როდენი, ბორის ეიფმანი და „თბილისი რიტმ“ ფესტივალი

 

( ბალეტი „როდენი, მისი მარადი კერპი“    და ინტერვიუ „თბილისი რიტმ“  ფესტივალის დამფუძნებელთან, ანი ლაღიძესთან.)

roden 

ეპიგრაფის მაგივრად:

  • რატომ ეიფმანი?
  • 21 -ე საუკუნეა!  აბა ვინ?!

 

ბორის ეიფმანის სანკტ-პეტერბურგის აკადემიური საბალეტო თეატრის გასტროლი სპექტაკლით „როდენი,“  წელს თბილისში 22, 23 აპრილს გაიმართა. საბალეტო წარმოდგენებს უდიდეს წარმატება ახლდა. პროფესიონალმა ბალერინა, მედეა ნემსიწვერიძემ, რომელიც თეატრში  ჩემს გვერდით იჯდა,   დასასრულს მითხრა:  „იმდენად შეძრული ვარ, რომ ვერანაერი სიტყვა ვერ შეძლებს   ჩემი ემოცია გამოხატოს!  არც კი მინდა სიტყვები ვეძებო!“ ყველანი ამ უტყვი სიხარულის განცდით შეპრობილები ვტოვებდით დარბაზს.

მაინც რას გვაზიარა იმ დღეს ბორის ეიფმანმა?

roden 1

სპექტაკლი გვიყვება გენიალური მხატვრის, ოგიუსტ როდენის და მისი შეყვარებულის და მოწაფის, კამილ კლოდელის ცხოვრებასა და სიყვარულზე.  ამ ორი ხელოვანის ცხოვრება არ იყო იოლი.  როდენს ჰყავდა მრავალი წლის ერთგული მეგობარი, მერი, რომელსაც ის ვერ ელეოდა და სიკვდილამდე მხოლოდ ერთი წლით ადრე იქორწინა მასზე.  კამილა კი გახდა როდენისთვის აუცილებელი ინსპირაციის წყარო, რაც ყველა ხელოვანისთვის მნიშვნელოვანია.  როდენი იყო უკვე საქვეყნოდ დაფასებული, როდესაც კამილა  კლოდელი მასთან სტუდიაში სასწავლებლად მივიდა.  კამილა მისი წყალობით გაიცნო სამხატვრო სამყარომ. აქ კი პირადულის და შემოქმედებითის გადაკვეთა მოხდა. როდენი, როგორც ქალს, მის ინდივიდუალურ ნიჭს არასდროს სათანადოდ არ აფასებდა. ხშირად აწერდა თავის სახელს მის ნამუშევრებს და დღეს ძნელია ზოგჯერ გამორჩევა იმისა, თუ რა მიიღო ერთმა გენიალურმა მოქანდაკემ მეორე, არანაკლებ ნიჭიერი შემოქმედისაგან.  კამილამ გაიბრძოლა დამოუკიდებლობისათვის, მაგრამ ფრანგულმა კრიტიკამ როდენის გარეშე ის არ სცნო. ამას მოჰყვა განხეთქილება შეყვარებულებს შორის და ძლიერი ნერვული სტრესი, რამაც ახალგაზრდა ქალი სიგიჟემდე მიიყვანა. ყველასგან მიტოვებული, ერთ დროს იმედის მომცემი ნიჭიერი და ლამაზი  ქალი,  ფსიქიატრიულ საავადმყოფოში კვდება.

roden 5.jpg

ეს მათი ცხოვრების ის დეტალებია, რაც ბალეტშია ასახული. ძნელია წარმოიდგინო თუ რა გამომსახველი ხერხებით აცოცხლებს ეიფმანი ამ ორი ხელოვანის ტურბულენტურ ცხოვრებას. ტექნიკური დეტალების ჩამოთვლა არ მოგვცემს ამის წარმოდგენის საშუალებას. მთავარი ალბათ არის ის, რომ დადგმისას ბალეტმეისტერი იმდენად უთანგრძნობს თავის გმირებს და ემოციურად შედის მათ ფსიქოლოგიურ სამყაროში, რომ სხეულის  ენით,  სასწაულებრივად გადმოსცემს  მათ შინაგან განცდებს. ამაში ეიფმანს ეხმარება ყველა გამომსახველი საშუალება – პირველ რიგში გემოვნებით შერჩეული მუსიკა, („როდენის“  შემთხვევაში იმ პერიოდის ფრანგული მუსიკა) მინიმალური და გამომსახველი დეკორაცია, კოსტუმები და განათება.

სცენა წარმოადგენდა პირობით ადგილებს გმირების ცხოვრებიდან;  ხან სახელოსნოს, ხან ფსიქიატრიულ ჰოსპიტალს და ხანაც პარიზულ ხალხმრავალ მოედანს თუ კაბარეს. ბალეტმეისტერი ყველა შემთხვევაში აკონტროლებს მაყურებლის აღქმას. ის ოსტატურად ანაცვლებს ამ სხვადასხვა სამყაროებს ერთმანეთს.  როცა მაყურებელი  „იღლება“ სტუდიური შემოქმედებითი სამყაროს იდუმალებით, სადაც მოცეკვავეთა სხეულებით „იძერწება“ როდენის ნამუშევრები,  ეიფმანი გვთავაზობს პარიზის ხალხმრავალ ქუჩებს თავისი დღესასწაულებით, რომელსაც  შემდეგ ანაცვლებს ფსიქიატრიული საავადმყოფოს მობინადრეთა უღიმღამო და ტრაგიკული ზმანებები.

ყველა სურათში იყო ბალეტმეისტერის გენიალური მიგნებები, ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ როგორ არ ვახსენო მოცეკვავეთა სხეულების „თიხიდან“ გამოძერწილი ქანდაკებები, როდენის  საქვეყნოდ ცნობილი ნამუშევრებისა?  ამისგან გამოწვეული ეფექტი მაყურებელთა დარბაზში რაღაც დარაზმული გარინდებით, სახტად დარჩენილი  სიჩუმესავით ისმოდა.  ასე სუნთქვა შეკრულები დავრჩით სპექტაკლის ბოლომდე. მხოლოდ ბოლო ტაშის დროს თითქოს გამოვისუნთქეთ მთელი შესუნთქული ჰაერი და  სახეზე ყველას განცდილის გაყინული ღიმილი, თუ  შემშრალი ემოციის კვალი გვქონდა აღბეჭდილი.

roden 6

იმ დღის ემოციამ სურვილი გამიჩინა ფესტივალ „თბილისი რიტმის“  დამფუძნებელი და  იმ საღამოს ინიციატორი,  ანი ლაღიძე, “ უფრო ახლო გავაცნო ჩემი ბლოგის და ჟურნალ “მუსიკის” მკითხველს.

 ჯულიეტადან ეიფმანამდე 

ანი+ეიფმანი

ანის ვეკითხები –  როგორი გზა განვლო  მან სულ დასაწყისიდან წარმატებულ არტ პროდიუსერამდე.  შედეგად მივიღეთ ანის საინტერესო და შესაშური ისტორია:

დაიბადა  რუსთაველის სახელობის თეატრის ცნობილი მსახიობის,   სოსო ლაღიძის ოჯახში.  რაც ნიშნავდა იმას, რომ  6 წლიდან რუსთაველის თეატრი მისი მეორე სახლი გახდა. გახდა. მას ყველაზე ნოვატორი რეჟისორის, რობერტ სტურუას ეპოქაში მოუხდა ცხოვრება. შეიძლება ითქვას, რომ სტურუას სპექტაკლებზე გაიზარდა. მშობლებთან ერთად ხშირად დადიოდა იმ წვეულებებზე, რომელიც რამაზ და ნატაშა ჩხიკვაძეების  ოჯახში იმართებოდა და სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ცნობილი მსახიობები, რეჟისორები თუ იმპრესარიოები იკრიბებოდნენ.  თეატრის მაგიით   ბავშვობიდანვე „მოიწამლა“ და მსახიობობაზე ოცნება დაიწყო.  უფრო კი კინომსახიობობაზე.  როდესაც სკოლის ასაკში ფრანკო ძეფირელის „რომეო და  ჯულიეტა“ პირველად ნახა, ნანახმა მასზე  იმდენად იმოქმედა, რომ საკუთარი თავი ჯულიეტას როლში წარმოიდგინა. იკეტებოდა  აბაზანაში, და სარკის წინ ასახიერებდა ჯულიეტას განცდებს, იმდენად, რომ ხშირად ცრემლებიც კი მოსდიოდა.

მიუხედავად ასეთი ემოციებისა, მშობლებმა მას ამ გატაცებაში ხელი არ შეუწყვეს.

მამამ, იცოდა რა ანის შეუპოვრობა და პირველობისადმი სწრაფვა, გააფრთხილა, რომ მსახიობის კარიერა ყოველთვის დამოკიდებულია დიდ რეჟისორებზე და მათ დამოკიდებულებაზე მსახიობისადმი. შესძლებდა კი ის საშუალო პოზიციებზე მშვიდობიანად არსებობას? მამისა და დედის რჩევას ანიმ დაუჯერა და დასავლეთ ევროპის ენების ფაკულტეტზე ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ინგლისური ენისა და ლიტერატურის განხრით, მაგრამ ხელოვნებისადმი ინტერესი არ შენელებია.

1998 წელს პაატა ბურჭულაძემ ანი მიიწვია თავისი ფონდის,  „ბრავოს“ მიერ გამართულ ღონისძიებებზე,   საერთაშორისო ურთიერთობების თანამშრომლად. სწორედ აქ ანიმ მთელი სიცხადით იგრძნო, რომ მას შეუძლია თავისი მომავალი სცენას უკვე სხვა მხრიდან დაუკავშიროს.

1998 წელს პაატა ბურჭულაძემ ამერიკიდან დაბრუნებული ანი მიიწვია თავისი სახელობის ფონდის მიერ ინიცირებულ ოპერის საერთაშორისო ფესტივალ „ბრავოზე“ საერთაშორისო ურთიერთობების თანამშრომლად. სწორედ აქ მან მთელი სიცხადით იგრძნო, რომ  შეუძლია თავისი მომავალი სცენას უკვე სხვა მხრიდან დაუკავშიროს.

„აი, მაშინ  ვუთხარი საკუთარ თავს, რომ  მართალია მსახიობი არ გამოვედი, მაგრამ ჩემი ცხოვრება მაინც  სცენას უნდა დავუკავშირო მეთქი.  სცენაზე  სხვა არტისტების  ვირტუოზულობამ და  მათ შემოქმედებითმა წვამ თანამონაწილე  გამხადა იმ ჯადოსნური პროცესის, რომელშიც სრულად ვტრიალებდი“.

­ ­ასე თანდათან,  ანი თავისმა ახალმა პროფესიამ –  არტპროდიუსერობამ,  ძალიან საინტერესო და სარისკო დეტალებით აღსავსე  ცხოვრების  ლაბირინთებში  ჩაითრია.

„ამის შემდეგ,  სურვილი გამიჩნდა მემოქმედა დამოუკიდებლად.  ჩამოვაყალიბე საპროდიუსერო კომპანია „თაგის არტი“, მოვიწვიე პროფესიონალი თანამშრომლები და  წავიდა კულტურულ პროექტებზე მუშაობა!”

„თაგის არტი,“ თავიდან  სამხატვრო გალერეის საქმიანიობით იყო დაკავებული. ლონდონში სოტბისის ინსტიტუტში მოკლე კურსის სწავლების შემდეგ, თბილისში დაბრუნებისას ანიმ საკუთარი გალერეა გახსნა. შემდეგ კი ამ კომპანიის ხუთმა გოგომ გარისკეს და პირველი პროექტი „სადაც ტანგო ჯაზს ხვდება“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში წარმოადგინეს.

„ჩვენ პირველებმა,  ურუგვაელი  ბანდონეონისტი რაულ ხაურენა ჩამოვიყავნეთ საქართველოში. ტანგოს მთავარი ინსტრუმენტი არის არა აკორდეონი, არამედ ბანდონეონი.

ერთ პროექტს მეორე დაემატა და ასე მოვედით აქამდე.  განვლილ გზას რომ ვუყურებ, ბევრი გულგატეხილობაც შემხვედრია, მაგრამ  დღევანდელი გადმოსახედიდან ასეც უნდა ყოფილიყო. ცხოვრებამ ადამიანი შემასწავლა თავისი სიკეთითა და ნაკლოვანებით. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს პროფესიაში არის ბალანსი. ადამიანებთან ურთიერთობის დაბალანსება გონიერებითა და ზომიერებით იმართება. ყველაფერს უნდა აკეთებდე სიმშვიდით. ამაში კიდევ რაღაც სხვა ძალა უნდა ჩართო, სხვა გამარჯვებაა! 

მერე იყო კაბოვერდელი სეზარია ევორა, არტურო სანდოვალი, ანიელო დესიდერიო, გონსალო რუბალკაბა, რიშარ გალიანო ექვსი განსხვავებული პროექტით. ხოაკინ კორტესის ფლამენკოს დასი თბილისსა და ბათუმში; ფრანგულმა ელექტროტანგოს ჯგუფ „გოტან პროჯექტმა“  თბილისში დაასრულა თავისი კარიერა  და ამ კონცერტს დავარქვით „უკანასკნელი ტანგო თბილისში“ და ბოლოს ეიფმანის პეტერბურგის თეატრი, წელს, უკვე მეოთხედ.

ყოველთვის ვირჩევ ისეთ პროექტს,  რომელშიც ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რომ გაამართლებს. შინაგანად თუ არ ვიგრძენი, რომ ის ჩემია, ხელს არ ვკიდებ. აი, ეს არის ჩემი მთავარი პრინციპი და წარმატების ფორმულა.  თუმცა ფიასკოც განმიცდია.“

„რატომ ეიფმანი,  თანაც უკვე მეოთხედ?“  ვეკითხები მე.  „აბა ვინ?!  როცა 21 -ე საუკუნეა!“  მოკლედ მპასუხობს ანი. ამ მოკლე პასუხის მაგიას მე უმალ ვწვდები და ვაზუსტებ შეკითხვას, მაინც როგორ მოხდა თქვენი დაკავშირება ერთმანეთთან?

„ეს ყველაფერი ქართველი მეცენატის, კონსტანტინე რიჟინაშვილს დამსახურებაა. ის  ბორის ეიფმანის ხელოვნების დიდი თაყვანისმცემელია, და ამავდროულად ახლო მეგობრობაც აკავშირებთ ერთმანეთთან. 2010 წელს კონსტანტინემ  გიორგი  ბაზღაძესთან ერთად დაარსა  „ხელოვნებისა და კულტურათშორისი დიალოგის საერთაშორისო ფონდი“, რომლის  საქმიანობა მიმართულია კულტურული და ჰუმანური ღირებულებების გაღრმავებაზე, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე. ფონდის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორისაა: თბილისის ღია კინოფორუმის დაარსება; ლატვიელი ნოვატორი რეჟისორის ალვის ჰერმანის „რიგის ახალი თეატრის“ თბილისური გასტროლის მხარდაჭერა; საგამომცემლო, საგანმანათლებლო და სხვა საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინიციატივები. ჩვენი საზოგადოების მიერ ეიფმანის შემოქმედებით აღფრთოვანება იწყება 2006 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში წარმოდგენილი ორი პექტაკლით – „მუსაგეტი“ და „რეკვიემი“.  სხვათაშორის, ეს  ვიზიტი დაემთხვა ჯორჯ ბალანჩინის ქანდაკების დადგმას თეატრის ეზოში ფონდის მეცენატების მიერ, რომელიც ამჟამად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წითელ ფოიეში არის განთავსებული.   მათივე შეკვეთითაა განხორცილებული შარდენის ქუჩასთან მდებარე,  სერგო ფარაჯანოვის ქანდაკება და ნიკო ფიროსმანის ქანდაკება სოფელ მირზაანში. ყველა ქანდაკების ავტორი კი იტალიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანი ვაჟა მიქაბერიძეა, მაგრამ მას იცნობენ, უბრალოდ პრასტოს სახელით. 

2013 წელს ფონდს ჩამოჰყავს ეიფმანის თეატრი  სპექტაკლით „ცოდვის მეორე მხარეს“ ფ.დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვების“  მიხედვით. ამ პერიოდიდან იწყება ჩვენი ჯგუფის  ჩართვა მენეჯმენტის კუთხით. ამას მოჰყვა 2016 წელს  ბალეტი „ანა კარენინა.“. ფონდის მესვეურნი, თავად ბორის ეიფმანი და მისი აღმასრულებელი დირექტორი იმდენად კმაყოფილი იყვნენ  ჩვენი მენეჯმენტით, რომ ბოლომდე გვენდნენ  და წელს „თაგის არტმა“  „როდენის“ გასტროლი სრულად წარმართა.

2017 წელს  „თაგის არტის“ ეგიდით ფესტივალი  „თბილისი რიტმი“ დავაარსე. ეიფმანის „როდენმა“ კი „თბილისი რიტმი“  2019 წლის“ სეზონი გახსნა.

როდესაც თბილისის ოპერისა და ბალეტის  თეატრთან  „როდენის“ ორდღიან საიჯარო თანხის კონტრაქტს ხელს ვაწერდი, მაშინ ჩვენ არცერთი თეთრი გვეჭირა ხელში. სულ  მეკითხებიან – ძირითადი სპონსორი არ გვყავდათ, არც სახელმწფიო პროგრამაში იყო შეტანილი  პროექტი,  შიშის გრძნობა თუ გქონდა? ვაიდა, არ ყოფილიყო სრული ანშლაგი, იმიტომ, რომ არავის არ ახსოვს, რომ ძვირად ღირებული სანახაობა, როგორიცაა საბალეტო დადგმა და თან ასეთი ქორეოგრაფის, მართლა ფინანსებზეა დამოკიდებული და გენერალური სპონსორის გარეშე  ეს ცოტა სარისკო იყო.  მაგრამ, ეიფმანზე როცა მუშაობ, და  თან გაქვს  პროექტის მართვის სწორი ხედვა, თუ როგორ მიიტანო ეს ყველაფერი საზოგადოებამდე  და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებამდე,  მაშინ  ყველანაირი შიში ქრება.  ასე გამოჩნდნენ ეიფმანის შემოქმედების ნამდვილი დამფასებლები და მხარდამჭერნი, ამ შემთხვევაში თბილისის მერია და  კერძო პირნი.  ჩვენ მადლიერი ვართ მათი გვერდში დგომით. შინაგანად მჯეროდა, რომ ეს პროექტი, მიუხედავად ბევრი სირთულისა, გაიმარჯვებდა.  ეს გამარჯვება პირველ რიგში  ჩვენი საზოგადოების დამსახურებაა, რომელმაც ყოველთვის იცის, უყვარს და აფასებს მაღალ ხელოვნებას.

  „თბილისი რიტმმა“ უკვე აიდგა ფეხი, მას თავისი საინტერესო ისტორი აქვს და იმედი მაქვს მომავალი თანამშრომლობა ბევრ სხვა ორგანიზაციასთან აუცილებლად შედგება.

ეიფმანის  „როდენზე“  ბილეთის შეძენა ყველასთვის ხელმოსაწვდომი იყო. დარბაზში  სოციალური ფენის ყველა წარმომადგენელი იყო.  ფასწარმოქმნის პროცესში, პირველ რიგში, გავითვალისწინეთ თუ რა ღირებულებას  ვქმნით ჩვენ მომხმარებლისთვის და რას გადაიხდის ის ამ ღირებულებაში. ფასის სტრატეგია შევიმუშავეთ  და დავიწყეთ ფასისმიერი გადაწტყვეტილებების სტრატეგიული განხორციელება. თუ მაღალ ხელოვნებას აჩვენებ მაყურებელს, ის აუცილებლად მოვა და დიდ თანხასაც გადაიხდის.  ელიტარული ხელოვნება ეს დიდი ფუფუნებაა.

ბორის ეიფმანთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა. ის ყველაფერს დაგიფასებს, თუნდაც ერთი სიტყვით. ჩვენ ხშირად გვქონია შემთხვევა,  რომ იმაზე მეტის გაკეთების სურვილი გვიჩნდებოდა, ვიდრე ეს კონტრაქტით იყო გათვალისიწნებული.  იგი ყველაფერს ხედავს და მადლიერი რჩება შენი მუშაობით. მუშაობის პროცესში პრობლემებს  არ იკარებ, მაგრამ მერე, პროექტის დასრულებისას ვხვდები, თუ რამდენი სირთულის გადალახვა მოგვიწია, სწორედ საყვარელი საქმისადმი თავდადების და ერთგულების წყალობით. ამ დროს  თავდადებულად იბრძვი, რომ შენს მიერ მოწვეულმა ხელოვანმა თავი მაქსიმალურად კომფორტში იგრძნოს. ეს არ ეხება მხოლოდ ეიფმანს, ეს არის ზოგადად ჩემი დამოკიდებულება ნებისმიერი იმ პიროვნების მიმართ, ვისაც ვარჩევ და ვიწვევ.

წელს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მე ეს ფესტივალი მივუძღვენი ჩემი მამის-კინოსა და თეატრის მსახიობ სოსო ლაღიძის ხსოვნას. ერთი წელი არ არის გასული მისი გარდაცვალებიდან და წელს „თბილისი რიტმის“ დროს მე მის ყოფნას  ყველა მხრიდან ვგრძნობდი და ისიც თითქოს უხილავად მეხმარებოდა. სცენა ხომ მან შემაყვარა. მე გენიალური მამა მყავდა….

ახლო მომავალში პეტერბურგში მომიწევს წასვლა. ვალდებულიც  ვარ  ვნახო ეიფმანის ძველი თუ ახალი დადგმები. ეიფმანის ყველა დადგმა შედევრია. ალბათ  მომავლისთვის უფრო ვიფიქრებთ ორ სპექტაკლზე „პიგმალიონის ეფექტი“ და  „ჩაიკოსვსკი“.  დიდი  ხანია მოლაპარაკებას ვაწარმოებ ცნობილი აფრო-კუბური ჯგუფის „ირაკერეს“ დამაარსებლის და ცოცხალი წევრის, ჩუჩუ ვალდესის მოწვევაზე.  „თბილისი რიტმის“ 2019 წლის სეზონს ძალიან საინტერესო მუსიკოსი დახურავს. მასზე მალე გაიგებთ.

ავტორისაგან

პ.ს. მე ვეთანხმები ბალერინა მედეა ნემსიწვერიძეს, რომ „როდენის“ ბალეტის შესახებ ემოციის გამოხატვა  ძალიან ძნელია სიტყვებით.  შეგიძლია მხოლოდ აღწერო –  რა, როგორ, ან რის შემდეგ ხდებოდა სპექტაკლში. ასეთი რეცენზიები კი „როდენის“  შესახებ  მრავლად იყო, როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში.  ვფიქრობ ბორის ეიფმანიც დამეთანხმება ამაში, რადგან ვლადიმერ პოზნერთან ინტერვიუში მან   განაცხადა:

 „სხვა საბალეტო თეატრებისგან განსხვავებით, ჩვენ ყოველთვის მივისწრაფოდით  იმისკენ, რომ გაგვეხსნა გმირის შინაგანი სამყარო, მისი სულიერი ტანჯვანი ქორეოგრაფიის, სხეულის მოძრაობის ენით. ამას სიტყვებით ვერ მოყვები. ჩვენ არ ვტკბებით საცეკვაო ელემენტების სილამაზით, ჩვენთან არის გმირის შინაგან სამყაროში ფსიქოლოგიური ჩაღრმავება,  ამიტომ, როდესაც მე მიწევს ბალეტის სინოფსისის დაწერა ეს არის ჩემთვის კატასტროფა!   მაყურებელი  სპექტაკლის დროს სტრიქონებს შორის კითხულობს ჩვენს მიერ ჩადებულ შინაარსს და მსახიობებს თანაუგრძნობს,  ღელავს, ტირის.  New-York Times -ის  ამერიკელმა კრიტიკოსმა,   Clive Barnes  – მა ასე გამოხატა თავისი ემოცია: ‘ეიფმანის სპექტკალი არის ის მაგია.  რომელიც  გულში  მიგყვება  როგორც დაუვიწყარი მელოდია! ‘  მომეწონა ასეთი შედარება!

მეც  ძალიან მომეწონა ასეთი ინტერპეტაცია და  დაინტერეებულ მკითხველს ვთავაზობ ბალეტზე  „როდენი, მისი მარადი კერპი“ მეტი ინფორმაციის მისაღებად მიმართოს ინტერნეტ რესურსებს,  თუმცა უკეთესი იქნება თუკი დაესწრება  ბორის ეიფმანის დასის  მომდევნო გასტროლს თბილისში, ამაში კი ანი ლაღიძე და მისი „თბილისი რიტმ“ ფესტივალი მას აუცილებლად დაეხმარება.

roden 4

 ფოტო  მასალა ეკუთვნის თათია ისაკაძეს. 

 

 

 

About nargiz

love music and not only this
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი