სახელმწიფო კვარტეტი 50 წლისაა

ოთხივე

ფოტოზე მარცხნიდან: კონსტანტინე ვარდელი, თამაზ ბათიაშვილი, ოთარ ჩუბინიშვილი, ნოდარ ჟვანია.

სულხან ცინცაძეს სახელობის სახელმწიფო კვარტეტს 2016 წელს იუბილე ჰქონდა – ამ შემადგენლობით  მათ 50 წელი შეუსრულდათ!  მართლაც ღირსეული თარიღია ანსამბლისთვის. არის კი მსოფლიოში ასეთი ხანგრძლივი ანსამბლი? როგროც ამბობენ არა,  ამიტომ მათ გინესის რეკორდების წიგნში უწინასწამეტყველებენ მოხვედრას. ჯერ–ჯერობით ამაზე არავის უზრუნია, მაგრამ მათ საიუბილეო თარიღზე მუსიკალურმა საზოგადოებამ იზრუნა და არა ერთხელ.

პირველად  ვახტანგ კახიძემ  7 მარტს  ჯ. კახიძეს მუსიკალურ ცენტრში უმასპინძლა კვარტეტს. მასპინძლობამ არა მხოლოდ სიმბოლური ხასიათი მიიღო –  დირიჟორი და კომპოზიტორი, ვახტანგ კახიძე, მთელი საღამოს განმავლობაში კონფერანსიეს როლში მოგვევლინა.  ეს მას ძალიან შინაურულად და ელეგანტურად გამოსდის ხოლმე და ამჯერადაც მისმა ენაწყლიანობამ მთელ კონცერტს კიდევ სხვა, საზეიმო ეშხი შეჰმატა. დარბაზში  უმეტესად მგონი ის პუბლიკა იყო, რომელიც მთელი  50 წელი ჩვენი სახელმწიფო კვარტეტის გვერდით იყო. ეს იგრძნობოდა არა მარტო ნაცნობი აკადემიური სახეების სიმრავლით, არამედ დარბაზის რეაქციით ვახტანგ კახიძის ამა თუ იმ ხუმრობისას და   დოკუმენტური ვიდეო კადრების მსვლელობის დროს.  თავად სახლმწიფო კვარტეტის წევრები, ისევ შესანიშნავ ფორმაში არიან. საიუბილეო საღამოსთვის ძალიან საინტერესო  პროგრამა ჰქონდათ მომზადებული:  პირველ განყოფილებაში შეასრულეს  – ჰაიდნის სერენადა (სოლ მაჟორი),  ჰაიდნისვე „ჯვარცმული ქრისტეს 7 სიტყვა“ ( ორი ნაწილი) და ბოლოს, მათი  მუდმივი რეპერტუარის ყველაზე ძვირფასი მარგალიტები –  სულხან  ცინცაძის 4 მინიატურა.

დიდი „საჩუქარი“ იყო კვარტეტისთვის და მაყურებლისთვისაც ჩვენი ბრწყინვალე  და პირადად ჩემთვის მსოფლიოს # 1  მევიოლინე, ლიზა ბათიაშვილის და მისი მეუღლის,   სახელგანთქმული ჰობოისტის,  ფრანსუა ლელუს სპეციალურად ამ კონცერტისთვის ჩამოსვლა.  მეორე განყოფილებაში ლიზამ და ფრანსუამ რამდენიმე ნაწარმოებში მიიღეს მონაწილეობა. თავიდან ლიზამ შეასრულა შოსონის კონცერტი ვიოლინოს, ფორტეპიანოსა და კვარტეტისათვის. ფორტეპიანოს პარტიას ბრწყინვალე, ნიჭიერი პიანისტი, თათა ლიჩელი ასრულებდა.

