ბორის ბერეზოვსკი “საახალწლო მუსიკალურ შეხვედრებზე” თბილისში 2014 წელს

ამ პოსტის წაკითხვისას შეგიძლიათ პარალელურად მოუსმინოთ თბილისში ჩატარებული კონცერტის ზუსტ ანალოგს პეტერბურგში,  რომელიც საბედნიეროდ   “იუ თუბზე” დაიდო:

თბილისში კონცერტი ჩატარდა 28 დეკემბერს, ხოლო პეტერბურგში 26 დეკემებბერს. ასე, რომ ბერეზოვსკის შესრულების მანერა ჩემს წერილთან ახლოს უნდა იყოს.

//www.youtube.com/watch?v=GT8UzczHyUg&feature=share

წლევანდელი მე – 17 „საერთაშორისო საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“  ბორის ბერეზოვსკის კონცერტით დაიხურა.

თბილისელებს უყვართ ბერეზოვსკი და მისი კონცერტი ყოველთვის ანშლაგით  მიმდინარეობს.

ეს კონცერტი ბორის ბერეზოვსკის  მეხუთე გამოსვლა იყო საქართველოში, ხოლო „საახალწლო ფესტივალზე“  მესამედ მონაწილეობდა.  პუბლიკა ყოველთვის რაღაც უჩვეულოს მოლოდინშია ხოლმე ამ მუსიკოსთან შეხვედრისას.  ჯერ იყო და ერთ–ერთ თავის პირველ ჩამოსვლაზე, ლისტის სონატის დაკვრის დროს ის თურმე უეცრად გაჩერდა და გამოაცხადა, რომ ამის შემდეგ მას აღარ აინტერესებს დაკვრა. დარბაზი იმდენად მონუსხული ყოფილა  მისი შესრულებით, რომ ასეთი „გამოხტომაც“ აპატია და შემდეგი ჩამოსვლისთვის კიდევ უფრო აჟიტირებული ელოდებოდა მუსიკოსს. 2011 წელს  მეც გახლდით მის სოლო კონცერტზე. ამ კონცერტმა უკვე ექსცესების  გარეშე ჩაიარა და ბერეზოვსკიმ საბოლოოდ შეაყვარა თავი თბილისელ მელომანებს. მაშინ ბისზე მან ვ. რებიკოვის  ვალსი ოპერიდან  „ საშობაო ნაძვის ხე“ (ანდერსენის ზღაპრის მიხედვით) შეასრულა. თან წარუმძღვანა ასეთი სიტყვები: „ახლა მე დავუკრავ მსოფლიოში ყველაზე ულამაზეს მელოდიას, ესაა  ვლადიმერ რებიკოვის ვალსი ოპერიდან “საშობაო ნაძვის ხე“. რამდენად ობიქტური იყო პიანისტი ამ მელოდიის შეფასებისას არ ვიდავოთ, მაგრამ მისმა მაშინდელმა შესრულებამ  მართლაც მსოფლიოში საუკეთესო მელოდიად  გადააქცია ეს ვალსი. ქრომატიული  პარალელური კვარტებით გამოხატული მთავარი თემა თითქოს ანდერსენის ზღაპრიდან გვეწვია იმ საღამოს და ყინულის კრისტალებივით იმსხვრეოდა მაყურებლებზე.  ამ პიესამ მართლაც საახალწლო, ჯადოსნურ ბავშვობაში დაგვაბრუნა. გამოგიტყდებით და მეც მომინდა მისი დაკვრა;  მოვიპოვე ინტერენეტით ნოტები და ჩემს მოკრძალებულ რეპერტუარში ჩავსვი ეს ვალსი, რომელსაც საახალწლოდ  ზოგჯერ  მეგობრებისთვის ვასრულებ. აი, ასეთი მომნუსხველი იყო ის შესრულება ალბათ არა მარტო ჩემთვის.

