუალება მომეცა!“

ნ.გ. „ ხშირად გიწევთ ორი კონცერტის შესრულება ერთ საღამოში?“

დ.მ.   „მინდა გითხრათ, რომ ზოგადად ეს იშვიათია პრაქტიკაში. ორივე, რახმანინოვის და სენ–სანსიც მოტორული ნაწარმოებია და საკმაოდ შრომატევადია რასაკვირველია შემსრულებლისთვის, მაგრამ ამავე დროს ეს საინტერესო გამოწვევაა და მე კმაყოფილი ვარ დღეს შემდგარი კონცერტის შედეგით.“

ნ.გ. „ახლა, კულისებში გავიგეთ, რომ ახალი, საინტერესო მიპატიჟება მიიღეთ? ხომ არ გაგვიზიარებთ?“

დ.მ. „დიახ, გერმანიაში არის ძალიან ცნობილი, რურის ფესტივალი. იქ მიმიწვიეს დანიელ ბარენბოიმის რეკომენდაციით. ზუსტად ახლა, როდესაც დასრულდა კონცერტი, ჩემს ტელეფონს დავხედე და მოსული იყო ეს შეტყობინება! 2015 წლის აპრილში იქნება ეს კონცერტი და ძალიან ბედნიერი ვარ ამით!“

კამერული მუსიკის საღამო მიეძღვნა ფესტივალის შემდეგი კონცერტი, რომელშიც „საქართველოს სინფონიეტა“ მონაწილეობდა. საღამო მთლიანად ერთ კომპოზიტორს, ედვარდ გრიგს მიეძღვნა. შესრულდა სამი ნაწარმოები: „ჰოლბერ სუიტა“, “ორი ელეგიური მელოდია“, და სიმებიანი კვარტეტი #1 (ვერსია კამერული ორკესტრისათვის). ჩაბნელებულ დარბაზში რომანტიულმა ატმოსფერომა დაისადგურა. როდესად გაისმა გრიგის მუსიკის მელოდია მსმენელები მაშინვე მოიცვა რაღაც იდუმალმა სამყარომ, რომელიც მედიატაციისკენ და თვითჩაღრმავებისკენ გვიძღვებოდა. „საქართველოს სინფონიეტას“ უკვე კარგად იცნობს ჩვენი მსმენელი და მათ გამოსვლას ყველა დიდი ინტერესით ელოდება.

Sinfonietta

ნ.გ. „რატომ აირჩიეთ დღევანდელი კონცერტისთვის მონოპოროგრამა?“

გიორგი ქერელაშვილი (ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი) „ედვარდ გრიგი მართლაც გენიალური კომპოზიტორია და ჩვენ მართლა გვიყვარს! თან სამწუხაროდ, რომანტიზმის მუსიკაში არც ისე ბევრი ნაწარმოებია კამერული ორკესტრისათვის დაწერილი და გრიგი ერთ –ერთი გამორჩეულია ამ მხრივ. მან ჯერ ფორტეპიანოსთვის დაწერა და მერე კამერული ორკესტრისათვის გადაიტანა ეს კომპოზიციები. ეს კვარტეტიც, რომელიც ჩვენ დავუკარით, უფრო კარგად ჩემის აზრით, კამერულ ორკესტრში ჟღერს, ვიდრე კვარტეტში. ეს კონცერტი იგეგმებოდა მაშინ, როდესაც გრიგი ხდებოდა 170 წლის, მაგრამ არა უშავს, ჩვენ ერთი წლით დავაგვიანეთ ეს მიძღვნა. რაც შეეხება მონო ავტორობას, ძალიან ძნელია ერთი კომპოზიტორის დაკვრა და მოსმენა მუსიკოსისთვისაც და მსმენელისთვისაც, მაგრამ ეს კონცერტი არ იყო გათვლილი წამიერ შედეგზე; ეს უფრო პროფესიულ მსმენელზე იყო გათვლილი. ჩვენის აზრით აკლია საქართველოს ასეთი, ერთი კომპოზიტორის შემოქმედებაზე აგებული კონცერტები. ასე, რომ, ჩვენ ასეთი, ცოტა ძნელი გზა ავირჩიეთ მსმენელისთვის.“

ფესტივალის 27 ოქტომბრის კონცერტი მიეძღვნა საქართველოსა და ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების სამხედრო ორკესტრების გამოსვლას, რომლებსაც დირიჟორობდა კობა მერმანიშვილი. სამწუხაროდ, ამ კონცერტზე არ ვყოფილვარ, მაგრამ ბევრი მსმენელის კარგი შთაბეჭდილება მოვისმინე, როგორც ახლა, ასევე მაშინ, როდესაც მათ ლექსო თორაძესა და ედიშერ სავიცკისთან ერთად დაუკრეს 2014 წლის გაზაფხულზე. ასე, რომ წლევანდელი ფესტივალის პალიტრა გამდიდრდა ახლა უკვე სასულე ორკესტრის რეპერტუარითაც.