ლიზა და თათა

მომდევნო ნომერი, ფრანსუა ლელუმ,  კრუსელის „დივერტისმენტი“  კვარტეტთან ერთად  დაუკრა. აი, სად ვეზიარეთ ჩვენ, თბილისისთვის საკმაოდ  იშვიათ მოვლენას – მაღალი კლასის სასულე სოლისტით ტკბობას!  მის დაკრულში არა მარტო უზადო ფლობა იყო ინსტრუმენტით, არამედ მაღალი ინტელექტის შერწყმა ბავშვურ სისადავესთან.  არა და არ განვითარდა ჩვენში ეს დარგი. ახალი კადრები არ სჩანან,  ან თუ გამოჩნდება  ვინმე ნიჭიერი სასულე ფაკულტეტზე, ის უეჭველი   საზღვარგარეთ ორკესტრში სამუშაოდ „გარბის“  ხოლმე. თემას გადავუხვიე და მინდა კონცერტის პროგრამას დავუბრუნდე. მომდევნო ნომერი – არგენტინელი კომპოზიტორის,  პიაცოლას „წელიწადის დრონიდან“ პირველი ნაწილი, „გაზაფხული,“  ლიზა ბათიაშვილმა  უკვე ორი კვარტეტის მონაწილეობით შეასრულა. ლიზას შესრულება ყოველთვის გვხიბლავს და გვაოცებს. როგორ ახერხებს ეს ელეგანტური, ნაზი ქალიშვილი ამ სიძლიერე ბგერის და ემოციის მოზიდვას ინსტრუმენტიდან. ამჯერადაც ეს მოლოდინი შეგვივსო ლიზამ თავისი ბევრისმთქმელი და მე ვიტყოდი, ბრძნული ჟღერადობით.  ეს ნომერი მართლა პროგრამის ოქროს კვეთი გახდა თავისი მნიშვნელობით!

ლიზა და ფრანსუა + კვარტეტი

ამის შემდეგ, ლიზამ და ფრანსუამ ცალკე დუეტიც დაუკრეს – მოცარტის “ჯადოსნური ფლეიტის“ თემებზე.  ჰობოი და ვიოლინო ასე, მართლა ჯადოსნურად აჟღერებული, იშვიათი სანახაობაა საზოგადოდ და ჩვენც იმ საღამოს, ამ   მსოფლიო და ამავე დროს საოჯახო მუსიკალური ზეიმის, მომსწრენი გავხდით. დასასრულს,  კი ჩვენმა იუბილარმა კვარტეტმა, მათი ყველაზე პოპულარული,  საბისო რეპერტუარით დააგვირგვინეს მთელი სანახაობა. თითოეული პიესა იყო საოცარი ოსტატობითა და ანსამბლის ერთად შეზრდილი სიბრძნით გაჟეღერებული.  მართლაც ყველა მსმენელის გულის სიმებზე დაკრული იყო თითქოს ყველა მელოდია!  საბოლოო ჯამში,  მთლიანი კონცერტი გამოვიდა ძალიან ჰაეროვანი, სადღესასწაულო, მხიარული და შინაურულ – ოჯახურიც კი, ძალიან მაღალი გაგებით!  ვიხილეთ კვარტეტზე გადაღებული ორი დოკუმენტური ფილმის ფრაგმენტები. ავტორები – დიმიტრი ბათიაშვილი და ია საკანდელიძე.  გავიხსენეთ როგორები იყვნენ მუსიკოსები 50 წლის წინ და როგორ ხუმრობენ დღესაც. მოკლედ,  უაღრესად თბილი და ნოსტალგიური კონცერტი გამოვიდა.  დასასრულს, კვარტეტისთვის სიურპრიზად კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ ოთხივე ღვაწლმოსილ მუსიკოსს საქართველოში ყველაზე საპატიო, „ხელოვნების ქურუმის“ ჯილდოები გადასცა.  როგორც მოგვიანებით გაირკვა,  საკმაოდ ძვირფასი, ოქროთი  და ბრილიანტებით  შესრულებული ორდენები ყოფილა! ეს საპატიო ჯილდო მიემატება მათ სხვა, არანაკლებ პრესტიჟულ დამსახურებებს. ესენია –  რესპუბლიკის სახალხო არტისტები, ფალიაშვილის პრემიის ლაურეატები, რუსთაველის პრემიის ლაურეატები. როგორც ვახტანგ კახიძემ იხუმრა: „თუკი რამე ჯილდო არსებობს საქართველოში, ყველაფერი კვარტეტს უკვე აქვს მიღებული!“

ვატო

 სიმბოლურია, რომ ოთხივე მუსიკოსს, პიაცოლას „გაზაფხულის“ შესრულების დროს, გაორმაგებულ კვარტეტში, მათი აღზრდილები უმშვენებდნენ გვერდს. როგორც თამაზ ბათიაშვილმა აღნიშნა თავის გამოსვლაში, თავად კვარტეტი ძალიან მონდომებულია ახალგაზრდებს გადაულოცონ ასპარეზი. სამწუხაროდ, ეს ჯერ–ჯერობით არ ხერხდება. რა ხდება, რატომ ვერ იზრდება საქართველოში ახალი საკვარტეტო ძალები? ამაზე და კიდევ ცოტაოდენ  სხვა თემებზეც, კონცერტის შემდეგ ჩემს მეგობარს და უსაყვარლეს პიროვნებას, კონსტანტინე ვარდელს, ჩვენთვის კი უბრალოდ, კოტიკას,  გავესაუბრე.