ვინ არის ბერეზოვსკი? როგორი ადამიანია? ყოველთვის გაინტერესებს უფრო მეტი იცოდე იმაზე, ვინც მოგხიბლა. პავლე კვაჭაძეს  (კონსერვატორიის დიდი დარბაზის დირექტორი) თქმით, ბერეზოვსკი თბილისში ჩამოსვლისას, აუცილებლად ეწვევა ხოლმე გოგირდის აბანოსა და კაზინოს. მთელ ჰონორარს ისევ საქართველოში სტოვებს და ისე ბრუნდება სახლში. მოკლედ, სიხლსავსე ადამიანი, ასეთივე სიხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობს და ეს მის დაკვრაშიც ისახება რასაკვირველია!

2014 წელსაც ბერეზოვსკის კონცერტზე ყველა ბილეთი გაყიდული იყო. უჩვეულობის  მოლოდინი უკვე გამართლდა იმით, რომ ბერეზოვსკიმ სულ ერთი დღით ადრე შეცვალა პროგრამა და ნაცვლად ბუკლეტში დაბეჭდილი ბახ–ლისტის საორგანო პრელუდიისა და ფუგისა პირველ განყოფილებში დარჩა დებიუსის ორი პიესა „სახეებიდან:“ „ანარეკლი წყალში“ და „მოძრაობა“. შემდეგ  დებიუსის ექვსი პრელუდი (რვეულიდან # 1 ) და რახმანინოვის ხუთი ეტიუდი –სურათი,  მეორე განყოფილება კი მთლიანად დაეთმო პეტრე ჩაიკოვსკის:  ვარიაციები ფა– მაჟორი,    ჩაიკოვსკის „დუმკა“ და 6 პიესა ციკლიდან „წელიწადის დრონი.“  შესაბამისად  ამოვარდა პროგრამიდან ადრე გამოცხადებული ს. რახმანინოვის სონატა # 2.  რასაკვირველია, თბილისელებმა „აპატიეს“ ეს ცვლილებები  ბერეზოვსკის. ისინი მას უკვე ყველაფერს პატიობენ. არა აქვს მნიშვნელობა რას მოიმოქმედებს ის. ის ხომ უკვე მათი გულთამპყრობელი გახდა.

დებიუსის და რახმანინოვის, ერთი ეპოქის განსხვავებული კომპოზიტორების,  ერთ განყოფილებაში შესრულება ცოტა სარისკოა პიანისტისათვის, მაგრამ არა ბერეზოვკისათვის. დებიუსის „ანარეკლები წყალზე“  განაწყობს პიანისტებს ხოლმე რაღაც ბუნების იმპრესიონისტული ჭვრეტისკენ.  მან კი უარყო ყოველგვარი სურათით ტკბობა,  დინამიურობით  გაავსო ეს მუსიკა.   „ანარაკელებიც“ და დებიუსის დანარჩენი პიესები მან ძალიან უშუალოდ, ზედმეტი თვითჭვრეტის გარეშე, ძალიან ინტიმურად დაგვიკრა.  თავისი ფიზიკური უკიდეგანო შესაძლებლობებით ბერეზოსკის უნაზესი პიანისიმო მით უფრო დასაფასებელია, როდესაც გრძნობ, რამხელა ფორტისიმოს პოტენციალი აქვს მის დიდ ხელებს და რარიგ ფაქიზად ექცევა ის კლავიატურას პიანისიმოს დროს, ანუ  როგორ განსხვავებულად გამოსდის მას სინაზე ზოგადად.  განსხვავებულია მისი ინტერპრეტაცია ყველაფერში. არ ვიცი რით აიხსნება ეს კონკრეტულად. იქნებ ამის ასახსნელად მისი ინტერვიუ მოვიშველიოთ, რომელიც მან პეტერბურგის ტელეარხთან ჩაწერა. ჟურნალისტი ეკითხება: „თქვენი კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ თქვენს შესრულებაში ნაკლებია პირადი დამსახურება. ესაა მხოლოდ  თქვენი მოტორიკა და ფსიქო –ფიზიკური თავისებურებები“  ბერეზოვსკი პასუხობს: „კი, ალბათ    მართალია! ჩემი უპირატესობა იმაშია, რომ მე არაპროფესიონალი ვარ. მე არ ვარ წინააღმდეგი პროფესიოანლიზმის; ალბათ მეც მივალ როდესღაც იქამდე, მაგრამ პროფესიონალების კონცერტზე მე პირადად ყოველთვის მწყინდება.“  იქვე აზუსტებს ვის გულისხმობს პროფესიონალ პიანისტებში: ძველი მუსიკოსებიდან ესენია  –  იუდინა, სოფრონიცკი. კი, რასაკვირველია, ის მათ თაყვანს სცემს, მაგრამ … თანამედროვეთა დასახელებისაგან კი ბერეზოვსკიმ  ტაქტიანად თავი შეიკავა. ალბათ თავის არაპროფესიონალიზმში ის ხუმრობით არა მარტო  იმას გულისხმობს, რომ მას მოსკოვის კონსერვატორიამ თავის დროზე დიპლომის მინიჭებაზე უარი უთხრა.  ბერეზოვსკი იმ წელს (1990) მონაწილეობდა ჩაიკოვსკის კონკურსში, რის გამოც ვერ გავიდა სახელმწიფო გამოცდაზე. ჩაიკოვსკის კონკურსზე მან ოქროს მედალი მოიპოვა და შემდეგ კომისიას სთხოვა, რომ კონკურსზე გამოსვლა მისთვის სადიპლომოდ ჩაეთვალათ, რაზეც კონსერვატორიისგან უარი მიიღო. ასეა თუ ისე, ბერეზოვსკი ისე გახდა შემდგომში აღიარებული პიანისტი, რომ კონსერვატორიის დიპლომი აღარც  აუღია.  ალბათ თავის არაპროფესიონალიზმში ის თავის განსხვავებულ, უჩვეულო ინტერპრეტაციებს გულისხმობს.  ამიტომაცაა, რომ მის კონცერტზე მისული მაყურებელი შინაგანად ყოველთვის რაღაც უჩვეულოს მოლოდინშია.