29 ოქტომბერს ასევე ძალიან საიანტერესო კონცერტი შემოგვთავაზა ვახტანგ კახიძემ. პირველ განყოფილებაში მხოლოდ მოცარტი, მეორეში კი მხოლოდ პროკოფიევი. სოლისტი იყო სამხრეთ კორეელი პიანისტი, 20 წლის სეონგ–ჯინ ჩო. თავიდან ორკესტრმა ბრწყინვალედ დაუკრა მოცარტის 31 –ე „ პარიზის“ სიმფონია და შემდეგ სოლისტმა მოცარტის 21 – საფორტეპიანო კონცერტი. ამ უკნასკნელის ინტერპრეტაციაზე მსმენელების შთაბეჭდილება ერთგვაროვანი არ იყო. ცნობილია, რომ მოცარტის დაკვრა სწორედ მიტომაა ყველაზე რთული, რომ ყველას საკუთარი, ერთადერთი ინტერპრეტაცია მოსწონს და სხვისის მიღება უძნელდება. შეიძლება ასე იყო ამ შემთხვევაშიც. მაგრამ ის, რაც მან გააკეთა მეორე განყოფილებაში პროკოფიევის #2 კონცერტის შესრულებისას ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. საოცარი ენერგია, სიღრმე, მასშტაბი და აღმაფრენა ეს ყველაფერი ერთდროულად გადმოსჩქეფდა ამ, ფიზიკურად თითქოსდა სუსტი, მუსიკოსისგან. დარბაზი ვერ მალავდა თავის აღფრთოვანებას. კორეელმა პიანისტმა უდაოდ დაიპყრო გადაჭედილი დარბაზი თავისი ენერგეტიკით.   სოლისტის ასეთ ძლიერ გამოწვევას თბილისის სიმფონიური ორკესტრი და ვახტანგ კახიძე არანაკლები მასშტაბის ძალით აჰყვნენ. ძნელია აქ ითქვას, რომ ორკესტრი პიანისტს აკომპანიმენტს უკეთებდა; ორკესტრი აქ ისეთივე მონაწილე იყო დრამისა, როგორიც სოლისტი.

P1230878

სეონგ ჯინ ჩო (პიანისტი) „ჩემთვის ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მე ორი კონცერტი დავუკარი ერთ საღამოში. ვახტანგ კახიძემ როდესაც მომიწვია შემომთავაზა მოცარტის დაკვრა თბილისში და კიდევ ერთი კონცერტის, რომელიმე რუსი კომპოზიტორის შემოქმედებიდან. მე ავირჩიე ჩემი საყვარელი ქმნილება, პროკოფიევის მეორე კონცერტი. ამჟამად მე ვსწავლობ პარიზში კონსერვატორიაში. თან ვსწავლობ, თან დატვირტული საკონცერტო ცხოვრება მექნება – ოქტომებრში, კორეა და იაპონია, ნოემბერში ბუდაპეშტი, დეკემბერში კი ისრაელში.“

მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა სეონგ– ჯინ ჩოს უკვე სოლიდური საფესტივალო პორტფოლიო გააჩნია და მან უკვე დაიმკვიდრა მოწინავე ადგილი მისი თაობის პიანისტებს შორის.

სამწუხაროდ, მომდევნო, 2 ნოემბრის კონცერტი მე ისევ გამიცდა. ამჯერად ვახტანგ კახიძეს მოწვეული ჰყავდა გერმანელი ჩელისტი, კერსტინ ფელცი. სენ–სანსი, ლალო, რაველი – კარგი არჩევანი იყო იმ საღამოსთვისაც, რომლის დამსწრე არაერთი კმაყოფილი ადამიანი ვიხილე.

5 ოქტომბერს ძალიან იშვიათი შემადგენლობა გველოდა საფესტივალო მაყურებელს. მონაწილეობდნენ ტყუპი ძმები, კლარნეტისტები, ალექსანდრე და და დანიელ გურფინკელები და მათი მამა, ასევე კლარნეტისტი, მიხეილ გურფინკელი. პროგრამა მთლიანად შედგენილი იყო კლარნეტის რეპერტუარისგან. პირველ განყოფილებაში ძმებმა დაუკრეს ნაწარმოებები 2 კლარნეტისა და ორკესტრისათვის: კრომერის კონცერტი და ბიზე/ლევიტასის ფანტაზია. ერთი სიამოვნება იყო მათი ყურება სცენაზე. ორი შესანიშნავი გარეგნობის ახალგაზრდა, ცხადია ერთნაერად ჩაცმულები – ლურჯ კოსტუმებსა და წითელი ჰალსტუხებით, ორივე ერთნაერი ნიჭიერებით დაჯილოდოვებული და ერთი და იგივე საკრავით. ასეთი დუეტი, თითქოსდა   სარკისებურად არეკლილი, პირველად ვნახეთ ჩვენს საკონცერტო სცენაზე.