Kotik -400 corr 1

 ფოტოზე კონსტანტინე ვარდელი

  • .გ. დავიწყოთ ტრადიციულად – რა არის შენთვის კვარტეტი?
  • კ.ვ. კვარტეტი ჩვენთვის არის მთელი ცხოვრება!  სხვანაერად ვერ წარმოგვიდგენია  ჩვენი თავი!   როგორც  ჟანრი, ასეთი სრულყოფილი  ჟანრი სხვა არ არსებობს! მაგალითად,  როგორ შემიძლია მე შევადარო საკვარტეტო მუსიკა და სოლო  ნაწარმოების?  ეს უკანასკნელი რომანსია,  კვარტეტში კი თუხთუხებს  ნამდვილი მუსიკა, სადაც არც ერთი ზედმეტი ბგერა არ არის!  აი, როდესაც უკრავ ბეთჰოვენის, მოცარტის, შუბერტის  კვარტეტებს  – ეს რაღაც ფანტასტიკური შეგრძნებაა! ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ბედმა გვარგუნა ერთმანეთთან შეხვედრა,  ხასიათებითაც შევეთვისეთ ერთმანეთს;  თუმცა ეს არ იყო  ყოველთვის იოლი, მაგრამ, როგორც ამბობენ ეს ჩემი დამსახურებაცაა! (იღიმება)
  • ნ.გ. რას გულისხმობ?
  • კ.ვ. მე, ყველაფრის გამოთქმის უფლებას ვაძლევ კვარტეტის წევრებს;  თუმცა შემდეგ, როგორც მე ვთვლი საჭიროდ მაინც ისე ვაკეთებთ. იმიტომ, რომ მე პირველი ვიოლინო ვარ, მე მევალება გადაწყვეტილების მიღება. შეიძლება ეს ჩამითვალოთ  ამბიციაში, მაგრამ სხვანაერად არ შეიძლება  – პირველი  ვიოლინოს მოვალეობაა ეს! მთელი კონცერტი მასზეა დამოკიდებული. ეს სულ არ ნიშნავს იმას, რომ მე რომელიმე კვარტეტის მუსიკოსის როლს ვაკნინებ! თამაზ ბათიაშვილმა სწორედ სთქვა კონცერტზე: „ ჩემი ახლობელი ასე „მაწყნარებდა,“როდესაც კვარტეტში დავიწყე მუშაობაო: შენ ხარ  პირველი, მეორე ვიოლინოებშიო!“ კვარტეტში ყველას თავისი როლი აკისრია და ეს არის საინტერესო!  გადაწყვეტილებებს ერთად ვიღებთ, მაგრამ ცხოვრებაში მე უნდა გავატარო ეს გადაწყვეტილება!
  • ნ.გ ძნელია ეს?
  • კ.ვ. საკმაოდ რთულია, მაგრამ როცა გვერდით გყავს ისეთი მაღალი რანგის მუსიკოსები, როგორებიც არიან თამაზ ბათიაშვილი, ნოდარ ჟვანია და ოთარ ჩუბინიშვილი ეს ამავდროულად უდიდესი სიამოვნებაა –  ესაა მთელი ცხოვრება! კვარტეტში უნდა იყოს ოთხი დიპლომატი!  ამიტომაც ძალიან ცოტაა მსოფლიოში,  კვარტეტები, რომლებიც ერთი შემადგენლობით დიდხანს მოღვაწეობენ;   იმიტომ, რომ ჩხუბობენ სულ!  ამიტომ დაფრინავენ სხვადასხვა თვითმფრინავებით, სძინავთ სხვადასხვა სასტუმროში. ასეთი  იყო მაგალითად, ბეთჰოვენის სახელობის კვარტეტი, სადაც პირველი ვიოლინო  და ჩელისტი   ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ 25 წლის განმავლობაში!  ისინი ერთმანეთთან ურთიერთობდნენ მეორე ვიოლინოს  მეშვეობით!  ჩვენს კვარტეტში კი  ყველა დიპლომატები ვართ,  ნოდარ ჟვანიას ჩათვლით!
  • ნ.გ. ეს ხუმრობაა?
  • კ.ვ. კი, ასე ვხუმრობთ ხოლმე! (იცინის)
  • ნ.გ. რას უსურვებდი კვარტეტს მომავალში?
  • კ.ვ. მე ვუსურვებდი კვარტეტს, რომ აღმოჩდნენ საქართველოში ოთხი ისეთივე შეშლილი მუსიკოსი, როგორებიც ჩვენ ვართ. იმისათვის, რომ ჩვენ მათ გადავცეთ არა მარტო ინსტრუმენტები, არამედ მთელი ჩვენი ცოდნა და გამოცდილება. სამწუხაროდ, ასეთები ჯერ არ სჩანან, მაგრამ ჩვენ სულ ვცდილობთ, ვეძებთ.
  • ნ.გ. რა იგულისხმე „შეშლილში?“