რახმანინოვის ეტიუდი – სურათებშიც ბერეზოვსკიმ გაამართლა თავისი „არა პროფესიანალიზმით“. დინამიზმი, რომელიც მას ასე კარგად  გამოსდის, ალეგრო კონ ბრიოთი და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი  მოტორიკით გაფერადებული სურათები ენაცვლებოდა თავშეკავებული ლირიზმის ეპიზოდებს, რომელსაც არსად არ ახლავდა ზედმეტი მრავალმნიშვნელობა.  თუ ვინმეს რახმანინოვი იქამდე არ უყვარდა, ამ კონცერტის შემდეგ ის  ნამდვილად რახმანინოვის ფანი უნდა გამდარიყო.

მეორე განყოფილება  ბორის ბერეზოვსკიმ მთლიანად ჩაიკოვსკის მიუძღვნა. ყველაფერი რაც ითქვა დებიუსისა და რახმანინოვზე შეიძლება მივუსადაგოდ მის ჩაიკოვსკის ინტერპრეტაციასაც იმ საღამოს. გამოსახვის საშუალებების კონტროლი ლირიკული ადგილების დროს,  უარი ზედმეტ რომანტიზმზე და  ამავე დროს დრამატული მომენტების კოსმოსური მასშტაბი .

ჩაიკოვსკის ვარიაციებიც და „დუმკაც“ საკმაო ინტელექტუალურ დაძაბვას მოითხოვს მსმენელისგან. იმ საღამოს ამ მასშტაბური მუსიკალური პლატებისგან მაყურებელი არ დაღლილა. ჩვენ დიდი ინტერესით ვუსმენდით საკონცერტო დრამის  ბოლომდე განვითარებას.

ახალი პროგრამის ბოლო ნომრად პიანისტმა ჩაიკოვსკის ექვსი პიესა „წელიწადის დრონიდან“ დაუკრა: ესენი იყო: თებერვალი, ივლისი, აგვისტო, სექმტემბერი, ოქტომბერი და დეკემბერი.