tyupebi

მეორე განყოფილებაში მათ ასევე ბრწინვალედ და ახლაგზრდული ცეცხლოვანებით დაუკრეს გერშვინის „ცისფერი რაფსოდია“ და ბოლოს, სცენაზე გამოვიდა მათი მამა, მიხეილ გურფინკელი, გამოჩენილი ებრაელი კლარნეტისტი, რომელმაც დიდი ხანია დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებს შორის. საოჯახო კლარნეტისთა ტრიომ შეასრულა სპეციალურად მათთვის დაწერილი ნაწარმოები გრონიხის „მოზაიკა“ კამერული ორკესტრისა და სამი კლარნეტისთვის. მამა გურფინკელი, იმ საღამოს ბას კლარნეტზე უკრავდა. მოკლედ, ძნელი გადმოსაცემია ის ემოცია, რაც ამ ანსამბლმა გამოიწვია მაყურებელში. მამა გურფინკელი აღმოჩნდა მართლაც გასაოცარი მუსიკოსი; ასეთები მთელი ცხოვრება გამახსოვრდება ხოლმე. შვილებიც ტოლს არ უდებდნენ მამას და გვერდს უმშვენებდნენ. აღფრთოვანებული მაყურებელი დიდხანს არ უშვებდა მათ სცენიდან. ძმებმა ბისზეც დაუკრეს; დასასრულს კი მამა და შვილებმა ორკესტრთან ერთად შეასრულეს ქართული სიმღერა „ო რერო– რერო!“, რასაკვირველია კლარნეტებზე და შემდეგ ხმითაც. დირიჟორმა დარბაზიც მოიხმო და აჟიტირებული პუბლიკა სამხმიანობით აჰყვა სოლისტებს. თავად გურფინკელები ერთ ხმაში მღეროდნენ და როგორც მოგვიანებით გვითხრეს, „ვერაფრით ვერ შევძელით რამდენიმე ხმაში გვემღერაო.“ კულისებში რომ შევედი, მამა გურფინკელს ვკითხე, როგორ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ორივე ტყუპი შვილი ერთ საკრავზე ჩაებარებინა სასწავლებლად, რაზეც მიპასუხა, რომ მას თავად არ უნდოდა, მაგრამ უარი ვერ უთხრა მამამისს, არკადი გურფინკელს, რომელიც ასევე ცნობილი კლარნეტისტი იყო რუსეთში. გურფინკელების ოჯახი ისრაელში 1990 წელს გადმოვიდა საცხოვრებლად და ძმები 1992 წელს უკვე იქ დაიბადნენ. როგორც აღმოჩნდა, დღესდღეობით ძმები სულ ერთად გამოდიან მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე. მუსიკალური ლიტერატურაც საკმაოდ ბევრი ყოფილა ორი კლარნეტისთვის; თან სპეციალურად მათთვის არანჟირებებიც კეთდება უკვე ცნობილი ნაწარმოებების. ასე, რომ პოპულარობას ისინი ნამდვილად არ უჩივიან. ჩემს შეკითხვაზე, რომელი იყო სცენაზე პირველი კლარნეტი და რომელი მეორე ერთ–ერთმა მიპასუხა: „ჩვენში არ არის პირველობა – ორივე პირველიც ვართ და მეორეც“!

შემდეგ კონცერტზე, სადაც მევიოლინე რომან სიმოვიჩი და ნათელა იაშვილი –პოლიტოვსკაია მონაწილეობდნენ სამწუხაროდ ასევე ვერ მოვხვდი. არადა, თბილისელები ნამდვილად მოხიბლულები დარჩენილად მათი გამოსვლით. საბედნიეროდ სიმოვიჩს კიდევ ერთი კონცერტი ჰქონდა უკვე სიმფონიურ კონცერტთან ერთად და მისი ოსტატობის და ნიჭიერების მომსწრე მეც გახლდით.   რომან სიმოვიჩი ერთ ერთი ყველაზე აღიარებულ მევიოლინეთა რანგში მოიაზრება. გამოდის მსოფლიოს საუკეთესო დირიჟორებთან, საუკეთესო დარბაზებში და პრესტიჟული საკონკურსო ჯილდოების მფლობელიცაა. (თავს არ შეგაწყენთ ჩამონათვალით). დღეს ახალგაზრდა მევიოლინე ლონდონის სიმფონიური ორკესტრის პირველი ვიოლინოა, რაც ცხადია მის დაფასებულობაზე მეტყველებს. ჩვენთვის ძვირფასია არის ისიც, რომ სიმოვიჩი   გენიალური ქართველი მევიოლინის, მარინა იაშვილის აღზრდილია.

10 ოქტომბრის კონცერტი ჩაფიქრებული იყო შოსტაკოვიჩის საღამოდ. რომან სიმოვიჩმა შეასრულა კომპოზიტირის პირველი სავიოლინო კონცერტი, ხოლო ვახტანგ კახიძემ ორკესტრთან ერთად მისივე მეხუთე სიმფონია. შოსტაკოვიჩის ეს სავიოლინო კონცერტი პროფესიონალიზმთან ერთად დიდი სულიერი ძალების კონცენტრაციას მოითხოვს. რომან სიმოვიჩმა განგვაცვიფრა თავისი ემოციური სიღრმით, შოსტაკოვიჩისეული სამყაროს წვდომით. ეს იყო ინტერპრეტაცია, რომელიც ყველა სხვას დაგავიწყებდა. გაქრა რეალობა და ჩვენ კომპოზიტორ – შემსრულებლის კოსმოსური მარადიულობის სამყაროში ჩავიძირეთ. მაყურებლის ოვაციები მუსიკით გამოწვეული ემოციების სრული პასუხი იყო. დღეს ძალიან დახვეწილი კლასიკური მუსიკის მსმენელი ჰყავს თბილისს. მუსიკოსთა თაობების მიერ გამოზრდილი, მამა–შვილმა კახიძეებმა მას კიდევ უფრო დაუხვეწა გემოვნება. პუბლიკა ითხოვდა ბისს სოლისტისგან.   მარინე იაშვილის ნათელ ხსოვნას მიუძღვნა სიმოვიჩმა ბისზე დაკრული ჯოზეფ სუკის პიესა, რომელმაც მთელი თავისი გრძნობათა პალიტრით კვლავ მონუსხა დარბაზი.