  • კ.ვ. კვარტეტის მუსიკოსი სულ სხვა ფსიქიკური მოწყობის ადამიანი უნდა იყოს. ჯერ ეს ერთი,  ძალიან უნდა უყვარდეს კვარტეტი და უნდა მიაჩნდეს, რომ ეს არის ყველაზე მთავარი მის ცხოვრებაში. კვარტეტი უფრო  მთავარი უნდა იყოს, ვიდრე შენი ოჯახი. კვარტეტი შეიძლება შენს შვილებთან და შვილიშვილებთან მეტოქეობდეს  და შენ უნდა პირველ ადგილზე  მაინც კვარტეტი დააყენო!  ჩვენთვის ყველასთვის ასე იყო ყოველთვის, მაგრამ ჩვენ საყვედური არ გვეთქმის.  ჩვენ შესანიშნავი ცხოვრება გამოვიარეთ! ძალიან ბევრი კონცერტი ჩავატარეთ;  ძალიან ბევრ გასტროლზე ვიყავით.  მსოფლიოს უმეტეს პრესტიჟულ დარბაზებში ვართ ნამყოფი, ბევრ საინტერესო ფესტივალზე. ყველა მუსიკოსს აქვს თავისი ასეთი წარმატებების ბიოგრაფია. ჩვენ,  ჩვენი გვაქვს, რომელსაც ძალიან ვაფასებთ! ჩვენ პატიოსანი,  კარგი გზით ვიცხოვრეთ, რომელიც ძალიან კარგ, ტკბილ მოგონებად დაგვრჩა. რაც შეეხება მომავალს – ერთს სასაცილო მომენტს გავიხსენებ: ერთ რეპეტიციაზე მე ვუთხარი ბიჭებს – უნდა ესა და ეს ვისწავლოთ, ეს და ეს უნდა გავაკეთოთ, ეს ჩვენი მომავლისთვისაა. თამაზი, რომელიც სულ ოხუნჯობს, მიპასუხა:  „რა დროს შენი მომავალიაო?!“ ამაზე მაშინ გავიცინეთ, მაგრამ რასაკვირველია, ჩვენი აქტივობა ისეთი აღარ არის; ახლა ჩვენ უფრო მეტ დროს პედაგოგიურ მოღვაწეობას ვუთმობთ;  ჩვენ ვამზადებთ სოლისტებს, კვარტეტის კლასიც გვაქვს, რაც ძალიან საინტერესოა.
  • ნ.გ. რეპერტუარის გაზრდას ახერხებთ?
  • ამჟამად ვაპირებთ ახალი ანსამბლების შესრულებას.  მაგალითად ბრუკნერის კვინტეტი ორი ალტით, მოცარტის კვინტეტი, ესეც ორი ალტით. სავარაუდოდ ერთ–ერთი ჩვენი მოწაფე ალტისტი დაემატება კვარტეტს ამ მიზმნით. ზოგადად ჩვენ,  რეპერტუარის სიმცირეს არ ვუჩივით. მარტო ის, რომ ჩვენ გვაქვს ბეთჰოვენის მთელი გვიანდელი კვარტეტები, უამრავი მოცარტის და ჰაიდნის კვარტეტები, ძალიან მნიშვნელოვანია!  ამას წინ, ჩვენ დავუკარით ბეთჰოვენის მე – 14 კვარტეტი; უფრო ადრე, მისივე მე– 15 კვარტეტი. მერე რა არის იცი საინტერესო?  15 წლის წინ,  როდესაც ვუკრავდით ბეთჰოვენის მე – 15 კვარტეტს სულ სხვა იყო, ვიდრე წელს როგორც დავუკარით! ახლა სულ სხვა ინტერპრეტაციით შევასრულეთ. მე ტექნიკურ მხარეს არ ვგულისხმობ. ღვთის წყალობით, ხელები და თითები გვემორჩილება და ჩვენ მიზანს ტექნიკურ ასპექტში ისევე ემსახურებიან, როგორც ადრე,  მაგრამ თვითონ შესრულებაში ზოგიერთი მომენტი სხვანაერად გვინდება დავუკრათ!
  • ნ.გ. თქვენ ასე  უფრო მოგწონთ ახლა?
  • კ.ვ. კი, ასეა! მე მახსოვს,  იყო ასეთი გამოჩენილი ვიოლონჩელისტი, დანიილ შაფრანი. ერთხელ ის ჩამოსული იყო თბილისში და დაუკრა ბახის ყველა სუიტა ჩელო ვიოლონჩელოსთვის. ჩვენ ვიყავით მის კონცერტზე. კონცერტის შემდეგ მან გვაჩვენა ნოტები და გვითხრა: „ აი, ამ ნოტებს  მე ვყიდულობ ყოველ წელს. ანუ, ყოველ წელს ახალ ნოტებს ყიდულობდა“
  • ნ.გ. რატომ?
  • კ.ვ. იმიტომ, რომ ყოველ წელს მე რაღაცას ვცვლიო, ინტერპრეტაციას გულისხმობდა, აპლიკატურას, ნიუანსებს. ამას ყველაფერს ნოტებს აწერდა. ერთ წლის შემდეგ, მას სხვანაერად მოუნდებოდა!  ძველს ინახავდა, როგორც იმ წლის ინტერპრეტაციას და ახალ ვერსიას ქმნიდა. როცა ხელშეუხებელ ნოტებს უყურებდა, სხვანაერად აღიქვამდა. ჯერ ეს ერთი, ისევ  სურტექსტთან, ანუ კომპოზიტორის მასალასთან ჰქონდა შეხება. ასეთ დროს, თითქოს კომპოზიტორს ელაპარაკები. შეიძლება ჰკითხო: „ასე შეიძლება?“ კომპოზიტორი გიპასუხებს: „კი, შეიძლება!“
  • ნ.გ. თქვენც ასე აკეთებთ?
  • კ.ვ. ჩვენ ახალ ნოტებს არ ვყიდულობთ, მაგრამ ვამატებთ ან ვცვლით სულ ნიუანსებს. აი, ადრე ვიბრაციას სხვანაერად ვაკეთებდით. ადრე მარცხენა ხელით ვიბრაცია ძალიან მოდაში იყო. მერე, გერმანიაში დავაკვირდი, რომ ძალიან ბევრი მუსიკოსი უკრავდა ვიბრაციის გარეშე. სამაგიეროდ ვიბრაცია შეიძლება გააკეთო ხემით, მარჯვენა ხელით  და არა მარცხენა ხელით! უფრო ღრმად უნდა ჩაუშვა ხელი და გამოგივა. ეს განსაკუთრებით უხდება ძველებურ მუსიკას. მე ახლა ასე დაკვრა ძალიან მომწონს!  ამას მე ჩემს სტუდენტებსაც ვასწავლიდი და ვასწავლი. ეს არც ისე ადვილია, იმიტომ, რომ ამ დროს ძალიან ემოციურად უნდა დაუკრა. ეს ნიშნავს, რომ უკრავ არა მარცხენა, არამედ მარჯვენა ხელით. მარჯვენა ხელი ყველაზე მთავარია! მარცხენა მხოლოდ ძრავია – ტრრრრ!  მარჯვენა კი სულია!  მარჯვენა ხელით თითქოს ფსკერზე  უნდა დაუკრა, ფსკერზე!  ბოლომდე უნდა ჩაუშვა ხელი, პიანოს დროსაც კი.  აი, მაგალითად როდესაც ვუკრავთ ჰაიდნის სერენადას, ბოლო რიგებში ისმის ხმა, თუმცა პიანოზე ვუკრავ, იმიტომ, რომ ხელით მე ბოლომდე ვაჭერ თითქოს ძირს. ეს არის ის საიდუმლოება, რომლითაც მიაღწევ იმას, რომ ჩუმი ბგერაც კი ბოლო რიგში ისმოდეს!
  • ნ.გ. მართლაც შესანიშნავი იყო კონცერტზე ამ ნაწარმოებში, პიანოზე დაკრული მელოდია! ამას თქვენ გასწავლიდნენ, თუ?
  • კ.ვ. არა! ეს,  ჩვენ თვითონ მივედით აქამდე და ახლა ჩვენც უკვე ვასწავლით! რასაკვირველია,  ჩვენც გვყავდა ძალიან ძლიერი მასწავლებელი, როსტისლავ დუბინსკი. ის იყო ბოროდინის კვარტეტის პირველი ვიოლინო. დუბინსკი  ორი წლის განმავლობაში გვამეცადინებდა ხან თბილისში, ხან მოსკოვში, ხანაც აფხაზეთში ვისვენებდით ერთად. ის გვამზადებდა კონკურსისთვის. პირველად ჩვენ მისგან გავიგეთ: „ Достань звук ! „ ანუ, „ამოიღე ბგერა!“ აი, თუ დაუფიქრდები, უნდა ამოიღო ბგერა როგორღაც. ამისთვის უნდა ჩახვიდე ფსკერზე და იქიდან ბგერა ამოიღო! ის იყო დიდებული პედაგოგი და ეს  ხერხი  მაშინ მოგვაწოდა. მან შეგვასწავლა ბეთჰოვენის გვიანდელი კვარტეტები, მოცარტის კვარტეტები და ასეთი განძი დაგვიტოვა!!
  • ნ.გ. შენ ახსენე, რომ თქვენი ცხოვრება სავსეა საინტერესო მოგონებებით? ხომ არ დააკონკრეტებდი?
  • კ.ვ. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ქართველ კომპოზიტორებთან ურთიერთობა. ჩვენ გვქონია შვედ, ნორვეგიელ, გერმანელ კომპოზიტორებთანაც ურთიერთობა, მაგრამ რასაკვირველია, ყველაზე ახლობლური ურთიერთობა გგვქონდა ქართველ კომპოზიტორებთან და პირველ ადგილას მე დავასახელებდი სულხან ცინცაძეს, შემდეგ სულხან ნასიძეს, ნოდარ გაბუნიას, ვაჟა აზარაჟვილს, იოსებ ბარდანაშვილს, თემო ბაკურაძეს. სულხან ცინცაძესთან ჩვენ ძალიან ვმეგობრობდით;  ის სულ გულშემატკივრობდა კვარტეტს; როდესაც ბიჭიკო ბარნაბიშვილი სტოვებდა კვარტეტს (თავისი ჯანმრთელობის და ასაკის გამო) სულხანმა თავისი ალღოთი გვირჩია, რომ აგვეყვანა ოთარ ჩუბინიშვილი ანსამბლში და მართლაც ის ძალიან მოუხდა კვარტეტს! მაშინ ბევრი კარგი ჩელისტი იყო საქართველოში, მაგრამ საკვარტეტო მუსიკას განსაკუთრებული სპეციფიკაა აქვს და ყველას არ შეუძლია.ოთარიფოტოზე ოთარ ჩუბუნიშვილი
  • ნ.გ. რა სპეციფიკაა ეს, შეგიძლია გვითხრა?
  • კ.ვ. კვარტეტი – ეს არის ოთხი ადამიანის საუბარი. თუ ეს საუბარი დაემსგავსება იმას, რაც დღეს ჩვენ პარლამენტში ხდება, როდესაც ადამიანები ცდილობენ  სხვაზე უფრო ხმამაღალი ტონით ილაპარაკონ,  მაშინ ანსამბლი არ შედგება! აქ უნდა უსმინო ერთმანეთს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კვარტეტში!  როცა უკრავ შენ, უნდა იცოდე, რომ ისიც უკრავს, ისიც ლაპარაკობს შენთან ერთად. ისევე, როგორც სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი  უნდა უსმენდეს ყველა მუსიკოსს, ასევე კვარტეტის პირველი ვიოლინო უნდა უსმენდეს თავის თავსაც და დანარჩენ სამ მუსიკოსსაც.  ეს ეხება სხვებსაც – ალტი უნდა უსმენდეს დანარჩენ სამს და ა.შ. აი, ასეთ შემთხვევაში გამოდის ერთიანი ხმოვანება. თუ არ არის ეს ერთიანი ხმოვანება, მაშინ კვარტეტი არ არის! თუ თითოეული ბრწყინვალედ დაუკრავს საკუთარ პარტიას, ეს მაინც არ იქნება კვარტეტი! კიდევ იცი რა? თუ კვარტეტისტი ორკესტრშიც უკრავს, ეს უკვე მას სხვა თვისებებს მიაჩვევს და მისგან კვარტეტისტი არ გამოვა! იქ სხვა ინტონაციაა, ბგერის სხვა წარმოშობაა. ჩვენ ოთხივე,  ორკესტრში არასდროს ვუკრავდით!
  • ნ.გ. ინგოლშტატში ხომ უკრავდოთ ლიანა ისაკაძესთან?
  • კ.ვ. ლიანასთან ვიყავით კამერულ და არა სიმფონიურ ორკესტრში, სადაც სულ 15 მუსიკოსი იყო. ეს სულ სხვა არის!  მერე ჩვენ,   მაგ დროისთვის უკვე ვიყავით შემდგარი კვარტეტი და ჩვენს ბგერაზე ამას არ უმოქმედია. დღესაც, როდესაც ჩვენ   ვიკრებებით,  ვიწყებთ გამების და სპეციალური სავარჯიშოების დაკვრას, იმისთვის, რომ ერთიანი ბგერა მივიღოთ. ასე, რომ საკვარტეტო ინტონაცია სულ სხვა რამეა. ამაშია მთელი საიდუმლოება!
  • ნ.გ. გამებსაც ერთად უკრავთ?!
  • კ.ვ. კი, რასაკვირველია! იმისთვის, რომ ერთიანი, დაბალანსებული ბგერა მივიღოთ რეპეტიციაზე!   მართალია, როდესაც  მე ვამბობ, აბა გამები დავუკრათ!  დანარჩენები ამ დროს მიჯანყდებიან: „ აა, ისევ დაიწყო ამან გამები!“  მაგრამ მერე თვითონ ატყობენ, როგორ გვეხმარება ეს! ჯერ–ჯერობით, ჩვენ  ვეძებთ ისეთ მუსიკოსებს, რომლებსაც  ასეთი, საკვარტეტო  თვისებები აღმოაჩნდებათ, რომ მომავალში მათ გადავულოცოთ სახელმწიფო კვარტეტი.მე მყავდა რამდენიმე სტუდენტი, ნამდვილი კვარტეტისტი, მაგრამ წავიდნენ უცხოეთში სამუშაოდ. მაგალითად  ალექსანდრე  ხატისკაცი, ანა ხუბაშვილი, თათია გვანცელაძე.  პირველი ახლა უკრავს ნორვეგიის ორკესტრში, მეორე  და მესამე გერმანიაში მუშაობენ.  მე ძალიან მეწყინა, როდესაც მიდიოდნენ,  მაგრამ რას იზავ, ასეთი მდგომარეობაა დღეს ჩვენს ქვეყანაში!

ამ ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ კიდევ ერთი,  კვარტეტის საიუბილეო  საღამო,  22 მატს ჩატარდა. ამჟამად,  მას საქართველოს სახელმწიფო ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ რაჭველი მასპინძლობდა. სახელმწიფო კვარტეტიც მათ დაქვემდებარებაში არის იურიდიულად და ამიტომ ანსამბლს, თითქოს სახლში მოუწყვეს დაბადების დღე. თუმცა საკუთარი დარბაზის რემონტის გამო, ეს საღამო სტუმრად, რუსთაველის სახელობის თეატრის მცირე დარბაზში მოეწყო.

ამ საღამოს, კვარტეტთან ერთად მონაწილეობდა თბილისში გაზრდილი, სახელმოხვეჭილი  პიანისტი ავსტრიიდან, ლიზა ლეონსკაია.  მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ მთელი საღამო, თავისი პროგრამით და შემსრულებელთა უმაღლესი ანსამბლური დონით თავისუფლად შეიძლებოდა ისეთი ტელეარხების „ლაივ“ კონცერტების მშვენება გამხდარიყო, როგორიცაა „მეცო“ ანდა „მედიჩი.“ კადევ კარგი, რომ დაუღალავი მუსიკოსის, ია საკანდელიძეს დახმარებით, ეს კონცერტი ჩაიწერა „ერთხულოვნების“ ტელევიზიამ და ის დავიწყებას არ მიეცემა. ძალიან სამწუხაროა, რომ ტექნიკური მიზეზების გამო,  კვარტეტის პირველი საიუბილეო კონცერტი  არც ერთ ტელეარხს არ გადაუღია და ის საღამო არ შემორჩება ისტორიას!  

 პირველ განყოფილებაში კონცერტის პროგრამა მოიცავდა შუბერტის სამ ტრიოს  სიმებიანი კვარტეტისათვის და რაველის კვარტეტს. ეს ნაწარმოებები დიდი ხანია არ დაუკრია კვარტეტს და ჩვენ მოწმენი გავხდით მათი სასწაული არტისტული გარდასახვისა  შუბერტის კლასიკური პერიოდის მუსიკიდან,   იმპრესიონისტულ ფერთა გამებამდე რაველთან. კოტიკა ვარდელთან ინტერვიუს შემდეგ, მე გაფაციცებით ვუსმენდი ყოველ მის შტრიხს, რათა აღმომეჩინა ყველა ის  ნიუანსი, რომლის საიდუმლოებაც მან გაგვიმხილა. მართლაც რა საინტერესო დიალოგი ჰქონდათ ოთხივე მუსიკოსს, რა დიპლომატია საუბრისას და რა ელეგანტური, შეუმჩნეველი აქცენტებით გამოსახვა თითოეულ მათგანს!  ეს,  მთელი კონცერტის განმავლობაში იგრძნობდა, მაგრამ განსაკუთრებით გამოჩნდა რაველის კვარტეტში. რაველის  მუსიკამ იმ საღამოს მხატვრული ტემპერატურა ისეთ სიმაღლეზე აიყვანა,  თითქოს რა სასწაული უნდა მომხდარიყო მეორე განყოფილებაში, რომ ეს დაგვევიწყა!

liza leonskaia

მაგრამ… გამოვიდა ლიზა ლეონსკაია და სასწაულიც მოხდა!  სიმართლე გითხრათ, მე არ ვარ მაინცა და მაინც დვორჟაკის  დიდი მოყვარული, მაგრამ იმ საღამოს, ანსამბლის წევრების შესრულებამ,  ეს სრულიად დამავიწყა. ლეონსკაია ხშირად არის თბილისში ნამყოფი და მეც ის ბევრჯერ მომისმენია. მისი ნიჭიერება უდაოა და პიანისტური შესაძლებლობები უსაზღვრო, მაგრამ მისი ანსამბლისტის, (არც ისე იოლი, როგორც მე კოტიკას ინტერვიუდან შევიტყე), თვისებები მართლაც გასაოცარი იყო!  ისეთ დროს გაიჟღერებდა გამომსახველად  და ისე გაქრებოდა მისი ინტონაცია, რომ თითქოს მოლანდებასავით ჩაიქროლა დარბაზში ვიღაც სულიერმა და მერე გაფაციციებით ისევ ელოდები მის დაბრუნებას. ასევე იყო ნოდარ ჟვანიას, ოთარ ჩუბინიშვილის, თამაზ ბათიაშვილის და კონსტანტინე ვარდელის თანამონაწილეობა ამ რთულ და მასშტაბურ ნაწარმოებში. მოკლედ, ტრიუმფი გარდაუვალი იყო! ამჯერად დარბაზში აკადემიურ, ნაცნობ სახეებთან ერთად, ბევრი მუსიკის მოყვარულიც იყო. რა კარგია, როდესაც ასეთი, ცოტა რთული,   კამერული პროგრამა  ფართო აუდიტორიამდე სიხარულით მიდის და მთელ კონცერტს ერთ–ერთ დაუვიწყარ მოგონებად გადააქცევს!

ვუსურვებ ჩვენს სახელოვან კვარტეტს კიდევ ბევრ ასეთ გამარჯვებას, დიდხანს სიცოცხლეს, ახალგაზრდული შემართებით ცხოვრებას და მათი სანუკვარი ოცნების – ახალგაზრდული კვარტეტის, რაც შეიძლება მალე დაარსებას, რათა მათი  გამოცდილება და ნიჭი საქართველოში კიდევ დიდხან გაგრძელდეს!

 

ავტორი: ნარგიზა გარდაფხაძე

ფოტოების ავტორი კახიძეს მუსიკალურ ცენტრში: კულტურის სამინისტრი

საერთო ხედზე

Advertisements

About nargiz

love music and not only this
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s