მერი დავითაშვილის და ანა კალანდაძის საიუბილეო კონცერტი ანუ, მანანა დავითაშვილის „გედის სიმღერა”


 

Image-2

 

2019 წლის 12 დეკემბრის კონცერტისათვის მზადება,  მანანამ  წელიწადნახევრით ადრე დაიწყო.  პარალელურად  სხვა პროექტშიც მონაწილეობდა და მძიმე სენსაც ებრძოდა. ებრძოდა ჩუმად,  ისე, რომ ჩვენ ვერც ვხვდებოდით, თუ რამდენად სერიოზულად ჰქონდა საქმე.

მოხდა ისე, რომ მანანა დავითაშვილმა,  თავისი ბოლო,  და ბოლოს წინა  პროექტის მონაწილე  მეც გამხადა,  ორივეჯერ კონცერტის რეჟისორის რანგში.

ბოლოს წინა,  ჩატარდა 2019 წლის აგვისტოში ბათუმში, სადაც  ლიანა ისაკაძის მიერ დაფუძნებული „ღამის სერენადების“  ერთი კონცერტი მანანა დავითაშვილის ჩანაფიქრის მიხედვით,  გამოჩენილი ებრაელი ალტისტის,  რუდოლფ ბარშაის,   95 წლის იუბილეს მიეძღვნა და ეს კონცერტი ბათუმის პუბლიკამ, ისევე როგორც თბილისის მსმენელმა,   2014 წელს,   დიდი სითბოთი  მიიღო.

ბოლო, 12 დეკემებრის  კონცერტი  კი,  მანანასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის  იყო  მიძღვნილი ორი ქალბატონის, ქართული კულტურის მუსიკისა და პოეზიის ნამდვილი დედოფლების,  კომპოზიტორ  მერი დავითაშვილის და ანა კალანდაძის 95 წლისთავისადმი.    არ იყო  იოლი ამის გაკეთება. ბევრ ძალისხმევასა და ფინანსურ მხარდაჭერას მოითხოვდა.  მანანამ   ეს ყველაფერი მოასწრო, მხოლოდ კონცერტამდე სიცოცხლე არ დასცალდა. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

კომპოზიტორ მერი დავითაშვილის რძალი, თამარ კვანტალიანი მერი დავითაშვილის არქივს ალაგებდა. მან იქ აღმოაჩინა უამრავი ცალკეული რომანსი, რომელიც ანა კალანდაძის ლექსებზე ჰქონდა კომპოზიტორს დაწერილი.  ასევე, ორი კრებული, ოთს და ხუთ რომანსად გაერთიანებული.  თამარს  იდეა მოუვიდა,  რომ    საიუბილეოდ უფრო სრული კრებული გამოეცათ ამ ორი ავტორის, მითუმეტეს, რომ ისინი ერთ სკოლაში სწავლობდნენ, ტოლები ყოფილან და საერთო 95 წლის იუბილე  ახლოვდებოდა.  თამარისვე იყო  იდეა,  რომ მხატვარ ქეთი მატაბელს გაეფორმებინა  ეს სანოტო კრებული.  ამრიგად,  პოეზიასა და მუსიკას ამ ჩანაფიქრში,  ორიგინალური მხატვრობაც მიემატა.  თამრიკოს (როგორც ჩვენ ყველანი მას ვეძახით), მერის და ანას საიუბილეოდ კონცერტის ჩატარებაც უნდოდა, მაგრამ ეს ყველაფერი მიუწვდომლად მიაჩნდა, მანამ,  სანამ მან რჩევისათვის  მანანა დავითაშვილს არ მიმართა. მანანამ ეს იდეა უმალვე აიტაცა,  სანოტო კრებულის  გამოცემაც ითავა და პრეზენტაციისთვის,   კონცერტის გამართვაზეც, წელიწადნახევრით ადრე დაიწყო მზადება.