ასეთივე სიძლიერის აღმოჩნდა თბილისის სიმფონიური ორკესტრი შოსტაკოვიჩის მეხუთე სიმფონიის შესრულებისას. სიმოვიჩის შემდეგ, დარბაზის მსმენელი ასროლილი სადღაც სულიერ მწვერვალებზე აქ უკვე მეორე მწვერვალზე აღმოჩნდა, საიდანაც სამყაროს შემქმედებითი ჭვრეტა კვლავ აუტანლად მტკივნეული პროცესი იყო.

ამ ხარისხის კონცერტი მსოფლიოს ნებისმიერ საკონცერტო სცენას დაამშვენებდა. სამწუხაროდ, ეს დაუვიწყარი მოვლენა არც ერთ სატელევიზიო არხების მიერ არ იყო გადაღებული.

ნ.გ. „გილოცავთ წარმატებულ გამოსვლას თბილისში! რას გვეტყვით მარინა იაშვილზე, რომელიც თქვენი პედაგოგი იყო?“

P1230991

რომან სიმოვიჩი (მევიოლინე) „მარინა იაშვილთან მხოლოდ ერთი წელი ვისწავლე, მარგამ მან იმდენი მომცა ამ ხნის განმავლობაში, რომ მთლიანად შემცვალა მე, როგორც მუსიკოსი და პიროვნება. სულ სხვანაერად დავიწყე ფიქრი მარინას შემდეგ. ვიყავი 19 – 20 წლის მაშინ. დღეს, რომ მე ლონდონის სიმფონიური ორკესტრის პირველი ვიოლინო გავხდი ეს ყველაფერი დაკავშირებულია მოსკოვთან და მარინასთან. მას შეეძლო ყველა სტუდენტთან საკუთარი მიდგომა გამოემუშავებინა. ჩემთვის კი მხოლოდ პედაგოგი არ იყო. ის მეორე დედასავით გახდა; მან თავის სახლში მიმიღო, როდესაც მე ჩამოვედი მოსკოვში მე მასთან ვცხოვრობდი; ის მივლიდა და საჭმელებსაც მიმზადებდა და თან ყოველ დღე მამეცადინებდა. ასეთი რამ არ ხდება ხოლმე! და ამაში არავითარ გასამრჯელოსაც არ იღებდა. ერთხელ მე ვიკითხე, რამდენი უნდა გადაგიხადოთ ამდენი მეცადინეობის შემდეგ? მან მითხრა: „გაჩუმდი, თორემ ახლა ამ ნოტებს თავში მიიღებო!“ მას არასდროს ესმოდა, თუ როგორ უნდა აეღო მოწაფეებისგან გასამრჯელო. თითქმის ყველა მისი გაკვეთილი მახსოვს დღესაც. გენიალური გემოვნების მუსიკოსი იყო, არაჩევულებრივი პედაგოგი! ძალიან დიდი დანაკლისია მისი დაკარგვა ჩვენთვის, ყველასთვის, მაგრამ ალბათ სადაც ის არის, იქიდან გვისმენს და უხარია, როდესაც ჩვენ მას ვიგონებთ!“

ნ.გ. „ თქვენ მარინა იაშვილის სტუდენტი მისი სიცოცხლის ბოლომდე იყავით?“

რ.ს. „არა ! მე ახალგაზრდა და სულელი ვიყავი და არაფერი მესმოდა მაშინ. ერთი წლის შემდეგ მე სახლში, მონტენერგროში დავბრუნდი, იმიტომ, რომ ერთ გოგონაში ვიყავი შეყვრებული. რასაკვირველია, მარინას ძალიან გული დაწყდა, მითუმეტეს, რომ მან მიშუამდგომლა და მოსკოვის კონსერვატორია მე სტიპენდიასაც მიხდიდა; ამიტომ მე სხვებზე ნაკლები მექნებოდა გადასახადი. ამ სიტუაციაში კი მე ავიღე და წავედი მოსკოვიდან. მარინა მამზადებდა მე ვენიავსკის კონკურსისათვის, (შემდეგ მე მივიღე მეორე პრემია ამ კონკურსზე). მარინას, რასაკვირველია გული დასწყდა. მერე მე ბოდიშები ვუხადე და გამიგო ცხადია, მაპატია.“

ნ.გ. „თქვენი მეგობარი გოგონა როგორ არის, მეგობრობთ კიდევ?“

რ.ს. „არა, იმას დავშორდი დიდი ხანია და ახლა სხვასთან ვმეგობრობ (იცინის); ასეთი სისულელე კი ჩავიდინე მაშინ! მართალია მარინამ მაპატია.“

წინ კიდევ ფესტივალის სამი კონცერტი იყო დარჩენილი, მაგრამ პირადად ჩემთვის კულმინაცია ეს კონცერტი აღმოჩნდა რომელიც დროის მიხედვით, ერთთვიანი ფესტივალის ოქროს კვეთში აღმოჩნდა.

ფოლკლორული საღამო ტრადიციული მოვლენაა „შემოდგომის ფესტივალზე“ და ესეც მე სამწუხაროდ გამიცდა. მით უფრო დასანანია, რომ ვიცოდით, რომ ანსამბლი „რუსთავი“ ახალი პროგრამით წარდგენას აპირებდა. სავალალოა, რომ არც ეს კონცერტი ყოფილა ჩაწერილი ტელევიზიების მიერ. ერთდაერთი იმით უნდა ვინუგეშოთ თავი, რომ ყველა კონცერტის ერთი კამერით ჩაწერას თავისი არქივისთვის თავად მუსიკალური ცენტრი აწარმოებდა.

ფესტივალის ბოლოს წინა საღამო არჩილ კერესელიძეს კინომუსიკას მიეძღვნა. ასეთი საღამო ზაფხულშიც გაიმართა და იმდენად დიდი რეზონანსი გამოიწვია, რომ ვახტანგ კახიძემ ჩათვალა საჭიროდ მისი გამეორება, რათა ყველა მსურველს მისი ნახვის საშუალება ჰქონოდა. საღამო კომპოზიტორის 100 წლისთავისადმი იყო მიძღვნილი და მისი იდეა მუსიკოლოგ ნია ბახტაძეს ეკუთვნის.

ნია ბახტაძე (რადიოს მუსიკალური გადაცემების წამყვანი) „არჩილ კერესელიძეს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მე მოვიძიე რადიოში მასალა ამ კომპოზიტორზე და გავაკეთე გადაცემათა ციკლი, რომელმაც დამანახა, რომ ამ კომპოზტორს აქვს ძალიან ბევრი მასალა, რომელიც დღეს ბევრისთვის მივიწყებული და უცნობიც კია. მართლაც ძალიან საინტერესო მუსიკალური ნაწარმოებებია საოცარი ორკესტრობით! მომინდა უფრო ფართო აუდიტორისთვის გაჟღერებულიყო ეს ყველაფერი. დავუკავშირდი ჯერ არჩილ კერესელიძეს შვილიშვილს, ეკას. მან გადმომცა ბებიამისის დაწერილი წიგნი არჩილ კერესელიძეზე. ამ წიგნმა დამატებითი იმპულსი მომცა, რათა ჩემი პროექტი განმეხორციელებინა. ამ წიგნით აღმოვაჩინე, რომ არა მარტო ძალიან ნიჭიერი კომპოზტორი, არამედ განსაკუთრებული პიროვნებაც იყო. ძალიან კოლორიტული, იუმორის გრძნობით. როდესაც ვუსმენდი ფრაგმენტებს კინოფილმებიდან იმ წუთასვე ვიფიქრე: „ეს ორკესტრში უნდა გაჟღერდეს“ მეთქი. აქამდე ეს მუსიკა ასე ცოცხლად არ შესრულებულა. მერე მოვიძიეთ სანოტო მასალა: აღმოჩნდა, რომ კინოს, თეატრის, მუსიკისა ქორეოგრაფიის მუზუემში იყო ძალიან კარგი ფოტო მასალა არჩილ კერესელიძეზე. ჩვენ ძალიან კარგი ალბომი გამოვეცით ამ ფოტოსურათებით და აღწერილობებით. შემდეგ მე ვატოს გადავეცი ჩემი იდეა, რომ გაჟღერდეს კერესელიძეს მუსიკა ცოცხლად; მასაც რასაკვირველია ძალიან მოეწონა ეს. შემდეგ ვეძებეთ არქივებში პარტიტურები, გაკეთდა პარტიები ცალკეული ორკესტრის ჯგუფებისათვის. მოკლედ, ეს დიდი შრომა ღირდა იმათ, რომ ჩვენ ქართველ მსმენელს ასეთი არაჩვეულებრივი კომპოზიტორი გავახსენეთ!“

კონცერტი ძალიან ხალისიანად წარიმართა. იყო ნაჩვენები ბევრი ფრაგმენტი კინოფილმებიდან და სპექტაკლებიდან.   კინოეკრანზე დაწყებული მუსიკა ზოგჯერ ორკესტრში ლაივ რეჟიმში გადადიოდა და ჩვენს რეალობაში გვაბრუნებდა. ძველი ქართული კინოშედევრების ხილვა მაყურებელს სიამოვნებდა და უკვე გარდაცვლილ ჩვენს კინოვარსკვლავებს ტაშით ეგებებოდნენ. ბრწიყინვალედ გამოვიდნენ ამ კონცერტზე მომღერლები, ნატალია ქუთათელაძე და დავით გველესიანი.

ვახტანგ კახიძე ამ კონცერტზე ორ ამპლუაში გამოდიოდა – როგორც დირიჟორი და როგორც კონფერანსიე. უნდა ავღინიშნო, რომ ეს უკანასკნელი მას იმდენად საინტერესოდ გამოსდის, რომ ვისურვებდი, მან ეს როლი რიგით კონცერტებზეც იტვირთოს ხოლმე. საქმე იმაშია, რომ მაგალითად, ამერიკის სცენებზე, დღეს დირიჟორები უფრო ინტერაქტიულები არიან პუბლიკასთან, ვიდრე ძველად. ეს უკვე ჩვეულებად იქცა: ერთი – ორი წინადადებით პატარა წინასიტყვაობით გამოსვლა კონცერტის წინ. დარბაზში ხშირად არა პროფესიონალი მსმენელია, რომელსაც განსაკუთრებით თანამედროვე მუსიკის კონცერტებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება ესაჭიროება. არ ვიცი რატომ, მაგრამ შემსრულებლის ხმა, სანამ ის მუსიკას გვაზიარებს რაღაც დამატებითი ხიდია თითქოს მის სულში მოსახვედრად. ეს ჩემი კეთილი სურვილების ნუსხაში მიითვალოს „შემოდგომის ფესტივალმა“.

ფესტივალის დახურვაზე თბილისის ბიგ– ბენდი და სიმფონიური კონცერტი ერთობლივად წარდგნენ ჩვენს წინაშე. თუ ფესტივალის გახსნაზე სიმფონიური ორკესტრი ჯაზ– ტრიოსთან ერთად გამოვიდა, დახურვაზე ბიგ– ბენდთან ერთად მათმა გამოსვლამ ერთგვარი თაღის ფორმა შექმნა მთლიანი ფესტივალისა.

პირველ განყოფილებაში მხოლოდ ბიგ–ბენდი გამოვიდა, რომელმაც გივი გაჩეჩილაძეს მიერ არანჟირებული ცნობილი კომპოზიციები წარმოგვიდგინა. სოლისტები იყვნენ: მაია ბარათაშვილი, მარი პავლიაშვილი, მარიკო ებრალიძე. თაკო გაჩეჩილაძე. დირიჟორობდა კომპოზიტორი და ბიგ ბენდის მხატვრული ხელძღვანელი, გივი გაჩეჩილაძე.   მეორე განყოფილებაში ორივე შემადგენლობა გაერთიანდა და ახლა უკვე ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა. აქაც ნაცნობი და ყველასათვის ნოსტალგიური კომპოზიციები შესრულდა. კონცერტის დასასრულს, ვახტანგ კახიძემ ორკესტრთან ერთად ჰოლივუდის ფილმების ცნობილი საუნდტრეკები შეასრულა. მაესტრო კახიძე თავს იმდენად ორგანულად გრძნობდა ამ მასალაში, რომ საცეკვაო ილეთებსაც იყენებდა ორკესტრანტების და საკუთარი ისნპირაციის ხაზგასასმელად. ეს ნაწილი ფესტივალის ერთგვარი საზეიმო კოდა გახდა. დასასრულს დარბაზმა იფეთქა აპლოდისმენტებით. მაყურებელი დირიჟორსა და ორკესტრს დიდხანს არ უშვებდნენ სცენიდან და ბისიც დაიმსახურეს. აი ასეთი, მხიარული და გრანდიოზული ზეიმის ვითარებაში დასრულდა 22 –ე ძალიან მაღალი ხარისხის, ძალიან მრავალფეროვანი და დაუვიწყარი, კიდევ ერთი „შემოდგომის თბილისი.“

P1240191

ირმა სოხაძე (მომღერალი) „დამთავრდა 22 –ე შემოდგომის ფესტივალი, რომელიც წელს ჯანსუღ კახიძეს ცენტრში გვაჩუქა ვახტანგ კახიძემ. შემსრულებლები, რომლებიც ყოველთვის ჩამოდიან ამ ფესტივალზე, უმრავლეს შემთხვევაში იმ რანგის მუსიკოსები არიან, ვისაც შეუძლია დღესასწაული აჩუქოს მუსიკის მიყვარულებს. „კარგ მთქმელს კარგი გამგონიც უნდაო“ ნათვქამია და მე მგონია, რომ ჩვენი მაყურებელი კარგად მომზადებულია, რომ აღიქვას, დააფასოს. პირადად მე შემიძლია მართლაც უღრმესი მადლობა გადავუხადო ვატოს!

ნ.გ. „ ხომ არ გამოყოფდი განსაკუთრებით, რომელიმე კონცერტს?“

ი.ს. „პირადად მე გამოვყოფდი კლარნეტისტ მამას, თავისი კლარნეტისტი შვილებით – ტყუპი ძმებით! გერშვინის „ცისფერი რაფსოდიის“ ჩვენ სამი ვერსია მოვისმინეთ: გახსნაზე, დახურვაზე და ტყუპების შესრულებით. როგორი მუსიკა გვაჩუქეს მათ! მართლა შედევრის დონეზე იქნა აყვანილი გერშვინი. ფენომენალური მუსიკორები იყვნენ! კულისებში როდესაც მივულოცე, სიტყვებიც არ მყოფნიდა, „რაღას აპირებთ“ მეთქი და მიპასუხეს „წინსვლას და განვითარებას“ო. „რაღა უნდა დახვეწოთ“ მეთქი გამეცინა მე. იცით, რა მიპასუხეს? „ მამა რომ გამოვიდა, ხომ ნახეთ, რომ გვაქვს კიდევ ლუფტი სადამდეც უნდა განვვითარდეთ; ბაბუა უნდა მოგესმინათ, ის იყო სულ სხვა იპოსტასში, სხვა განზომილებაში.“ ეს იყო ზეიმი ჩვენთვის და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა აი, ამ კედლებს ამ საოცარ მუსიკის ტაძარს და პირადად ვახტანგ კახიძეს!“

 ვახტანგ კახიძე (მუსიკალურ კულტურული ცენტრის მხატვრული ხელმძღვანელი, დირიჟორი, კომპოზიტორი) „ძალიან კმაყოფილი ვარ. მე მგონი ძალიან მაღალ დონეზე ჩაიარა ფესტივალმა. ამ ფესტივალის მთავარი დამახასიათებელი ის არის, რომ მისი მთავარი ბურჯი, საყრდენი არის თბილისის სიმფონიური ორკესტრი. მსოფლიოში, სხვათაშორის, არ არის ბევრი ასეთი ფესტივალი, რომლის მთავარი მოქმედი პირი არის სიმფონიური ორკესტრი. ეს არის გენერალური ხაზი და ამას გარშემო ახლავს სხვადასხვა ჟანრი კონცერტები. წელს, ჩვენი ცენტრის 25 წლისთავთან დაკავშირებით, კიდევ უფრო გავაფართოვეთ ეს სპექტრი; იყო სამხედრო ორკესტრი, იყო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“, აგრეთვე იყო არაჩვეულებრივი მევიოლინე რომან სიმოვიჩის, კამერული კონცერტი, მცირე დარბაზში. გახსნა იყო უჩვეულო, იმიტომ, რომ იარონ გოტფრიდის ჯაზ–ტრიო და სიმფონიური ორკესტრი ერთად უკრავდნენ და დახურვაც თბილისის „ბიგ ბენდით“ და სიმფონიური ორკესტრით ჩატარდა.. აი, ასეთი მრავალფეროვნება იყო წლევანდელ ფესტივალზე.“

ნ.გ. „ყველა ფესტივალის მთავარი ძირი არის დაფინანსება. არის ამ თვალსაზრისით რამე თქვენთვის პრობლემური, რასაც თქვენ ვერ ახერხებთ გამოყოფილი ბიუჯეტით?“

ვ.კ. „ რასაკვირველია! მე მინდა მერიის ახალ ხელმძღვანელობას დაველაპარაკო, რომ მინიმუმ უნდა გაორმაგდეს ჩვენი ბიუჯეტი, იმიტომ, რომ ამ სახსრებით რაც ჩვენ გვაქვს, ამაზე უკეთესად ვერ გააკათებ. შარშანაც ამას ვამბობდ, შარშანწინაც და თუ არ მოგვემატა, მომავალ წელსაც ამას ვიტყვი. ამ დონეზე იქნება ყოველთვის; კი, მაღალ დონეზე იქნება ყოველთვის, მაგრამ არ გაფართოვდება სპექტრი და გეტყვით რა მხრივ: მე მიმაჩნია, რომ ძირითადი ხაზი უნდა დარჩეს, რომ ორკესტრი იყოს ძირითადი საყრდენი ამ ფესტივალის, მაგრამ ჩამოსაყვანია ძალიან ბევრი კარგი კამერული ორკესტრი და კამერული ანსამბლი. კვარტეტი, ტრიო, 9 კაცი, 8 კაცი, 15 – 20 კაცი, აი ამ ფარგლებში თავისუფლად შეიძლება დაიწყოს ფესტივალმა გაფართოება. მე არ ვლაპარაკობ დიდი სიმფონიურ შემდგენლობებზე – „ბერლინის სიმფონიური ორკესტრის“ ან „ისრაელ ფილარმონიკის“ ჩამოყვანა ისეთ ფულთან არის დაკავშირებული, რომ ამას ვერც ერთი ფესტივალი ვერ უზრუნველყოფს; ძალიან დიდი სპონსორული დახმარებისა და სახელმწიფო გადაწყვეტილების გარეშე. ჩვენს ქვეყანას ჯერ–ჯერობით ამის საშუალებ არა აქვს და მე მგონი, რომ უახლოეს წლებში არ ექნება, მაგრამ მე რომ ვუყურებ, რამდენი ხალხი დადიოდა ჩვენთან ფესტივალზე, რომ ვიცი რამდენი ხალხი დადიოდა თეატრალურ ფესტივალზე, რომ ვიცი რამდენი ხალხი ივლის ახლა მეორე თეატრალურ ფესტივალზე, მერე არის ჯაზ–ფესტივალი, კინოფესტივალი. აი, ეს სექტემბერი – ოქტომბერი – ნოემბერი არის სავსე, ძალიან კარგი დონის ფესტივალებით. მიმაჩნია, რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ კიდევ უფრო მეტი საშუალება მიეცეს თითოეულ ფესტივალს, რომ თბილისში წარმოადგინოს საზღვარგარეთული კულტურის მაღალი დონის ნიმუშები. თუმცა ასეთივე მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ქართველი კოლექტივები ვინც იმსახურებენ და შეესაბამებიან მსოფლიო დონეს ასევე გაემგზავრონ საზღვარგარეთ და იქ წარმოაჩინონ ჩვენი ქვეყანა. იმიტომ ეს არ შეიძლება მარტო იმპორტი იყოს, ეს უნდა ექსპორტიც იყოს.

ნ.გ „ალბათ, გარდა ანსამბლებისა, შეიძლება ფესტივალის გაზრდა მეტი „ა“ კლასის ვარსკვლავების ჩამოყვანითაც?“

ვ.კ.“ რასაკვირველია! მაგრამ კლასი, არ განსაზღვრავს ფასს – ეს პიარის მომენტია. ჩვენთან რა სოლისტებიც ჩამოდიან – მაგალითად მევიოლინე რომან სიმოვიჩი, არაფრით ნაკლები არ არის არც ვენგეროვზე, არც რეპინზე, მაგრამ პიარით, ანუ თავისი ფასით ისინი ბევრად წინ არიან წასულები; ვერც შეადარებ – ალბათ ერთი მეათედიც არ ღირს აქ ჩამოსული მუსიკოსი იმათთან მიმართებაში. ამის გარდა საერთოდ ძალიან აიწია ამ ფასებმა მსოფლიოში. ადრე იყო, რომ ასე თუ ისე, ერთ ფარგლებში იყო ანაზღაურებები; მერე და მერე აიწია და ახლა არის ძალიან დიდი განსხვავება: არის რაღაც ელიტარული, ძალიან ძვირი, მაგალითად 50,000 ევროს ჰონორარი და მერე მოდის ქვევით და ქვევით. ვთქვათ, 5, 000 ევროდ შეიძლება ჩამოიყვანო ფანტასტიური სოლისტი. უბრალოდ უნდა იცოდე ვინ ჩამოიყვანო.“