არაჩვეულებრივი ვირტუოზულობით დაკრულ ხუთ პიესას შორის ელეგიური „ოქტომბერი“ ბრილიანტივით ჩარჩოში მოექცა. ელეგია ვახსენე, მაგრამ მას ამ ჟანრიდან მარტო თხრობის სტილის მანერა ჰქონდა ბერეზოვსკისთან.  არავითარი სენტინენტალობა. ეს პიესა  საოცარი ინტიმური გრძნობების გაზიარებას ჰგავდა;  გულახდილი თავშეკვაბული აღსარება. ერთი სიტყვით რომ გამოვხატოთ ბერეზოვსკის იმღამინდელი კონცერტის განწყობა ეს იყო გულწრფელობა. ის არ არის და იმედია ვერც იქნება ვერასდროს კლიშეების მსხვერპლი. თუ პიანისტი ამას გულისხმობს თავის არაპროფესიონალიზმში, მაშინ უნდა მივესალმოთ ასეთ არაპროფესიონალებს.

ჩაიკოვსკის „დეკემბერი“ , ანუ „შობის ღამე“ ნამდვილად კარგი წინასაახალწლო დასასრული იყო საახალწლო პროგრამისა. დარბაზის ოვაციები ბისის მოლოდინით იყო სავსე. მე პირადად გულში ისევ ვ. რებიკოვის ვალსის „საშობაო ნაძვის ხის“ მოლოდინში ვიყავი, მაგრამ ბერეზოვსკიმ  ყველა გაგვაოცა, როდესაც ბისზე ჩაიკოვსკის „საბავშვო ალბომიდან“  სამი პიესა შემოგვთავაზა. ესენია: „გერმანული სიმღერა“, „ნეაპოლიტანური ცეკვა“ და „ტკბილი ოცნება“.  პირველ –მეორე კლასელების რეპერტუარის ასეთი დიდი ხელოვანის მიერ შესრულება მიმანიშნებელია, რომ წინა საახალწლოდ,   მუსიკოსი ცდილობდა  ჩვენ ყველანი იმ საბავშვო და ზღაპრულ სამყაროში დაგვაბრუნოს საიდანაც ჩვენ ყველანი მოვდივართ.

როგორც გითხარით დარბაზი გადაჭედილი იყო და ბევრ ადამიანს მთელი კონცერტის განმავლობაში ფეხზეც მოუწია დგომა. ზუსტად, „ნეაპოლიტანური ცეკვის“ დროს ვიღაც ფეხზე მდგომს გული შეუწუხდა და ბრაგვანი მოადინა. ხალხი ეცა გულწასულის მობრუნებას, მაგრამ ამან ვერ შეანელა მაყურებლის ინტერესი მთელი კონცერტის კულმინაციური მომენტისგან.

ვერ აგიწერთ როგორი სიმარტივით, ნონ ლეგატოზე როგორც ბავშვებს სჩვევიათ და ამავე დროს სიბრძნით და სიყვარულით შეასრულა   ბერეზოვსკისმ ეს სამივე პატარა  ნაწარმოები. დარბაზი აჟიოტაჟისგან თავს არ იკავებდა დასასრულს.

არ ვიცი რატომ, მაგრამ იმ საღამოს მეორე ბისი არ შედგა. შესაძლოა პიანისტმა იგრძნო, რომ ემოციებისგან დაცლილი მაყურებლისთვის ეს საკმარისი იქნებოდა, მაგრამ როგორც შემდგომში შევიტვყვე,  თბილისში ჩამოსვლამდე,  26 დეკემებრს, ზუსტად იგივე პროგრამა შეუსრულებია ბერეზოვსკის პეტერბურგში. შემდეგ კი ბისზე,  ჯერ ჩაიკოვსკის საბავშვო ალბომიდან იგივე  სამი პიესა დაუკრავს, რაც თბილისში  და მეორე ბისზე  კი რებიკოვის ის ვალსი,   „საშობაო ნაძვის ხე“.

რა გაეწყობა, მე ამ ბისს შემდეგ „საახალწლო მუსიკალურ შეხვედრებზე“ დაველოდები.

ახალი წელი,  თავისი ჯადოსნური ხიბლით, ჩემთვის ბერეზოვსკის კონცერტითა და ამ ბისით იქნება ბოლომდე გალამაზებული.

Advertisements

About nargiz

love music and not only this
This entry was posted in music and tagged , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s