რასაკვირველია, საორგანიზაციო  ჯგუფს გვერდში დაუდგა მერი დავითაშვილის ოჯახი – მამუკა დოლიძე და თამრიკო კვანტალიანი.  სანოტო კრებულის შესავალი სიტყვა და 20 რომანსიდან,  10 ლექსის ინგლისურად თარგმანი, მამუკამ თავად იკისრა. 10 ლექსი, კი პრემია „საბას“ მფლობელმა, ინგლისური ენის ბრწყინვალე მცოდნემ,   ლელა დუმბაძემ  ითავა . ძალიან მნიშვნელოვანია, იმის აღნიშვნაც, რომ  მანანას იდეით,  რომანსებს ნოტებში, ქართულ ტექსტთან ერთად,  ახლავს ლათინური ასოებით დაწერილი ქართული სიტყვები, ისე, რომ ამ რომანსების შესრულება მთელ მსოფლიოში ნებისმიერ მომღერალს  შეუძლია. მანანას სურვილი იყო,  მერი დავითაშვილის  რომანსების კრებული საქართველოს საელჩოებში საზღვარგარეთ  საჩუქრად გაეგზავნათ და ამ გზით,  ქართული კულტურის ამ ჟანრისათვის  მეტი აუდიტორია გაეჩინა.

ამისთვის,  მან ფინანსური დახმარების აღმოსაჩენად,   ორ სახელმწიფო უწყებას  მიმართა – კულტურის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიას. მადლობა მათ, რომ მართლაც დააიფინანსეს  ასეთი საინტერესო წამოწყება,  მაგრამ  საბოლოო დადებითი პასუხი  მანანამ, ღონისძიებამდე თვენახევრით ადრე მიიღო,   იმ დროს,  როდესაც მას უკვე  საოპერაციოდ ამზადებდნენ. მანანას   ბოლო სიტყვები ყოფილა:  „ჩაატარეთ, აუცილებლად ჩაატარეთ!   შეიძლება მე კონცერტზე  ვერ მოვიდე, მაგრამ გთხოვთ, გააგრძელეთ!“

ამის შემდეგ,  მანანა ექიმებმა დააძინეს და ასე სიმშვიდეში დალია მან სული, ისე, რომ ოპერაციის გაკეთება ექიმებმა ვერც კი მოასწრეს…

IMG_3692

მანანას გარეშე თავიდან წარმოუდგენელი იყო „დაობლებული“  ჯგუფისათვის იმდენი  ძალისხმევა გამოეჩინათ,  რომ ყველაფრისათვის  თავი მოებათ. ამისათვის,  დიდი მადლობა ჯგუფის მენეჯერს,  ნინო უშიკიშვილს, მანანას ძმას,  ვაჟა დავითაშვილს, მხატვარ – დიზაინერ, ქეთევან გოგავას  და რაც მთავარია, კონცერტმეისტერ, ვიქტორია ჩაპლინსკაიას. ამ უკანასკნელმა ძალიან მოკლე დროში,  ორ ახალგაზრდა მომღერალ სოპრანოს – თინათინ მამულაშვილს და ირინა თაბორიძეს შეასწავლა 15 რომანსი!

81149922_736003853556969_1772068562475679744_o

ფოტოზე: კონცერტმეისტერი ვიქტორია ჩაპლინსკაია და მომღერალი ირინა თაბორიძე. 

კონცერტიდან ფოტოების ავტორი – ილია ბაბურაშვილი.

დანარჩენი 3 რომანსი,  (სულ უნდა შესრულებულიყო გამოცემული 20 – დან 18)  როგორც ჩაფიქრებული იყო,  უნდა ემღერა მსოფლიოში სახელგანთქმულ ბარიტონს, გიორგი გაგნიძეს. ის უკვე ემზადებოდა დიდი ხნით ადრე კონცერტამდე და ბოლომდე არ უღალატია ამ მოვლენისათვის. თავიდან მანანას,  უცხოეთში მოღვაწე სხვა ქართველი სოპრანოები  უნდოდა,  იცოდა, თუ როგორ დაამშვენებდნენ ისინი კონცერტს, მაგრამ სამწუხაროდ,  ჩვენი გამოჩენილი ქალბატონი მომღერლები,  საშობაოდ სუყველა დაკავებული აღმოჩნდა და  რომ არა,  ვიქტორია ჩაპლინსკაიას ძალისხმევა,  ასეთ მაღალ დონეზე,  ახალგაზრდა მომღერლების მონაწილეობით  კონცერტი ვერ შედგებოდა.

81018985_736011903556164_8281037687918428160_o

ფოტოზე: მომღერალი თინათინ მამულაშვილი და კონცერტმეისტერი ვიქტორია ჩაპლინსკაია.

ძნელია ისაუბრო კონცერტზე, რომლის რეჟისორიც თავად ვიყავი.  კონცერტის დროს კულისებში ვიჯექი და იქიდან  რა თქმა უნდა, უფრო ცუდად  მესმოდა, ვიდრე დარბაზში მსხდომთ, მაგრამ იქიდანაც ვგრძნობდი დარბაზის მხარდაჭერას,  თუ როგორ უსმენდნენ და ვფიქრობ, რომ ამით,  მანანაც  კმაყოფილი დარჩებოდა.