ნ.გ. „ალბათ პიროვნულ ფაქტორსაც აქვს მნიშვნელობა – ვისთან, სად ჩამოდიან და ვისთან არა?“

ვ.კ. „კი! იყო პერიოდი, როდესაც ჩევნთან ხინკლის საჭმელად ჩამოდიოდნენ, მეგობრულად და მხარი რომ დაეჭირათ ფესტივალისთვის. მაშინ, როდესაც ვერ ვუხდიდით საერთოდ. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მერიამ ამაში ძირითადი წვლილი შეიტანა და დღეს მე შემიძლია არც თუ ისე სიმბოლური, მაგრამ მცირე ჰონორარი გადავუხადო მოწვეულ სოლისტებს. ეს უკვე ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მეტი არის საჭირო, რადგანაც ეს მხოლოდ ქალაქს წაადგება და ქართულ კულტურას წაადგება. სინამდვილეში, ეს მხოლოდ თბილისისთვის არ კეთდება; ძალიან ბევრი ხალხი ვიცი, ვინც რაიონებიდან ჩამოდის კონცერტებზე. უცხოლებიც დადიან ძალიან ბევრი. ერთი ასეთი შემთხვევა ვიცი, როდესაც ვასტრალიიდან გვიკვეთავდა ერთი ადამიანი ბილეთებს.

ნ.გ. „ ფესტივალიდან ფესტივალამდე რითი იცხოვრებს თბილისის სიმფონიური მუსიკის ცენტრი? „

ვ.კ.“ ახლა რასაკვირველია ჯერ დავისვენებთ, იმიტომ, რომ ორკესტრი უკვე მისულია იმ ზღვრამდე, რომ ლამის პროფესია გამოიცვალონ!   ცოტა უნდა მოვიდნენ აზრზე და მეც სხვათაშორის დავისვენებ და მერე ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს, მაგრამ მე წინასწარ არ მიყვარს ხოლმე ლაპარაკი. მომავალი კვირიდან დავიწყებ შეხვედრებს, რათა მომავალი გეგმების განხორციელებისთვის საშუალებები მოვიძიო და ა.შ. ასე, რომ წელსვე ახალ წლამდე საინტერესო კონცერტებს შემოგთავაზებთ.

მომავალი წელი ჩვენთვის მნიშვნელოვანი საიუბილეო წელია, მამაჩემი, ჯანსუღ კახიძე, 80 წლის გახდებოდა და ფაქტია, რომ უნდა ავღნიშნოთ და იქაც, აუცილებლად საინტერესო პროგრამას შემოგთავაზებთ! „

თეკა კახიძე ( მუსიკალურ კულტურული ცენტრის დარბაზის მენეჯერი) ჩვენ ყოველწლიურად ვაკვირდებით, ვიკლევთ ჩვენ გარემოს, ვუსმენთ ხალხის კომენტარს თუ რას ისურვებდნენ. ბევრი სამუშაოა მარკეტინგის თვალსაზრისით: უფრო ცნობადი გვინდა გახდეს ეს ფესტივალი. თითიქოს არ გვაკლია ცნობადობა, მაგრამ ეს ცნობადობა უფრო მუსიკის მოყვარულთა წრეშია; შეიძლება უფრო გაფართოვდეს ეს წრე – მეტი ახალგაზრდები, სხვა პროფესიის ადამიანებიც რომ ჩაერთონ ამაში. რა თქმა უნდა თანამედროვე ტექონოლიგიები, როგორიც არის ინტერტნეტი, იგივე სოციალური ქსელები , მედია და ა.შ. მაქსიმალურად ჩართული გვაქვს ეს ყველაფერი. წელს გაიხსნა ჩვენი ფესტივალის ვებგვერდიც http://www.kakhidzemusiccenter.com რაც საშუალებას აძლევს ყველას უკვე ინტერნეტით გაეცნოს როგორც წინა, ასევე მიმდინარე ფესტივალს, მაგრამ ყველაზე მეტად, რაც გვჭირდება, ეს არის ბილეთების ელექტრონული გაყიდვა. ამას საკმაოდ დიდი თანხები სჭირდება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ შემდეგი წლიდან ეს ჩვენს ბიუჯეტში გათვალისწინებული გვექნება და გავაკეთებთ ამასაც, იმისათვის, რომ უფრო მეტი კომფორტი შევუქმნათ მუსიკის მოყვარულებს, რომლებიც უკვე 22 წელია ჩვენთან ერთად არიან და მათი სიმრავლე დარბაზში იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი საზოგადოება მაღალი ღირებულებების მატარებელია, ისეთის, როგორიც კლასიკურ მუსიკის სტანდარტებს შეესაბამება!

 

Advertisements

About nargiz

love music and not only this
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s