91b4bfc2-db1c-40dd-830e-4f62a9781887

ფოტო კულისებში. მარჯვნიდან: ვიქტორია ჩაპლინსკაია, ბარიტონი გიორგი გაგნიძე, კონფერანსიე ლიკა ბურკიაშვილი, მევიოლინე ქეთი თავშავაძე და ცენტრში, თქვენი მონა მორჩილი. 

ამ საღამოზე,  გარდა რომანსებისა,  გაჟღერდა ანა კალანდაძის ყველა ის 18 ლექსი, რომელიც შესრულდა კონცერტზე  და მისი წაკითხვა ახალგაზრდა მსახიობმა,  გიორგი ჩაჩანიძემ,   ფაქტიურად  ერთ   დღიანი  რეპეტიციის ვადებში,  ჩინებულად მოახერხა. დიდი მადლობა მას ამისთვის!

80799927_736003576890330_1818396587991236608_o

საღამოს სულ დასაწყისში,  მაყურებელს ვაჩვენეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის  პირველი  არხის არქივში ნაპოვნი ვიდეო მასალა, რომელიც 1995 წელს,  მუსიკისმცოდნე, ნანა ლორიას  მერი დავითაშვილის შესახებ მოუმზადებია. გადაცემის ერთ  ფრაგმენტში ნანა ლორიამ მოახერხა  მერი დავითაშვილის  და ანა კალანდაძეს  ერთად გადაღება –  უკვე ასაკოვანი ქალბატონები  ესიყვარულებიან ერთმანეთს  და იქვე  იგონებენ სკოლის წლებს;  ისინი თურმე ქუთაისში, ერთ სკოლაში სწავლობდნენ.  ეს უნიკალური კადრები არქივიდან გახდა მთელი საღმოს ემოციური მუხტის საწინდარი.  დიდი მადლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს,  ვასილ მაღლაფერიძეს,  ამ საქმეში დახმარებისათვის.

კონცერტის დასასრულს, როგორც გითხარით,   გიორგი გაგნიძემ შეასრულა 3 რომანსი. მის გამოსვლას, როგორ ეს მოსალოდნელი იყო,  პუბლიკის დიდი აღფრთოვანება და  მხარდაჭერა  მოჰყვა. გიორგის ხმაში არის ის ჯადოსნური ტემბრი, რაც მას მთელს მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო სცენებზე მუდმივ მოთხოვნილებას იწვევს. მისი იაგო აღიარებულია „ნიუ-ორკ ტაიმსის“  მიერ თანამედროვე დროის საუკეთესო  შემსრულებლად. ასევე განთქმულია მთელს მსოფლიოში  მისი რიგოლეტოს პარტია. სახიარულოა, რომ მანანასთვის  წელიწად ნახევრით ადრე  მიცემული პირობა, გიორგიმ არ დაარღვია და ამ საღამოს ნამდვილი მშვენება გახდა!  აღსანიშნავია, რომ იმ საღამოს,   რომანსი „მტერს უტევდა“,  გიორგი გაგნიძემ 2008 წლის ომში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს მიუძღვნა.

81939591_736032786887409_2873578419491176448_o

ფოტოზე: მსოფლიოში სახელმოხვეჭილი ქართველი ბარიტონი, გიორგი გაგნიძე. 

საღამოს დასასრულს,   მონაწილეობა მიიღო კონსერვატორიის სტუდენტთა გუნდმა, (ხელმძღვანელი ლია ჭონიშვილი), რომელსაც დირიჟორობდა სტუდენტი- ბაკალავრი, ანა უსტიაშვილი.  მათ დიდი აღმაფრენით  შეასრულეს ჯერ ა კაპელა გუნდი,   „არაგვს ზემოთ, არაგვს ქვემოთ“ და შემდეგ  კი გიორგი გაგნიძესთან  ერთად სიმღერა,   „ჩემი სამშობლოს დილა“, რითაც საზეიმო და ამაღლებულ ნოტაზე  დასრულდა მთელი კონცერტი.

81592900_736032490220772_5552821358523580416_o

გარდა მუსიკალური და პოეტური ნომრებისა,  კონცერტის მსვლელობისას,  მოგონებებით გამოვიდნენ მუსიკისმცოდნე  დოდო გოგუა, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე.  მაყვალა გონაშვილი, მწერალი  მზია ხეთაგური, კომპოზიტორი  კახა ცაბაძე და  იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიის  წინამძღვარი,  მამა ადამი.  ამ უკანასკნელმა გააოცა ყველა თავისი ერუდიციიათ  და თანამედროვე მუსიკის ცოდნით. ყველა გამომსვლელის მოგონება მართლაც იყო უნიკალური და ღრმა ემოციებით სავსე.  დიდი მადლობა ყველა მათგანს გულწრფელი  თხრობისათვის!  დასასრულს, სამადლობელო სიტყვით სცენაზე ავიდა მერი დავითაშვილის ვაჟი, მწერალი, მამუკა დოლიძე.  მან სანოტო კრებულების პირველი ეგზემპლარები საჩუქრად გადასცა ანა კალანდაძეს ძმისშვილს და მანანა დავითაშვილის რძალს.

Anas dzmisshvili

ფოტოზე: მამუკა დოლიძე და ანა კალანდაძის ძმისშვილი.

დანარჩენი ეგზემპლარები, რომელიც 500 ცალის რაოდენობით დაიბეჭდა, უასასყიდლოდ გადაეცემა ბიბილიოთეკებს, როგორც თბილისში, ასევე  რეგიონებში და ამ ჟანრით დაინტერესბულ ყველა პროფესიონალ მუსიკოსს.  უნდა აღინიშნოს, რომ ამ სანოტო კრებულს ახლავს აგრეთვე დისკი, რომელზედაც ნოტებში დაბეჭდილი 20-ვე რომანსია ჩაწერილი, კონცერტში მონაწილე მუსიკოსების მიერვე.  ესეც მანანა დავითაშვილმა წინასწარ ჩაიფიქრა და კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე, მუსიკოსებმა სპეციალურად  ჩაწერეს. დიდი მადლობა ამ ჩანაწერის პროფესიონალურად მომზადებისათვის, კონსერვატორიის  დიდი დარბაზის  დირექტორს,  პავლე კვაჭაძეს!

ქვევით ფოტოზე: საიუბილეო სანოტო კრებულის ყდა, გაფორმებული ქეთი მატაბელის მიერ.

 

Meri, Ana, Keti _ Y d a (Ganashali)'''_2 (1)

78828937_465503627291679_8650182859924963328_n

დისკის დიზაინი ეკუთვნის მხატვარ, ქეთევან გოგავას. 

კონცერტის შემდეგ, როდესაც მონაწილეები მოლოცვებს იღებდნენ,  ქ-ნ ვიქტორია ჩაპლინსკაიასთან მისულა სახელგანთქმული ლოტბარი, ანზორ ერქომაიშვილი და უთქვია:  „დიდი მადლობა, რომ ასეთ კონცერტზე მომიპატიჟეთ და არ გამომტოვეთო!“  მართლაც, დარბაზი სავსე იყო მუსიკალური ელიტით.  დასწრება თავისუფალი იყო და ზედა იარუსებზე უამრავი ახალგაზრდა მსმენელი იყო მოსული, რაც საერთო ემოციური  მუხტის გაძლიერებას უწყობდა ხელს,  მთელი საღამოს განმავლობაში.

ამ საღამოს  იღებდა საპატრიარქოს ტელევიზიის მუსიკალური რედაქციის ხელმძღვანელი, ია საკანდელიძე და მადლობა მას, რომ ამ კონცერტს მომავალში კიდევ უფრო დიდი აუდიტორია,  ტელემაყურებლის სახით  ეყოლება. სამწუხაროდ, ამ კონცერტს ვერ დაესწრო სანოტო კრებულის მხატვარი, ქეთი მატაბელი, რომელიც გერმანიაში სამკურნალოდ იყო წასული, მაგრამ მისი ორიგინალური ნამუშევრები, რომლითაც გაფორმდა ეს საიუბილეო კრებული, კონსერვატორიის ჰოლში იყო გამოფენილი და ყველას შეეძლო მათი დათვალიერება,  თუმცა კონცერტის მსვლელობის დროს,  ჩვენ  მაყურებლისათვის ყველა რომანსის შესაბამის ილუსტრაციას ეკრანზეც  ვუშვებდით.  ამგვარად, ამ საღამოს,  მაყურებელს  სამ  განზომილებიანი პერფორმანსი – მუსიკის, პოეზიის და მხატვრობის  ხელოვნებით  ტკბობა  შევთავაზეთ.

რაც შეეხება მერი დავითაშვილის მუსიკას –  როგორც მუსიკისმცოდნემ,  მინდა ავღნიშნო,  რომ ჩემთვის ეს  ნამდვილი აღმოჩენა იყო!  მისი რომანსები, მუსიკალური  გამომსახველობის ხერხების მხრივ , დღევანდელობასთან  მიმართებაში არის ძალიან აქტუალური და თანამედროვე.  ჩემი წინასწარი ეჭვები –  იქნებ  მოსაწყენი ან დაძველებული  იქნებოდა მოსასმენად,  საბედნიეროდ არ გამართლდა!  მესმის, რომ საზოგადოდ ძნელია, ერთ საღამოში ასეთი რთული ჟანრის,  როგორიცაა კამერული რომანსების დიდი რაოდენობით მოსმენა, მაგრამ ასეთი იყო მანანა დავითაშვილის სურვილი – კრებულში შესული თითქმის ყველა რომანსის გაჟღერება და ჩვენ ეს კურსი აღარ  შევცვალეთ. ვიმედოვნებ, რომ რადგანაც დარბაზის დამსწრე საზოგადეობაში,  უმეტესად პროფესიონალი მუსიკოსები იყვნენ,    მათაც არ გაუჭირდებოდათ ამ მონო ჟანრის ერთ საღამოში აღქმა,  მითუმეტეს,  რომ მუსიკა  გაჯერებული იყო  ლექსებითა  და მოგონებებით,

ვფიქრობ,  მანანა დავითაშვილი ძალიან ბედნიერი იქნებოდა იმ საღამოს.  ნათელი დაადგეს მის ხსოვნას!

IMG_3726

ფოტოზე: მანანა დავითაშვილისადმი მიძღვნილი მემორიალური კუთხე კონსერვატორიის დიდი დარბაზის ფოიეში, კონცერტის დღეს. 

აქ  კი,   არ შემიძლია მოკლედ არ მოვიგონო მის მიერ ამ კონცერტამდე გაკვალული საინტერესო მოღვაწეობის  გზა:

ის იყო ლიანა ისაკაძის ფესტივალის,  „ ღამის სერენეადების,“  უცვლელი ორგანიზატორი წლების განმავლობაში.  მე თვითონ დავსწრებივარ რამდეჯერმე გონიოსა და ბათუმში ამ ფესტივალს  და ყოველთვის ძალიან კმაყოფილი  წამოსვულვარ კონცერტებიდან.  ამის პარალელურად,  მან ჩაიფიქრა და მეგობრებთან ერთად საფუძველი ჩაუყარა მუსიკალურ ფესტივალს,  „აღდგომიდან ამაღლებამდე. “  გარდა ამისა,   არა ერთი ცალკეული  საღამო მიუძღვნა საზღვარგარეთ მოღვაწე,  ქართველი მუსიკოსების საქართველოში მოპატიჟებას და მათი მონაწილეობით კონცერტების გამართვას.  მასვე ეკუთვნის,  წარმოშობით დაღესტნელი,  თბილისელი მხატვრის  და ოქრომჭედელის,  მანაბა  მაგომედოვას   ნამუშევრების წიგნის გამოცემა.   მოგვიანებით კი მანაბას, ნანი ბრეგვაძის და სოფიკო ჭიაურელის ერთობლივი  მონაწილეობით კალენდარის გამოცემაც.  აი,  ასეთი მრავალეფეროვანი იყო მისი ინტერესების სფერო.

და ბოლოს,  არ შემიძლია არ გავიხსენო ჩემი და მანანას ერთობლივი მუშაობის სულ პირველი პროექტი: ეს იყო საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების 34 წლისთავის იუბილე, რომლის  ორგანიზაციაც  პატრიარქის ფონდმა ითავა, ლაშა ჟვანიას მეთაურობით. სწორედ მანანა იყო საორგანიზაციო ჯგუფში და მან შესთავაზა ამ საპატიო საღამოსათვის. ლაშას, ჩემი, როგორც რეჟისორის კანდიდატურა.

ძალიან საპასუხისმგებლო საქმე იყო და ყველანი ვღელავდით.  ჩავიფიქრეთ, რომ პატრიარქისგან ინტერვიუ აგვეღო და კონცერტის დროს გაგვეშვა მუსიკალურ ნომრებს შორის. პატრიარქი მაშინ ძალიან დაკავებული იყო, ხან წასული იყო საზღვაგარეთ, ხანაც  სხვა ბევრი  საქმე ჰქონდა და ბოლოს, როდესაც როგორც იქნა,  დაინიშნა  ამ ინტერვიუს დღე, (12 დღით ადრე კონცერტამდე),  ზუსტად ამ დღეს  მე დამეწყო  სერიოზული გრიპი და ასე გრიპიანი წავედი პატრიარქთან ინტერვიუს გადასაღებად. მერე,  მოგვიანებით ლაშამ ჟვანიამ ხუმრობით მითხრა, ჩვენ ისე ვუფრთხილდებით პატრიარქს, ცივ ნიავს არ ვაკარებთ და გაციებულ ადამიანებს მითუმეტეს!   რომ მცოდნოდა შენი ამბავი, ალბათ შენც ვერ მიგაკარებდითო! კიდევ კარგი,  პატრიარქი გადაურჩა მაშინ ჩემგან ავად გახდომას და ძალიან საინტერესო ექსკლუზიური საუბარი გამოგვივიდა, რითაც მთლიანი კონცერტი უფრო ემოციური გამოვიდა.  ეს იყო 2011 წელი. მოგვიანებით,  მე ამ ინტერვიუსგან დოკუმენტური ფილმი ავაწყვე, რომელმაც წმინდა ანდრიას სახელობის ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2012 წელს,  ერთ-ერთი მთავარი ჯილდო მიიღო!  ეს ყველაფერი მანანას დამსახურებით მოხდა!

2019 წლის დეკემებრში  კი, როგორც გითხარით, მე და მანანას ერთობლივი მუშაობის  ბოლო საღამო შედგა. სულ 8 წელი გაგრძელდა  ეს ჩვენი საინტერესო ტანდემი. ერთხელ,  2012 წელს მან მთხოვა, მოდი,  ფესტივალ „აღდგომიდან „ამაღლებამდე“ ყველა კონცერტზე წამოგვყევი და ჟურნალ „მუსიკაში“  დაწერე სტატიაო.  მართლაც  მაშინ შევუსრულე ეს თხოვნა და გავყევი ფესტივალს,  როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

დღეს რომ გადავხედე ამ სტატიას, რომელიც ჟურნალ მუსიკის 2012 წლის # 3 ში გამოქვეყნდა, მე თვითონაც გაკვირვებული დავრჩი, რამდენი მოვლენა და საერთაშორისო გამომსვლელი მონაწილეობდა  მაშინ, იმ ფესტივალში,  რამდენი საქართველოს კუთხე მოიარა მან! მარტო სოსო ბარდანაშვილის შემოქმედებითი საღამოები ქუთაისსა და ბათუმში რად ღირს! (მასთან ძალინ საინტერესო ინტერვიუთი ამ სტატიაში)  ანდა,  ამერიკიდან გიორგი ვაჩნაძის, ალექსანდრე კორსანტიას და ედიშერ სავიცკის ჩამოყვანა! ჰოლანდიიდან კლარნეტისტ ლევან ცხადაძის, ხოლო ბელგიიდან დირიჟორ ვახტანგ მაჭავარიანის მოწვევა! ლონდონიდან სახელგანთქმული კონტრტენორის,   იანივ დ’ორის და ნიუ-ორკიდან წარმოშობით სომეხი, მაგრამ ძირით თბილისელი,  გამოჩენილი ვიოლონჩელისტის, სურენ ბაგრატუნის მოწვევა.  ნანა მირიანი (ქართველიშვილი) სპეციალურად ჩამოვიდა პრაღიდან, რათა ვაჟა ჩაჩავას საიუბილეო კონცერტში მიეღო მონაწილეობა.  კომპოზიტორმა, ოთარ ტატიშვილმა თავისი  ახალი ნაწარმოების,  „ამაღლება“ დაამთხვია ერთ-ერთ  ფესტივალის კონცერტს.  აგრეთვე სულ ახალგაზრდა პიანისტის, მაშინ ახალი ვარსკვლავის,  ხორვატიელი ალიოშა იურინიჩის მოწვევა , თავისი რომანტიული რეპერტუარით.  ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენი რამ მოხდა იმ ფესტივალზე!   მართლაც, იმ სტატიაში მე მთელი ფესტივალი  დაწვრილებით ამიწერია  და საბედნიეროდ, დღეს ეს მოვლენა მომავალი თაობებისათვის ჟურნალ „მუსიკის“ ციფრულ ვერსიაშიც  არის შემონახული.   იხ. ჟურნალი „მუსიკა“ 2012 წ  #3:  http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/6348/1/Musika_2012_N3.pdf

შეგიძლიათ იგივე სტატია, აგრეთვე  იხილოთ   ჩემს ბლოგში  კლასიკური მუსიკის შესახებ:  https://klasikurimusika.wordpress.com/2012/08/10/%e1%83%9b%e1%83%94-7-%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%93%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90/ )

რამდენი ასეთი ფესტივალი ჩაატარა მანანამ და მისმა  ჯგუფმა, რომელიც ბეჭდურ მედიაში  არსად გაშუქებულა და დღეისათვის, მხოლოდ საჯარო ბიბლიოთეკაში შემონახული პროგრამებით თუ დაფიქსირდა  ჩვენი ქვეყნის  კულტურის ისტორიაში!  დასანანია მართლაც, რომ კლასიკურ მუსიკას ნაკლებად აშუქებს  ბეჭდური მედია.   სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია,  რომ კლასიკური მუსიკა საქართველოში დღეს გახდა მხოლოდ ძალიან ვიწრო,  პროფესიონალური  წრის ინტერესების,  ერთგვარ ელიტარულ სფეროდ. ამიტომაც მედიის  მხრიდან  (აღარაფერს ვამბობ სატელევიზიო სივრცეზე) მას ნაკლები ან  სულაც არავითარი ყურადღება ექცევა, თუ არ ჩავთვლით ნიუსებში წამებით მოხსენიებას.   ერთადერთი ოაზისია ამ მხრივ,  სახელმწიფო  რადიოს  პირველი არხის გადაცემები  –  „კლასიკა ყველასათვის“ და მარიკა ჩიჯავაძის „კადენცია“.  თუმცა იმათაც,  წლიდან წლამდე სულ უფრო ნაკლები მხარდაჭერა ჰქონიათ ხელმძღვანელობისგან. ერთადერთი,  ჟურნალი „მუსიკა“ კი წელიწადში მხოლოდ ოთხი ნომერი გამოდის. მას კულტურის სამინისტრო აფინანსებს.  მართალია,  დიდი მადლობა მას, მაგრამ ამ დაფინანსებაში საერთოდ არ შედის არც ავტორების და არც დისტრიბუციის ხარჯები. ამის გამო, ამ ჟურნალს ვერ აწვდიან ვერც მუსიკალურ სკოლებს და ტექნიკუმებს და ვერც მერიის ბიბლიოთეკებს…  გაყიდვის უფლება კი რედაქციას არ აქვს. ასე, რომ დევს ეს ჟურნალები, ზოგჯერ ყველასაგან მივიწყებული, კომპოზიტორთა კავშირში და ამიტომაც,  დიდი მადლობა ეროვნულ საჯარო ბიბილიოთეკას, რადგანაც  მათი დახმარებით ყველა ნომერი იციფრება და ასე  ხდება ინტერნეტით მისაწვდომი ყველასათვის!

მაპატიეთ ეს მცირე გადახვევა ჩემს პროფესიონალურ სატკივარზე.

დავუბრუნდები ჩემი რეცენზიის ერთ-ერთ  მთავარ თემას – ანუ, მანანა დავითაშვილის ღვაწლს მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში.  ფესტივალ, „აღდგომიდან ამაღლებამდე“  სულის ჩამდგმელი  თავად მანანა დავითაშვილი იყო. მას სჯეროდა, რომ მისი ნათესავის,  ცნობილი ქართველი ემიგრანტების შთამომავალი,  აკაკი რამიშვილის დანაბარები ზედმიწევნით უნდა შეესრულებინა.

გთავაზობთ ფრაგმენტს მანანა დავითაშვილის  ინტერვიუდან.    ჩაწერილი და გამოქვეყნებულია  2012 წელს.

მანანა დავითაშვილი:

„ფესტივალის იდეის იმპულსი მომცა ჩემი ნათესავის, აკაკი რამიშვილის, სურვილმა. აკაკი რამიშვილი იყო დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის ვაჟი, რომელცი 4 წლის ასაკში წაიყვანეს საქართველოდან და მთელი ცხოვრება ემიგრაციაში გაატარა. თუმცა, როგორც მან მითხრა, ერთი დღე არ ყოფილა საქართველოს გარეშე. მისი ფიქრები, მისი იმედები, მისი პერსპექტივები და ოცნებები ყოველთვის დაკავშირებული იყო საქართველოსთან.

ეს იყო ადამიანი, რომელმაც სულ სხვანაერად დამანახა ჩემი სამშობლო! სულ სხვანაერად შემაყვარა ჩემიანები.ძალიან ფართე გაქანების, ფართე აზროვნების ადამიანი იყო. როდესაც მე მას დავუახლოვდი ის  უკვე მოხუცი იყო,  მაგრამ ამავე დროს იყო ჩემზე ახალგზრდა. სულ 3 ჯერ მოვახერხე მისი ნახვა. ბოლოს, 3 დღით ადრე გარდაცვალებამდე ვნახე და მაშინ მთხოვა: „ისეთი საქმე წამოიწყეო, რომელიც წელიწადში ერთხელ ქართველებს მთელი მსოფლიოდან ჩამოიყვანს სამშობლოში“.  ეს ახლა არის წასვლაწამოსვლა ძალიან ადვილი, მაგრამ მაშინ, 2000 წელსაც კი,  ეს ძალიან დიდი პრობლემა იყო.

აკაკი რამიშვილის გარდაცვალების შემდეგ მე დავიწყე ფიქრი მის ამ იდეაზე, მე მომივიდა თავში დამეფუძნებინა  მუსიკალური ფესტივალი, რომელიც აღდგომის დღესასწულთან იქნებოდა მისადაგებული. 2006  წლამდე ამ იდეას ხორცშესხმა არ ელოდა. 2005 წელს მე საქართველოს კათოლიკოპატრიარქს შევხვდი, რათა ამ ფესტივლის კურთხევა მიმეღო. პატრიარქმა ძალიან დიდი ყურადღებით მომისმინა და მითხრა: „რასაკვირველია მე დავლოცავ ამ კეთილშობილური საქმის წამოწყებას! მითუმეტეს, რომ მე და მუსიკა ხომ ერთად დავიბადეთ?“ ამ სიტყვებით გამომისტუმრა  და როდესაც მე გამოვედი იქიდან,  შევამჩნიე, რომ სახეზე ცრემლები მომდიოდა

შემდეგ კიდევ ერთი წელი მე ჩემს მეგობრებთან  – მანანა ხვედელიძე და ირინა სახამბერიძესთან ერთად ვმუშაობდი ამ ფესტივალის მომზადებაზე. ჩვენ დავაარსეთაკაკი რამიშვილის ფონდიტრადიცია და ინოვაცია“,  რომელიც შემდგომში,  პატრიარქის ფონდთან ერთად გახდა ამ ფესტივალის დამფუძნებელი.    ჩვენი დევიზი ყოველთვის იყო ის, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ გავაკეთებდით უნდა მოსწონებოდა პატრიარქს. ასე გაჩნდა ფესტივალის სახელიც: „აღდგომიდან ამაღლებამდე   

მართლაც ამ ფესტივალის   მთავარი იდეა,  ასე ვთქვათ ღერძი, ყოველთვის იყო საზღვარგარეთ მოღვაწე, სახელგანთქმული ქართველი მუსიკოსების სამშობლოში ჩამოყვანა.

ასე მოხდა ბოლო კონცერტზეც, როდესაც უცხოეთში წარმატებულად მოღვაწე და  ულამაზესი, ხავერდოვანი  ხმის მქონე,  გიორგი გაგნიძე,  მანანამ დაითანხმა და ამით ორი შესანიშნავი ქალბატონის, მერი დავითაშვილის და ანა კალანდაძის იუბილე,  კიდევ უფრო სამახსოვრო გახადა  თბილისელებისთვის!

მადლობა საყვარელო მანანა,  რაც არა მარტო ჩემთვის,  არამედ ყველა ჩვენთაგანისათვის  და ჩვენი კულტურისთვის იღვაწე!!

პ.ს. მერი დავითაშვილის და ანაკალანდაძის რომანსების სანოტო კრებულის სათაურია „თბილისური ჩანახატები“ ამავე სათაურით, მანანას ძმამ,  ვაჟა დავითაშვილმა,  მანანას ყველაზე ბოლო სურვილი შეუსრულა და გამოსცა 2020 წლის კალენდარი, ქეთი მატაბელის, სპეციალურად ამ კრებულისათვის შექმნილი ნახატების გაფორმებით.

IMG_3872

კონცერტიდან გადაღებული ფოტოების მოწოდებისათვის დიდი მადლობა ილია ბაბურაშვილს! 

About nargiz

love music and not only this
This entry was posted in music, Uncategorized and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი